რვასაათიანი სამუშაო დღის მოთხოვნით, მშრომელები დემონსტრაციაზე პირველად 1886 წლის 1 მაისს, ჩიკაგოში გამოვიდნენ. იგივე მოთხოვნა ქართველებისთვის დღესაც აქტუალურია. 2010 წლის 1 მაისს, საქართველოს პროფკავშირების მიერ ორგანიზებულ დემონსტრაციაზე გამოტანილ ტრანსფარანტებზე წაიკითხავდით:
„დაკანონდეს რვასაათიანი სამუშიო დღე”, “მოვითხოვთ შრომის ღისეულ პირობებს”, “მოვითხოვთ უმუშევრობის შემწეობის დაწესებას”, “ყველას უნდა ჰქონდეს ანაზღაურებადი შვებულების უფლება”, “მოვითხოვთ სამუშაოზე დისკრიმინაციის აღმოფხვრას”, “დაკანონდეს ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურება”, “მოვითხოვთ ცვლილებებს შრომის კოდექსში”.
XIX საუკუნეში ჩვენი „ჩატოვების“ გამაპირობებელი მოქმედი შრომის კოდექსია.
ქართული შრომის კოდექსი
გასული წლის 7 დეკემბერს, პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაციამ (ITUC) გამოაქვეყნა მოხსენება - “ფუნდამენტური შრომის სტანდარტები საქართველოში”, რომელშიც, ძირითადად, გაკრიტიკებულია 2006 წელს საქართველოში მიღებული შრომის კოდექსი, რომლითაც, როგორც დოკუმენტში წერია, მასობრივად ირღვევა დასაქმებულების უფლებები.
“2006 წელს, ახალი შრომის კოდექსით, ნეო-ლიბერალურმა მთავრობამ გააუქმა შრომის ინსპექტირება ქვეყანაში. შრომის კოდექსში არ არის ჩადებული დისკრიმინაციის აღმოფხვრისა და ასოციაციის თავისუფლების დებულებები, ისევე, როგორც კოლექტიური მოლაპარაკებების მუხლები და არ არის მოცემული მოხსენებები ანტიდისკრიმინაციისა და აქციების ჩატარების თავისუფლებაზე,” – ნათქვამია მოხსენებაში.
მასში, ასევე, აღნიშნულია: მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში რატიფიცირებულია შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის რვა კონვენცია შრომის სტანდარტებთან დაკავშირებით, საქართველოს 2006 წლის შრომის კოდექსსა და ქვეყნის საერთაშორისო ვალდებულების დოკუმენტს (“ადამიანის და მშრომელთა უფლებების დაცვა”) შორის არსებობს შეუსაბამობა. საქართველოს მთავრობამ, პრაქტიკულად, მარცხი განიცადა, არ შეასრულა რა ILO-ს კონვენციებისა და რეკომენდაციების მიმღები კომიტეტის მოთხოვნა.
მეტიც, მოხსენებაში ნათქვამია, რომ დისკრიმინაცია სამუშაო ადგილებზე ძალიან გავრცელებულია, რაც რატიფიცირებული სტანდარტებით მიუღებელია. მიუხედავად ILO-ს კონვენციებისა №100 (“მამაკაცთა და ქალთა თანაბარი ღირებულების შრომის თანაბარი ანაზღაურების შესახებ”, 1951 წელი, რატიფიცირებულია 29.05.96) და №111 (“შრომისა და დასაქმების სფეროში დისკრიმინაციის შესახებ”, 1958 წელი, რატიფიცირებულია 4.05.95), მამაკაცთა და ქალთა თანაბარი ღირებულების შრომის თანაბრად ანაზღაურების პრინციპი არ გამოიყენება არც კანონში და არც პრაქტიკაში.
საბოლოოდ, – გვამცნობს დოკუმენტი, – ქვეყანაში ფართოდ არის გავრცელებული ბავშვთა შრომა და იძულებითი შრომა, მაგრამ კანონის ზეგავლენა, მონიტორინგი და გამოძიება ამ საკითხის მიმართ სუსტია.
ცოტა უფრო ადრე
2008 წლის 3 აპრილს ბრიუსელში შემუშავებულ “ევროკავშირის სამუშაო დოკუმენტში” (SEC (2008) 393) ვკითხულობთ:
“შრომის კანონთან და სამუშაო ადგილზე არსებულ უფლებებთან დაკავშირებით, განსაკუთრებით გაფიცვის შეუზღუდავ უფლებასთან მიმართებაში, წინსვლა არ აღინიშნება. 2006 წლის შრომის კოდექსი არ შეესაბამება “შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის” სტანდარტებს. კერძოდ, მასში არ არის ასახული “შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის” კონვენციებით გათვალისწინებული ვალდებულებები გაერთიანების თავისუფლების შესახებ. უფრო მეტიც, შრომის კანონი ეწინააღმდეგება ევროკავშირის სტანდარტებს და საქართველოს მიერ 2005 წლის ივლისში რატიფიცირებულ “ევროპის სოციალური ქარტიის” სტანდარტებს ისეთ ფუნდამენტურ საკითხებში, როგორიცაა ზედმეტი სამუშაოს შესრულების ხანგრძლივობა და სამსახურიდან დათხოვნა.”
