„დღევანდელი დღისა და მომავალი თაობების წინაშე პასუხისმგებლობის გაცნობიერებით, გადავდგათ ერთობლივი ნაბიჯები აღნიშნული რთული ვითარების დასაძლევად“, - გიორგი კვირიკაშვილი საოკუპაციო რეჟიმის მიერ მოკლული, არჩილ ტატუნაშვილის საკითხზე მორიგ განცხადებას ავრცელებს და რუსეთის ხელისუფლებას რთული ვითარების დასაძლევად, ერთობლივად გონივრული ნაბიჯების გადადგმასთან დაკავშირებით მიმართავს.
„მიმდინარე წლის აგვისტოში 2008 წლის ომიდან ათი წელი შესრულდება. ამ დრამატულმა მოვლენამ ღრმა კვალი დატოვა ქართველი ხალხის ცნობიერებასა და საქართველო-რუსეთს შორის ურთიერთობებში. გაწყვეტილია დიპლომატიური კავშირები. მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარებამ, ფაქტობრივად, ჩიხში მოაქცია ნორმალური სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობის დამყარების პერსპექტივა.
ამჟამად ჩვენს წინაშე არის არჩევანი - აღნიშნულ თარიღს შევხვდეთ ურთიერთბრალდებებითა და მწვავე განცხადებებით, რომელთა ნაკლებობა ამ წლების განმავლობაში ნამდვილად არ იყო, ან გადავდგათ გონივრული, თუნდაც მცირე ნაბიჯები ამ მოჯადოებული წრიდან ჩვენი ურთიერთობების გამოსაყვანად. ჩვენ ადრეც განვაცხადეთ და კვლავ ვადასტურებთ, რომ დაინტერესებულნი ვართ მივაღწიოთ რეალურ პროგრესს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების პროცესში, რისთვისაც დავადასტურე ჩემი პირადი ჩართვის მზაობა.
მზად ვართ, ასევე, პირდაპირი დიალოგისათვის აფხაზებთან და ოსებთან და მისასალმებელი იქნებოდა ამ თვალსაზრისით რუსეთის მხარის რეალურად კონსტრუქციული მიდგომა. პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში, შესაძლებლად მიგვაჩნია სხვა გონივრული ნაბიჯების გადადგმაც. სამწუხაროდ, დღეს რთული რეალობის წინაშე ვდგავართ“, - აღნიშნულია პრემიერ-მინისტრის მიმართვაში.
გიორგი კვირიკაშვილი აღნიშნავს, რომ ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენის მიუხედავად, ტრაგიკული მოვლენების ჯაჭვი დღესაც გრძელდება, რაც ძირს უთხრის ქართულ-რუსულ ურთიერთობათა მოწესრიგების პერსპექტივას.
„ამის ბოლო ტრაგიკული მაგალითია ორი კვირის წინ ცხინვალში გაურკვეველ ვითარებაში ჩვენი მოქალაქის არჩილ ტატუნაშვილის სიკვდილი, რომლის ცხედრის გადმოცემაც კი, მიუხედავად საქართველოს ხელისუფლების, კათოლიკოს-პატრიარქისა და საერთაშორისო თანამეგობრობის არაერთი მცდელობისა, აქამდე ვერ მოხერხდა ოჯახისათვის.
მივმართავ რუსეთის ფედერაციის უმაღლეს ხელისუფლებას, რათა დღევანდელი დღისა და მომავალი თაობების წინაშე პასუხისმგებლობის გაცნობიერებით, გადავდგათ ერთობლივი ნაბიჯები აღნიშნული რთული ვითარების დასაძლევად“, - ნათქვამია გიორგი კვირიკაშვილის განცხადებაში.
პრემიერის განცხადებას და ტატუნაშვილის გარშემო განვითარებულ პროცესებს ამ დრომდე უკომენტაროდ ტოვებს რუსული მხარე. რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე აცხადებს, რომ მიმართვას რუსეთის მხრიდან გარკვეული რეაქცია მოჰყვება. აბაშიძე ფიქრობს, რომ მთავრობის ხელმძღვანელმა რუსეთის ხელისუფლებისადმი მიმართვით რთული ნაბიჯი გადადგა, რომელიც უნდა გადაედგა.
„კვირიკაშვილმა ამ განცხადებით ნაბიჯი გადადგა არა მხოლოდ ტატუნაშვილთან დაკავშირებული უმძიმესი პრობლემის მოსაგვარებლად, არამედ რუსეთის მიმართ ჩვენი ქვეყნის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე კონკრეტული, გონივრული შეთავაზება გააჟღერა და მისი პირადი მონაწილეობით, ჟენევის დისკუსიების გააქტიურების მზადყოფნა გამოთქვა, რაზეც კომენტარი ადრეც გაუკეთებია.
