მოსამართლეთა უვადო გამწესება, შესაძლოა, დროებით შეჩერდეს

მოსამართლეთა უვადო გამწესება, შესაძლოა, დროებით შეჩერდეს

სასამართლო რეფორმის მთავარი მიმართულებების სამუშაო ჯგუფის მე-5 შეხვედრაში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის გარდა, უზენაესი სასამართლოს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე და საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი კრისტიან ურსე მონაწილეობენ.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, 2014 წლის შემდეგ ფუნდამენტური წინსვლა გვაქვს სასამართლო რეფორმის მიმართულებით, თუმცა მნიშვნელოვანი გამოწვევები, სირთულეები და პრობლემები რჩება.

„ჩვენი ამოცანაა, რომ ყველამ ერთად ვიმსჯელოთ ამ ყველაფერთან დაკავშირებით, გავაანალიზოთ არსებული მდგომარეობა, მათ შორის გამოვკვეთოთ სირთულეები, რომელიც გვაქვს სასამართლო სისტემაში; ერთად განვიხილოთ ის, თუ რა არის დამატებით გასაუმჯობესებელი და ამის საფუძველზე შევიმუშავოთ კონკრეტული წინადადებები სასამართლო რეფორმის შემდგომი ეტაპების განხორციელებისათვის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, შემუშავდება კანონპროექტები, რომლის საფუძველზეც კიდევ უფრო განმტკიცდება საქართველოში სასამართლოს დამოუკიდებლობა და გაუმჯობესდება სასამართლო სისტემის ეფექტიანობა.

შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ მომდევნო შეხვედრისთვის სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით, კონკრეტულ წინადადებებს წარმოადგენენ.

„ჩვენ გვქონდა დღეს ძალიან კონსტრუქციული შეხვედრა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ როგორც სასამართლო კორპუსის და მთავრობის წარმომადგენლები, ასევე საერთაშორისო პარტნიორები და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები. ჩვენ განვიხილეთ სამომავლო პროცესი, რომელიც დაკავშირებულია სასამართლო რეფორმასთან. ჩვენ ვთხოვეთ თითოეულ მონაწილეს, რომ შემდეგ შეხვედრამდე, რომელიც შედგება აპრილის დასაწყისში, წარმოადგინონ კონკრეტული წინადადებები იმ ოთხ ძირითად საკითხთან დაკავშირებით, რომელიც უნდა იყოს გათვალისწინებული სასამართლო რეფორმის ფარგლებში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

როგორც სხდომის დასრულების შემდეგ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ანა დოლიძემ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, მოსამართლეთა უვადო გამწესება, შესაძლოა, დროებით შეჩერდეს. მისვე განცხადებით, მისასალმებელია, რომ საქართველოს პარლამენტის მხრიდან გამოხატულია აქტიური რეფორმების სურვილი სასამართლო ხელისუფლებაში.

„ვფიქრობ, ეს არის დამსახურება იმის გააზრებისა, რომ სასამართლო ხელისუფლებაში შექმნილია ბევრი პრობლემა, მათ შორის უვადო დანიშვნებთან დაკავშირებით. დღეს აქ გამოითქვა ძალიან მნიშვნელოვანი მოსაზრება, რომ უვადო დანიშვნები უნდა გაჩერდეს, სანამ დანიშვნების პროცედურის სერიოზული რეფორმა არ მოხდება.

ვფიქრობ, პარლამენტის დამოკიდებულება, თუ ის ნამდვილია, იმ აქტიურობის შედეგია, რომელიც გამოვლენილი იყო სწორედ უვადო დანიშვნებთან მიმართებაში და რამაც დაგვანახა, რომ სასამართლო ხელისუფლებაში კვლავაც დარჩენილია ბევრი ხარვეზი და პრობლემა, რომელსაც გამოსწორება სჭირდება“,- განაცხადა დოლიძემ.

ანა დოლიძის აზრით, ლაპარაკის ნაცვლად, საჭიროა სასამართლოს ხელშესახები რეფორმა, რადგან სასამართლოს მიმართ სანდოობა მოსახლეობაში სერიოზულ გამოწვევად რჩება, მათ შორის ეს გამოწვევად რჩება ინვესტორებისთვის.

„სასამართლოს რეფორმამ უნდა დადოს მყისიერი, ხელშესახები შედეგები. ლაპარაკის ნაცვლად, ძალიან მნიშვნელოვანია ხელშესახები რეფორმა. რეფორმა უნდა იყოს სასამართლოს ეფექტურობის გაზრდის თვალსაზრისით, მაგრამ ასევე მოსამართლეთა დამოუკიდებლობის გაზრდის თვალსაზრისით, თავმჯდომარეების ძალაუფლების შემცირებისთვის, ასევე გასაუბრებების გაუმჯობესებისთვის. სასამართლოს დამოუკიდებლობა და სასამართლოს მიმართ სანდოობა ჩვენი სახელმწიფოს ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება“, - განაცხადა ანა დოლიძემ.

სამართალდამცავი სისტემის გაჯანსაღების ფარგლებში მუშაობა მიმდინარეობს სხვა მიმართულებითაც - უახლოეს მომავალში დაგეგმილია უმრავლესობის ინიციატივის, კერძოდ, „გირგვლიანის შესწორებების“ საპარლამენტო განხილვაც, თუმცა კანონპროექტის ირგვლივ კვლავ აზრთა სხვადასხვაობაა.

