რუსეთის წინააღმდეგ რეზოლუციას ნაციონალებმა და პატრიოტებმა მხარი არ დაუჭირეს

რუსეთის წინააღმდეგ რეზოლუციას ნაციონალებმა და პატრიოტებმა მხარი არ დაუჭირეს

საქართველოს პარლამენტმა არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებულ რეზოლუციის პროექტს მხარი დაუჭირა. რეზოლუციის პროექტი ჯერ პლენარულ სხდომაზე განიხილეს, რის შემდეგაც კენჭისყრა გაიმართა. რეგისტრაცია გაიარა 110-მა დეპუტატმა. რეზოლუციის პროექტს მხარი 106-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი არავინ წასულა.

რეზოლუციის პროექტის მიხედვით, საქართველოს მთავრობამ 2018 წლის 15 ივნისამდე პარლამენტს უნდა წარუდგინოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეთა მკვლელობაში, გატაცებაში, წამებასა და არაჰუმანურ მოპყრობაში, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებაში, აგრეთვე ამ დანაშაულთა დაფარვაში ბრალდებულ და მსჯავრდებულ პირთა სია - ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია“.

ამასთან, პარლამენტი მთავრობას მიმართავს, მიიღოს ზომები საერთაშორისო ორგანიზაციებისა და პარტნიორი ქვეყნების მიერ „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში“ დასახელებულ პირთა მიმართ ყველა შესაძლო შეზღუდვის, მათ შორის სავიზო, ქონებრივი და ფინანსური ტრანზაქციების განხორციელებასთან დაკავშირებული შეზღუდვების დასაწესებლად და სამართლის აღსრულების ხელშესაწყობად.

რეზოლუციის თანახად, ქართული მხარე ითხოვს, საფუძვლიან გამოძიებას, მათ შორის საერთაშორისო აქტორების მონაწილეობით. ასევე ითხოვს, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო მექანიზმების დაშვებას ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულებას, რომელიც რუსეთს დღემდე აქვს შეუსრულებელი.

ამ რეზოლუციით ორივე ოკუპირებულ რეგიონში - აფხაზეთსა და ცხინვალში მომხდარ ადამიანის უფლებათა დარღვევებზე და იქ არსებულ მძიმე ვითარებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციასა და საოკუპაციო რეჟიმს. უკვე ცნობილია, რომ „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში“ პირველი რაშიდ კანჯი ოღლი ჩაიწერება, რომელიც გიგა ოთხოზორიას მკვლელობაშია ბრალდებული. რაც შეეხება სხვა პირებს, რომელთა შეყვანაც „შავ სიაში“ მოხდება, ამ დროისთვის უცნობია.

უმრავლესობაში აცხადებენ, რომ თავიდან ამ დოკუმენტში არ იქნება ბევრი ადამიანი, გამომდინარე იქიდან, რომ ბრალდებული და მსჯავრდებული პირები ბევრი არ არიან. „ქართული ოცნებაში“ იმედოვნებენ, რომ როდესაც გამოძიება სხვა საქმეებთან დაკავშირებით წარიმართება, სიაში უფრო მეტი ადამიანი შევა და ის კიდევ გაიზრდება.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, რეზოლუციაში ასახულია საქართველოს მკაფიო ხედვა და მიდგომა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტთან და ჩვენი ისტორიული რეგიონების ოკუპაციასთან დაკავშირებით. ირაკლი კობახიძის შეფასებით, რეზოლუციაში დაგმობილია რუსეთის ქმედებები და დამოკიდებულებები საქართველოსთან მიმართებაში. ამასთან, მისი განცხადებით, რეზოლუციით საქართველომ კიდევ ერთხელ მოითხოვა რუსეთის ფედერაციისგან ხელი არ შეუშალოს გამოძიების ჩატარებას არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფასთან დაკავშირებით.