გარდა ამისა, პრემიერ-მინისტრმა პირდაპირი დიალოგის დაწყებაზე კიდევ ერთხელ გააკეთა შეთავაზება აფხაზებისა და ოსების მიმართ. ვფიქრობ, რომ პრემიერმა ის რთული ნაბიჯი გადადგა, რომელიც უნდა გადაედგა“, - აცხადებს ზურაბ აბაშიძე.
საგარეო საქმეთა მინისტრის შეფასებით, პრემიერის განცხადება იყო ძალიან კონკრეტული, კონკრეტული გზავნილებითა და კონკრეტულ ფორმატებთან დაკავშირებული. მიხეილ ჯანელიძეს მოლოდინი აქვს, რომ რუსეთის ფედერაცია შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს უპასუხებს არამხოლოდ საქართველოს მთავრობის, არამედ საერთაშორისო საზოგადოების მოთხოვნებს.
„პრემიერს განცხადებით, ის მზად არის თავად ჩაერთოს ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატში. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ საქართველოს ხელისუფლება მზად არის პირდაპირი დიალოგისთვის აფხაზეთთან და ოსებთან, ამ კუთხით კი მისასალმებელი იქნებოდა საკითხისადმი რუსეთის კონსტრუქციული მიდგომა.
მოლაპარაკებები იმართება ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატში, ეს საკითხი პრემიერ-მინისტრის მხრიდან ადრეც იქნა გაჟღერებული და მისი მზაობა, რომ ის პირადად ჩაერთოს ამ ფორმატში, რათა მოძებნილი იქნას შესაბამისი გადაწყვეტილებები და კონფლიქტის მოგვარების გზები“, - აცხადებს მიხეილ ჯანელიძე.
პრემიერის განცხადება იყო საკანონმდებლო ორგანოში ერთ-ერთი მთავარი განხილვის საკითხი. ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი თვლის, რომ ვერანაირი სამშვიდობო გეგმა ვერ განვითარდება, თუ რუსეთი ისეთ დესტრუქციულ პოლიტიკას განაგრძობს, რომელსაც აქამდე ეწეოდა. დეპუტატის განცხადებით, საერთაშორისო საზოგადოებაში მთავრობის პოლიტიკას მაღალი შეფასება და ძლიერი მხარდაჭერა იმიტომ აქვს, რომ ის რაციონალურ მიდგომასა და ფეთქებადსაშიშ რეგიონში სტაბილურობის შენარჩუნებაზეა ორიენტირებული.
„ეს მხოლოდ სიტყვები არ არის, ამ სიტყვების უკან კონკრეტული საგზაო რუკის თაობაზე მოსაზრებები დევს, რომელიც საშუალებას იძლევა, ქართულ-აფხაზურ და ქართულ-ოსურ საზოგადოებებთან კავშირი არათუ გავწყვიტოთ, არამედ გავააქტიუროთ. მაგრამ ვერანაირი სამშვიდობო გეგმა ვერ განვითარდება, თუ რუსეთი ისეთ დესტრუქციულ პოლიტიკას განაგრძობს, რომელსაც აქამდე ეწევა.
პოლიტიკურად სწორი ხედვა გვაქვს, რომელიც სტრატეგიულად შედეგზეა გათვლილი. საერთაშორისო ურთიერთობებში მთავარია, ქართულ მხარეს სწორი პოზიცია, სწორი ხედვა და ამ ხედვას მძლავრი საერთაშორისო მხარდაჭერა ჰქონდეს. როგორ განვითარდება შემდეგ პროცესები, ამას მუშაობა სჭირდება და არა წამოყვირებები, რომელიც სამწუხაროდ, ჩვენს ოპოზიციას ახასიათებს“, - აცხადებს გია ვოლსკი.
„ევროპული საქართველოს“ წევრი, დეპუტატი გიორგი კანდელაკი თვლის, რომ რუსეთის ხელისუფლებისადმი მიმართვა არათანმიმდევრულობის მაგალითია. როგორც დეპუტატი აცხადებს, ხან ასე, ხან ისე არ გამოვა, რადგან ასეთი ტიპის მიმართვებით პრობლემა ვერ გადაწყდება.
მისივე თქმით, ჩვენ გვჭირდება მშვიდობიანი, მაგრამ თანმიმდევრული პოლიტიკა. სწორედ თანმიმდევრულობის კონტექსტში არის ხელისუფლებისადმი შეთავაზება „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ შექმნის და სანქცირების მექანიზმის ამოქმედების შესახებ, რომელიც იმ კონკრეტული პირების წინააღმდეგ იქნება გამოყენებული, ვინც მკვლელობებს ჩაიდენს.
