„ჩვენი რუსოფილების გასაგონად მინდა ვთქვა, ის, რასაც რუსული მხარე აკეთებს, გვამის შეგინება ჰქვია“

„ჩვენი რუსოფილების გასაგონად მინდა ვთქვა, ის, რასაც რუსული მხარე აკეთებს, გვამის შეგინება ჰქვია“

გიორგი კვირიკაშვილმა ჟენევის დისკუსიების ფორმატის მინისტრის დონეზე ამაღლების და მასში პირადად ჩართვის მზადყოფნა გამოთქვა. პრემიერ-მინისტრმა რუსეთის ხელისუფლებისადმი მიმართვაში კიდევ ერთელ დაადასტურა მზაობა, პირადად ჩაერთოს აღნიშნულ დისკუსიებში. მთავრობის მეთაურის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება მზად არის პირდაპირი დიალოგისთვის აფხაზეთთან და ოსებთან და ამ კუთხით, პრემიერის შეფასებით მისასალმებელი იქნებოდა რუსეთის კონსტრუქციული მიდგომა.

მთავრობა ჟენევის ფორმატის ცვლილების აუცილებლობაზე საუბრობს. განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის სოზარ სუბარის განცხადებით, საჭიროა, უფრო მაღალი დონის იყოს ეს შეხვედრები.

„უნდა ვისაუბროთ ჟენევის ფორმატის ცვლილებაზე, იმიტომ რომ ჟენევის ფორმატი თავიდანვე მე ვფიქრობ, არაეფექტურად იქნა ჩაფიქრებული თუ განხორციელებული. საჭიროა, უფრო მაღალი დონის იყოს ეს შეხვედრები. ქვეყნის პირველი პირების დონეზე იქნებოდა სასურველი“, - აცხადებს სოზარ სუბარი.

ასე არ ფიქრობს „ევროპული საქართველოს“ წევრი სერგი კაპანაძე, რომლის შეფასებით, თუ მთავრობის რომელიმე წარმომადგენელი ამბობს, რომ ჟენევის ფორმატი არაეფექტურია, ეს ნიშნავს, რომ მთავრობას წარმოდგენა არ აქვს, რას აკეთებს ჟენევის ფორმატი. კაპანაძის განცხადებით, პრემიერის განცხადება, სადაც ერთ კონტექსტშია საუბარი პირდაპირ დიალოგზე ცხინვალთან და სოხუმთან, ეს შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ ჟენევის ფუნქცია შემცირდება.

„შეფასება, რომ ეს ფორმატი არაეფექტური იყო მისი ფორმატის გამო, არის უბრალოდ არასწორი და არც მიკვირს ამ მთავრობის წარმომადგენლბისგან ასეთი განცხადება. რაც შეეხება დონის აწევას, ეს, რა თქმა უნდა, არის შესაძლებელი. ეს არ არის პრობლემა. უბრალოდ აქ არის საკითხი, რაც უკავშირდება სხვა მონაწილეების დამოკიდებულებას ამ თემის მიმართ.

მიმაჩნია, რომ დონის აწევა ის მიმართულებაა, რომელზეც მუშაობა შეიძლება, ოღონდ ნებისმიერ ასეთ განცხადებას და მცდელობას თან უნდა ახლდეს კარგი გაანალიზება იმისა, ხომ არ გამოიწვევს ეს ფორმატის გაუქმებას, ან თუნდაც რუსეთის როლის შეცვლას ფორმატის შიგნით“, - აღნიშნა სერგი კაპანაძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის სალომე სამადაშვილის შეფასებით, ჟენევის ფორმატის გააქტიურების და გაძლიერების საუკეთესო გზა აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკებების შეწყვეტა იქნება.

„ამ ეტაპზე ჟენევის ფორმატის გააქტიურების და გაძლიერების საუკეთესო გზა იქნება იმ გაუგებარი ორმხრივი ფორმატის შეწყვეტა, რომელიც შექმნა დღევანდელმა ხელისუფლებამ რუსეთთან აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკებების გზით. ვფიქრობ, რომ ეს უნდა იყოს დღეს პირველი ნაბიჯი“, - აცხადებს სალომე სამადაშვილი.

