პირველი სკანდალი „ბადაგონთან“ დაკავშირებით 2006 წელს აგორდა. იმჟამინდელი სოფლის მეურნეობის მინისტრი პეტრე ცისკარიშვილი კომპანიას ღვინის ფალსიფიცირებაში სდებდა ბრალს, რომელმაც ფინანსურ პოლიციასთან ერთად, კამერების წინ, 150-მდე ლიტრ დაღვრილ ღვინოს კომპანიის რეპუტაციაც გაატანა. ამის მიუხედავად, კომპანიის ხელმძღვანელობა მოზომილ განცხადებას აკეთებდა - მინისტრი შეცდომაში შეიყვანესო.
როგორც ჩანს, ცისკარიშვილი მართლაც შეიყვანა შეცდომაში საკუთარმა სიხარბემ, მაგრამ არა „სამტრესტმა“, რომელსაც ღვინის ლაბორატორიული დასკვნა დაადებინა. მინისტრმა ვერ გათვალა, რამდენად ღრმად შეტოპა, როცა ღვინისა და საკონიაკე სპირტის ბიზნესში მორიგი კონკურენტის გზიდან ჩამოცილება გადაწყვიტა. კომპანიის იმჟამინდელი პრეზიდენტი თემურ უბილავა ცისკარიშვილისთვის „მოუნელებელი ლუკმა“ აღმოჩნდა.
ამ პრცედენტიდან უმოკლეს დროში, საქმეში პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ჩაერთო და არაკორექტული უწოდა კომპანია „ბადაგონის“ მიმართ ფინანსური პოლიციის მიერ განხორციელებულ ღონისძიებას.
„ფალსიფიკაციასთან ბრძოლა არ უნდა ატარებდეს სამხედრო შეტევის ხასიათს და ამის დემონსტრირება არ უნდა ხდებოდეს ტელეკამერის წინაშე. აღნიშნულის თაობაზე უკვე მივეცი შენიშვნა სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ვიმედოვნებ, რომ მინისტრი პეტრე ცისკარიშვილი არ დაუშვებს მსგავსი ქმედების განხორციელებას“, - გააფრთხილა სააკაშვილმა ცისკარიშვილი.
ბიზნესის დაწიოკება იმ ხანად ჩვეულებრივი მოვლენა იყო, უჩვეულო მხოლოდ ის იყო, რომ ხელისუფლებამ უკან დაიხია.
დღეს „ბადაგონს“ ისევ პრობლემები აქვს, კომპანიაში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურია შესული, რომელმაც საქმე თემურ უბილავასა და ვლადიმერ ჯანჯღავას კუთვნილ კომპანია „გრაკორო ტრეიდინგ ლიმიტედის“ სარჩელის საფუძველზე აღძრა. დღეს უკვე, აღარც უბილავაა „ბადაგონის“ პრეზიდენტი და აღარც „გრაკორო ტრეიდინგ ლიმიტედია“ „ბადაგონის“ მეწილე. „გრაკორო“ დღეს, თავად იბრძვის „ბადაგონის“ წინააღმდეგ.
ცისკარიშვილის და უბილავას ისტორია „ბადაგონის“ გამო არ შეგვიხსენებია და ამ სტატიასაც უკრაინული ინეტნეტ გამოცემა m.kontrakty.ua-ს მიერ გამოქვეყნებული სტატია დაედო საფუძვლად, რომელიც გაცილებით საინტერესოდ გამოიყურება, ვიდრე ბიზნეს წილებზე დავა. (http://m.kontrakty.ua/article/114519)
გუშინ m.kontrakty.ua-ზე გამოქვეყნდა სტატია, რამაც რიტორიკული კითხვა გააჩინა - ვის ინტერესებს ემსახურება საქართველოს ფინანსური პოლიცია? თუმცა, სანამ მთავარ კითხვაზე გავცემდეთ პასუხს, მანამდე უკრაინული სტატიის შინაარსს გაგაცნობთ.