„ქართული ოცნება“ ხალხს რუსეთთან ურთიერთობების დალაგებას ჰპირდებოდა. ამ დაპირების კონტექსტში მათ საქართველოს და ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი უმაღლესი დონის საერთაშორისო პოლიტიკური დღის წესრიგიდან მოხსნეს. დღეს არათანმიმდევრულობას ვხედავთ. არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის შემდეგ საქართველოს მთავრობა საერთაშორისო ყურადღების მობილიზებას ცდილობს, მაშინ, როცა გიგა ოთხოზორიას მკვლელობის შემთხვევაში ამ მიმართულებით ბევრი არაფერი გაკეთებულა“, - აღნიშნა გიორგი კანდელაკმა.
„კაპიტულაცია რუსეთის ზეწოლის წინაშე“, - ასეთია „ნაციონლური მოძრაობის“ წევრის რომან გოცირიძის შეფასება, რომლის განცხადებით, პრემიერის განცხადება რუსეთთან ურთიერთობის შემდგომი დათბობის შესახებ ხელისუფლების უძლურების დემონსტრირებაა.
„ეს არის კაპიტულაცია რუსეთის ზეწოლის წინაშე, ეს არის ივანიშვილის დოქტრინის - საქართველო არ უნდა იყოს დასავლეთსა და რუსეთს შორის დაპირისპირების საგანი, რეანიმაცია. მაშინ, როცა დასავლეთი აძლიერებს რუსეთზე სანქციებს უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციის გამო, რასაც ასევე ითხოვს უკრაინის ხელისუფლება, საქართველოს მთავრობა დინების საწინააღმდეგო მიმართულებით მიდის.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით ჩვენ ვეუბნებით რუსეთს, რომ ცხედრის არგადმოცემის ან სხვა სახის შანტაჟის გზით, შესაძლებელია საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლა და სასურველი შედეგის მიღწევა. ეს არ არის კვირიკაშვილის განცხადება - ეს არის ბიძინა ივანიშვილის დავალება, რომელიც გიორგი კვირიკაშვილმა შეასრულა“, - აცხადებს რომან გოცირიძე.
საპარლამენტო ოპოზიციასთან ერთად, პრემიერ-მინისტრს განცხადების შინაარსი დაუწუნა არასაპარლამენტო ოპოზიციამ. „რესპუბლიკური პარტიის“ წევრი, ლევან ბერძენიშვილი ამბობს, რომ თავი მოიჭრა საქართველოს ეკლესიამ, სამარცხვინო წერილი მიწერა რუსეთის ეკლესიას, პარლამენტის წევრები თავს იჭრიან და ახლა პრემიერმა მოიჭრა თავი. ბერძენიშვილი ამბობს, რომ პრემიერის დღევანდელი განცხადებით ხელისუფლებამ არჩილ ტატუნაშვილის საქმეში თავისი უსუსურობა დაადასტურა.
„თუ უფრო მეტ დათმობაზე წასვლა შეუძლია საქართველოს, მაშინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა იმაზე უნდა იფიქროს, რომ გადადგეს და მოვიდეს ვინმე, ვინც უფრო კარგად იცის და შეუძლია რამის გაკეთება. საქართველოს რუსეთთან დასათმობი აღარაფერი აქვს. რუსეთი არის ოკუპანტი და რა მოლაპარაკებაზეა საუბარი საერთოდ? რაზე უნდა მოილაპარაკონ?!
ვის უნდა შეუთანხმოს ეს? რომელ კანონში წერია, რომ პრემიერს თავი ეჭრება, რაღაც უნდა ვქნათ ახლა და სადმე რამე უნდა დავთმოთ? ფაქტია, რომ რუსეთის ხელისუფლება არის ისეთი, როგორიც არის. მსოფლიო ვერაფერს უშვრება მას, მით უმეტეს ვერაფერს უშვრება საქართველოს ხელისუფლება, უნდა ვაღიაროთ ეს და უნდა მივიღოთ ისეთი ზომები, რომ ჩვენი მოქალაქეები ჩვენს ტერიტორიაზე მაინც გვყავდეს დაცული. ჩემი აზრით, ამას სასწრაფოდ უნდა მოყვეს პრემიერის გადაყენება“, - განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.
„თავისუფალი დემოკრატების“ წევრი ნინო გოგუაძე თვლის, რომ ნებისმიერი პირდაპირი დიალოგი რუსეთთან არის წარმოუდგენელი და სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგ წასვლა.
