ჟურნალისტ გიორგი სანაიას საქმეზე პროკურატურაში, მისი ძმა, ჟუნალისტი ვახო სანაია დაიკითხა, რომელიც აცხადებს, რომ მისი ძმის მკვლელობა იყო პოლიტიკური და შეკვეთილი.
ვახო სანაიას განცხადებით, კოტე ციხისთავმა, რომელიც 2001 წელს ე.წ პანკისური დაჯგუფების წევრი იყო, გაავრცელა ინფორმაცია, რომელიც სანაიას მკვლელობის საქმეს უკავშირდება და ასევე, დაასახელა მკვლელობის შემკვეთები.
„შემიძლია დავადასტურო, რომ პროკურატურის წარმომადგენლები შეხვდნენ და ესაუბრნენ კოტე ციხისთავს, მისგან მიიღეს ინფორმაცია, სადაც ის ამბობს იმას, რაც თქვა სატელევიზო ინტერვიუში, მაგრამ ეს არ იყო დაკითხვა. ახლა მიმდინარეობს გამოძების წინა მოქმედებები, ინფორმაციის მიღება, ჩვენი იქ მისვლაც ამას ემსახურებოდა“,- განაცხადა ვახო სანაიამ.
საქართველოს მთავარმა პროკურატურამ 2001 წელს ჩადენილი ჟურნალისტ გიორგი სანაიას მკვლელობის ხელახალი გამოძიება შესაძლოა ახლად გამოვლენილი გარემოებების საფუძველზე დაიწყო.
მიმდინარე წლის 18 თებერვალს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში მსჯავრდებულმა კოტე ციხისთავმა დარეკა და განაცხადა, რომ დანაშაული ძველი ხელისუფლების მიერ იყო დაგეგმილი და სანაია მოკლა არა გრიგოლ ხურცილავამ, რომელმაც 10-წლიანი პატიმრობა მოიხადა, არამედ შოთა ჭიჭიაშვილმა, რომელიც საშიშ დამნაშავედ მიიჩნეოდა. ციხისთავმა დასახელა დამკვეთებიც - მაშინდელი პოლიციის შეფები თამაზაშვილი და ბაკურაძე.
თამაზ თამაზაშვილის ადვოკატმა ლილიკო გელაშვილმა სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნავს, რომ 2011 წლიდან, მთელი სახელისუფლებო სადამსჯელო სტრუქტურები თუ მედიასაშუალება, ჩაბმული იყვნენ თამაზ თამაზაშვილის სახელის დისკრედიტაციის ფერხულში და როგორც ჩანს, ახლა, ახალ საფეხურზე გადავიდნენ.
„არავის ეგონოს, რომ თამაზ თამაზაშვილს მართლა ბრალი მიუძღვის იმ საშინელ დანაშაულში, რომელმაც შეგვძრა თავის დროზე ყველა ჯანსაღად მოაზროვნე. სწორედ ამიტომ, არა სხვა, არა ვინმე და არც თუნდაც გარდაცვლილი ჟურნალისტის ოჯახის წევრები, არამედ თვითონ თამაზაშვილი ითხოვს, დაიწყოს გამოძიება და დადგინდეს სიმართლე!
და ეს მოთხოვნა განცხადების სახით, 20 თებერვალს შევიტანე მთავარი პროკურორის სახელზე, როგორც თამაზ თამაზაშვილის ადვოკატმა“! - აღნიშნავს ადვოკატი.
ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე ვარაუდობს, რომ შევარდნაძის ხელისუფლება იმდენად იყო ჩაფლული ჭაობში, შესაძლოა, ეს მკვლელობა იმ პოლიტიკურ ძალას დასჭირვებოდა, რომელსაც სიტუაციის გამწვავება და წყლის ამღვრევა აწყობდა, თუმცა ადვოკატი მიიჩნევს, რომ ციხისთავის სიტყვები შესაძლოა, რეალობას არც შეესაბამებოდეს, რადგან თუ მისი ვერსია სწორია, საინტერესოა, რატომ დუმს ხურცილავა, რომელმაც ჟურნალისტის მკვლელობისთვის 10-წლიანი პატიმრობა მოიხადა.