„ასევე, ხელი არ შეუშალოს სამართლის აღსრულებას გიგა ოთხოზორიას მკვლელის მიმართ, შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება, შეწყვიტოს ჩვენი ისტორიული რეგიონების უკანონო ოკუპაცია და გააუქმოს მათი ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ გადაწყვეტილებები, შეაჩეროს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია.

კონსტრუქციულად ჩაერთოს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში, უზრუნველყოს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში უსაფრთხოების მექანიზმების შექმნა და იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება, უზრუნველყოს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის შესვლა ოკუპირებულ ტერიტორიებზე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, რეზოლუცია ასევე ითვალისწინებს „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ დამტკიცებას, რომელშიც შეყვანილი იქნებიან საქართველოს მოქალაქეთა მკვლელობაში, გატაცებაში, წამებასა და არაჰუმანურ მოპყრობაში, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებაში, აგრეთვე ამ დანაშაულთა დაფარვაში ბრალდებული და მსჯავრდებული პირები. როგორც კობახიძემ აღნიშნა, ამ პირთა მიმართ უზრუნველყოფილი იქნება, როგორც შიდასახელმწიფოებრივი, ისე საერთაშორისო სანქციებისა და შეზღუდვების ამოქმედება.

აღსანიშნავია, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებით საპარლამენტო რეზოლუციის პროექტის კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო. როგორც ფრაქციის თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ განმარტა, „ნაციონალურ მოძრაობას“ რეზოლუციასთან დაკავშირებით სამი შენიშვნა ჰქონდა, თუმცა მხოლოდ ერთი შენიშვნის გათვალისწინება მოხდა. აქედან გამომდინარე, პარტიამ თავი შეიკავა კენჭისყრაში მონაწილეობისგან.

„სია ფაქტობრივად მკვდრადშობილია და რეალურად მასში შეიძლება მხოლოდ იმ ადამიანების შეყვანა, რომლებიც არიან მსჯავრდებულები და ციხეში სხედან. ამ ადამიანებს რაში სჭირდება ვიზები?! ფაქტობრივად ეს სია იქნება უმოქმედო და მას არანაირი ეფექტი არ ექნება.

მეორე შენიშვნა მდგომარეობდა იმაში, რომ საქართველოს მთავრობას დაეწყო მუშაობა ევროკავშირთან და ამერიკის შეერთებულ შტატებთან რუსეთის მიმართ სანქციების გამოყენების თაობაზე 2008 წლის ხელშეკრულების დარღვევის გამო. ამის შესახებაც არ არის არანაირი საუბარი. ასე რომ, ჩვენ თავი შევიკავეთ რეზოლუციის განხილვისას და კენჭისყრაში მონაწილეობაზე“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ მიმართა და აღნიშნა, რომ ნაციონალებს პოლიტიკური გაბედულება არ აქვთ დღეს თან წამოღებული, რომ ამ რეზოლუციას მხარი დაუჭირონ. მისი თქმით, გოცირიძემ მისი გამოსვლის არასწორი ინტერპრეტაცია გააკეთა.

„ძალიან უყურადღებოდ უსმენდით ჩემ გამოსვლას, რადგან აბსოლუტურად არასწორი ინტერპრეტაცია გააკეთეთ. აქ არის ბევრი ადამიანი, ვინც მოისმინა ჩემი გამოსვლა, ასევე სტენოგრამას გადმოგცემთ სახსოვრად, რომ ასეთი რამ არ მითქვამს. მე ვთქვი, რომ ძალის არგამოყენებასთან დაკავშირებით ასახულია არა თქვენი, არამედ ქალბატონი სალომეს და თინას შემოთავაზებები რეზოლუციაში ორ ადგილზე.

