პროდასავლური ოპოზიციური პარტიები, მინუს „ევროპული საქართველო“ ხელისუფლებას სპეციალური ფორმატის შექმნის მოთხოვნით მიმართავენ, რომლის ფარგლებშიც ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ყოველი რაუნდის წინ და შემდეგ შედგება სახელმწიფო წარმომადგენლების მოსმენა გაფართოებულ ან დახურულ ფორმატში. პარტიების კიდევ ერთი მოთხოვნა მარტის თვის განმავლობაში პრემიერ-მინისტრის პარლამენტში მისვლა და დეოკუპაციის პოლიტიკისა და რუსეთთან ურთიერთობების საკითხებზე დებატებში მონაწილეობის მიღება არის.
გარდა ამისა, პარტიები ხელისუფლებას მიმართავენ დროულად მიიღონ რეზოლუცია ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის საკითხზე, სადაც ასახული იქნება „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ შექმნის ინიციატივა. პარტიები ასევე ითხოვენ, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან კოორდინაციაში, საქართველოს შსს-სა და სუს-ის ქვედანაყოფების გააქტიურებას ოკუპაციის ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე.
12 ხელმომწერი პოლიტიკური პარტიისთვის შემაშფოთებელია, რომ პრემიერ-მინისტრის განცხადება და „ქართული ოცნების“ სხვა წარმომადგენლების რიტორიკა „ეხმარება რუსეთის ფედერაციის მცდელობებს, რომ საქართველოსა დანაწევრების ლეგიტიმაციის მიზნით, კვლავ მოირგოს მედიატორის მანტია, რაც საბოლოოდ დაგვაშორებს დეოკუპაციის პერსპექტივას და შეამცირებს ევროატლანტიკური ინტეგრაციის შანსებს“.
„ბოლო წლების მანძილზე საქართველოში მნიშვნელოვნად მომძლავრდა რუსული პროპაგანდის გავლენა, რომელიც ანტიდასავლური სენტიმენტების გაღვივებასთან ერთად, მიზნად ისახავს რუსეთის აგრესიასთან დაკავშირებული ფაქტების რევიზიას და აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების ლეგიტიმაციას 2008 წლის აგვისტოს ომში ქართული სახელმწიფოს დადანაშაულებით, განსაკუთრებით შემაშფოთებელია ასეთი ტიპის განცხადება ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირის მხრიდან“, - ნათქვამია განცხადებაში.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ ოპოზიცია ითხოვს პრემიერ-მინისტრის პარლამენტში დაუყონებლივ მოსვლას, რათა პასუხი გასცეს მის უპასუხისმგებლო და მოღალატეობრივ განცხადებასთან დაკავშირებულ კითხვებს. ბოკუჩავა თვლის, რომ კვირიკაშვილის რუსეთისადმი გაკეთებულმა განცხადებამ ფარდა ახადა პოლიტიკას, რომელსაც მეექვსე წელია ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება ატარებს.
„ამ განცხადებამ დაადასტურა, რომ ხელისუფლებას არა აქვს არც პოლიტიკური ნება და არც უნარი, ქვეყანა ევროპულ ოჯახში დააბრუნოს და გახადოს ევროატლანტიკური სტრუქტურის წევრი. პრემიერის პარლამეტში მოსვლის გარდა, უნდა გააჩნდეს ჟენევის მოლაპარაკებების უკუგების პრინციპი, რათა ეს ფორმატი კიდევ უფრო გაძლიერდეს, ნაცვლად იმისა, რომ შეიქმნას პარალელური ფორმატები, როგორიც არის აბაშიძე-კარასინის ფორმატი“, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას თინა ბოკუჩავამ.
„რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერის ხათუნა სამნიძეს განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მთელი პროდასავალური ოპოზიცია ერთიანდება იმ პოზიციაზე, რომ პრემიერ-მინისტრის განცხადებაზე ჰქოდეს ძალიან მწვავე რეაქცია. მისი თქმით, ყველა პროდასავლური პარტია თანხმდება, რომ პრემიერ-მინისტრის რუსეთისადმი მიმართვა ქვეყნისთვის სახიფათო იყო.
„გვაქვს კონკრეტული მოთხოვნები, რომელიც ითვალისწინებს პრემიერის პარლამენტში მოსვლას და ამ თემასთან დაკავშირებით დებატებს - ღია დისკუსიას დეოკუპაციის პოლიტიკასთნ დაკავშირებით. ასევე უნდა შეიქმნას სპეციალური გაფართოებული ფორმატი, სადაც იქნება უკუგების შესაძლებლობა ჟენევის მოლაპარაკებების წინ და მის შემდეგ. აუცილებელია პრემიერმა პასუხი გასცეს კითხვეს, რაც „ქართული ოცნებისა“ და მისი ლიდერის პოლიტიკის მიმართ ჩნდება“, - განუცხადა ჟურნალისტებს ხათუნა სამნიძემ.
„დემოკრატიული მოძრაობის“ პოლიტიკური მდივანი, გიგლა ბარამიძე ამბობს, რომ აქცენტები არასწორად დასმა და კვირიკაშვილის ჟენევის ფორმატში ჩართვა ახალს არაფერს მოიტანს.
„წერილში მას კატეგორიულად უნდა მიემართა, რომ მოითხოვდა რუსეთის პრეზიდენთან, პრემიერთან შეხვედრას ნებისმიერ ადგილას. პრემიერის არასწორმა აქცენტებმა გამოიწვია კრიტიკა“, - აღნიშნა გიგლა ბარამიძემ.
