პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში, ზურაბ აბაშიძე აცხადებს, რომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა დღის წესრიგში არ დგას. შესაბამისად, პრემიერ-მინისტრის რუსეთის ხელისუფლებისადმი მიმართა, რომ საქართველოს მთავრობა კვლავ ადასტურებს, მიაღწიონ რეალურ პროგრესს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში, არ ნიშნავს დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენას. აბაშიძე ამბობს, რომ ამ ეტაპზე ჟენევის ფორმატია ადგილი, სადაც განიხილება საქართველო-რუსეთს შორის არსებული მნიშვნელოვანი საკითხები მანამ, სანამ არ მოხდება 2008 წელს დადებული შეთანხმებების შესრულება.
for.ge ზურაბ აბაშიძეს ესაუბრა.
ჟენევის დისკუსიების ფორმატის პრემიერ-მინისტრის დონეზე ამაღლების და მასში პირადად ჩართვის მზადყოფნა გამოთქვა გიორგი კვირიკაშვილმა, რომელმაც რუსეთის ხელისუფლებისადმი მიმართვაში კიდევ ერთელ დაადასტურა მზაობა, პირადად ჩაერთოს აღნიშნულ დისკუსიებში. ოპოზიცია ამბობს, რომ პრემიერი ვერ ერკვევა ჟენევის ფორმატის მნიშვნელობაში, როდესაც საუბრობს ფორმატში მის ჩართულობაზე. რეალურად რას გულისხმობს პრემიერი განცხადება, თავად ერთვება მოლაპარაკებაში?
ზურაბ აბაშიძე: მართალი გითხრათ, ვერ გავიგე რა ვერ გაარკვია ჩვენმა ოპოზიციამ. ჩვენ ჟენევის ფორმატს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ. ვცდილობთ, რომ მაქსილამურად გამოვიყენოთ მისი შესაძლებლობები და, რა თქმა უნდა, ჩვენი ინტერესია იგი უფრო გააქტიურდეს და უფრო მეტად იყოს ორიენტირებული შედეგებზე. პრემიერიც ამ სულისკვეთებით საუბრობს იმაზე, რომ იგი მზად არის პირადად მიიღოს მონაწილეობა ჟენევის პროცესის გააქტიურებაში.
ეს არ გულისხმობს, რომ პრემიერი ვიღაცას ჩაანაცვლებს, ეს ნიშნავს, რომ პროცესი კიდევ მეტად იქნება პირადად პრემიერის ყურადღების ცენტრში. თუკი ჩატარდება შესაბამისი მოსამზადებელი სამუშო და გარკვეული საკითხების გადაწყვეტა დადგება დღის წესრიგში. არ არის გამორიცხული, რომ უფრო მაღალ დონეზე შედგეს შეხვედრა ჟენევაში.
პრინციპში კონფლიქტი გაყინულია, იგივე მდგომარებაში ვართ, ამ კუთხით არ გვაქვს წარმატება. ახალ ფორმატს რა დატვირთა შეიძლება ჰქონდეს, რა შეიცვლება?
- ჟენევის ფორმატის შეცვლაზე არანაირად არ არის საუბარი. სწორედ იმისათვის, რომ მეტი შედეგი გამოიღოს ამ ფორმატმა, პრემიერი საუბრობს ამ პროცესის ეფექტურობის გაზრდაზე და სწორედ ამიტომ ადასტურებს თავის მზაობას, რომ ამ მიზნის მისაღწევად მან გამოიყენოს თავისი შესაძლებლობები. ჩვენს საგარეო პოლიტიკურ საკითხებს, მთავარ მიმართულებებს, პრობლემურ თემებს დასავლელ პარტნიორებთან ერთად განვიხილავთ. ეს გახლავთ ევროკავშირი, ნატო, ჩვენი ამერიკელი და ევროპელი პარტნიორები.
იმ ჩვენი პოლიტიკოსებისგან, ვისაც ჭკუა არ მოეკითხება და აქვთ ტრაგიკული გამოცდილება რუსეთთან ურთიერთობებისა, ვფიქრობ, რჩევების მოსმენა არ იქნება გონივრული გადაწყვეტილება.
