დეპუტატები სხდომის გაცდენისთვის დაისჯებიან

დეპუტატები სხდომის გაცდენისთვის დაისჯებიან

დეპუტატების მიერ პლენარული და საკომიტეტო სხდომების გაცდენებთან დაკავშირებული ნორმები მკაცრდება და რეგლამენტში შესატანი ცვლილებებიც უკვე მზად არის - გამკაცრება თავის მხრივ ე.წ. ოჯახური მდგომარეობის მიზეზით გამოწვეულ გაცდენებს დაუკავშირდება. რეგლამენტში შესატანი ცვლილებების პროექტი პარლამენტს ირაკლი კობახიძემ, თამარ ჩუგოშვილმა და გიორგი კახიანმა წარუდგინეს.

„სხდომების გაცდენებთან დაკავშირებით სანქციების გამოყენებას რეგლამენტი დღესაც ითვალისწინებს, თუმცა ეს პრაქტიკაში ჯერჯერობით არ მოქმედებს. მიზანი არ არის არც სანქციები და არც ვინმეს მიმართ საყვედურისა და გაფრთხილების მიცემა. ცვლილებების მიზანია, რომ სესიებზე და კომიტეტებზე დეპუტატები მოწესრიგებულად დადიოდნენ“, - აცხადებს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, გურამ მაჭარაშვილი.

მისივე განმარტებით, დღეს არსებული ნორმის გათვალისწინებით, თუკი დეპუტატი წერს განცხადებას, რომ სხდომას ოჯახური მდგომარეობის გამო ვერ დაესწრება, ეს სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ გაცდენა საპატიოდ ჩაეთვალოს.

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტში აღნიშნავენ, რომ ინიცირებული პროექტის მიხედვით, მხოლოდ იმის დაწერა, რომ დეპუტატი სხდომაზე ოჯახური პირობების გამო ვერ მოვა, დამაკმაყოფილებელი არ იქნება.

„ასეთ შემთხვევაში დეპუტატმა უნდა წარმოადგინოს კონკრეტული დოკუმენტი იქნება ეს სამედიცინო ფურცელი, ოჯახის წევრის გარდაცვალებასთან, თუ რაიმე უბედური შემთხვევის დამადასტურებელი ცნობა. ძალიან კონკრეტდება მიზეზები, რის გამოც პარლამენტის წევრს სხდომების გაცდენა შეიძლება საპატიოდ ჩაეთვალოს“, - განმარტავენ კომიტეტში.

საპატიო მიზეზებით გაცდენის შეზღუდვის მცდელობა წინა მოწვევის პარლამენტსაც ჰქონდა, რეგლამენტში შესაბამისი ცვლილებებიც მომზადდა, თუმცა, პროექტი განხილვის პროცესში შეჩერდა.

ახალი რეგლამენტის თანახმად, თუკი პარლამენტის წევრი დღის განმავლობაში არ გაივლის პლენარული სხდომის  რეგისტრაციას, მას თითოეულ ასეთ შემთხვევაში ხელფასის 5% დაუკავდება, მაგრამ დღის განმავლობაში არაუმეტეს 10%-სა.

აღნიშნული პასუხისმგებლობა პარლამენტის წევრის მიერ საპატიო და არასაპატიო მიზეზით პლენარული სხდომის გაცდენის შემთხვევებს არ შეეხება.

ამასთან, პარლამენტის წევრს პასუხისმგებლობა დაეკისრება კალენდარული თვის განმავლობაში ორზე მეტი რეგისტრაციის გაუვლელობის შემთხვევაში.

როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, დეპუტატების სხდომაზე დასწრების კუთხით არის სირთულეები, თუმცა ეს ძალიან მარტივად გადაწყდება.

„უახლოეს მომავალში დაიწყება პლენარულ სხდომებზე განხილვები. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტი მუშაობდეს შეუფერხებლად და შესაბამისად, რეგლამენტში მიღებული იქნება ცვლილებები იმისათვის, რომ სხდომაზე დასწრების თვალსაზრისით მდგომარეობა გაუმჯობესდეს. არის ამ კუთხით სირთულეები, თუმცა ეს სირთულეები ძალიან მარტივად გადაწყდება. ჩვენ არ გვჭირდება განსაკურებული ძალისხმევა იმისათვის, რომ მხარი დავუჭიროთ ისეთ ცვლილებებს, რომლის მიზანია პარლამენტის მუშაობის გაუმჯობესება. მე დარწმუნებული ვარ და ზუსტად ვიცი, რომ ამ პროექტს ძალიან ფართო მხარდაჭერა ექნება საპარლამენტო უმრავლესობაში“, - განაცხადა კობახიძემ.