მხოლოდ იანვარში საქართველოს 700-ზე მეტმა მოქალაქემ მოითხოვა თავშესაფარი გერმანიაში და მათგან თითქმის 100%-მა მიიღო უარი. საქართველოში გერმანიის საელჩოს ინფორმაციით, უკვე რამდენიმე თვეა საქართველოს მოქალაქეების სულ უფრო მზარდი რიცხვი იყენებს ვიზალიბერალიზაციას იმისათვის, რომ მოითხოვოს გერმანიაში თავშესაფარი მიუხედავად იმისა, რომ უმეტესობა მათგანი თავშესაფრის მიღებაზე უარს იღებს.
„ვიზალიბერალიზაციამდე პერიოდთან შედარებით თავშესაფრის მთხოვნელთა რიცხვი სამჯერ გაიზარდა. მსგავსი სიტუაცია შეინიშნება ასევე ევროკავშირის სხვა წევრ ქვეყნებში“, - ნათქვამია საქართველოში გერმანიის საელჩოს განცხადებაში.
საელჩოში აცხადებენ, რომ გერმანიაში არალეგალურად მყოფ პირთა და თავშესაფრის დაუსაბუთებელ მთხოვნელთა რიცხვის საგრძნობი მატება იწვევს გერმანიის ფედერალური მთავრობის დიდ შეშფოთებას, ამიტომ გერმანია სწრაფი და ქმედითი რეაგირების აუცილებლობაზე საუბრობს, რათა შემცირდეს უვიზოდ მიმოსვლის ბოროტად გამოყენება.
შესაბისად, გერმანიას სურს, კიდევ უფრო გააღრმავოს საქართველოსთან რეადმისიის საკითხებში უკვე არსებული მჭიდრო თანამშრომლობა. გარდა ამისა გერმანია არსებული სამართლებრივი ჩარჩოების ფარგლებში რამდენიმე წლით შენგენის მთლიან ზონაში შესვლას აუკრძალავს იმ პირებს, რომლებსაც უარი ეთქვათ თავშესაფარზე.
„აუცილებელია, არსებულ ტენდენციაში მოხდეს სწრაფი და მდგრადი ცვლილებები, რათა გამყარდეს 2017 წლის მარტში ძალაში შესული ვიზალიბერალიზაცია შენგენის ზონაში მოკლევადიანი ვიზიტებისათვის“, -ნათქვამია გერმანიის საელჩოს ინფორმაციაში.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრები გამართა გერმანიის შს ფედერალური სამინისტროს მიგრანტთა დაბრუნების შტაბის ხელმძღვანელმა, კრისტიან კლოსიმ.
„ჩვენ საკმაოდ ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა. ვისაუბრეთ იმაზე, რომ ვიზალიბერალიზაციის შემდეგ მნიშვნელოვნად არის გაზრდილი გერმანიასა და ევროპაში თავშესაფრის მაძიებელი საქართველოს მოქალაქეების რიცხვი, რაც რა თქმა უნდა შემაშფოთებელია. განსაკუთრებული მატება იგრძნობა ბოლო თვეებში.
საქართველო დაცული ქვეყანაა და არ არსებობს გერმანიაში თავშესაფრის მოთხოვნის არანაირი პირობა, ამიტომ თავშესაფრის მთხოვნელები დაბრუნებული იქნებიან სამშობლოში. ამ მხრივ თანამშრომლობა უნდა გავააქტიუროთ, რათა სათანადოდ იქნას დაცული б როგორც ევროპული, ისე ქართული კანონი და საქართველოს მოქალაქეებმა თავისუფად ისარგებლონ უვიზოდ მიმოსვლით“, - განაცხადა კრისტიან კლოსიმ ჟურნალისტებთან საუბრისას, რომელიც ხელისუფლების წარმომადგენლებთან გამართავს შეხვედრებს.
შს მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, კრისტიან კლოსთან შეხვედრაზე საუბარი არ იქნება საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის ამოქმედების საკითხზე. როგორც გახარიამ აღნიშნა, საუბარი გაიმართება იმ ტექნიკურ ღონისძიებებზე, რომელსაც საქართველოს მთავრობა უახლოეს პერიოდში გაატარებს.
„ძირითადი პრობლემური საკითხი ეს არის თავშესაფრის მოთხოვნის რაოდენობის ზრდა გერმანიასა და ევროპის რამდენიმე ქვეყანაში. გარდა ამისა, მინდა გითხრათ, რომ კვირის ბოლომდე ჩვენ გვექნება ვიზიტი ევროპოლში, სადაც უკვე კონკრეტულ მექანიზმებზე გვექნება საუბარი ოპერატიულ დონეზე ინფორმაციის გაცვლის შესახებ, რაც ასევე იქნება ძალზედ სერიოზული არგუმენტი ამ გამოწვევებზე პასუხისთვის.
