“თავისუფლების ინსიტუტი“ განათლების ამჟამინდელი მინისტრის, დიმიტრი შაშკინის კრიტიკით აღარ კმაყოფილდება და უკვე ღიად უპირისპირდება მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკას. მეტიც, ამ ორგანიზაციის წარმომადგენლებს სასაცილოდ მიაჩნიათ სააკაშვილის განცხადებები, მაგალითად, განათლების სფეროში გატარებული რეფორმის შედეგების შეფასებაზე.
“თავისუფლების ინსტიტუტის“ გამოკვეთილი სახე, თეა თუთბერიძე, პრესა.გე–სთან საუბრისას ამბობს, რომ 2007 წლის 7 ნოემბრის შემდეგ ქვეყანაში შეჩერდა როგორც განათლების, ისე სხვა სფეროებში მიმდინარე რეფორმები, დავბრუნდით საბჭოთა პერიოდში და ახლა ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებები მხოლოდ პიარზე გათვლილი.
შეგახსენებთ, რომ განათლების სამინისტროს შიდა აუდიტის მიერ, გია ნოდიას მინისტრობისას აღმოჩენილი ფინანსური დარღვევები, უშუალოდ შაშკინის ინიციატივით, იუსტიციის სამინისტროს მთავარ პროკურატურას გადაეცა და გამოძიება დაიწყო. საუბარია შესყიდვებისას გაფლანგულ ასი ათასობით ლარზე. განათლების სამინისტროში განმარტეს, რომ შემოწმება სხვა პერიოდებსაც შეეხება. “ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას, ყოფილმა მინისტრმა, გია ნოდიამ მომხდარის გამო გაკვირვება გამოხატა – “ეს ყველაფერი ჩემთვის ძალიან მოულოდნელია. მომხდარისა და იმის გამო, რომ საქმე პროკურატურას გადაეგზავნა, მხოლოდ გაკვირვება შემიძლია გამოვთქვა“.
ნოდიას თავშეკავებული კომენტარისგან განსხვავებით, პრესა.გე–სთან საუბრისას, თეა თუთბერიძის განცხადებები ერთობ თამამია. იგი ამბობს, რომ შაშკინი ამგვარი აქტიურობით პიარს იკეთებს და ამასთან, წინამორბედებზე თავდასხმით, თავდაცვის პოლიტიკას ახორციელებს.
– როგორც ჩანს, შაშკინს საკუთარი თავის პიარი იმდენად გაუტკბა, რომ ამგვარი თემებითაც კი პიარს იკეთებს. თუკი ვინმემ რაიმე სახის გაფლანგვა ჩაიდინა და გარკვეული თნხები მიითვისა, პასუხი უნდა აგოს, მაგრამ პირადად ჩემთვის, შაშკინის ასეთი კუთხით აქტიურობა გაცილებით უფრო დიდ ეჭვებს ბადებს, თავად მისი მინისტრობის დროინდელ დარღვევებთან მიმართებაში, რის შესახებაც სამინისტრო დოკუმენტაციას გვიმალავს. ჩემი ინფორმაციით, საკმაოდ დიდ თანხებთან დაკავშირებით არის სხვადასხვა სახის პრობლემები; შესყიდვები საბაზრო ღირებულებაზე გაცილებით მეტ ფასადაა განხორციელებული; სარემონტო სამუშაოებისთვის უხარისხო პროდუქციაა შესყიდული.
ამ თემაზე ჭორის დონეზე საუბარი არ მინდოდა და სწორედ ამიტომ, 20 ივლისს განათლების სამინისტროს წერილობით 8–პუნქტიანი ჩამონათვალით მივმართეთ, რათა დედანში გავცნობოდით შაშკინის მინისტრობის დროინდელ საფინანსო–საბიუჯეტო დოკუმენტაციას, 2009 წლის 1 დეკემბრიდან, 2010 წლის 22 ივლისის ჩათვლით. ამაზე სიტყვიერი უარი მივიღეთ – მასალებს კონტროლის პალატა და პროკურატურა სწავლობსო. შემდეგ ამ ორ უწყებასაც მივმართეთ. მათ განგვიმარტეს, რომ ამ კონკრეტული პერიოდის დოკუმენტაცია მათთან არ არის. კვლავ დავუკავშირდით განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს. თავიდან ქალაქის ნომრებზე გვპასუხობდნენ, მაგრამ შემდეგ მთელი დღეებისა და კვირეების განმავლობაში, ამასაც აღარ აკეთებდნენ; როცა გაიგებდნენ რაზე ვურეკავდით, ხან შოპენის მუსიკას გვასმენინებდნენ და ხან რას.
