ჟენევის ფორმატის ცვლილება და აშშ-ის პოლიტიკური მხარდაჭერა კვირიკაშვილს

ჟენევის ფორმატის ცვლილება და აშშ-ის პოლიტიკური მხარდაჭერა კვირიკაშვილს

გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის პასუხი ტოვებს სივრცეს საუბრისთვის. პრემიერ-მინისტრის თქმით, ბევრი რამ შეიძლება არ იყოს მისაღები ამ პასუხში, მაგრამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ასეთი სივრცე შეიქმნას.

„არსებობს ჟენევის საერთაშორისო დისკუსების ფორმატი და ამ ფორმატში გადავდგათ ის ნაბიჯები, რომელიც თუნდაც მცირე პროგრესს მოგვიტანს. ეს მცირედი პროგრესი არის საქართველოში სტაბილურობის წყარო და ამ არეულ მსოფლიოში ჩვენს ქვეყანას თუ რამე სჭირდება დღეს, ეს არის სტაბილური ცხოვრების საშუალება. ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობა აბსოლუტურად ჯანსაღად აფასებს იმას, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

როგორც ცნობილია პრემიერმა არჩილ ტატუნაშვილის საქმესთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა და რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებას მიმართა, რასაც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საპასუხო განცხადებით გამოეხმაურა. როგორც განცხადებაში იყო აღნიშნული, მოსკოვში ყურადღებით გაეცნენ საქართველოს პრემიერის განცხადებას და კმაყოფილებას აღნიშნავენ მასში გადმოცემულ განწყობას ორმხრივი ურთიერთობის ნორმალიზების პროცესის გაღრმავების შესახებ.

რუსეთის ფედერაციის მხრიდან, პრემიერ-მინისტრის წერილის პასუხად გავრცელებული განცხადებას ოპოზიცისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი ემიჯნება და თვლიან, რომ კვირიკაშვილმა უპასუხისმგებლო და გულუბრყვილო მიმართვით რუსეთს კიდევ ერთი არგუმენტი მისცა, რომელსაც რუსეთი საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ გამოიყენებს.

ეს არგუმენტი მიუღებელია საგარეო საქმეთა მინისტრისთვის, რომლის განცხადებით, ოპოზიცია და მათ შორის არასამთავრობო სპექტრში ის ხალხი არის რომელმაც 2008 წელს ვერაფერი გააკეთა იმისთვის, რომ არ მომხდარიყო ტერიტორიების ოკუპაცია, არ მომხდარიყო რეგიონების აღიარება რუსეთის ფედერაციის მხრიდან და კიდევ რამდენიმე. აქიდან გამომდნარე, მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, ამ ხალხს არანაირი უფლება არა აქვს ისაუბრონ იმ გზებზე რომელიც უკავშირდება ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, დეოკუპაციას და სუვერენიტეტის განმტკიცებას.

„ჩვენ დღესაც დიდი პროვოკაციის ფარგლებში ვართ და ეს პროვოკაცია, რა თქმა უნდა, არის ტატუნაშვილის ცხედრის ამდენი ხნის განმავლობაში დატოვება ოკუპირებულ ტერიტორიაზე. ჩვენი მიზანია, რომ გადავდგათ ყოველთვის ის ნაბიჯი, რომელიც ამ პროვოკაციებს ხელს არ შეუწყობს. მათ შორის ჩვენს საზოგადოებაში გავაჩინოთ ის შეგრძნება და განცდა, რომ ჩვენ არ უნდა წამოვეგოთ პროვოკაციებს. ჩვენ მშვიდად, გაწონასწორებულად უნდა გავაგრძელოთ ჩვენი პოლიტიკის განხორციელება. ეს პოლიტიკა არის ცალსახა, ერთადერთი, უალტერნატოვო - კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირება, ამისთვის ყველა გზის მოძებნა და ყველა შესაბამისი ნაბიჯის გადადგმა, რათა ჩვენ შევინარჩუნოთ სტაბილურობა, ჩვენი საგარეო კურსი, სუვერენიტეტი.