უნდა გვესმოდეს ერთი რამ, როგორც ჩვენი ევროპელი კოლეგები, ასევე ჩვენ გარკვეული რაოდენობის ზრდას ველოდით. აბსოლუტურ ციფრებში ეს არაა დიდი ციფრები, თუმცა პროცენტული ზრდის ტენდენცია არსებობს. ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა, ნაწილობრივ გაცხადებული, რომელსაც პრევენციის ძალა ექნება“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
ამასთან, „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში მომზადებული ცვლილებებით, რომელიც მთავრობამ დაამტკიცა და შემდგომი განხილვებისთვის პარლამენტს გადაუგზავნა, გვარის შეცვლის რეგულაციები მკაცრდება. იუსტიციის სამინისტროს მიერ შემოთავაზებული ცვლილებებით, პირს სრულწლოვან ასაკში კვლავ შეეძლება გვარის შეცვლა მამობის დადგენის საფუძვლით, გარდა იმ შემთხვევებისა, თუკი პირი იმ მომენტში არ არის ძებნილი ან სისხლისსამართლებრივი წესით დევნილი.
ამასთან, სრულწლოვანებისას პირს შეეძლება, ერთხელ გააკეთოს არჩევანი, მიიღოს თუ არა მშობელთა შეერთებული გვარი. ხოლო იმ ადამიანებს, ვინც ერთხელ უკვე შეიცვალა გვარი 2017 წლის 28 მარტის შემდეგ, როდესაც ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა ამოქმედდა, გვარის ხელმეორედ შეცვლის შესაძლებლობა აღარ ექნებათ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ის მიზეზები განმარტა, რატომაც საქართველო ართულებს გვარის შეცვლის პროცედურას. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საქართველოს მოქალაქეები სხვადასხვა გვარით მიდიან ევროკავშირის ქვეყნებში და სამწუხაროდ, ჩადიან დანაშაულს, ამიტომ მთავრობა ართულებს პროცედურას.
„გამოგვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები. მოგეხსენებათ, რომ ვიზალიბერალიზაციის კუთხით გაჩნდა გარკვეული პრობლემები, გამოწვევები. ჩვენ გვაქვს შემუშავებული კომპლექსური გეგმა, ამაზე იყო საჯაროდაც საუბარი, დიპლომატიურ წარმომადგენლობებთანაც გვქონდა კომუნიკაცია საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით. ვდგამთ კომპლექსურ ნაბიჯებს ამ მიმართულებით.
ამ ნაბიჯების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი გახლავთ იუსტიციის სამინისტროს მიერ გამოტანილი ცვლილებები, რომლიც გვარის შეცვლის პროცედურას გარკვეულწილად ართულებს“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
როგორც პრემიერი აცხადებს, ეს პროცედურა შეთანხმებულია ევროკავშირთან, წევრ ქვეყნებთან. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა თავიდან აიცილოს უვიზო მიმოსვლის შეჩერების რისკი. მისი თქმით, გვარის შეცვლის პროცედურის გართულება, ეს არ არის ერთადერთი ნაბიჯი ამ მიმართულებით.
მიუხედავად იმისა, რომ ვიზალიბერალიზიაციის შეჩერების საკითხი არც ერთი ქვეყნის მხრიდან არ განიხილება, ქართული მხარე პრევენციულ ზომებს მიიღებს. პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძეს განცხადებით, თუ საჭირო გახდება საკანონმდებლო ცვლილებებსაც განახორციელებს იმისთვის, რომ პროცესები არასწორი მიმართულებით არ წარიმართოს.
„რამდენადაც ვიცი, ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საკითხი არ განიხილება არც ერთი ქვეყნის მხრიდან. რაც შეეხება ზოგადად ჩვენს ხედვას, ჩვენ უნდა მივიღოთ პრევენციული ზომები იმისათვის, რომ არასწორი მიმართულებით არ წარიმართოს პროცესები. ეს მუშაობა უკვე დაწყებულია, პარლამენტი მზად არის თავის მხრივ, თუ საჭირო გახდება, მიიღოს თუნდაც საკანონმდებლო ცვლილებები იმისათვის, რომ მოხდეს პრობლემების და გართულებების პრევენცია. ჩვენ არაერთხელ ვთქვით, რომ ვიზალიბერალიზაცია ჩვენთვის არის, როგორც პრივილეგია ასევე, ჩვენთვის ეს არის პასუხისმგებლობა და ეს პასუხისმგებლობა სათანადოდ უნდა გავიაზროთ ჩვენ - ხელისუფლებამ და ასევე, თითოეულმა მოქალაქემ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.