რამდენი ლარია გაფლანგული, შაშკინის მინისტრობის დროს?
– ამაზე ზეპირად საუბარი გამიჭირდება, რადგან ჩემთვის სხვადასხვა სახის დარღვევებია ცნობილი.
მაშინ ის გვითხარით, რომელია ყველაზე მძიმე დარღვევა?
– ჭორის დონეზე საუბარი არ მინდა. ჩვენ კიდევ ერთხელ მივმართავთ განათლების სამინისტროს და შევეცდებით დოკუმენტაციას გავეცნოთ. თუმცა, ეჭვი მაქვს, რომ ინფორმაციის არგაცემა და ჩვენთვის ამ ყველაფრის დამალვა, რაღაცნაირად შეიძლება კავშირში იყოს იმასთან, რომ შეიძლება მათ ჰქონდეთ დოკუმენტების შეცვლის გარკვეული მცდელობა. მაგრამ ყველაფერს ალბათ, იმდენად ვერ გამოასწორებენ, რომ იქ რაიმე ცდომილება არ იყოს.
როგორ ფიქრობთ, დიმიტრი შაშკინი თავისი ინიციატივით მოქმედებს?
– თავისი ინიციატივით მოქმედებს. როცა მინისტრი თანამდებობას ტოვებს და მას სხვა ცვლის, ახლადდანიშნული მინისტრის საქმე არ არის, წინამორბედის მინისტრობისას არსებულ დარღვევებზე, ან საფინანსო–საბიუჯეტო კუთხით რაღაც პრობლემებზე ღიად საუბარი და პიარის გაკეთება. თუ ასეთი პრობლემები ნამდვილად არსებობს, შაშკინს შეუძლია მშვიდად იყოს – მას ამაზე პასუხს არავინ აგებინებს. კონტროლის პალატა სწორედ იმიტომ არსებობს, რომ საფინანსო–საბიუჯეტო დაწესებულებებში არსებული დარღვევები გამოავლინოს. ეს კონტროლის პალატის ფუნქციაა და არა რომელიმე მინისტრის, იქნება ეს შაშკინი, თუ სხვა.
მისი ქმედება ისეთ განცდას მიტოვებს, რომ საუკეთესო თავდაცვად თავდასხმა აირჩია. შაშკინს თუ ჰგონია, რომ სულ მინისტრი იქნება და ამიტომ მისი მინისტრობისას არსებული, შესაძლო დარღვევები არ იქნება გამოვლენილი, ძალიან ცდება.
ეგებ შაშკინის ხელით ხორციელდება “თავისუფლების ინსტიტუტისა“ და ამ ორგანიზაციასთან დაახლოებული პირების შესუსტება?
– ასეთი მიდგომა, ან შეფასება ცოტა გადაჭარბებულია. გამოვლენილი დარღვევები ეხება 2008–2009 წლებს.
მაგრამ ლაპარაკია იმაზე, რომ “შემოწმება სხვა პერიოდებსაც შეეხება“.
– შეეხოს, პრობლემა არ არის. როგორც გითხარით, ასეთი ტიპის შემოწმებებს მივესალმები. ეს ყველა სამინისტროში უნდა ხორციელდებოდეს; ყველა მინისტრს და სხვა თანამდებობის პირებს უნდა ჰქონდეთ იმის განცდა, რომ ნებისმიერი სახის დარღვევაზე შეიძლება პასუხისგება მოუწიოთ.
არ ვთვლი, რომ ამით “თავისუფლების ინსტიტუტს“ რაიმე ზიანი შეიძლება მიაყენოს შაშკინმა, ან ნებისმიერმა სხვამ. რევოლუციის შემდეგ ჩვენი ორგანიზაციის უშუალო კადრი, არც ერთი მინისტრი არ ყოფილა. ჩვენ ვთანამშრომლობდით განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან და ვცდილობდით მომხდარიყო განათლების რეფორმის გატარება, როგორც ალექსანდრე კარტოზიას პერიოდში, ისე რევოლუციის შემდეგ, კახა ლომაიას, გია ნოდიას მინისტრობის დროს.
მაგრამ ლომაიაც და ნოდიაც ხომ “თავისუფლების ინსტიტუტის“ კადრებად მოიაზრებოდნენ?!
