ბრიტანეთის ბრალდებებს რუსეთის პასუხი მოჰყვა - საგარეო საქმეთა სამინისტრომ „პერსონა ნონ-გრატად“ გამოაცხადა დიდი ბრიტანეთის საელჩოს 23 თანამშრომელი და მოითხოვა, რომ მათ ერთი კვირის ვადაში დატოვონ ქვეყანა.
„რუსეთის პასუხი არ ცვლის საქმის არსს - ბრიტანეთის ტერიტორიაზე ორი ადამიანის მკვლელობის მცდელობას, რომელსაც აქვს მხოლოდ შემდეგი დასკვნა: პასუხისმგებელი რუსეთის სახელმწიფოა. რუსეთის უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ნორმებს და „კონვენციას ქიმიური იარაღის აკრძალვის შესახებ“, - ნათქვამია დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ცივი ომი დასავლეთსა და რუსეთს შორის აქტიურ ფაზაში გადადის, რა გაგრძელება შეიძლება მოჰყვეს ამ ყველაფერს, საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, დიპლომატი, ირაკლი მენაღარიშვილი გვესაუბრება.
რუსეთის მიმართ ასეთი მწვავე განცხადებები თითქმის არ მოგვისმენია არასოდეს, თანაც ამ განცხადებების ავტორია არა რომელიმე პოსტსაბჭოთა ქვეყანა, არამედ დიდი ბრიტანეთი, რომლის პოზიციას იზიარებს დასავლეთის ყველა წამყვანი ქვეყანა - როგორი გაგრძელება შეიძლება მოჰყვეს ამ ყველაფერს?
- საქმე მართლაც ძალზე სერიოზულადაა. ის განცხადებები, რომელიც გააკეთა დიდმა ბრიტანეთმა და ის ნაბიჯები, რაც გადაიდგა და გადაიდგმება, ასევე მხარდაჭერა რომელიც მას დასავლეთის სახელმწიფოებმა გამოუცხადეს, ნიშნავს იმას, რომ რუსეთის აღვირახსნილი საქციელი საერთაშორისო არენაზე უკვე კრიტიკულ ზღვარს უახლოვდება. იმედი უნდა ვიქონიოთ, დასავლეთს ეყოფა გონიც და პოლიტიკური ნებაც, რომ გადამწყვეტი ნაბიჯები გადადგან რუსეთის საქციელის აღსაკვეთად.
ჯერჯერობით, უფრო მეტი განცხადებებია, ვიდრე რეალური ნაბიჯები, მაგრამ როგორც ჩანს, ეს ის შემთხვევაა, როდესაც რეალურ ნაბიჯებს უნდა ველოდეთ.
თავდაპირველად ბრიტანეთმა რუსეთს მოსთხოვა განმარტება სკრიპალების მოწამვლის ფაქტთან დაკავშირებით, შემდეგ განაცხადა, რომ შეისწავლიან გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალების 14 გახმაურებულ შემთხვევას, სადაც რუსეთის მიმართ არსებობს ეჭვები; შემდეგ ბრიტანეთმა 23 რუს დიპლომატს ერთკვირიანი ვადა მისცა ქვეყნის დასატოვებლად; გარდა იმისა, რომ საერთაშორისო სკანდალთან გვაქვს საქმე, კიდევ რა დატვირთვა აქვს დიპლომატიურ ენაზე მსგავ ნაბიჯებს?
- ტერეზა მეის განცხადების მიხედვით ესენი არიან დიპლომატები, რომლებიც ამავე დროს, სპეცსამსახურების წარმომადგენლებიც არიან და ბრიტანეთი მათი საქმიანობის შეზღუდვას ცდილობს. დიპლომატების გაძევება გახლავთ სწორედ ქმედითი ნაბიჯები - თუ გავითვალისწინებთ, რომ აქამდე საქმე მხოლოდ განცხადებებითა და საპროტესტო ნოტებით მთავრდებოდა. გარდა ამისა, ლაპარაკი იყო მათი ანგარიშების გაყინვაზე. ალბათ, შემდგომი ნაბიჯები ბრიტანეთ-რუსეთის ურთიერთობას კიდევ უფრო გაართულებს.
ამჯერად გამოცხადდა, რომ ოფიციალურ დონეზე კონტაქტები შეწყდება, პრინც უილიამსაც ურჩევენ, არ მიიღოს მონაწილეობა რუსეთში გამართულ ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატში, სავარაუდოდ, მოსალოდნელია კიდევ უფრო მწვავე ნაბიჯებიც, კერძოდ, სხვა ტიპის საერთაშორისო ურთიერთობების შეზღუდვა - სავარაუდოდ ეს მაშინ მოხდება, თუკი ძველი შემთხვევების გამოძიებისას გამოიკვეთება რუსეთის ხელისუფლების ბრალი.