„ვსვამ კითხვას, რას შეიძლება გულისხმობდეს პრემიერ-მინისტრი გონივრულ ნაბიჯებში? თუ ამაში გულისხმობს პირდაპირ დიალოგს რაიმე საკითხზე, არ ვსაუბრობ დიპლომატიურ ურთიერთობებზე, რადგან ეს საერთოდ წარმოუდგენელი მგონია, პირდაპირი დიალოგი რუსეთთან საერთაშორისო პარტნიორების გარეშე, ეს არის ძალიან სახიფათო და წამგებიანი საქართველოსთვის. ნებისმიერი პირდაპირი დიალოგი რუსეთთან ეს არის წარმოუდგენელი რამ და ეს არის საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ წასვლა“, - აცხადებს ნინო გოგუაძე.
ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის, ირაკლი მენაღარიშვილის განცხადებით, საქართველოს ერთადერთი ინსტრუმენტი არის საერთაშორისო თანამეგობრობის მაქსიმალურად ინფორმირება და მცდელობა, მათი მხარდაჭერით ზემოქმედება მოვახდინოს გადაწყვეტილების მიმღებზე.
„ეს გადაწყვეტილება, რომ რუსეთში მიიღება, მე მგონია რომ ეჭვი არავის უნდა ეპარებოდეს. არსებობს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ზოგიერთი რუსი ხელმძღვანელი თავიდან იცილებს პასუხისმგებლობას და ამბობს, რომ ეს ყველაფერი ადგილობრივი ხელისუფლების თვითშემოქმედება არის და ჩვენ აქ საერთოდ არ ვერევით და ა.შ. მე მგონია, ეს არის თვალში ნაცრის შეყრა.
ისინი საკმარისად აკონტროლებენ სიტუაციას ადგილზე, რომ ასეთი გართულება არ მოჰყვეს. სიმართლე გითხრათ, ამ საკითხზე მიმართვების, წერილებისა თუ პროტესტის სხვა ფორმით გამოხატვის საწინააღმდეგოს ვერაფერს ვხედავ, ვინც არ უნდა იყოს ავტორი - პარლამენტი, პრემიერი თუ ნებისმიერი სხვა პოლიტიკური ფიგურა თუ ჯგუფი.
განსაკუთრებული ოპტიმიზმი იმისა, რომ პრემიერის მოწოდებას რუსეთის მხრიდან პოზიტიური ნაბიჯები მოყვება, არ მაქვს. მე მიმაჩნია, რომ ან განცხადებაში ძალიან სწორი და მკაფიო აქცენტია დასმული. მისი ძირითარი მოწოდება არის მიმართული რუსეთისადმი, რათა მან გადადგას გადამჭრელი ნაბიჯები იმ არაადამიანური დამოკიდებულების შესაწყვეტად, რომელიც ჩვენი მოქალაქის შემთხვევაში დღესაც გრძელდება. არ ვარ დარწმუნებული შედეგებში, რადგან რუსეთის წარმომადგენელთა რეაქცია ამ საკითხზე დღემდე ისეთია, რომ განსაკუთრებული ოპტიმიზმის საფუძველს არ გვაძლევს“, - ამბობს ყოფილი მინისტრი.
მისივე თქმით, ეჭვს არ იწვევს ის, რომ ტატუნაშვილის გარშემო გავნითარებული პროცესები არის ბინძური პროვოკაცია და საქართველოს წინააღმდეგაა მიმართული. რაც შეეხება ოპოზიციის განცხადებას, რომლებმაც პრემიერი არათმიმდევრულობაში დაადანაშაულეს, ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს:
„გულახდილად რომ გითხრათ, საერთოდ ვერ ვხედავ ამ თემაზე დისკუსიის აზრს, მათ შორის ვერც პრესაში. ეს მხოლოდ შიდა პოლიტიკური დაპირისპირების გამოხატულებაა, რაც ჩვენთან პერიოდულად მწვავდება, როგორც კი რაიმე საკითხი გართულდება ხოლმე. ამას საერთო არაფერი აქვს პრობლემის არსთან და არც მისი გადაწყვეტის გზების ერთობლივად ძიებასთან. ამიტომ, გულახდილად გითხრათ, აქ საკომენტაროსაც ვერაფერს ვერ ვხედავ.
სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ ჯერჯერობით პროცესები მხოლოდ ნეგატიურად ვითარდება. უკანასკნელი ინფორმაცია სამხრეთ ოსეთის დეფაქტო ხელისუფლების ხელმძღვანელის განცხადებაში ის იყო, რომ მათ რაღაც დამატებით დრო სჭირდებათ და ეს ჩემთვის მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ შეეცდებიან სიტუაცია კიდევ უფრო დაძაბონ. აქ ჩვენ კეთილგონიერება უნდა გვეყოს, რომ ბოროტგანმზრახველს ხელი არ შევუწყოთ მათი გეგმის რეალიზაციაში. კარგი იქნება თუ ამას დროზე მივხვდებით. “ - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ირაკლი მენაღარიშვილმა.