უკრაინის გენერალური პროკურატურის ვერსიით, გასული წლის დეკემბერში, საპროტესტო აქციების (რომლის სულის ჩამდგმელი მიხეილ სააკაშვილი იყო) მთავარ დამფინანსებლად, გაქცეული ოლიგარქი სერგეი კრუჩენკო სახელდებოდა, მოგვიანებით, აქციების მთავარ სპონსორად იგორი კოლომოისკი დასახელდა. ამჟამად კი საქმეში ახალი გარემოებები გამოიკვეთა: „სპეცსამსახურში ინფორმირებული წყაროს თქმით, „საპროტესტო საქმეში“ უკრაინის უშიშროების სამსახურმა აღმოაჩინა კვალი, რომელი რუსეთის ორ მოქალაქესთან - ვლადიმერ ჯანჯღავასთან და თეიმურაზ უბილავასთან მიდის. უბილავას ძმა რუსეთის დაზვერვის პოლკოვნიკი და რუსეთის სპეცსამსახურის ვეტერანების კომიტეტის ხელმძღვანელია.
გამოძიების მიმდინარეობისას გამოვლინდა, რომ სააკაშვილის ზოგიერთ თანამემამულის ანგარიშზე მოდიოდა ფული, კვიპროსში რეგისტრირებული ოფშორული კომპანია „Гракоро Трейдинг Лимитед“-ისგან. ჯანჯღავა და უბილავა არიან ამ კომპანიის მთავარი ბენეფიციარები. ზოგადად ისინი საინტერესო პერსონაჟები არიან.
ვლადიმერ ჯანჯღავამ ფეხბურთელის კარიერის შემდგომ, ბიზნესს მიჰყო ხელი და ცნობილი გახდა როგორც ბიზნესმენ-მაქინატორი. 2013 წელს იგი გახდა ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი საქმისა, რომელშიც გარეული იყო ОАО „Газпром“ის ორი შვილობილი კომპანიის (ООО „Кавказтрансгаз“ (ცნობილი, როგორც ООО „Газпром трансгаз Ставрополь“ და მოსკოვის სავაჭრო სახლი „Русь-газ“) ტოპ-მენეჯმენტი. როგორც მაშინ რუსულ პრესაში იწერებოდა, ორივე კომპანია რამდენიმე წლის განმავლობაში ადგენდა ფიქტიურ კონტრაქტებს, ყალბ ანგარიშ-ფაქტურებს და გასაყიდად გამოჰქონდათ „არამოთხოვნადი ქონება“, რომლის სარეალიზაციოდ ათჯერ ნაკლებ ფასად დებდნენ გარიგებას. სულ „нахимичили“ 182 მილიონი რუბლის თანხაზე“, - წერს გამოცემა.
სტატიის თანახმად, ყველა ამ მაქინაციის შემოქმედი იყო „Кавказатрансгаз“-ის გენდირექტორის მოადგილე ვლადიმერ ჯანჯღავა. რუსეთის შსს-მ საქმეზე გამოძიება დაიწყო და როგორც უკრაინული გამოცემა იტყობინება, გაურკვეველი მიზეზების გამო მალევე შეწყდა.
„სავარაუდოდ, საქმეში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა გავლენებმა, რომელიც თეიმურაზ უბილავას ჰქონდა. მისი ძმა, ანატოლი უბილავა 2009 წლიდან არის დამფუძნებელი და პრეზიდენტი რუსეთის სპეცსამსახურების ვეტერანთა კომიტეტის. რა როლს თამაშობს რუსული სპეცსამსახურები რუსეთის ცხოვრებაში, ამას ზედმეტი განმარტება არ სჭირდება...
უკრაინაში ამ გარჩევებს ზედმეტ ყურადღებას არ დავუთმობდით, რომ არა ჯანჯღავას და უბილავს მხრიდან სააკაშვილის დაფინანსების თაობაზე გავრცელებული ინფორმაცია“... - წერს გამოცემა.
ახლა კი მთავარი კითხვა - როდესაც საუბარია ამ სამთა კავშირზე (სააკაშვილი-ჯანჯღავა-უბილავა), რას აკეთებს საქართველოს სპეცსამსახურები? ხვდება თუ არა საქართველოს ფინანსური პოლიცია, რომ ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთის სპეცსამსახურის აგენტების დაკვეთას ასრულებს? ლოგიკას თუ მივყვებით, სააკაშვილი (ნაციონალები), გრუ (რუსეთი) და „გრაკორო ლიმიტედი“ თავის არსით საბოტაჟის ელემენტებს ატარებს „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ. საქართველოში კი „ბადაგონის“ საქმე ორ სუბიექტს შორის ბიზნეს დავადაა მონათლული.