მთავრობის მეთაურის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება მზად არის პირდაპირი დიალოგისთვის აფხაზეთთან და ოსებთან და ამ კუთხით, პრემიერის შეფასებით მისასალმებელი იქნებოდა რუსეთის კონსტრუქციული მიდგომა, რაც ოპოზიციის შეფასებით შეცდომაა. თუმცა, 2010 წელს დღევანდელი ოპოზიცია ჩართული იყო ამ სტატუს-კვოს ნეიტრალური მექანიზმების შემუშავებაში და ამაზე არსებობს სახელმწიფო სტრატეგია. თავად იყვნენ პირდაპირი დიალოგის ინიციატორები, დღეს რითია განპირობებული ამავე ჯგუფის წინააღმდეგობა?
- ძალიან მიჭირს ზოგიერთი ჩვენი ოპონენტის განცხადებებში, ან ქმედებებში რაღაც საღი ლოგიკა ამოვიკითხო. ჩვენ არასდროს უარი არ გვითქვამს აფხაზებთან და ოსებთან დიალოგზე. 90-იანი წლებიდან მოყოლებული არ ყოფილა ასეთი რამ. ნამდვილად, ოპოზიციაც ჩართული იყო იმ ინიციატივის მომზადებაში, რომელზეც თქვენ საუბრობთ. ასევე არიან ჩართულნი ანალოგიურ პროცესში დღესაც. ამჟამად რატომ დააყენეს კითხვის ნიშნის ქვეშ ის თეზა, რაც არასდროს არ შეცვლილა და თითქმის მთელი საზოგადოებისთვის მისაღებია, ეს ჩემთვისაც გაუგებარია. როდის ვთქვით უარი აფხაზებთან და ოსებთან დიალოგზე? თქვენ გახსოვთ ასეთი რამ? პრემიერის რუსეთის ხელისუფლებისადმი მიმართვაში მათ ამოიკითხეს ისეთი დებულებები, რაც ტექსტში საერთოდ არ წერია და არც იგულისხმება.
პირდაპირი დიალოგის შეთავაზებით საერთაშორისო სამართლებრივ სუბიექტებად ვაღიარებთ საოკუპაციო რეჟიმს? ეს არის ერთ-ერთი საკითხი რატომაც ოპოზიცია აკრიტიკებს პრემიერს...
- როდესაც ადამიანს ტვინი გადაბრუნებული აქვს, ის ყველაფერს გადაბრუნებულად ხედავს. პრემიერი საუბრობს დიალოგზე აფხაზებთან და ოსებთან, აფხაზ და ოს ხალხთან, საზოგადოებასთან, ადამიანებთან და არა აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან, როგორც საერთაშორისო სამართლის სუბიექტებთან. სად არის იქ მინიშნება ვირაცის სუბიექტად აღიარებაზე? ასეთი დილეტანტური და ტენდენციური შეფასებები ჩვენი ზოგიერთი ოპონენტის კვალიფიკაციაზე და ბევრ სხვა რამეზეც მიუთითებს.
არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობა გახდება დაპირისპირების ახალი ტალღა ორი ქვეყნის ურთიერთობაში? დუმილით, მაგრამ ცხედრის არგადმოცემით რუსეთი გვაჩვენებს, რომ ის მართავს სიტუაციას რეგიონში...
- არის საკითხები, რაზეც პოლიტიკური ქულების ჩაწერა უზნეობაა. არის საკითხები, სადაც არც პოლიტიკოსმა და არც პოლიტიკურმა ორგანიზაციამ არ უნდა გადალახოს წითელი ხაზები. ამიტომ, რა თქმა უნდა, ჩემი სურვილი იქნებოდა, რომ ამ შემთხვევაში ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც ერთნაირი ხედვა ჰქონოდა და ნაკლებად გვეფიქრა პოლიტიკური ქულების ჩაწერაზე. რუსეთის ქმედებების, სხვადასხვა თეორიებისა და ჰიპოთეზების შეფასებისგან კი თავს შევიკავებ.
ვფიქრობ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ საფრთხეები თავიდან ავიცილოთ, ქვეყნის სტაბილურობას პრობლემა არ უნდა შევუქმნათ. ეს უნდა იყოს ყველას საზრუნავი, როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის და ნებისმიერი მოქალაქის. რეალობა მსოფლიოში და ჩვენს რეგიონში რთულია. და, თუ გლობალურ ჭრილში შევხედავთ ჩვენს პრობლემატიკას, მაშინ უფრო გასაგები გახდება რა მაქვს მხედველობაში.