რაც შეეხება მეორე საკითხს, მართალი გითხრათ, არც იმის მჯერა, ისინი რომ ყოფილიყო გათვალისწინებული, რეზოლუციას მხარს დაუჭერდით. თქვენ უბრალოდ პოლიტიკური გაბედულება არ გაქვთ დღეს თან წამოღებული, რომ ამ რეზოლუციას მხარი დაუჭიროთ. სამწუხაროა, რომ თქვენი კოლეგებიც გავლენის ქვეშ მოაქციეთ, თუმცა რეზოლუციას აქვს მხარდაჭერა უმრავლესობის და უმცირესობის“, - მიმართა არჩილ თალაკვაძემ.

„ევროპული საქართველოს“ წევრის სერგი კაპანაძის განცხადებით, „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ მიღება არის იმის გამოვლინება, თუ როგორ შეუძლია ძლიერ ოპოზიციას თავისი იდეა გაიტანოს და პარლამენტს მიაღებინოს ასეთი ტიპის შეზღუდვები. მისივე თქმით, პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც იქნა დაგმობილი რუსეთის ფედერაციის ქმედებები ოკუპირებულ ტერიტორიებზე და რაც მთავარია, შეიქმნა ე.წ ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია, „შავი სია“, რომელშიც შევლენ ის ადამიანები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევებსა და მკვლელობებზე.

„ეს იდეა ჩვენ წამოვაყენებთ სამი კვირის წინ და გაზიარებულ იქნა „ქართული ოცნების“ მიერ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს იდეა პარლამენტმა მიიღო და სახელმწიფოებრივად ნაწილობრივ მაინც უპასუხა იმ გამოწვევას, რომელიც არის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. რა თქმა უნდა, ჩვენ გავაგრძლებთ იმ კურსის კრიტიკას, რომელიც გააჩნია დღეს ხელისუფლებას ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში. ამ რეზოლუციის მხარდაჭერა ნამდვილად არაა ინდულგენცია მთავრობისთვის, რომ ვითომ ამით შეიძლება დაიფაროს მცდარი ნაბიჯები. ჩვენ გვაქვს სერიოზული პრობლემები იმასთან, თუ როგორ უდგება მთავრობა რუსეთის ფედერაციას. სერიოზული შეშფოთებით მოვეკიდეთ იმ წერილს, რომელიც პრემიერ-მინისტრმა მისწერა რუსეთის ფედერაციას და ეს წერილი უარყოფითად შეაფასეს სხვა ოპოზიციურმა პარტიებმაც და არასამთავრობო ორგანიზაციებმა.

შეშფოთებული ვართ იმით, თუ რა შეიძლება მოხდეს ჟენევის მოლაპარაკების შემდგომ რაუნდზე ძალის გამოუყენებლობასთან დაკავშირებით. გავაგრძლებთ მთავრობის კონტროლს, რომ მცდარი ნაბიჯები არ გადადგან. სიის მიღება არის გამოვლინება იმის, როგორ შეუძლია ძლიერ ოპოზიციას თავისი იდეა გაიტანოს და პარლამენტს მიაღებინოს ასეთი ტიპის შეზღუდვები“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

როგორც მოსალოდნელი იყო რუსეთის წინააღმდეგ საპარლამენტო რეზოლუციის პროექტის კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა „პატრიოტთა ალიანსმა“. როგორც ემზარ კვიციანმა განმარტა, ჩვენ გვაქვს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი, თუმცა იმისთვის, რომ მან ქმედითი ძალა შეიძინოს, უმჯობესი იქნება საერთაშორისო თანამეგობრობას ვთხოვოთ მათაც შექმნან ასეთი კანონი.

„ტატუნაშვილის საქმესთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა მთლიანად უსაფრთხოების სამსახურს უნდა დაეკისროს. ჯერ თვითონ ფაქტთან დაკავშირებით, თუ რატომ მოხდა ტატუნაშვილი მოწინააღმდეგის ხელში, რატომ არ არის დაცული ჩვენი მხარე, რომ ყოველდღე არ იქნენ გატაცებულნი ე.წ. საზღვრიდან ოკუპირებულ ტერიტორიაზე.

