რუსეთის პატრიარქი ტატუნაშვილის ცხედრის დაბრუნებას დაგვპირდა

რუსეთის პატრიარქი ტატუნაშვილის ცხედრის დაბრუნებას დაგვპირდა

საქართველოს პატრიარქმა არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე რუსეთის პატრიარქისგან საპასუხო წერილი მიიღო, სადაც აღნიშნულია, რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს ოჯახს ხვალ ან ზეგ დაუბრუნებენ.  

„ადგილობრივმა ხელისუფლებამ აღგვითქვა, რომ, როგორც კი მიიღებენ გამოძიების ფარგლებში ჩატარებული კრიმინალური ექსპერტიზის მონაცემებს, ცხედარს უმოკლეს ვადაში დააბრუნებენ. არჩულ ტატუნაშვილის ქართული მხარისთვის გადმოცემა იგეგმება წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის თანადგომით.

ვუსურვებ თქვენს უწმინდესობას და უნეტარესობას, სულიერი და ფიზიკური ძალის სიმტკიცით განვლოთ წმინდა ორმოცეულის (დიდმარხვის) მაცხონებელი გზა, უცვლელად ვრჩები თქვენდამი ქრისტესმიერი ძმური სიყვარულით“, - ნათქვამია პატრიარქ კირილის წერილში.

ქართული მხარე ახლა ცხედრის გადმოცემის მოლოდინშია. საქართველოში გაერო-ს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენელი ნილ სკოტი აცხადებს, რომ ყოველ წუთს ელოდებიან იმას, რომ მოხდება ცხედრის გადაცემა ოჯახისთვის.

„ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს და ყოველ წუთს ველოდებით იმას, რომ მოხდება ცხედრის გადაცემა ოჯახისთვის. ასევე ველოდებით ორი დაკავებული ადამიანის გათავისუფლებას. ზუსტ თარიღებზე ჩვენ ვერ ვსაუბრობთ იმიტომ, რომ ზუსტი თარიღები არ ვიცით, მაგრამ ვიცით, რომ ძალიან ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს“, - განაცხადა ნილ სკოტმა.

საოკუპაციო რეჟიმის მიერ მოკლული არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის საქართველოსთვის გადმოცემის წინააღმდეგ აქცია გამართეს ოკუპირებულ ცხინვალში საომარი მოქმედებების დროს დაღუპულთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა. „Sputnik-Ossetia“ -ს ინფორმაციით, ინტელიგენციის წარმომადგენლები, სტუდენტები და უფროსკლასელები ითხოვენ, არ გადასცენ ოჯახს არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი. სკოლის მოსწავლეები აქციაზე 1989 წლიდან 2008 წლამდე საომარ მოქმედებებში დაღუპულთა ფოტოებით მივიდნენ.

„სტუდენტებს მოჰქონდათ ტრანსფარანტები ლოზუნგებით: „საქართველო, დაგვიბრუნე ჩვენი შვილების ცხედრები“; „ევროკავშირო, არ დაუჭირო მხარი საქართველოს მიერ ოსეთისა და აფხაზეთის წინააღმდეგ ტერორს“; „საქართველო პასუხისმგებელია უგზო-უკვლოდ დაკარგულ 145 ოსზე“, - აღნიშნავს „Sputnik-Ossetia“.

ამის მიუხედავად, საქართველოს შს მინისტრს იმედი აქვს, რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენების საკითხი გონივრულ ვადებში გადაწყდება.

„კონკრეტულ დღესა და დროზე კომენტარს არ გავაკეთებ, რამეთუ ეს არ არის სწორი. უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ კონკრეტული მოქალაქეების, ადამიანების ტრაგედიებზე ვსაუბრობთ. დამატებითი დღეების, მოლოდინების შექმნა, წუთების თვლა არ არის სწორი. ჩვენ გეუბნებით, რომ ეს ტრაგიკული შემთხვევა უნდა დასრულდეს გონივრულ დროში“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ჯერჯერობით უცნობია, არჩილ ტატუნაშვილის ფაქტთან დაკავშირებით შემუშავებული რეზოლუცია გახდება თუ არა დღევანდელი პლენარულ სხდომაზე განხილვის საგანი. პარლამენტში, საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარესა და უმცირესობას შორის, ტატუნაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით რეზოლუციის მიღების საკითხზე კონსულტაცია უკვე გაიმართა.

„ევროპული საქართველოს“ წევრები თვლიან, რომ კონსულტაციის მიზანია, მოხდეს ერთობლივი რეზოლუციის შეჯერება „ევროპულ საქართველოსა“ და საპარლამენტო უმრავლესობას შორის. როგორც დავით ბაქრაძემ აღნიშნა, კონსულტაციების ძირითადი თემა იყო რამდენად აღსრულებადია ის სანქციები, რომელსაც საპარლამენტო უმრავლესობას თავაზობენ.