– ხშირად ღიმილისმომგვრელია ის დასკვნები, რასაც საზოგადოების გარკვეული ნაწილი აკეთებს. ადამიანმა მოაზრებით ბევრი რამ შეიძლება მოიაზროს, მაგრამ რეალურად, არც კახა ლომაია და არც გია ნოდია “თავისუფლების ინსტიტუტის“ წარმომადგენელი არ ყოფილა. ჩვენ ამ ადამიანებთან და არა მარტო მათთან, არამედ სხვა მინისტრებთანაც, რომლებიც იყვნენ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, სხვადასხვა პერიოდში ვთანამშრომლობდით. ჩვენი მიზანი იყო სამინისტროს რეფორმის გატარების და განხორციელების პროცესში დავხმარებოდით. ამ წუთში რეალურად ეს პრობლემა არსებობს, რადგან რეფორმა პრაქტიკულად შეჩერებულია.
და მიხეილ სააკაშვილის მიერ, “უმეცრებად“ არიან გამოცხადებულები რეფორმის ავტორები.
– ეს ძალიან სასაცილოა. მესმის რომ პრეზიდენტი არის პრეზიდენტი! საერთოდ, არ ვთვლი საჭიროდ და მიზანშეწონილად, რომ პრეზიდენტი ყველა საკითხში ერკვეოდეს. ეს აუცილებელი არც არის, ასე არც ერთ ქვეყანაში არ ხდება. პრეზიდენტი ვერ იქნება, ვერც განათლების საკითხების ექსპერტი და ვერც მაგალითად, სოფლის მეურნეობის დარგში გათვითცნობიერებული სპეციალისტი.
ასეთ საკითხებზე პრეზიდენტი არ უნდა გამოდიოდეს და აფიქსირებდეს თავის შეხედულებებს; მას ამისთვის ჰყავს მინისტრები და ამისთვის არსებობენ სხვადასხვა მიმართულებით, როგორც ქართველი, ისე უცხოელი ექსპერტები, რომელთა მოწვევაც ხდებოდა და დღესაც უნდა ხდებოდეს.
ანუ სააკაშვილისეულ შეფასებას არ იზიარებთ?!
– რა თქმა უნდა, არ ვიზიარებ, რადგან განათლების რეფორმასთან მიმართებაში, რეალობასთან მიახლოებული, არც ერთი შეფასება არ მომისმენია, არც პრეზიდენტის და არც სხვა კრიტიკოსების მხრიდან.
სამწუხაროდ, როგორც პრეზიდენტის, ისე სხვადასხვა პოლიტიკოსების (როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის წარმომადგენლებისგან) მხრიდან, განათლების რეფორმის საწინააღმდეგო განცხადებები მხოლოდ პიარზე იყო დამყარებული.
არჩევნების გამო, მათთვის მნიშვნელოვანი იყო სკოლაში დასაქმებული ადამიანების ხმები. სწორედ ამან განაპირობა, როგორც განათლების, ისე სხვადასხვა რეფორმების შეჩერება, 2007 წლის 7 ნოემბრის შემდეგ, როდესაც ქვეყანაში გარკვეული პოლიტიკური კრიზისი შეიქმნა, რამაც სამწუხროდ, საკმაოდ მძიმე შედეგებამდე მიგვიყვანა.
პოლიტიკა ყველაფერში და განსაკუთრებით განათლების სისტემაში არ უნდა ერეოდეს, ვინაიდან, განათლების რეფორმა ამ ქვეყნის განვითარებისთვის და მომავლისთვის ძალიან მნიშნელოვანია. ძალიან ბევრი დავკარგეთ იმის გამო, რომ ამ რამდენიმე წლის განმავლობაში რეფორმა არ ხორციელდებოდა, დღესაც არ ხორციელდება და ყველაფერი პიარზე იყო და არის აგებული.
თქვენი შეფასებები ძალიან ჰგავს ოპოზიციურად განწყობილი ადამიანის განცხადებებს.
– სხვებისგან განსხვავებით, ჩემი დამოკიდებულება შემდეგნაირია – თუ ვხედავ რომ ხელისუფლება რაღაცას არასწორად აკეთებს, არ მაქვს ის პრობლემა, რომ გავაკრიტიკო და როდესაც დახმარება სჭირდებოდათ, ჩვენ არასდროს გვქონია იმის პრობლემა, რომ დავხმარებოდით, სხვადასხვა რეფორმების განხორციელების პროცესში. ოპოზიციუირი პოლიტიკური პარტიებისგან განსხვავებით, ჩემთვის ვინმეს კრიტიკა თვითმიზანი არ არის.