„ადამიანმა მოიხადა სასჯელი, იჯდა ციხეში და ახლაც არ გაუკეთებია განცხადება იმის შესახებ, რომ რაღაც ისე არ იყო. როგორ შეიძლება ადამიანი იჯდეს ციხეში ამდენი წელი, თუ დანაშაული არ ჩაუდენია? ეს რთული წარმოსადგენია. თუმცა ნებისმიერ ვერსიას არსებობის უფლება აქვს და გამოძიებამ იგი უნდა განიხილოს“, - მიიჩნევს ხაჭაპურიძე.
გიორგი სანაია 2001 წლის 26 ივნისს საკუთარ ბინაში მოკლული იპოვეს. რამდენიმე თვეში პოლიციამ მკვლელობის ბრალდებით შსს-ს დაცვის ყოფილი თანამშრომელი, გრიგოლ ხურცილავა დააკავა.
ორწლიანი გამოძიების შემდეგ სასამართლომ ხურცილავას 13- წლიანი პატიმრობა შეუფარდა. ბრალდებულმა სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა, თუმცა სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებმა გადაწყვეტილება ძალაში დატოვეს.
მართალია, ხურცილავა დააპატიმრეს და მკვლელობასაც ჩეულებრივი, საყოფაცხოვრებო მოტივი მიანიჭეს, მაგრამ საზოგადოებას მაშინდელი ხელისუფლების მიერ შემოთავაზებული ვერსიის ნაკლებად სჯეროდა.
სხვადასხვა დროს ჟურნალისტები ცდილობდნენ, აღედგინათ რეალური სურათი, თუ რა გარემოების მსხვერპლი გახდა იმ პერიოდისთვის ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული ჟურნალისტი საქართველოში.
სწორედ ჟურნალისტური გამოძიებების შედეგად დაიდო რამდენიმე ვერსია, რომელზეც დღემდე არც ერთი ხელისუფლების ოფიციალური პოზიცია არ არის ცნობილი. სხვადასხვა დროს ჩატარებული ჟურნალისტური გამოძიებები დაახლოებით ერთ კონტურს ხაზავს, რომელიც ასე გამოიყურება:
მაშინდელ მედიაზე გავლენის მოსაპოვებლად პოლიტიკური ცენტრებიდან დიდი ფინანსები გადიოდა, შედეგად მედიამფლობელები და ჟურნალისტები ამ პოლიტიკური ცენტრების პიარზე მუშობდნენ. მათ შორის იყო „რუსთავი 2“, სადაც მუშაობდა გიორგი სანაია, ხოლო ტელეკომპანიის მფლობელი ეროსი კიწმარიშვილი გახლდათ.
დასაწყისისთვის კიწმარიშვილი-ჟვანიას ურთიერთობა დისტანციური იყო, რადგან ჟვანიას გუნდი კიწმარიშვილს უკეთესი სიხშირის მიღებაში ვერ დაეხმარა. სამაგიეროდ, კიწმარიშვილს მჭიდრო ფინანსურ-პოლიტიკური პარტნიორობა ჩამოუყალიბდა ბათუმის პოლიტიკურ ცენტრთან.
კიწმარიშვილი სხვა ჯგუფებთან, მათ შორის, ბერეზოვსკის ჯგუფთანაც კი აწარმოებდა მოლაპარაკებას, თუმცა საბოლოოდ, ჟვანიას გუნდი აირჩია - გადამწყვეტი ფაქტორი რეფორმების გასაშუქებლად მსოფლიო ბანკის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი უზარმაზარი მედიაგრანტები აღმოჩნდა.
ტელეკომპანიის მიერ პარტნიორის შეცვლის შემდეგ დარჩა პირადი კონტაქტები და როგორც სანაიას მაშინდელი კოლეგები იხსენებდნენ, აბაშიძის გუნდთან ურთიერთობის გამო მას ხშირად საყვედურობდნენ. ასევე ცნობილია, რომ რამდენიმე ჟურნალისტი გახდა ამ თემაზე ჟვანიასა და სანაიას სერიოზული კამათის მოწმე. თანამშრომლები კიწმარიშვილსა და სანაიას ბოლო დროს დაძაბულ ურთიერთობასაც იხსენებენ და ეს ინფორმაცია მათ თავად, გიორგისგან ჰქონდათ.