„არსებობს სურვილი იმისა, რომ ერთიანი დოკუმენტი მივიღოთ. დოკუმენტში, რომელსაც ჩვენ საპარლამენტო უმრავლესობას ვთავაზობთ, ძალიან მნიშვნელოვანი და მკაცრი სანქციებია ჩადებული... გარდა იმისა, რომ ჩვენ გამოვხატეთ ნება, რომ ერთი რეზოლუციის მიმართულებით ვიაროთ, დავიწყეთ საუბარი რა ტიპის, როგორი სანქციები უნდა იყოს და როდის უნდა ამოქმედდეს. ეს არის რთული პროცესი და ამ პროცესზე პასუხისმგებლობა აქვს უმრავლესობას და ჩვენც, რადგან ჩვენ გვინდა შემოვიტანოთ მექანიზმი, რომელიც მართლა იმუშავებს და დასჯის იმ ადამიანებს, ვინც დამნაშავეა ქართული მოსახლეობის მკვლელობასა და გატაცებაში“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების საკითხზე ერთიანი რეზოლუციის შესამუშავებლად საპარლამენტო უმრავლესობასა და უმცირესობას შორის კონსულტაციების დასრულებას მცირე დრო დასჭირდება. კონკრეტულ დეტალებზე თუ რაზე მოხდა შეთანხმება, მხარეები არ საუბრობენ, რადგან კონსულტაციები გრძელდება. პარლამენტის თავმჯდომარეს იმედი მაქვს, რომ ერთიანი რეზოლუციის მიღება შესაძლებელი იქნება.

„მიმდინარეობს კონსულტაციები და გაგრძელდება ეს კონსულტაციები ოპოზიციის წარმომადგენლებთან. რა თქმა უნდა, ეს არის ჩვენი საერთო ტკივილი და ჩვენი ამოცანაა, საერთო ხედვა დავუპირისპიროთ იმ სამწუხარო მოვლენებს, რომელსაც ჩვენ ვაკვირდებით ოკუპირებულ რეგიონებში“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ტატუნაშვილთან დაკავშირებულ რეზოლუციაში კონკრეტული წინადადებების გათვალისწინებას მოითხოვს „ნაციონალური მოძრაობა“. როგორც პარტიის წევრმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა, ამ წინადადებების რეზოლუციაში შეტანით, დოკუმენტს ქმედითი ძალა ექნება.

„ჩვენი კონკრეტული წინადადებების წარდგენა მოხდება პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე. პირველ რიგში შეეხება რუსეთისთვის სანქციების დაწესების თაობაზე დაუყოვნებლივ კონსულტაციების დაწყებას საერთაშორისო თანამეგობრობასთან. უნდა შეწყდეს აბაშიძე-კარასინის ფორმატი იქამდე, ვიდრე არ დადგება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ოთხოზორიასა და ტატუნაშვილის მკვლელების, ხოლო მომავალში ეს ფორმატი სრულიად უნდა შეიცვალოს.

ფორმატის მანდატი უნდა გახდეს გამჭვირვალე, ეს მანდატი უნდა დაამტკიცოს პარლამენტმა, მომლაპარაკებელი პირი უნდა განისაზღვროს პარლამენტის თანახმად, მომლაპარაკებელი პირი უნდა იყოს ანგარიშვალდებული საქართველოს პარლამენტის წინაშე. ჩვენი წინადადებები ასევე უკავშირდება უსაფრთხოების ზომების გამკაცრებას ოკუპირებულ ტერიტორიებსა და მის მომიჯნავე რეგიონებში. ასევე გვაქვს სხვა მნიშვნელოვანი წინადადებები, რომელსაც გავაჟღერებთ“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

„პატრიოტთა ალიანსის“ წევრის გიორგი ლომიას განცხადებით, რეზოლუცია თუ პოზიტიურ შედეგს არ გამოიღებს, ასეთ შემთხვევაში რა აზრის აქვს მის მიღებას. როგორც ლომიამ აღნიშნა, ნებისმიერ რეზოლუციას, ნებისმიერი სანქციას მხარს დაუჭერს, თუ მას რაღაც რეალური შედეგი მოჰყვება, მაგრამ მას არასწორად მიაჩნია ისეთი რეზოლუციის მიღება, რომელიც არაფერი პოზიტიურის მომტანი არ არის.

„მე იმის მომხრე ვარ, რომ ჩვენ რეალური გამოსავალი მოვძებნოთ. ჩვენგან მოსახლეობა ელოდება, რომ მივიღებთ რაღაც გადაწყვეტილებას და მსგავსი ფაქტები - ადამიანის გატაცების, მოკვლის და ა.შ. ბოლოს და ბოლოს შეწყდება და აღარ განმეორდება. თუ ჩვენ რეზოლუციას მივიღებთ, მაგრამ რეზლოუციის შედეგად მსგავსი ფაქტი მაინც გაგრძელდება, მაშინ მითხარით, რა აზრი აქვს საერთოდ რეზოლუციის მიღებას?!

ჩვენ არ ვიცით ამას ვინ სჩადის. ვფიქრობ, რომ ამას სჩადის დესტრუქციული ძალა როგორც ოსეთის ტერიტორიაზე, ასევე მოსკოვში, ასევე საქართველოში. უამრავი, გინდა პოლიტიკური, გინდა არასამთავრობო დესტრუქციული ძალა არის შექმნილი, რომელსაც არ აწყობს, რომ ურთიერთობა აღდგეს ჩვენსა და ოსებს, ჩვენსა და აფხაზებს შორის, თუნდაც ჩვენსა და რუსებს შორის. არის ძალები, რომლებიც ცდილობენ ხელი შეუშალონ ამ დადებით პროცესს“, - განაცხადა გიორგი ლომიამ.