მკაცრი ტონი და ტექსტის შინაარსი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ეს არ არის პირველი რეკომენდაცია, რომელსაც საქართველოს შრომის კოდექსის შესაცვლელად აძლევენ. არც ევროკომისიაა ერთადერთი სტრუქტურა, ამგვარად რომ გვმოძღვრავს. შრომის საერთაშორიოს ორგანიზაციის (ILO) კონვენციებისა და რეკომენდაციების გამოყენების შესახებ ექსპერტთა კომიტეტის მოხსენება, რომელიც 2008 წლის 97-ე სესიაზე გაკეთდა, სავსეა ასეთი რეკომენდაციებით. მაგალითად:
„... კომიტეტმა წინა მოხსენებაში აღნიშნა, რომ საქართველოს შრომის კოდექსის თანახმად, დამსაქმებელს უფლება აქვს (ცალმხრივად) დაადგინოს სამუშაო კვირის ხანგრძლივობა, ყოველდღიური სამუშაოს დაწყებისა და დამთავრების დრო, ცვლაში მუშაობისას – ცვლის ხანგრძლივობა; დასვენების ხანგრძლივობა; შრომის ანაზღაურების გაცემის დრო და ადგილი; ანაზღაურებადი შვებულების ხანგრძლივობა და მიცემის წესი... სხვა სპეციალური წესები... კომიტეტი მიიჩნევს, რომ მე-13,41-ე და 43-ე მუხლების საერთო შინაარსი ეწინააღმდეგება №98 კონვენციით გათვალისწინებული კოლექტიური ხელშეკრულების ცნებას (განმარტებას), რომლის მიხედვითაც შეთანხმება, რომელიც არეგულირებს შრომით ურთიერთობის ვადებსა და პირობებს, დადებული უნდა იქნეს მოლაპარაკების საფუძველზე, დასაქმებულსა (ან მის წარმომადგენელსა) და დასაქმებულთა ორგანიზაციას შორის...
გამომდინარე იქიდან, რომ ახალი შრომის კოდექსი ხელს არ უწყობს კოლექტიური მოლაპარაკების განვითარებას (გათვალისწინებულს კონვენციის მეოთხე მუხლით), კომიტეტი მოითხოვს ან ახალ შრომის კოდექსში შესაბამისი ცვლილებების განხორციელებას, ან შესაბამისი სპეციალური კანონის მიღებას, რათა უზრუნველყოფილ იქნეს ქვეყანაში კოლექტიური მოლაპარაკების პრონციპის საკანონმდებლო დონეზე განმტკიცება... კომიტეტი დაბეჯითებით ოითხოვს საქართველოს მთავრობისგან, უზრუნველყოს კომიტეტის ინფორმირებულობა, თუ რა ზომები იქნა მიღებული მითითებული პრობლემის გადასაწყვეტად...”
მაგალითები რეალური ცხოვრებიდან
თბილისის საქალაქო სასამართლომ, წელს, 2 მარტს, შ.პ.ს. „თბილისერვის ჯგუფის“ ყოფილი თანამშრომლების: ასია აჯიევას, მერაბ ჯაეოვისა და ჟანა მახოევას საქმეზე სასამართლო განაჩენი გამოაცხადა. სასამართლომ დაცვის მხარის არც ერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და დაზარალებულთა მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. მოსარჩელეები სამსახურებში აღდგენას, ხელშეკრულების ვადის დაცვასა და სამწლიანი აუნაზღაურებელი შვებულების კომპენსირებას მოითხოვნენ.
მოსარჩელეთა განცხადებით, სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო მოწმის ჩვენებები, მოპასუხე მხარისგან არ გამოითხოვა შესაბამისი დოკუმენტაცია, არ გაითვალისწინა საბანკო ამონაწერები, რომელიც ადასტურებდა, რომ ამ ადამიანებს სამი წლის განმავლობაში შვებულებით არ უსარგებლიათ. სასამართლომ ჩათვალა, რომ მოპასუხე მხარის მიერ წარდგენილი 100 განცხადება ადასტურებდა, რომ სამსახური დასაქმებულებს შვებულებაზე უარს არც წინა წლებში ეუბნებოდა და საჭიროდ აღარ ჩათვალა, „თბილისერვის ჯგუფს“ უფრო წონადი დოკუმენტებით დაედასტურებინა, რომ მართალი იყო.