ცნობისთვის - „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ეროსი კიწმარიშვილი, სანაიას მკვლელობიდან რამდენიმე დღეში პარტნიორთა საბჭოს სხდომაზე გადააყენეს თანამდებობიდან და აქციათა პაკეტის ერთი ნაწილი საინფორმაციო სამსახურის უფროსს, ნიკა ტაბატაძეს გადასცეს. მოგვიანებით ტაბატაძის აქციები ჟვანია-სააკაშვილის პოლიტიკური ჯგუფის ხელში გადავიდა.
ამ კონტექსტიდან გამომდინარე, საინტერესოა ბათუმში სანაიას უკანასკნელი ვიზიტი მკვლელობამდე სამი დღით ადრე - ეს ფაქტი გაირკვა მხოლოდ ჟურნალისტის მკვლელობის შემდეგ.
ბათუმში გიორგი სანაიას შემთხვევით შეხვდნენ ჟურნალისტები - იგი კაფე „ბუნგალოში“ ასლან და მურად სმირბებთან, უშიშროების სამსახურის უფროს სოსო გოგიტიძესა და გიორგი თარგამაძესთან ერთად ნახეს.
დიდი ხნის შემდეგ სასამართლოს ასლან სმირბამ მისცა წერილობითი ჩვენება, სადაც ადასტურებდა სანაიასთან საქმიან შეხვედრას, აგრეთვე იმას, რომ ეს ინკოგნიტო შეხვედრა იყო და სანაიას ტელეკომპანიის ეთერიდან მისთვის აუცილებელი განცხადების გაკეთებაში ხელშეწყობა სთხოვა.
კიდევ ერთი ვერსია, რაც ჟურნალისტურ კორპუსში თავიდანვე განხილვის საგანი იყო, არის პანკისის ხეობაში მიმდინარე მოვლენები. იმ პერიოდში გიორგი სანაიას თითქმის ყველა გადაცემა პანკისის თემას ეძღვნებოდა - ერთ-ერთ გადაცემაში ის პირდაპირ ეთერში ჩაერთო პანკისიდან, სადაც მის კითხვებს ნარკობიზნესში „ეჭვმიტანილი“ ვეფხია მარგოშვილი პასუხობდა - მაშინ მარგოშვილმა პირდაპირ ეთერში განუცხადა, თუ მართლა გაინტერესებს რა ხდება პანკისში, ეთერს მიღმა ვილაპარაკოთო. სანაიამ პირდაპირ ეთერში მიიღო დაპირება, რომ მარგოშვილთან კონტაქტის დამყარებაში ელენე თევდორაძე დაეხმარებოდა, რომელიც იმავე გადაცემის სტუმარი იყო.
მოგვიანებით თევდორაძემ სასამართლოს წინაშეც განაცხადა, რომ გიორგი სანაიას პირადად გადასცა პანკისიდან მარგოშვილის მიერ გამოტანებული ვიდეოკასეტა, პარლამენტის ფოიეში, მკვლელობის დღეს, ჟურნალისტ ირმა ნადირაშვილის თანდასწრებით, თუმცა, როგორც თავად აღნიშნა, კასეტა მას არ უნახავს.
როგორც მოგვიანებით თევდორაძემ განაცხადა, იცოდა, რომ ჟურნალისტთან სახიფათო ინფორმაცია გამოატანეს და ძალიან აღელდა როცა კასეტის გადაცემიდან მეორე დილას სანაია უკვე აღარ პასუხობდა მის ზარებს.
კიდევ ერთი საინტერესო დეტალი - დღემდე არ არის ცნობილი, სად წავიდა პანკისიდან ჩამოტანილი კასეტა სანაიას მკვლელობის შემდეგ - სასამართლო ამ დეტალით არ დაინტერესებულა იმის დასადასტურებლადაც კი, რომ ნათელი გაეხადა იყო ეს მკვლელობა დაკავშირებული კასეტაზე არსებულ ინფორმაციასთან თუ - არა.