შევინარჩუნოთ ჩვენი საზოგადოების ერთიანობა კონტროლირებად ტერიტორიაზე და გავაერთიანოთ საზოგადოებები მთელი საქართველოს მასშტაბით, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ამისათვის მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოება იყოს ერთიანი და მე ამისკენ მოვუწოდებ პოლიტიკურ ოპონენტებს და დღეს სამოქალაქო სექტორში მყოფ იმ ადამიანებს, რომლებიც 2008 წელს პასუხისმგებელნი იყვნენ ქვეყნის მართვაზე და რომელთა დროსაც მოხდა ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია და ჩვენი რეგიონების აღიარება“, - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი ამბობს, რომ ახლა მნიშვნელოვანია გამოვიყენოთ ყველა მექანიზმი, კომუნიკაციის საშუალება, რომ საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო ინტერესები დავიცვათ.

„ჩვენ ვერ შევეგუებით ვერც ოკუპაციას და ვერც იმ მოცემულობას, როცა კონფლიქტის მოგვარებისთვის სივრცე არ არსებობს, რომ პრობლემა გადაწყდეს. პრემიერმა გადადგა ძალიან თამამი და გაბედული ნაბიჯი. ჩვენ არ ვაპირებთ გავჩერდეთ. უნდა გამოვიყენოთ ყველა მექანიზმი, კომუნიკაციის საშუალება, რომ საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო ინტერესები დავიცვათ და უზრუნველვყოთ.

შეიძლება ეს ვიღაცას არ მოეწონა, განსაკუთრებით იმ ოპონენტებს, რომლებსაც თავის მხრივ, თავისი პოლიტიკური ცოდვები აქვთ და სურთ დაიცვან ის მოცემულობა, რომელიც თავად შექმნეს, მაგრამ ვერაფერი გააკეთეს. ჩვენ არ ვართ ხელისუფლება, რომელიც ამ მოცემულობას შეეგუება, ნაბიჯები უნდა გადავდგათ. შეიძლება პოლიტიკურად იყოს არამომგებიანი, მაგრამ როცა საუბარია სახელმწიფო ინტერესების დაცვაზე, ვიწროპოლიტიკურ ინტერესებზე ნაკლებად ვამახვილებთ ყურადღებას“, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

„ევროპული საქართველოს“ წევრი, სერგი კაპანაძე თვლის, რომ ილუზიაა იმაზე ფიქრი, შესაძლოა რაიმე კარგი გამოვიდეს იმ შემოთავაზებებიდან, რომელმაც რუსეთის მხრიდან სამაბზაციან განცხადებაში გაიჟღერა. როგორც დეპუტატი აცხადებს, პრემიერის განცხადება და შემდეგ შეფასებები ქვეყანას ასუსტებს. მისივე თქმით, ის ვითარება, რომელიც პრემიერ-მინისტრის ცუდი მიმართვის შედეგად შეიქმნა, არ არის ჯანსაღი და აზიანებს ქვეყანას ისევე, როგორც ის შეფასებები, რომელიც შემდეგ კეთდება უმრავლესობის წარმომადგენლების მხრიდან.

„კერძოდ, იმ ვითარებაში, რომელშიც ჩვენ დღეს ვართ, მნიშვნელოვანია, რომ მთავრობა, ქვეყანა, საქართველო ჩანდეს ძლიერი აქტორი და არა სუსტი. პრემიერის განცხადება და შემდეგ შეფასებები ქვეყანას ასუსტებს და ქმნის იმის ილუზიას, რომ ჩვენ ახლა გადავდივართ რუსეთის მოთხოვნების შესრულებაზე. მათ შორის, პირდაპირი დიალოგი ცხინვალთან და სოხუმთან და ჟენევის ფორმატის შეცვლა. ეს ჩვენს ინტერესებში არ არის.