ყურადღებას გავამახვილებ ასევე იორდანიის დელეგაციაზე, რომელიც აფხაზეთში იყო ჩასული. ჩვენ გვაქვს კანონი ოკუპაციის შესახებ. როგორ იმოქმედებს ამ შემთხვევაში ეს კანონი და საერთოდ, ხომ არ ვთხოვოთ საერთაშორისო თანამეგობრობას, მათაც შექმნან ესეთი კანონი და დაგვიდგნენ გვერდში, რათა ჩვენმა კანონმა, რომელიც აფხაზებსა და ქართველებს უკრძალავს ერთმანეთთან მიმოსვლას, რაღაც ქმედითი ძალა შეიძინოს“, - განაცხადა ემზარ კვიციანმა.

საქმეზე კომენტარი გააკეთა საქართველოში აშშ-ს ელჩმა, იან კელიმ რომლის განცხადებით, საერთაშორისო სამართლის ნორმებით, რუსეთი არის ოკუპანტი ძალა, შესაბამისად, მას აქვს პასუხისმგებლობა. ელჩი იმედს გამოთქვამს, რომ რუსეთი შეასრულებს პოზიტიურ როლს, რათა მოხდეს ოკუპირებულ აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებზე დაძაბულობის განტვირთვა, რაც ოკუპაციის შედეგია.

„თქვენ იცით, რომ ჩვენ არ ვაღიარებთ რუსეთის მიერ აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ ტერიტორიების დამოუკიდებელ ქვეყნებად გამოცხადებას. საერთაშორისო სამართლის ნორმებით, რუსეთი არის ოკუპანტი ძალა, შესაბამისად, რუსეთს აქვს პასუხისმგებლობა და წილი. მას ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე სამხედრო შეიარაღება აქვს. ჩვენ ველოდებით, რომ რუსეთი შეასრულებს პოზიტიურ როლს, რათა მოხდეს არსებული დაძაბულობის განტვირთვა, არ გაგრძელდეს კონფლიქტი და აღარ მოხდეს საზღვრების გადმოწევა. ასე რომ, რუსეთს აქვს გარკვეული როლი ამ ყველაფერში“, - განაცხადა იან კელიმ.

არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობა რუსეთის აგრესიული პოლიტიკის მაგალითად დასახელდა ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე, სადაც მონაწილეობას ღებულობდნენ ევროპარლამენტარები, ევროკომისიის წევრები და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების წარმომადგენლები. ბრიუსელში გამართულ დისკუსიაზე განიხილეს, თუ როგორი უნდა იყოს ევროკავშირის პოლიტიკა იმ პარტნიორების მიმართ, რომლებთანაც მოსკოვს სამხედრო კონფლიქტი აქვს. როგორც ევროპარლამენტარმა რებეკა ჰარმსმა აღნიშნა, საქართველოს უნდა ჰქონდეს სათანადო მექანიზმი, რათა პასუხი გასცეს აგრესორს.

„შოკის მომგვრელია, რომ ტატუნაშვილის ცხედრის ოჯახისთვის გადაცემას ასეთი დიდი დრო დასჭირდა. ჩემი აზრით ეს იყო კიდევ დამატებითი პროვოკაცია, რადგან თავად მკვლელობის ფაქტი აღმაშფოთებელია, საშინელებაა, რომ ოჯახს აქამდე არ მიეცა გამომშვიდობების საშუალება.

რაც შეეხება ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიის შექმნის ინიციატივას, მე ვარ ერთ-ერთი იმ პარლამენტარებს შორის, რომლებიც მაგნიტსკის სიის ინიციატივით გამოვიდნენ. ადამიანები ჩადენილი დანაშაულის გამო მზად უნდა იყვნენ პასუხისგებისთვის. მაგნიტსკიის სიის იდეა კარგია და მზად ვარ განვიხილო, როგორი შეიძლება იყოს ქართული ვარიანტი“, - განაცხადა რებეკა ჰარმსმა.