თუკი დადასტურდა, რომ რუსეთის ხელისუფლების ჩინოვნიკები იყვნენ ამაში ჩართული, რამდენად შორს შეიძლება წავიდეს ეს ყველაფერი? ვიცით, რომ რუსეთს დღემდე ბევრი რამ შერჩა...
- ჯერჯერობით ცნობილია, რომ ბრიტანეთი ბრალს დებს რუსეთის ხელისუფლებას სკრიპალების მოწამვლაში და იძიებს, ხომ არ ჩაუდენია მას კიდევ მსგავსი დანაშაული წარსულში. თუმცა არც თუ დიდი ხნის წინ იყო შემთხვევა, რომელიც ასეთივე დასკვნით დასრულდა - როდესაც ყველა სამხილი და ყველა კვალი სწორედ რუსეთზე მიუთითებდა - ეს გახლდათ ლიტვინენკოს მკვლელობა. თუ ამ მიმარულებით განვითარდა მოვლენები, საუბარი შეიძლება იყოს იზოლაციის იმ ზომების გაღრმავებაზე რომელშიც ახლა რუსეთია - დაწყებული საბანკო ანგარიშების გაყინვით, დასრულებული იმ ურთიერთობების შეჩერებით, რომელიც ჯერ კიდევ აქვს რუსეთს დასავლეთთან, მიუხედავად იზოლაციისა. ამას მწვავე და მძიმე შედეგები შეიძლება მოჰყვეს რუსეთისთვის.
ანუ რუსული ეკონომიკის იზოლაციაზეა საუბარი? ასეთი რამ ერთხელ უკვე იყო...
- დასავლეთისგან შესაძლებელია რუსეთის იზოლაციაში მოქცევა, მათ შორის სრულ იზოლაციაში, როგორც გასული საუკუნის 80-იან წლებში. ეს განსაკუთრებით მძიმედ აისახება ტექნოლოგიების მიმართულებით, რადგან რუსული, ისე, როგორც მსოფლიო ეკონომიკა სწორედ დასავლური ტექნოლოგიებით სულდგმულობს, მათ შორის, სამხედრო სფეროშიც. ასე რომ, ეს იქნება საკმაოდ მძიმე დარტყმა, თუკი საქმე აქამდე მივიდა.
საინტერესოა რუსეთის საპასუხო რეაქცია - ეს იყო შეურაცხმყოფელი განცხადებები ბრიტანეთის მიმართ, თუმცა, მოგვიანებით მოსკოვმა ინგლისის დიპლომატიური კორპუსის გაძევების გადაწყვეტილებაც მიიღო. რამდენად მოსალოდნელია, რუსეთი ვიხილოთ თავის მართლების პოზიციაში? ან ეს ყველაფერი გავლენას თუ მოახდენს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებზე?
- არჩევნებზე ზემოქმედება ვერ მოესწრება, დასავლეთმა ეს ძალიანაც რომ მოინდომოს. საუბარია იმაზე, თუ რა იქნება მომავალში რუსეთის ეკონომიკაში, სოციალურ სფეროში და იმაზე, რომ ყველა ის საკითხი, რაც განიხილება საერთაშორისო არენაზე, სერიოზულ პრობლემად შეიძლება ექცეს რუსეთს.
ხედავთ, რომ გარდა ცარიელი სიტყვებისა რუსეთის პასუხში არაფერია - არის უარყოფა, რომ ეს რუსეთს არ ჩაუდენია. ცნობილი რუსული გამოთქმაა - сам дурак და სწორედ ამგვარი პასუხები ისმის. ეს პირდაპირ ნიშნავს, რომ რუსეთის პოზიცია სუსტია და მას სათქმელიც კი არაფერი აქვს.
რამდენიმე დღის წინ სერგეი ლავროვი ტელეეთერით დიდხანს განმარტავდა, თუ რატომ არ უპასუხა ტერეზა მეის ულტიმატუმს, 24 საათის განმავლობაში გაეცა რუსეთს პასუხი, როგორ მოხვდა რუსული წარმოების ქიმიური იარაღი ბრიტანეთის ტერიტორიაზე. ყველაფერი, რაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, გახლავთ წმინდა წყლის ბლეფი. რუსეთი ცდილობს, საუბარი გადაიტანოს ქიმიური იარაღის შეზღუდვის ხელშეკრულების არსებული მექანიზმების დაცვის და გამოყენების თემაზე - დეტალებში ისაუბრა ლავროვმა ხელშეკრულებაზე და როგორც მან განაცხადა, ამ ხელშეკრულების შესაბამისად რომ არ დასვა ბრიტანეთმა კითხვა, ამიტომ არ გასცეს თურმე პასუხი - ამას რეალობასთან კავშირი არ აქვს, რადგან ბრიტანეთი ითხოვდა პასუხს - იცოდა რუსეთმა ამ კონკრეტული შემთხვევის შესახებ რამე თუ - არა.