აღსანიშნავია, რომ ჟენევის დისკუსიების ფორმატის მინისტრის დონეზე ამაღლების და მასში პირადად ჩართვის მზადყოფნა გიორგი კვირიკაშვილმა გასული წლის ბოლოს პარლამენტში მთავრობის დამტკიცების დროს გამოთქვა. ეს საკითხი აქტუალური პრემიერ-მინისტრის რუსეთის ხელისუფლებისადმი მიმართვის შემდეგ გახდა, სადაც მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთელ დაადასტურა მზაობა, პირადად ჩაერთოს აღნიშნულ დისკუსიებში.

ანალიტიკოსების შეფასებით, პრემიერის განცხადება არის დროული და ამავე დროს პოლიტიკურად სწორად გაკეთებული. მათივე შეფასებით, არსებობს საფრთხე, რუსეთმა არჩილ ტატუნაშვილის მკვლეობის საქმე შემდგომი ესკალაციისთვის გამოიყენოს. ფილოსოფოსის ზაზა ფირალიშვილის განცხადებით, თუ პრემიერის განცხადება ჩაფიქრებულია, როგორც დიპლომატიური ომის ერთგვარი შესავალი, ერთგვარი დადასტურება იმისა, რომ ქართულმა მხარემ ყველა ხერხი, მათ შორის არსებული სიტუაციისათვის არაადეკვატური რბილი დიპლომატიური ტონიც კი გამოიყენა, მაშინ ამ სირბილეს გამართლება აქვს.

„ამ შემთხვევაში ის, უმალ, საერთაშორისო ორგანიზაციების გასაგონად გაკეთდა და არა იმ იმედით, რომ რუსეთში ვინმე სერიოზულად აღიქვამს ქართული მხარის წუხილს და რბილ ტონს. რუსეთის მეზობელ მცირე სახელმწიფოებს ერთი საერთო ჭირი გვჭირს. ყველა რუსეთთან ურთიერთობების დალაგებისაკენ მოგვიწოდებს, მაშინ, როდესაც თავადაც უკვე საკმაოდ კარგად იციან, რომ როდესაც საქმე აღმავალ იმპერიალიზმთან გაქვს, ეს შეუძლებელია და, რომ რუსული სახელმწიფო თავისი ცივილიზაციური რაობით არ არის მზად, რომ მცირე ქვეყნებს თანასწორუფლებიანად მოეპყრას და არა ცინიკოსი მოძალადესავით.

არა მგონია, პრემიერს ილუზია ჰქონდეს, რომ რუსეთი დაჰყვება მისი განცხადების „სირბილეს“ და ტატუნაშვილის გვამის გადმოცემაზე იზრუნებს. ვფიქრობ, ეს უფრო დასავლელის ყურისათვის საჭირო „დიპლომატიური ფიგურა“ იყო. თუმცა, ეს ვარაუდი დადასტურდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ განცხადებას დასავლეთის ქვეყნებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში ჩვენი დიპლომატიური შტურმი მოჰყვება, რომლის დროსაც ჩვენი დიპლომატები ამ განცხადების ხასიათს და რუსეთისა და მისი სატელიტების რეაქციას ჩვენს სასარგებლოდ გამოიყენებენ. ყველა სხვა შემთხვევაში ამ განცხადების სირბილე ქვეყნის დღევანდელი ხელისუფლების უმწეობად იქნება აღქმული“, - აცხადებს ზაზა ფირალიშვილი.

მისივე თქმით, სამწუხაროდ, 2012 წლის შემდეგ დაშვებული იქნა სერიოზული შეცდომა. რუსეთთან ურთიერთობათა დათბობის იმედით „ოცნების“ ხელისუფლებამ შეანელა დიპლომატიური ღონისძიებათა სიმწვავე, იმის ნაცვლად, რომ ჩვენი პრობლემა უკრაინის კონფლიქტთან ერთად ერთ კონტექსტში აღექვა მსოფლიო საზოგადოებას. როგორც ფილოსოფოსი აცხადებს, დღეს ამის გამოსწორება გვიწევს.