ხელისუფლებამ ძალიან დიდი შეცდომა დაუშვა, როდესაც განათლების რეფორმა მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე შეაჩერა. ეს თვალშისაცემია ახლაც და თვალშისაცემი იყო 2007 წლის ბოლოდან მოყოლებული. სკოლების დირექტორებმა, ან პედაგოგებმა ამაზე ინტერვიუ ღიად შეიძლება არ მოგცეთ, მაგრამ ყველა ძალიან კარგად ხედავს, რომ ის, რაც დღეს საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ხდება, აბსოლუტურად განსხვავდება რეფორმის არსისა და ძირითადი მიზნებისგან.
მაგალითად, დღეს გაცილებით უფრო დეცენტრალიზებულია ზოგადსაგანმანათლებოლო დაწესებულებები, ვიდრე ეს იყო თუნდაც საბჭოთა პერიოდში, ან 2003 წლამდე, შევვარდნაძის მმართველობის დროს. გამომდინარე აქედან, იმის ილუზია, რომ ჩვენ გავზრდით დამოუკიდებელ, თავისუფლად მოაზროვნე ადამიანებს და ისინი, ვინც დღეს სკოლებში არიან, შეძლებენ ამ მიზნის მიღწევას, არარეალურია.
თქვენი აღშფოთება, კრიტიკა და გაღიზიანება იმით ხომ არაა გამოწვეული, რომ “თავისუფლების ინსტიტუტი“ ვეღარ აკონტროლებს განათლების სფეროში მიმდინარე მოვლენებს?
– “თავისუფლების ინსტიტუტი“ არც არასოდეს აკონტროლებდა განათლების სფეროს. “თავისუფლების ინსტიტუტი“ ვერასოდეს გააკონტროლებდა ვერაფერს, რადგან არასამთავრობო ორგანიზაციას არა აქვს ის ბერკეტები, რომ მაგალითად, გააკონტროლოს სკოლა, ან უნივერსიტეტი.
ახლა ისიც არ თქვათ, ხელისუფლებასთან ძალიან დაახლოებული ორგანიზაცია არ იყოო.
– რას ნიშნავს ხელისუფლებასთან დაახლოებული?! ჩვენი წარმომადგენლები ხელისუფლებაში იყვნენ და დღესაც არიან, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ “თავისუფლების ინსტიტუტი“ არის ამა თუ იმ უწყების მაკონტროლებელი. ჩვენი ორგანიზაცია ცდილობდა და მომავალშიც შეეცდება სხვადასხვა უწყებებს დაეხმაროს იმ რეფორმების განხორციელებაში, რომელთაც ქვეყნის წინსვლისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვთ.
ჩვენ არა მარტო განათლების მიმართულებით ვმუშაობთ; ჩვენ ვმუშაობდით და ვმუშაობთ სასამართლოების დამოუკიდებლობის კუთხით და ციხეებში, პროკურატურასა და შსს–ში არსებულ პრობლემებთან მიმართებაში. აქედან გამომდინარე, თუ ვინმეს აზრი ებადება, რომ “თავისუფლების ინსტიტუტი“ ვერ აკონტროლებს განათლების სისტემას, გავიმეორებ, რომ “თავისუფლების ინსტიტუტს“, არც აქამდე გაუკონტროლებია განათლების სისტემა.
მაგაში საზოგადოების დარწმუნება ალბათ ძალიან გაგიჭირდებათ.
– ეს საზოგადოებამ თავად განსაზღვროს. ძალიან კარგად იციან თავად სკოლებმა, თუ რას აკეთებდა ჩვენი ორგანიზაცია. უცხოელ ექსპერტებთან ერთად, სხვადასხვა სახის ტრენინგებით და სახელმძღვანელოების გამოცემით ვეხმარებოდით, როგორც სკოლებს, ისე უმაღლეს სასწავლებლებს, რათა რეფორმის პროცესში სწორი მენეჯმენტი განხორციელებულიყო, რადგან რეფორმა საგანმანათლებლო დაწესებულებების ცენტრალიზებული მოდელიდან დეცენტრალიზებულ მოდელზე გადასვლას ითვალისწინებდა.