გიორგი კვირიკაშვილის განცხადებას კრემლში ყურადღებით გაეცნენ და 5 დღის დაგვიანებით პასუხიც გამოაგზავნეს. სერგეი ლავროვის უწყება კმაყოფილებით აღნიშნავს საქართველოს პრემიერის განცხადებაში გადმოცემულ განწყობას ორმხრივი ურთიერთობის ნორმალიზების პროცესის გაღრმავების შესახებ. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტებით, არავის უნდა ჰქონდეს ეჭვი, რომ რუსეთი, როგორც მანამდე, დაინტერესებულია მეზობელ საქართველოსთან ურთიერთობის გაჯანსაღებით და მზადაა იმდენად შორს წავიდეს, რამდენადაც ამისთვის მზად იქნება თბილისი.
„გიორგი კვირიკაშვილის მიერ ხსენებული სწრაფვა პროგრესისკენ ჟენევის დისკუსიებში იმედს გვაძლევს საქართველოს მხარის კონსტრუქციულობასთან დაკავშირებით, რაც მარტის ბოლოსთვის დაგეგმილ მორიგ რაუნდს უკავშირდება. დარწმუნებულები ვართ, რომ ასეთი მიდგომა მხარდაჭერილი იქნებოდა მოლაპარაკებების დანარჩენი მონაწილეების მიერაც, იმისგან დამოუკიდებლად, თუ ვინ უხელმძღვანელებს საქართველოს დელეგაციას.
შეუძლებელია არ მივესალმოთ, ასევე, დეკლარირებულ მისწრაფებას აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან პირდაპირ დიალოგის შესახებ. სწორედ ასეთია ერთადერთი რეალური გზა იმ საკითხების დასარეგულირებლად, რომლებიც საქართველოს აწუხებს, რომელიც რუსეთ-საქართველოს ორმხრივი დღის წესრიგის ფარგლებს გარეთ არსებობს. კერძოდ, ეს ეხება ცოტა ხნის წინანდელ ინციდენტს საქართველოს მოქალაქე არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებით, რაც მწუხარებას იწვევს“, - ნათქვამია სერგეი ლავროვის უწყების განცხადებაში.
მოსკოვიდან მოსულ გზავნილს, გზაში დაეწია აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება. დაურ კოვე ამბობს, რომ ყურადღება მიაქციეს პრემიერის მორიგ განცხადებას, რომელშიც მან დაადასტურა აფხაზებთან და ოსებთან პირდაპირი დიალოგის მზაობას. თუმცა ამბობს, რომ პრობლემას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ აფხაზები ვერ ვხედავთ საქართველოს მხრიდან რეალურ ნაბიჯებს, რაც ხელს შეუწყობდა დიალოგის ჩამოყალიბებას და კონფლიქტის დარეგულირებას.
„ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში ქართულ მხარეს არ ესმის არსებული პრობლემები და კატეგორიულად უარს აცხადებს ძალის გამოუყენებლობის შესახებ ერთობლივი დოკუმენტის დადებაზე. ჩვენი აზრით, ამგვარი დოკუმენტის მიღება კარგი საფუძველი იქნებოდა საქართველო-აფხაზეთის მოლაპარაკებებისთვის რუსეთისა და სხვა საერთაშორისო აქტორების მონაწილეობით. იმ შემთხვევაში თუ ქართული მხარის რეალურ მზაობას დავინახავთ სრულფასოვანი სახელმწიფოთაშორისი დიალოგის ჩამოსაყალიბებლად, მაშინ აფხაზური მხარე მზად იქნება მასში მონაწილეობა მიიღოს“, - ამბობს დაურ კოვე.
რუსული მხარის პასუხს არაკონსტრუქციულად აფასებს პარლამენტის თავმჯდომარე. ირაკლი კობახიძეს განცხადებით, იმის მიუხედავად, რამდენად კონსტრუქციული ან დესტრუქციული იქნება განცხადებები მეორე მხრიდან, საქართველომ უნდა შეინარჩუნოს პრაგმატული მიდგომა, რომელიც აქვს 2012 წლიდან. კობახიძის აზრით, სწორედ რუსეთთან პრაგმატული მიდგომის შედეგია ის, რომ ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში უსაფრთხოების და სტაბილურობის ხარისხი მნიშვნელოვნად ამაღლდა.