ორი წლის წინ, ხელვაჩაურში თურქმა ინვესტორმა შობის დღესასწაულზე აუკრძალა თანამშრომლებს ეკლესიაში წასვლა. ისინი მაინც წავიდნენ და, ამის გამო, სამსახურიდან გაათავისუფლეს. სასამართლოს სამივე ინსტანციამ უარი თქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე. როგორც საქმეში მონაწილე პროფესიული კავშირების გაერთიანებაში აცხადებენ, „მოსამართლეები გვეუბნებიან, რომ ჩვენ მართლები ვართ, რომ ეს დისკრიმინაციაა, მაგრამ კანონში, აღდგენა სამსახურში – როგორც ნორმა, აღარ არის.“
2007 წლის ოქტომბერში, ს.ს. “ფოთის საზღვაო ნავსადგურის” თანამაშრომლებმა მოითხოვეს კოლექტიური ხელშეკრულების დადება და ტენდერის გამჭირვალობა. შესვენების დროს, პროფკავშირის ლიდერებმა გამართეს ნახევარსაათიანი საპროტესტო აქცია. საპასუხოდ, დამსაქმებელმა დალუქა პროფკავშირული ორგანიზაციის ოთახი და 9 აქტივისტი გაათავისუფლა სამსახურიდან. საქმის სასამართლო განხილვა შედგა ყველა ინსტანციის სასამართლოში. არც ერთი დონის სასამართლომ, მათ შორის არც უზენაესმა, სარჩელი არ დააკმაყოფილა.
გასულ წელს, თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახური თანამშრომელი მარინა ხატიაშვილი სამსახურიდან საკუთარი პროფესიული მოსაზრების გამოტქმის გამო გაათავისუფლეს. იგი აპროტესდებდა ძველი თბილისის ტერიტორიაზე მირზა შაფის ქუჩის განაშენიანების პროექტის განხორციელებას და ისტორიული შენობების დანგრევის ფაქტს. დასაქმებულის პროტესტს დამსაქმებელმა შრომითი ხელშეკრულების მოშლით უპასუხა, რისი საშუალებაც მას შრომის კოდექსმა მისცა.
ასეთი მაგალითი, სამწუხაროდ, ბევრია. ცალკე თემაა ის, თუ როგორ „უწყობს“ ხელს მოქმედი შრომის კოდექსი საქართველოს დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებას. თუ ქალს ხელფასი 150 ლარზე მეტი აქვს, დეკრეტში გასვლის შემთხვევაში (ე.ი. ოთხი თვის განმავლობაში), ყოველთვიურად, არა უმეტეს 150 ლარის მოცულობის თანხას იღებს. თუ მისი ხელფასი, ვთქვათ, 1000 ლარს შეადგენს, ბავშვის გაჩენის შემთხვევაში, ოთხი თვის განმავლობაში, 4000-ის ნაცვლად 600 ლარს მიიღებს. რამდენად გაუადვილდება ასეთ შემთხვევაში გადაწყვეტილების მიღება ქალს, რომელიც თავის შემოსავლით მთელ ოჯახს ინახავს?
დასკვნის მაგივრად
მესამე წელია, ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას “GSP+”-ით სარგებლობის უფლების შეცერებით ემუქრება, თუკი იგი აღებულ ვალდებულებას არ შეასრულებს და შრომით კანონმდებლობას არ შეცვლის. მესამე წელია, საქართველოს ხელისუფლება დებს პირობას, რომ ამას აუცილებლად გააკეთებს. აღებული ვალდებულებებიდან, დღეისთვის, მხოლოდ ერთია შესრულებული - შექმნილია სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისია. მისი მიზნად განისაზღვრა დასაქმებულებისა და დამსაქმებლების წარმომადგენლებსა და საქართველოს მთავრობას შორის სოციალური დიალოგის წარმართვა, შრომითსა და მის თანამდევ ურთიერთობებში სხვადასხვა საკითხების თაობაზე წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება.
კომისიის შექმნის შესახებ ბრძანება (#335)საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, 2009 წლის 12 ნოემბერს გამოსცა. შედეგი, ჯერ-ჯერობით, არ ჩანს. თუ ასე გაგრძელდა, ქართველი დასაქმებულები 2011 წლის 1 მაისსაც რვასაათიანი სამუშაო დღისა და ნორმალური შრომითი პირობების მოთხოვნებს დააყენებენ. ისე, როგორც ამ 124 წლის წინათ, ჩიკაგოში.