„ოპოზიციის ერთიანი საპრეზიდენტო კანდიდატი არ მესახება - ძალიან რთულია, ინაშვილი და მელია გაერთიანდნენ“

„ოპოზიციის ერთიანი საპრეზიდენტო კანდიდატი არ მესახება - ძალიან რთულია, ინაშვილი და მელია გაერთიანდნენ“

ოპოზიცია ერთიანი საპრეზიდენტო კანდიდატის შერჩევას ფიქრობს. ეს იდეა „რესპუბლიკელების“ ერთ-ერთ ლიდერს ლევან ბერძენიშვილსაც ხიბლავს. ის მზად არის, მონაწილეობა მიიღოს ასეთი კანდიდატის შერჩევის მიზნით დაწყებულ მოლაპარაკების პროცესში, მაგრამ მიიჩნევს, რომ ამ „კარგი და გრანდიოზული იდეის მიუხედავად, ერთიანი კანდიდატურის შერჩევა ვერ მოხერხდება“.

რაც შეეხება უმრავლესობის კანდიდატურებს, ეს სალომე ზურაბიშვილი იქნება, თეა წულუკიანი, თუ ენძელა მაჭავარიანი, ლევან ბერძენიშვილისთვის სულ ერთია. იგი ფიქრობს, რომ მმართველი ძალა ვისაც დაასახელებს, მას გაიყვანს კიდეც. თუმცა დასახელებული არც ერთი ქალი საპრეზიდენტო კანდიდატი მას არ ესიმპათიურება. სალომე ზურაბიშვილს უწუნებს, რომ ამ ქალბატონს პარლამენტში რაღაც მაინც უნდა გაეკეთებინა, ხოლო „თეა წულუკიანისნაირი გულღრძო ადამიანის პრეზიდენტობა როგორ შეიძლება? ხომ შეიძლება, ადამიანს კულტურა მაინც ჰქონდეს? მკივანა, მწივანა, გამოხატული „ქოცი“ და კარიკატურული ფიგურა საქართველოს არ უნდა წარმოადგენდეს“.

პოლიტოლოგი თამარ კიკნაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ოპოზიციის ერთიან კანდიდატზე შეთანხმება არარეალურია. როგორ შეიძლება, „ევროპული საქართველო“ და ნინო ბურჯანაძე ერთად „დავსვათ?“ ამიტომ ეს უტოპიური იდეაა. მით უმეტეს, ძალზე განსხვავებულია ოპოზიციური სპექტრი. ამიტომაც არ მოხერხდება, მთლიანმა ოპოზიციამ ერთიანი საპრეზიდენტო კანდიდატი წარადგინოს.

პოლიტოლოგის თქმით, საერთოდ, საქართველოში კადრების დეფიციტია. მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტს ძალზე შეზღუდული უფლებები აქვს ამ სისტემაში, მას ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აკისრია. რაც მთავარია, პრეზიდენტი უნდა იყოს კრიზისული სიტუაციების განმმუხტველი. ეს კი ითხოვს ძალიან დიდ შინაგან კულტურას, დიდ ცოდნას, დიდ თავშეკავებულობას, ბევრ დადებით თვისებას.

„პიროვნულად თეა წულუკიანსა და სალომე ზურაბიშვილს არ ვიცნობ, მაგრამ იმ ადამიანს, რომელიც პრეზიდენტად დასახელდება, პოტენციურად პოლიტიკური ამბიციები არ უნდა ჰქონდეს და არ უნდა იყოს პოპულისტი. ეს ყველაზე დიდი პრობლემაა, რომ პრეზიდენტმა არ გადადგას პოპულისტური ნაბიჯები თავისი პირადი კეთილდღეობისთვის, კარიერისთვის. სწორედ ასეთი კანდიდატი უნდა შეირჩეს. არ აქვს მნიშვნელობა, ეს ქალი იქნება, თუ კაცი. იგი საზოგადოებაში უნდა იყოს პატივცემული, საზოგადოება მას უნდა ენდობოდეს. სამწუხაროდ, დღევანდელ პოლიტიკურ ელიტაში ასეთი პიროვნება არ ჩანს. ეს არა მარტო საქართველოს, არამედ მსოფლიოს პრობლემაცაა, რადგან ხალხი თავისთვის ცხოვრობს, ხოლო პოლიტიკური ელიტა თავისთვის. არაფერს ეტყობა, რომ პოლიტიკური ელიტა ქვეყანასა და ხალხის კეთილდღეობაზე ფიქრობდეს.

არ შეიძლება, პრეზიდენტად ქალი აირჩიონ მხოლოდ იმიტომ, რომ ის ქალია. მას ის თვისებები უნდა ჰქონდეს, რაზეც ვისაუბრე. ალბათ, ასეთ ღირსეულ კანდიდატურებს არც ეძებენ, ან ცუდად ეძებენ. ბევრს არც უნდა ამ ბინძურ თამაშებში მონაწილეობის მიღება“, - აღნიშნა თამარ კიკნაძემ.

ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ლევან ბერძენიშვილს ეთანხმება, რადგან ოპოზიციის გაერთიანებული კანდიდატის შერჩევა ასეთ ვითარებაში წარმოუდგენლად ესახება. რომც შეჯერდნენ ასეთ კანდიდატზე, ახალი სისტემის პირობებში პრეზიდენტი უნდა იყოს მაკონსოლიდირებელი, გამაერთიანებელი ფიგურა, რომელიც კი არ დაგვაპირისპირებს, პოლიტიკურ ბანაკებად კი არ დაგვყოფს, არამედ, პირიქით, დაყოფილ პოლიტიკურ ბანაკებს ერთ მთლიანობაში მოაქცევს. ეს რამდენადაა შესაძლებელი, ან ერთი, ან მეორე მხრიდან, ცოტა რთულია საუბარი.

„ოპოზიციის ერთიანი საპრეზიდენტო კანდიდატი არ მესახება, რადგან ძალიან რთულია, ირმა ინაშვილი და ნიკა მელია გაერთიანდნენ. ეს წარმოუდგენელია. ყოველ შემთხვევაში, „პატრიოტთა ალიანსს“ თავისი კანდიდატურა ეყოლება. თუკი დანარჩენმა ოპოზიციამაც მოახერხა გაერთიანება (რაშიც ეჭვი მეპარება, რომ ევროპულმა „საქართველომ“ და „ნაცებმა“ შეძლონ საერთო კანდიდატზე შეთანხმება), მაშინ მათ უნდა შეათანხმონ ისეთი კანდიდატი, რომელიც „ქართულ ოცნებასთან“ მებრძოლ პოლიტიკოსად აღიქმება. ოპოზიციის ასეთი გამაერთიანებელი რომც გამოჩნდეს, ის მთლიანად მაინც ვერ იქნება ერის გამაერთიანებელი. ბუნებრივია, ის იქნება გარკვეული პოლიტიკური ბანაკის გამომხატველი, მისი რეპრეზენტატორი, მაგრამ, არავითარ შემთხვევაში, მთლიანი ერის მაკონსოლიდირებელ ფუნქციას ვერ შეასრულებს. პირიქით, დაპირისპირებას უფრო გაამწვავებს. ამას ვერ მოახერხებენ, რადგან დღეს ისეთი კონიუნქტურაა, რომ, ვერავითარ შემთხვევაში, ერთი მხრივ, „ნაცები“ და „ევროპული საქართველო“, ვერ გამონახავენ საერთო ენას. ხოლო, მეორე მხრივ, იქ მეორე ბანაკიცაა, „პატრიოტთა ალიანსის“ სახით, სადაც შეუძლებელია რაიმე კომპრომისზე საუბარი. ამას ემატება წვრილი ოპოზიციაც, რომლებიც ნამცეცებს ელოდებიან სუფრისგან. ისინი შეიძლება შეიერთოს ან ერთმა ბანაკმა, ან მეორემ, ან მესამემ. თუმცა ეს მაინც არ იქნება გაერთიანებული ოპოზიცია, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი სახელი შეიძლება დაირქვან. ასეთი პრაქტიკა გვქონდა საქართველოში, როცა რამდენიმე წვრილი პარტია გაერთიანდებოდა ხოლმე და დაირქმევდნენ რაღაც სახელს. დღესაც არსებობს ორგანიზაცია -„ლიდერთა საბჭო“, შალვა ნათელაშვილი და წვრილ-წვრილი პარტიები რომ შედიან. ეგენი გინდა გაერთიანებულან, მაინც აზრი არ ექნება ასეთ გაერთიანებას“, - აღნიშნა დავით ზარდიაშვილმა.

რაც შეეხება „ქართული ოცნების“ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს, მან განმარტა, რომ ეს ქალბატონი პოლიტიკური გუნდისგან უფრო დისტანცირებულია და მას აქვს დიპლომატიური უნარები. გარდა ამისა, ზურაბიშვილი მთლიანად დასავლური „პროდუქტია“, თუკი შეიძლება ასე ითქვას. ამდენად, მიუღებელია ზოგიერთების განცხადება, თითქოს სალომე ზურაბიშვილს არაფერი უკეთებია პარლამენტში. დავით ზარდიაშვილის თქმით, პარლამენტში მუშაობას თავისი სპეციფიკა აქვს და სალომეს დიდი დამსახურებაა, რომ მოქალაქეობის მიმართ საქართველოს კონსტიტუციაში მიდგომები შეცვალა. ჩვენმა ქვეყანამ დაუშვა ორმაგი მოქალაქეობა. ეს ასეც უნდა იყოს, რადგან ძველ ემიგრაციაზე რომ არაფერი ვთქვათ, დღესდღეობით 2 მილიონამდე ახალი ემიგრანტი გვყავს. როგორ შეიძლება, ასეთმა ქვეყანამ არ დაუშვას ორმაგი მოქალაქეობა? სად გვყავს ჩვენ დასაკარგი ქართველები?