„სამწუხაროდ, რუსეთი ჩვენს პრაგმატულ მიდგომას არ პასუხობს თავისი პრაგმატული მიდგომით. ეს ბოლო განცხადებაც იყო ამის გამოძახილი. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ მომავალში ეს მიდგომა შეიცვლება. ჩვენ გვჭირდება გზების გამონახვა იმისათვის, რომ პრობლემა მოგვარდეს. ჩვენი მხრიდან ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტი მოგვარდეს მშვიდობიანი გზით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში მოულოდნელი არაფერია ვიცე-სპიკერისთვის. როგორც გია ვოლსკი აცხადებს, არაპროფესიონალიზმია იმაზე საუბარი, რომ თუკი რუსეთი მაინც თავის პოლიტიკას აგრძელებს, ინიციატივებს აზრი არ აქვს.
„ასეთი მიდგომა არასწორია, რადგან სახელმწიფოს ჩამოყალიბებული პოზიცია უნდა ჰქონდეს. ვითარება იცვლება და გაცილებით მეტია საფრთხეები, ვიდრე იყო. გამომდინარე აქედან, საქართველოს ხელისუფლება საკუთარ პოზიციას უფრო მკაფიო კონტურებით წარმოაჩენს. ამას საერთაშორისო მხარდაჭერა აქვს. საზოგადოებაც, რომელიც ქართულ-რუსული ურთიერთობების მოგვარებას უჭერს მხარს, თავის პოზიციას აყალიბებს არა რაღაც სენტიმენტების საფუძველზე, არამედ მოსალოდნელი საფრთხეების საფუძველზე.
ჩვენ ვეცდებით ჩვენი პოზიცია გავიტანოთ. რასაკვირველია, რუსეთს თავისი ინტერესები აქვს და მუშაობაა საჭირო. ასე რომ, ამან მიწერა, იმან მოწერა და ყველაფერი კარგად იქნება, ასეთი რამ ბუნებაში არ არსებობს, მით უმეტეს სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებში, როცა ეს ურთიერთობები ძალიან დაბალ ნიშნულზეა“, - აღნიშნა გია ვოლსკიმ.
„ევროპული საქართველოს“ ლიდერი, გიგა ბოკერია თვლის, რომ კვირიკაშვილმა უპასუხისმგებლო და გულუბრყვილო მიმართვით რუსეთს კიდევ ერთი არგუმენტი მისცა, რომელსაც დეპუტატის განცხადებით, რუსეთი საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ გამოიყენებს. მისი თქმით, რუსეთის ფედერაცია ციტირებს საქართველოს პრემიერ-მინისტრს და „ეთანხმება“ მას, რომ ეს არის ეთნიკური კონფლიქტი ქართველებსა და აფხაზებს, ქართველებსა და ოსებს შორის და მიხედეთ ამ ორმხრივ მიმართულებას, იმიტომ, რომ რუსეთის ფედერაცია არაფერ შუაში არ არის ამ ყველაფერთან.
„ჩაეჭიდნენ ამ უპასუხისმგებლო და ძალიან მავნებლურ განცხადებას, განსაკუთრებით ე.წ. პირდაპირი დიალოგის შესახებ. არანაირ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე არ იღებენ, არაფრის შეცვლას, რა თქმა უნდა, არ აპირებენ და პირიქით, უხარიათ, რომ პოლიტიკური ფასი მათ არ ექნებათ ამ ყველაფერში.
კვირიკაშვილის მიმართვას ისინი მომავალშიც გამოიყენებენ ციტირებისას, რომ საქართველომ რაც თქვა, გააკეთოს, ანუ უარი თქვას იმაზე, რომ რუსეთის ფედერაციაა პასუხისმგებელი ამ საზარელ მკვლელობებზე და, რომ ჩვენ ორმხრივი ე.წ. დიალოგები ვაწარმოოთ სოხუმთან და ცხინვალთან“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ საქართველოს პრემიერმა რუსეთი, როგორც კონფლიქტის მხარე, გაათავისუფლა სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან. მისი თქმით, როდესაც სახელმწიფო პირი საკუთარი განცხადებით ასეთ დარტყმას აყენებს საკუთარი ქვეყნის ფუნდამენტურ ინსტიტუტებს, ერთადერთი სწორი ნაბიჯი ეს არის თანამდებობის დატოვება.