კარგი იქნება, ნაცვლად ოპოზიციის კრიტიკისა, ქვეყნის ინტერესების დაცვაზე გადაერთონ. ჟენევის ფორმატის შეცვლა იქნება რუსეთის, როგორც მედიატორის როლის გაჩენა და რუსეთის, როგორც კონფლიქტის მხარის სტატუსის დაკარგვა. ეს ჩვენს ინტერესებში ნამდვილად არ არის. იგივე შეგვიძლია ვთქვათ ცხინვალის და სოხუმის სტატუსის გაზრდაზე“, - აღნიშნა სერგი კაპანაძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, რუსეთი სივრცეს ხედავს იქ, სადაც ხედავს საკუთარი ინტერესების გატარების შესაძლებლობას. მისივე თქმით, რუსეთმა კვირიკაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებში დაინახა საკუთარი ინტერესების გატარების შესაძლებლობა, რასაც, მისივე აზრით, გიორგი კვირიკაშვილი ვერ აცნობიერებს.

„ეს განცხადება დარტყმას კი არ აყენებს კონკრეტულად ბატონ კვირიკაშვილს როგორც პოლიტიკოსს, არამედ დარტყმას აყენებს ჩვენს ქვეყანას, ჩვენს სახელმწიფო ინტერესებს და როგორც ჩანს, პრემიერ-მინისტრი ამას ვერ აცნობიერებს. პრემიერ-მინისტრი აცდენილია რეალობასთან და მას ავიწყდება ის პოლიტიკური დაკვეთა, რაც არსებობს საზოგადოებასა და ქვეყანაში.

როდესაც ის საუბრობს სტაბილურობაზე და ის ხშირად ახსენებს სიტყვა „სტაბილურობას“, სტაბილურობა ჩვენს ქვეყანას აუცილებლად ესაჭიროება, სტაბილურობა სჭირდება დიახ, ჩვენს ურთიერთობებს რუსეთთან და ეს სტაბილურობა შეიქმნება და უზრუნველყოფილი იქნება დიდი ხნით იმ შემთხვევაში, როდესაც საქართველოს ევროატლანტიკური მომავალი გახდება შეუქცევადი და როდესაც რუსეთი აშკარად დაინახავს, რომ საქართველოში არის სრულიად კონსოლიდირებული საზოგადოებრივი აზრი და პოლიტიკური პოზიცია“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ის რაც მიუღებელია ოპოზიციისთვის, მისაღებია აშშ-ის ელჩისთვის. იან კელის მიაჩნია, რომ კვირიკაშვილს ჟენევის ფორმატისადმი სწორი დამოკიდებულება აქვს და ამ პროცესში მას მხარს უჭერს აშშ. როგორც იან კელიმ აღნიშნა, ქართულ საზოგადოებაში არის გარკვეული იმედგაცრუება, რომ ჟენევის ფორმატით ვერ ხდება იმ მიზნების მიღწევა, რასაც ის ემსახურება.

„ჩვენ უკვე ვმონაწილეობთ ჟენევის ფორმატში. მოგეხსნებათ, წელიწადში ოთხჯერ არის ეს შეხვედრები. ჩვენ ვმონაწილეობთ უმაღლეს დონეზე. თუმცა, მინდა აღვნიშნო, რომ ქართულ საზოგადოებაში არის გარკვეული იმედგაცრუება ამ საკითხთან დაკავშირებით, რადგან ამ ფორმატით ვერ ხდება იმ მიზნების მიღწევა, რასაც ემსახურება - შეწყდეს ე.წ. ბორდერიზაცია, აღდგეს სავაჭრო კავშირები მოსახლეობას შორის და ასე შემდეგ. შედეგი არის ის, რომ პროგრესი ვერც ერთი მიმართულებით ვერც ჩვენ და ვერც ქართულმა მოსახლეობამ ვერ დაინახა.

მიმაჩნია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრს აქვს სწორი მიმართება ამ საკითხთან დაკავშირებით და ჩვენ, რა თქმა უნდა, მას მხარს ვუჭერთ. ასეთი ტიპის ფორმატებში აუცილებელია, ჩართულნი იყვნენ ისეთი ადამიანები, რომლებსაც აქვთ გადაწყვეტილების მიღების საშუალება. რა თქმა უნდა, მონაწილეებს სურთ პროგრესი, თუმცა გვჭირდება გადაწყვეტილების მიმღები ადამიანები. რაც შეეხება ჩვენს ჩართულობას, ამასთან დაკავშირებით გავივლით კონსულტაციებს პრემიერ-მინისტრთან, თუ სად ხედავს ჩვენ თავს“, - განაცხადა იან კელიმ.