„თანაც, ჩვენს ბედზე ცუდად აისახა ობამასეული გადატვირთვის პოლიტიკა. ჩვენი რუსოფილების გასაგონად მინდა ვთქვა, ის, რასაც რუსული მხარე აკეთებს, გვამის შეგინება ჰქვია და ეს უფრო ევრაზიის უსასრულო სტეპებზე მოხეტიალე ბარბაროსების ნამოქმედარს ჰგავს. ნამდვილად სურთ, რომ ჩვენი საზოგადოება ამ ბარბაროსულ გარემოს შეუერთდეს? ცინიზმი, რომლითაც რუსული და ოსური მხარები შეხვდნენ პრემიერის განცხადებას კიდევ ერთხელ ადასტურებს, თუ ვისთან გვაქვს საქმე და, რაც მთავარია, იგივე ცინიზმი საკმაოდ სერიოზული საერთაშორისო არგუმენტია ჩვენთვის.

ეჭვი არა მაქვს, რომ ტატუნაშვილის ცხედარის გადმოცემა ძალადობის კვალის გამო არ უნდათ, მაგრამ არგადმოცემით კიდევ უარეს, გვამით მოვაჭრეთა დღეში იგდებენ თავს. მოკლედ, ამას სიველურე, ბარბაროსობა ჰქვია და მთელ დანარჩენ სამყარო უნდა დავაყენოთ ამ რეალობის წინაშე. კვირიკაშვილის განცხადების იგნორირებით ან ცინიკური კომენტარებით დიდხანს ვერ გავლენ ფონს. მაგრამ, ვიმეორებ, შედეგს ასმაგი დიპლომატიური აქტივობა უნდა“, - ამბობს ფილოსოფოსი.

რაც შეეხება რუსეთთან ახალი კონფლიქტს საფრთხეს, ზაზა ფირიაშვილის განცხადებით, უსისხლო კონფლიქტი უკვე დიდი ხნის დაწყებულია ჰიბრიდული ომის სახით.

„ბოლო ხანებში მის კვინტენსენციას წარმოადგენდა ის ფაქტი, რომ მავანმა გაბედა და 25 თებერვალი მიულოცა ქართველ ხალხს, ხოლო საზოგადოებისათვის კარგად ნაცნობი პირების ჯგუფმა ნატო ჩვენი ყველა უბედურების წყაროდ გამოაცხადა. მას შემდეგ, რაც აღმოსავლეთ უკრაინაში რუსებმა თავისთვის სასარგებლო პროცესების გაგრძელება ვერ მოახერხეს, ხოლო სირიაში ისინი უკვე ორჯერ დაარწმუნეს არა მხოლოდ ამერიკული იარაღის უპირატესობაში, არამედ იმაშიც, რომ შეერთებული შტატების დღევანდელი ხელისუფლება სამშვიდობო რიტორიკის ხათრით უარს აღარ იტყვის მკვეთრ მოქმედებებზე, პუტინს რეაბლიტაცია სჭირდება.

უახლოეს ხანებში რუსეთში ხომ საპრეზიდენტო არჩევნებია. ერთი ასეთი ფაქტიც და პუტინს სწორედ მის მიერვე გამოზრდილი ველიკოდერჟავნიკები მოიშორებენ თავიდან. დღეს მას ერთადერთი გამოსავალი აქვს: პატარა, ძლევამოსილი ომი, მსხვილფეხა თუ წვრილფეხა ველიკოდერჟავნიკებს გულზე შვებად რომ მოეფინებათ.

ხოლო თუ ომს მოერიდებიან, ჩვენში არსებული საყრდენი პერსონების მეშვეობით მიაღწიონ პრორუსული განწყობების ზვავისებრ ზრდას. ნუ გამორიცხავთ, რომ ბევრი უბრალო ადამიანი, რომელიც შეცბუნებული უცქერდა იუსტიციის სასახლის წინ გამართულ აქციას, ხოლო ამ რამდენიმე თვის წინ ხედავდა, მთავრობის სასახლის წინ ახალგაზრდა ქალები თავის ქალობაზე როგორ აცხადებდნენ უარს და ეს ყველაფერი ევროპული ცივილიზაციის სახელით კეთდებოდა - შეუერთდება ამ ნაკადს. თავად განსაჯეთ, ამგვარი „ცივილიზებული ქცევა“ ჰიბრიდული ომის ვითარებაში ვის წისქვილზე ასხამს წყალს“, - ამბობს ფირალიშვილი, რომლის განცხადებით, რთული სიტუაციაა და პრორუს პროპაგანდისტებს, ცხადია, არ უნდა ჰქონდეთ ასე თავისუფლად მოქმედების საშუალება.