პრეზიდენტის ადმინისტრაცია თვლის, რომ „გირგვლიანის შესწორებები“ სასამართლო სისტემის არსებითად გარდაქმნის გარეშე ფარსი იქნება.

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, საკანონმდებლო ცვლილებები უნდა გატარდეს იმისთვის, რომ ქვეყანა დაზღვეული იყოს მომავალში სისტემური უფლებადარღვევების გამეორებისგან.

მისი შეფასებით, ნებისმიერი ცვლილება, რომელიც გირგვლიანის სახელით განხორციელდება უნდა მოიცავდეს სასამართლო სისტემის არსებითად გარდაქმნას.

ანა ნაცვლიშვილის თქმით, სასამართლო სისტემა უნდა დატოვონ იმ ადამიანებმა, რომლებიც მოსამართლეების სახელით, წლების განმავლობაში, უსამართლობას ფუთავდნენ და აფორმებდნენ სამართლიანობის სახელით.

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის თქმით, სასამართლო სისტემა უნდა გაჯანსაღდეს და მხოლოდ ასეთ პირობებში იქნება შესაძლებელი, რომ ქვეყანა დაცული იყოს სისტემური დანაშაულების გამეორებისგან.

როგორც ნაცვლიშვილი აცხადებს, ძალიან მაღალი დონის შეხვედრებზე, ბრიუსელსა და ვაშინგტონში, ყველა ჩვენი პარტნიორი გამოხატავდა წუხილს იმ მდგომარეობასთან დაკავშირებით, რომელიც დღეს ქართულ მართლმსაჯულების სისტემაშია შექმნილი.

„ასევე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ უკვე გადავდგით ნაბიჯები იმისთვის, რომ ეს საკანონმდებლო ცვლილებები იყოს მაქსიმალურად სწორი მიმართულებით გაწერილი. დახმარებისთვის მოვიწვიეთ გაერო-ს სპეციალური მომხსენებლები საქართველოში, რომლებსაც მსგავს სიტუაციებთან გამკლავების ცოდნა გააჩნიათ. ასევე მზად ვართ, რომ გადავდგათ სხვა ნაბიჯები და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ცვლილებები დროულად გახდეს საჯარო, რათა საზოგადოებამ შეძლოს ჩაერთოს ამ პროცესში და საზოგადოებრივი მოსაზრებები იყოს გათვალისწინებული. გირგვლიანის საქმე იყო ის საქმე, რომელმაც გააერთიანა ქართული საზოგადოება. შესაბამისად, წარმოუდგენელია, საზოგადოებრივი ჩართულობის და საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინების გარეშე დაიწეროს, გირგვლიანის სახელით, რაიმე ტიპის საკანონმდებლო ცვლილება“, - აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.

როგორც „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ანრი ოხანაშვილმა აღნიშნა, „გირგვლიანის შესწორებების“ ფარგლებში იმ ხვრელების ამოვსება მოხდება, როცა სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირები დანაშაულებრივ საქმიანობას ასრულებდნენ.

ოხანაშვილის ინფორმაციით, „სისხლის სამართლის კოდექსის“ 332-ე და 333-ე მუხლებთან ერთად, რომელიც მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ეხება, სსკ-ში ახალი სპეციალური მუხლი ჩაიწერება, სადაც უფრო კონკრეტულად და ვიწროდ განისაზღვრება, რა დანაშაული შეიძლება ჩაიდინონ სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირებმა.

დეპუტატის განმარტებით, იქნება ჩანაწერი სპეციალური სუბიექტის შესახებ, რომლის ფარგლებშიც სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებების პირები შევლენ. მისივე თქმით, სანქციები იმაზე მკაცრი იქნება, ვიდრე არის დღეს მოქმედი კოდექსით, როდესაც დანაშაულს სახელმწიფო მოხელე სჩადის.

როგორც ოხანაშვილი აღნიშნავს, სისხლის სამართლის კანონმდებლობაში სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და უფლებამოსილების გადამეტებაზე სანქცია ისედაც არსებობს, მაგრამ ამის კიდევ უფრო ვიწროდ და კონკრეტულად წარმოჩენა მოხდება, რათა ნორმა იყოს კიდევ უფრო მკაფიოდ განსაზღვრული და ისეთი შემთხვევები, რასაც სისტემური დანაშაულის ფორმა ჰქონდა და როდესაც ერთი ადამიანის მიმართ შეთქმულება ხდებოდა, მკაცრად იყოს პასუხისგებაში მიცემული და მოხდეს პრევენცია, რომ სამომავლოდ ვერავინ გაბედოს ასეთი დანაშაულის ჩადენა.

„იქნება ჩანაწერი სპეციალური სუბიექტის შესახებ - ეს არის სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებების პირი. „სისხლის სამართლის კოდექსში“ არის ზოგადი ჩანაწერი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და უფლებამოსილების გადამეტების შესახებ. ამ ზოგადი მუხლიდან გამოვიტანთ იმ სპეციალურ შემთხვევას, რაც ყველაზე მგრძნობიარე იყო და რასაც ჰქონდა ადგილი ადრე. ნებისმიერი პოლიტიკური თანამდებობის პირის საქმიანობა, რომელიც მართლზომიერად უნდა განხორციელდეს, მაგრამ შეიძლება იყოს დანაშაულებრივი და უკანონო, მკაცრად დასჯადი იქნება“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.