ოპოზიციურ ერთობას დღის ბოლოს უპასუხეს მმართველ გუნდში. პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ოპოზიციის მიმართვას სიტუაციის დაძაბვისკენ მიმართულ ქმედებად აფასებს და აცხადებს, რომ პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებები ითვალისწინებს პრემიერის საკანონმდებლო ორგანოში მისვლას, თუმცა, როგორ ფორმატში იქნება შეხვედრა, ეს განსახილველი საკითხია.
„ჯგუფის შექმნის საფუძველს ვერ ვხედავ ისეთ ადამიანებთან, ვინც აპრიორი სხვა კონცეპტუალური ხედვით გამოდის. გამოდიან ისეთი მოწოდებებით და განცხადებებით, რომლებიც არანაირად არ განგაწყობს საქმიანი ურთიერთობისთვის. ოპოზიციის მხრიდან მიმდინარე პროცესების საქმიანი განხილვის სურვილი არ ჩანს. კონკრეტულად მხედველობაში მაქვს თუნდაც განცხადება, რომელშიც პირდაპირ არის მითითებული, რომ პრემიერ-მინისტრის დაბარება ხდება მისი მოღალატეობრივი განცხადების განსახილველად. დასკვნები თქვენ თვითონ გააკეთეთ თუ რამდენად კონსტრუქციულია ოპოზიცია, რამდენად საქმიან შეხვედრაზეა ორიენტირებული და რამდენად შესაძლოა დააზიანოს საქართველოში შიდა ვითარება ან საერთაშორისო დამოკიდებულება ამ ყოვლად უსაფუძვლო და ხეპრულმა განცხადებებმა“, - აღნიშნა გია ვოლსკიმ.
პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში თედო ჯაფარიძე აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრის განცხადებას მხარს უჭერენ ჩვენი დასავლელი კოლეგები და მას სტრატეგიულად გაწონასწორებულს და მიზანმიმართულს უწოდებენ. ჯაფარიძემ პრემიერის განცხადებაზე ცალკეული პოლიტიკოსებისა და ექსპერტების მიერ გამოთქმულ კრიტიკას არაადეკვატური უწოდა და განმარტა, რომ მისი დაგვიანებული კომენტარი ამ თემაზე დასავლელ კოლეგებთან კონსულტაციებს უკავშირდება.
„მე საგარეო საქმეებში და ქართულ პოლიტიკაში საკმაოდ დიდი ხანია ვარ. უამრავი განცხადება და დოკუმენტი მინახავს, ბევრის მომზადებაში მიმიღია მონაწილეობა და მინდა, ერთი რამ გაითვალისწინონ, განსაკუთრებით ყიჟინით აღსავსე ჩვენმა კრიტიკოსებმა - დოკუმენტების, განცხადებების წაკითხვას საკმაო გამოცდილება და ცოდნა სჭირდება. განცხადების ტექსტში არის უამრავი ჩამალული ნიუანსი და დეტალი, რომელიც შეიძლება საჯარო არ იყოს და მისი გასაჯაროება საზიანოც იყოს ქვეყნის სტაბილურობისა და უსაფრთხოებისთვის. პრემიერ კვირიკაშვილის განცხადებაში გათვალისწინებულია უამრავი კონიუნქტურული მომენტი, რომელიც დაკავშირებულია ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებასთან და რომელზეც ადამიანი საჯაროდ არ ისაუბრებს“, - განაცხადა თედო ჯაფარიძემ.
მისივე თქმით, პრემიერის განცხადება, უპირველეს ყოვლისა, მიმართული იყო იმისკენ, რომ მომხდარიყო არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემა. ვინაიდან, ცხედრის გადმოცემა დაკავშირებულია ჩრდილოელ მეზობელთან.
„თუ ამას სწორად წაიკითხავს მკითხველი, ძალიან ზუსტი, საკმაოდ ხისტი განცხადებები იყო გაკეთებული. პრემიერ კვირიკაშვილის ეს განცხადება მიმართულია იმისკენ, რომ ჩვენი ქვეყანა გახდეს კიდევ უფრო სტაბილური, უსაფრთხო და ეს ყველაფერი გაკეთდეს იმისთვის, რომ ჩვენ არ გადავუხვიოთ იმ მიზნებს, რაც დასახული აქვს ჩვენს მთავრობას 2012 წლიდან - ეს არის ჩვენი სამომავლო გაწევრიანება ნატოში თუ ევროკავშირში.
ამიტომ, მოვუწოდებდი ყველას, ამ განცხადებასთან დაკავშირებით რეაქციები იყოს პრაგმატული, რეალისტური. როდესაც ვსაუბრობ იმ საფრთხეებზე, რომლებიც, შესაძლოა, დღეს, ხვალ, ან იმ დროს, როდესაც ეს განცხადება იწერებოდა, ჩვენს ახლოს ჩნდებოდა, მნიშვნელოვანია, ჩვენ ვიყოთ ერთად ამ საფრთხეებთან გამკლავებაში. პრემიერ კვირიკაშვილის განცხადებას ძალიან ყურადღებით გაეცნენ და მხარს უჭერენ ჩვენი დასავლელი კოლეგები“, - აღნიშნა თედო ჯაფარიძემ.