საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოსთან ნერვების ომი წამოიწყო

საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოსთან ნერვების ომი წამოიწყო

14 დღეა ქართული მხარე უშედეგოდ ცდილობს საკუპაციო რეჟიმის მიერ მოკლული არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემას. როგორც ჩანს, სეპარატისტები ცხედრის გადმოცემას უახლეოესი ერთი თვის განმავლობაში არ აპირებენ. ამას ადასტურებს ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის ანატოლი ბიბილოვის განცხადება, რომ, თურმე ერთი თვეა საჭირო ექსპერტიზის ჩასატარებლად.

სეპარატისტების ლიდერმა რჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეზე პირველი კომენტარი ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯოდმარეებთან შეხვედრაზე გააკეთა. ანატოლი ბიბილოვი ამბობს, რომ ცხედრის ოჯახისთვის გადაცემა, სამედიცინო ექსპერტიზის დასრულებამდე არ იგეგმება და აქვე მიანიშნებს, რომ კვლევის ჩატარებას სულ მცირე ერთი თვე სჭირდება.

„თუ ცხედარს საექსპერტო დასკვნის გარეშე გადავცემთ, პირველ კრიტიკას, სწორედ ევროპელი დიპლომატებისგან მივიღებთ, რისი სურვილიც არ მაქვს. ექსპერტიზა ყველა ქვეყანაში აპრობირებული პრაქტიკაა. ექსპერტიზის ჩატარებას კი ყველგან, მათ შორის საქართველოშიც ერთი თვე სჭირდება“, - ამბობს ანატოლი ბიბილოვი.

ცხინვალის ციხეში მოკლული არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემის საკითხი საოკუპაციო რეჟიმის ლიდერთან შეხვედრაზე ჟენევის დისკუსიების თანამთავმჯდომარეებმა დააყენეს, თუმცა უშედეგოდ, ისევე როგორც საქართველოს საპატრიარქო, რომელიც ამ დრომდე მოლოდინის რეჟიმშია. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი მამა მიქაელ ბოტკოველი ამბობს, რომ ყველაზე ბოლო ვადად არის დასახელებული ამ კვირის ბოლო.

„საპატრიარქოს არ აქვს იმაზე მეტი ინფორმაცია, რომელიც რუსეთის საპატრიარქოს წერილში წერია და რომელიც გუშინ გავრცელდა. საქართველოს საპატრიარქო აღარ აპირებს მოსკოვს მიმართოს. მოსკოვის საპატრიარქომ მიიღო ჩვენი თხოვნა, რომ დაგვხმარებოდნენ აღნიშნული საკითხის მოგვარებაში. მხოლოდ ეს ინფორმაციაა, სხვა დამატებითი ინფორმაცია არ მიგვიღია. ჩვენც ვიმყოფებით მოლოდინის რეჟიმში. ყველაზე ბოლო ვადად არის დასახელებული ამ კვირის ბოლო“, - განაცხადა მამა მიქაელ ბოტკოველმა.

საპარლამენტო უმრავლესობა აცხადებს, რომ დეფაქტო პრეზიდენტის განცხადება ეწინააღმდეგება საერთაშორისო ნორმებს და ექსპერტიზის ვადებით მანიპულირებას უწოდებენ ბიბილოვის განცხადებას.

გედევან ფოფხაძეს განცხადებით, დეფაქტო ხელისუფლებას უნდა ესმოდეს, რომ ამ საკითხს ძალიან დიდი საზოგადოებრივი მნიშვნელობა აქვს.