„ამასთანავე, გრძნობებს აყოლილებმა რუს ველიკოდერჟავნიკებს ჩვენი თავი მსხვერპლად ჩვენვე არ უნდა შევთავაზოთ. ეს ერთხელ ერთხელ უკვე მოხდა და ყველას კარგად გვახსოვს. არც იმას გამოვრიცხავ, რომ განცხადების ზედმეტად დიპლომატიური ტონი „ოცნების“ შიგნით არსებულმა სიტუაციამ და პრემიერზე არსებულმა დაწოლამაც განსაზღვრა.

ვინძლო, „ოცნებაში“ ზოგს ჯერაც მიაჩნია სომხეთის საგარეო პოლიტიკა იდეალად ქართულისათვის. ჩვენ კიდევ მოგვიწევს იმის გააზრება, თუ რა როლი შეასრულა მსგავსმა განცხადებებმა და მათში ცუდად შეფარულმა ეჭვმა ქვეყნის ევრო-ამერიკული ორიენტაციის თაობაზე პრორუსული იდეოლოგიის რეაბლიტაციის საქმეში“, - განაცხადა for.ge-სთან საუბრისას ზაზა ფირალიშვილმა.

ანალიტიკოსი, „სტრატეგიული ანალიზის ცენტრის“ დამფუძნებელი, ზურაბ აგლაძე ფიქრობს, რომ რუსეთს ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეს კონფლიქტის პროვოცირებისთვის ვერ გამოადგება, რადგან, ამ შემთხვევაში დაზარალებული მხარე არის საქართველო.

„რაც დასაშავებელი იყო, უკვე დაგვიშავა რუსეთმა. რუსეთი არ არის იმ მდგომარეობაში, რომ ჩვენთან კონფლიქტზე წამოვიდეს. როგორც წესი, ასეთ ფაქტებს დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებენ. იმიტომ ამით ჩვენ გვაგრძნობინებენ, რომ ოკუპირებულ რეგონში პროცესებს თავად მართავენ, რომ ისინი არიან პროცესების წარმართველები ამ რეგიონში. ერთგავრი ძალის დემონსტრირებაა ეს ყველაფერი“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ზურაბ აგლაძე.

რაც შეეხება პრემიერის განცხადებას და რუსეთის სიჩუმეს, ანალიტიკოსი არ ფიქრობს, რომ კვირიკაშვილის ამ განცხადებით საქართველო დათმობაზე წავიდა. მისი თქმით, მოზომილი განცხადებაა, მაგრამ რეალობას არ ცვლის.

„ჩვენს ასეთ განცხადებებს არავითარი აზრი არ აქვს. არც პოზიტივის მომტანი არ იქნება და არც ნეგატივის. იმიტომ, რომ რუსეთი აგრძელებს ისეთ საგარეო პოლიტიკას, როგორიც საქართველოსან მიმათებაში აქვს შერჩეული. პოლიტიკოსია, პრემიერ-მინისტრია და მას აქვს ასეთი განცხადების გაკეთების უფლება, თუმცაღა ეს არავითარი შედეგის მომცემი არ იქნება“, - ამბობს ზურაბ აგლაძე.

ანალიტიკოსი, საერთაშორისო ურთიერთობათა მკვლევარი, თამარ კიკნაძე განმარტავს, რომ ძალიან საშიში სიტუაცია არის, ამიტომ მნიშვნელოვანია, საქართველო არ წავიდეს სიტუაციის ესკალაციაზე, რადგან რუსეთის მხრიდან კონფლიქტის საფრთხე არის რეალური.

„ატომური იარაღის ჟღარუნი ისმის. ბუნებრივია, რომ საჭირო იქნება ამ იარაღის გამოცდა. 2008 წლის მსგავსად, ჩვენ არ უნდა მოვხვდეთ გლობალურ ომში. ამიტომ, ჩვენ ძალიან ფრთხილად უნდა მოვიქცეთ. ამ შემთხვევაში ჯობია ვიყოთ ფრთხილად, რადგან ტატუნაშვილის საქმეს და სიტუაციის ესკალაციას ძალიან ცუდი სუნი უდის. ის ოპოზიცია, რომელიც დღეს კონფრონტაციულ განცხადებებს აკეთებს, აბსოლუტურად უპასუხისმგებლოა“, - განაცხადა for.ge-სთან საუბრისას თამარ კიკნაძემ.