კიდევ უფრო საინტერესო დეტალია პრეზიდენტის საგანგებო ბრძანებულება, რომლის თანახმად, ხეობა ჩაიკეტა ჟურნალისტებისა და პოლიტიკოსებისთვის. ეს არის ფაქტი, რომელმაც მაშინვე გაამძაფრა ეჭვი, რომ მაშინდელ ხელისუფლებას პანკისის ხეობაში საკუთარი ინტერესები ჰქონდა, რომლის გახმაურება გარეშე ადამიანებისთვის სახიფათო იყო. იმ პერიოდში ხშირად საუბრობდნენ ზოგიერთი ჩინოვნიკის ნარკობიზნესში ჩართულობაზე. საინტერესო დამთხვევაა, რომ კიდევ ერთი მოწმე, ვეფხია მარგოშვილი, სანაიას მკვლელობიდან რამდენიმე თვის შემდეგ საკუთარ ეზოში ააფეთქეს.
გაზეთი „7 დღე“ თავის დროზე წერდა, რომ მათ ჰქონდათ სატელეფონო საუბარი მარგოშვილთან, რომელიც კასეტის ასლის გამოგზავნას დაპირდა, თუმცა ვერ მოასწრო, მაგრამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ დასახელებული იყო პოლიციის მაღალჩინოსანთა გვარები, ყველა ძალოვანი უწყების მინისტრთა გვარები, რომლებიც პანკისის ნარკოდერეფნის მაკონტროლებლები იყვნენ და პანკისელ პარტნიორებთან ჩეჩნეთიდან დაძრული საქონლის წილების გაყოფაზე ჰქონდათ დავა.
გაზეთი კიდევ ერთ გარემოებაზე მიუთითებდა, - სანაიას მკვლელობამდე ერთი კვირით ადრე გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკაში“ გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ ბათუმის პორტის გავლით სოხუმისკენ გაემართა ბარჟა, რომლითაც ნარკოტიკების დიდი პარტია გადაჰქონდათ.
მაშინვე გაჩნდა ვარაუდი, რომ ამას ბათუმის მხრიდან კონტრსამხილი მოჰყვებოდა - მართლაც, საინტერესო დამთხვევაა რამდენიმე დღეში, ბათუმში, სანაიას სმირბებთან შეხვედა, რომლებიც ნარკობიზნესის ბოსებად მოიაზრებოდნენ აჭარაში. კიდევ ერთი საინტერესო დამთხვევაა, რომ შეხვედრას უშიშროების სამსახურის უფროსი სოსო გოგიტიძე ესწრებოდა, რომელთანაც სანაიას მანამდე არ ჰქონია საქმიანი, ან მეგობრული ურთიერთობა.
ჟურნალისტების ვერსიით, ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ აჭარასა და პანკისს შორის მოხდა ნარკოდაპირისპირება, ხოლო რა დონეზე ხდებოდა ნარკობიზნესის ლობირება, ამას ის ღონისძიებებიც მოწმობს, რასაც მაშინდელი ხელისუფლება ატარებდა.
საინტერესო ის არის, რომ ფაქტებს, რომელიც მაშინდელმა სასამართლომ უგულებელყო, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ არ მიბრუნებია სააკაშვილის მართლმსაჯულება.
დღევანდელი პროკურატურა იძულებული გახდა, ციხიდან განხორციელებული ზარის შემდეგ გამოძიება განეახლებინა, თუმცა, ზოგიერთი იურისტი თვლის, რომ ეს იყო პროვოკაციული განცხადება.
რამდენად ობიექტურად განახლდება გამოძიება თითქმის 20 წლის წინ მომხდარი გახმაურებული მკვლელობის შესახებ და რამდენად არის ხელისუფლების ინტერესში, ნათელი მოეფინოს საქართველოს უახლესი ისტორიის ჩაბნელებულ მონაკვეთს, სავარაუდოდ, მოკლე დროში უკვე ნათელი გახდება და დღეს გაჩენილ კიდევ ერთ კითხვასაც გაეცემა პასუხი, რატომ გაახსენდა ციხისთავს სანაიას მკვლელობის დეტალები სწორედ ახლა.