„რუსეთის ინტერესებში არ არის, რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ქართულ მხარეს გადმოეცეს. რუსეთს არ აწყობს არც ის, რომ ობიექტური ჭეშმარიტება დროზე დადგინდეს მომხდართან დაკავშირებით და არც ის, რომ მშვიდობა იყოს რეგიონში. და, რაც უფრო მეტი მტრობა გაჩნდება ოსებსა და ქართველებს შორის, ამაზე სპეკულირებით უნდათ, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას ხელი შეუშალონ“, - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

პლენარულ სხდომაზე განცხადება გააკეთა უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ, რომლის შეფასებით, რუსეთის მხრიდან ეს არის ნერვებზე თამაში, რითაც ახალი კონფლიქტის პროვოცირებას ცდილობს.

„ეჭვგარეშეა, რომ დღეს, ჩვენს ნერვებზე თამაში რუსეთის მხრიდან ახალი კონფლიქტის პროვოცირებაა. მსურს მოვუწოდო საზოგადოებას, დღეს ამ ტკივილის მოთმენა ჩვენი ღირსების შელახვა არ არის, პირიქით, ეს ჩვენი კიდევ უფრო დიდი ღირსებაა, რადგან მხოლოდ გონივრული ქმედებით შეგვიძლია ჩვენისთანა პატარა და გეოგრაფიული მდებარეობის მქონე ქვეყანამ მივაღწიოთ სასურველ შედეგს“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

„ევროპული საქართველოს“ წევრი გიორგი კანდელაკი მიიჩნევს, რომ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის განცხადება არის ცინიზმი, რასაც სახელმწიფომ მტკიცე პოზიცია უნდა დაუპირისპიროს და მიიღოს სანქციების პაკეტი, რომელიც მომავალში ერთ-ერთი შემაკავებელი ფაქტორი იქნება.

„საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლის ეს განცხადება არის ცინიზმი და შეურაცხყოფა გარდაცვლილის ოჯახის და მთლიანად ჩვენი ქვეყნის. იმისათვის, რომ მომავალში მსგავსი დანაშაულის პრევენცია მოხდეს, ჩვენი ამოცანა და მტკიცე პოზიციაა სახელმწიფომ და ყველამ ერთად გადავდგათ კონკრეტული ნაბიჯები და შემოვიღოთ სანქციების პაკეტი იმ პირების მიმართ, ვინც პირდაპირ ან ირიბად არიან დაკავშირებული ოთხოზორიას და ტატუნაშვილის საქმესთან. ეს არის ერთი რამ, რაც შეიძლება დავუპირისპიროთ და რაც იქნება შემკავებელი ფაქტორი“, - აცხადებს გიორგი კანდელაკი.

იმ ფონზე, როდესაც სეპარატისტული რეჟიმი ქართულ მხარეს მოკლულის ცხედრით ევაჭრება, გავრცელებული ინფორმაციით, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებს ხვდება „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი კონსტანტინე მორგოშია. ინფორმაციას არ ადასტურებს დეპუტატი, „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი ადა მარშანია, რომელიც ამტკიცებს, რომ პარტიის წევრებს დეფაქტო ხელისუფლებასთან გარკვეული კავშირები აქვთ.

„თუკი რაიმე შეგვეძლება, რომ დადებითი როლი ვითამაშოთ, ამას დიდი სიამოვნებით გავაკეთებთ. თუკი საჭირო იქნება წავალთ, მაგრამ ჯერ ასეთი რამ გადაწყვეტილი არ არის“, - აცხადებს ადა მარშანია.

„პატრიოტთა ალიანსის“ წევრი მცხეთის საკრებულოში გალინა აღსაბაძე ადასტურებს პარტიის წევრების ცხინვალში ყოფნას და ამბობს, რომ ტატუნაშვილის ცხედარი სავარაუდოდ დღეს უნდა გადმოასვენონ.

„სავარაუდოდ, ცოცხლებს დღეს საღამოს ან ხვალ წამოიყვანენ. ტატუნაშვილის ცხედარს სავარაუდოდ, ხვალ გადმოასვენებენ უკვე. მე ვუკავშირდები, ჩვენი ბიჭები არიან იქ“, - განმარტავს გალინა აღსაბაძე.