მომავალში, შესაძლოა, იყოს ამ ხელშეკრულებაზე საუბარი, თუმცა აქამდე კითხვა იყო დასმული მხოლოდ ერთ კონკრეტულ შემთხვევაზე. რუსეთი საკითხის გადატანას ცდილობს იმ ჭრილში, სადაც მას ჯერ კიდევ შეუძლია, იკამათოს - ასე იქცევიან ადვოკატები, როდესაც იციან, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფს დანაშაული აქვს ჩადენილი და აქცენტი გადააქვთ სხვა თემაზე. თუმცა იმ საზოგადოებისათვის, ვინც საქმეში ჩახედულია, ეს რიტორიკა იმის მიმანიშნებელია, რომ რუსეთის პოზიცია არის ძალიან სუსტი.
საინტერესოა რა პოზიციას დაიკავებს თურქეთი, რომელიც ბოლო პერიოდში დასავლეთთან დისტანცირებისა და რუსეთთან დაახლოების ფაზაში იმყოფება... რამდენად სერიოზული მიზეზი იქნება საჭირო, რომ რეგიონის ერთ-ერთმა მსხვილმა მოთამაშემ საკუთარ საგარეო პოლიტიკას გადახედოს?
- ძალიან რთულია ამაზე პასუხი, თურქეთს საეთაშორისო არენაზე უამრავი პრობლემა აქვს, ღია საომარ მოქმედებებს აწარმოებს სირიაში, აქვს პრობლემები შიდა ფრონტზე და არის საკითხები, რომელზეც აზრთა სხვადასხვაობა გააჩნია ნატოს წევრ პარტნიორ ქვეყნებთან.
თუ რუსეთისა და თურქეთის ინტერესები აქამდე მხოლოდ შავ ზღვას მოიცავდა ახლა ამ ინტერესებმა სამხრეთით სირიაში გადაინაცვლა - ორივე ქვეყანას საკუთარი ინტერესები და მიზნები აქვს და ეს ყველაფერში ერთმანეთს არ ემთხვევა. ასე რომ, თურქეთის საგარეო პოლიტკას დღეს საკმაოდ ცხელი დღები უდგას.
სკრიპალების საქმესთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებთან ერთად გაიჟღერა საქართველოს სახელმაც - რამდენად მნიშვნელოვანია ეს ჩვენი ქვეყნისთვის და რა შეიძლება, გააკეთოს საქართველოს ხელისუფლებამ, რომ ამ დონის ტრიბუნაზე ყოველთვის აქტუალური იყოს ოკუპაციის თემა?
- ნამდვილად მნიშვნელოვანია - ტერეზა მეიმ რამდენჯერმე ახსენა უკრაინა და საქართველო, როგორც მაგალითი, რუსეთის აგრესიული ქმედებისა - კონტექსტი იყო ასეთი, რომ მხოლოდ კონკრეტულ ადამიანებს კი არ ეხება საქმე, არამედ რუსეთს აგრესიული პოლიტიკა აქვს მეზობლებთანაც და საქართველო და უკრაინა მოიყვანა მაგალითად. ისიც კი აღნიშნა, რომ დიდი ხანია კატეგორიულად ითხოვენ რუსეთისგან, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დეოკუპაცია მოახდინოს - ეს ძალზე მნიშვნელოვანია და თუკი დასავლეთის სხვა ლიდერებმაც გაიაზრეს რომ ის, რაც უკრაინასა და საქართველოში მოხდა და ხდება, რასაც სირიაში აკეთებს რუსეთი, როგორც უსწორდება დასავლეთის სხვადასხვა ქვეყნებში საკუთარ მოქალაქეებს, აღქმული იყოს რუსეთის ერთიან პოლიტიკად. თუ დასავლეთი წინ აღუდგება ამ ერთიან პოლიტიკას და არა მხოლოდ კონკრეტულ შემთხვევებს გააპროტესტებს, ამ თვალსაზრისით ეს ძალზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური გზავნილი გახლდათ.
რაც შეეხება საქართველოს ხელისუფლებას, მან უნდა გააგრძელოს ის, რასაც აქამდე აკეთებდა. რიგ შემთხვევებში შესაძლებელია, უფრო აქტიური პოიზიციის გამოხატვაც - ვნახეთ, რომ ტატუნაშვილის ფაქტზე საერთაშორისო დონეზე მწვავე განცხადებები გაკეთდა, ამიტომ, უნდა შევეცადოთ, რომ ამ საკითხის და იმ ქმედებების მიმართ, რასაც რუსეთი ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე სჩადის, საერთაშორისო თანამეგობრობის სიმწვავე არ შენელდეს - ვფიქრობ, ჩვენი პოლიტიკა ამაზე უნდა იყოს ორიენტირებული.