„ასეთი ქმედების შემდეგ სახელმწიფოს პირველ პირს პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს. განსხვავებით საქართველოს პრემიერ მინისტრისაგან რუსეთის საგარეო უწყებამ, როგორც ჩანს, ზუსტად იცის, როდესაც მის ინტერესებს გულმოდგინედ იცავენ სხვა ქვეყნის სახელმწიფო ლიდერები, სწორედ ამიტომ, ბატონ კვირიკაშვილს რუსეთის ფედერაციამ მადლობა გადაუხადა იმ განცხადებისთვის, რომელიც მან გააკეთა. მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ კვირიკაშვილის განცხადებამ აღასრულა ის სურვილი, რაც რუსეთს მრავალი წელია ამოძრავებს, კერძოდ გაათავისუფლა რუსეთი ყოველგვარი სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან, როგორც კონფლიქტის მხარე“, - აცხადებს სალომე სამადაშვილი.
ატლანტიკური საბჭოს გამგეობის თავმჯდომარე, დავით სიხარულიძე თვლის, რომ რუსეთის საგარეო უწყების განცხადება არის ცინიზმით გაჟღენთილი და შეიცავს პროპაგანდისტულ გზავნილებს, რომელსაც, როგორც აგრესორი ქვეყანა საქართველოს წინააღმდეგ ყოველთვის იყენებს.
„კონფლიქტი არის რუსეთ-საქართველოს შორის და რუსეთი აგრძელებს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას. რაც შეეხება პრემიერ-მინისტრის განცხადებას, ეს იყო არასწორი განცხადება, გაუგებარი იყო რას ემსახურებოდა და შეიცავდა იმ გზავნილებს, რომელიც რუსეთმა კიდევ ერთხელ გამოიყენა ჩვენს წინააღმდეგ. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოში არ არსებობს უსაფრთხოების სტრატეგია“, - აცხადებს დავით სიხარულიძე.
რაც შეეხება დიალოგს, მისი თქმით, პირდაპირი დიალოგი სოხუმთან და ცხინვალთან შეუძლებელია სწორედ იმის გამო, რომ რუსეთი ახორციელებს ოკუპაციას და ფაქტობრივ მმართველობას ოკუპირებული რეგიონების.
„ძირითადი საკითხი არის რუსეთის მიერ ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია. ამ ვითარებაში, ძალიან რთულია ვისაუბროთ კომპონენტზე, როგორიც არის პირდაპირი დიალოგი. სამწუხაროდ, რუსეთი ხშირ შემთხვევაში პირდაპირი დიალოგის თემას იყენებს ისე, რომ თითქოს ის არ ახორციელებს კონტროლს და არ აქვს ოკუპირებული ტერიტორიები. რუსეთი ამბობს, რომ აი, დიახ, თქვენი პრობლემაა, რომ არ ესაუბრებითო, თითქოს ვინმემ ოდესმე სადმე უარი თქვა ამაზე. სწორედ ამ შემთხვევაში უნდა ვიყოთ ფრთხილად და საქართველოს ეროვნულ ინტერესებს არ უნდა მივაყენოთ ზიანი“, - აღნიშნა დავით სიხარულიძემ.
ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია ამბობს, რომ არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობა არის პოლიტიკური პროვოკაცია, რითაც რუსეთი ცდილობს სიტუაციის ხელოვნურად დაძაბვას, რომ კონფლიქტის საფრთხე გაზარდოს.
„ადამიანი მოკლეს, სტრასბურგში უჩივლებ, გაეროში, თუ ჰააგაში, პუტინის ავტოკრატიულ, სისხლიან რეჟიმს ეს ნაკლებად ადარდებს. ერთი მომენტია, როდესაც ადამიანს კლავ და მეორეა, როცა ცხედარს არ აძლევ. სწორედ ეს არის პოლიტიკური პროვოკაცია. რაც შეეხება პრემიერის განცხადების შინაარსს, აბსოლუტურად ადეკვატური იყო. მტერთან მოლაპარაკება არ არის დასაძრახი.
თავის დროზე მიხეილ სააკაშვილი კრემლს კვიპროსის ვარიანტზე ევაჭრებოდა. სააკაშვილი ამბობდა - თუ აფხაზეთში ამოქმედდებოდა კვიპროსის ვარიანტი, მზად იყო საქართველო ნატოს ჩამოეცილებინა. ამის შესახებ არსებობს როგორც დოკუმენტები, ასევე მისი გამოსვლები. საერთოდ, სააკაშვილი უფრო შორს მიდიოდა და თუ ღალატზეა ლაპარაკი, უმჯობესი იქნება სააკაშვილმა და მისმა მომხრეებმა გაიხსენონ როგორ ევაჭრებოდა სააკაშვილი პუტინს“, - ამბობს ვახტანგ მაისაია.