„რომ გადავრჩეთ, ამიტომ ისევ რუსეთს უნდა მივემხოთ, ეს არის მოღალატეობა, მონის ფსიქოლოგია“

„რომ გადავრჩეთ, ამიტომ ისევ რუსეთს უნდა მივემხოთ, ეს არის მოღალატეობა, მონის ფსიქოლოგია“

„პროდასავლურმა პოლიტიკამ და ნატოსკენ სწრაფვამ შეაფერხა საქართველოს განვითარება“, - ასეთია ღია წერილის შინაარსი, რომელსაც ხელს ქართული ინტელიგენციის საკმაოდ მცირე ნაწილი აწერს. საზოგადოების მწვავე რეაქციის შემდეგ, უმრავლესობამ საკუთარი ხელმოწერა არ დაადასტურა და აღნიშნა, რომ ხელმოწერა გაყალბებულია და ხელმოწერა გააუქმა.

ინტელიგენციის ნაწილი კი ასკვნის, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ, მოსახლეობის უდიდეს ნაწილში არის დიდი იმედგაცრუება. მათი შეფასებით, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა აშშ-ს საელჩოს და მათ მიერ წარმოდგენილი ექსპერტის, ლუკ კოფის შემოთავაზებამ, საქართველოს გაწევრიანებაზე ნატოში, ალიანსის წესდების მე-5 და მე-6 მუხლების, ანუ უსაფრთხოების გარანტიების გარეშე.

„საქართველომ, ცალმხრივად, ბოლო 30 წლის განმავლობაში საკმაოდ დიდი მსხვერპლი გაიღო ნატოსთან პარტნიორობის გამო, მიგვაჩნია, რომ მოკავშირეობა ორმხრივი უნდა იყოს, ამიტომ შემოთავაზება უკიდურესად არაკორექტულია და არ შეეფერება მოკავშირეებს შორის ურთიერთობებს. უფრო მეტიც, გაიზრდება რისკები და სამხედრო კონფლიქტის საფრთხე დაემუქრება ქვეყნის დანარჩენ ტერიტორიებსაც, ხოლო ასეთ შემთხვევაში როგორ დახმარებას შეიძლება ველოდოთ, ჩვენ უკვე გვაქვს 2008 წლის გამოცდილება“, - ნათქვამია ქართველი ინტელიგენციის მიმართვაში.

მიმართვის ეს ტექსტი, რომელიც ცხინვალის ციხეში ქართველი მეომრის მკვლელობის პარალელურად გავრცელდა, საზოგადოების აღშფოთების მიზეზი გახდა. წერილის შინაარს და ამ ინტელიგენციას ემიჯნება ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი, რომლის განცხადებით, პრობლემა იმაში მდგომარებს, რომ ქართული საზოგადოება ჯერ კიდევ არ ჩამოყალიბებულა საკუთარ ღირებულებებზე. არ ჩამოყალიბებულა იმაზე, რას ნიშნავს დასავლური ორიენტაცია.

„დემოკრატია, სამართლებრივი სახელმწიფო, კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები - ეს არის დასავლური ორიენტაცია. როცა შენ ასე ხარ ორიენტირებული, რასაკვირევლია, შენი მოკავშირე არის დასავლეთი, ვიდრე ის საზიზღარი რუსეთი, რომელიც კიდევ უარეს დღეშია, ვიდრე ჩვენ. ვერ გარკვეულა სად არის, რა უნდა. იმდენად ჩამორჩენილია განვითარების მხრივ, რომ შავი და თეთრი ვერ გაურჩევია.

გავიხსენოთ დავით აღმაშენებლის ეპოქა, როდესაც ვიყავით სახელმწიფო, ყოველთვის ვიყავით ადამიანზე და მის უფლებებზე ორიენტირებული. ჩვენი ლოზუნგია - „ბოროტსა სძლია კეთილმა, არსება მისი გრძელია“. ეს არის ქართული სახელმწიფოს არსი. დასავლური ორიენტაცია სხვა მეტი არაფერია. რას ჰქვია ეს არ გვინდა და რუსეთი გვინდა“, - აცხადებს დავით ზარდიაშვილი.

მისივე თქმით, საქართველოს მთავარი საფრთხე არის რუსეთი, თვითგამოურკვეველი წარმონაქმნი, რომელიც გარშემო ბოროტებას თესავს. რაც შეეხება წერილის არსს, ანალიტიკოსი ამბობს, რომ ეს არის ინტელიგენცია, რომელიც შავზე თეთრის გარჩევას ვერ ახერხებს.

„როცა თავგზა გაქვს აბნეული, თავწაჭრილი ქათამივით ხან იქეთ იქექები, ხან აქეთ და ვერ გაგიგია რა უნდა ჰქნა. ასეთ მდგომარეობაში არის ეს ინტელიგენცია. საქართველო უმძიმეს მდგომარეობაშია, საქართველოზე გადის დაპირისპირების მთავარი ხაზი და რას ჰქვია ნატო არ მინდა, რუსეთი მინდა. აბსოლუტურად მიუღებელი და არარელევანტურია რუსეთზე და რუსეთის ორიენტაციაზე, ან რაიმე მსგავსზე ხმამაღლა საუბარი, მით უმეტეს ინტელიგენციის მხრიდან. ეს არის მოღალატეობრივი პოზიცია. ეს არის ქართული სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ მიმართული განცხადება. მაშინ რად გვინდა დამოუკიდებლობა? რისთვის ვიბრძოდით, მაშინ დავრჩენილვიყავით იმ რუსეთში და ვიქნებოდით აფხაზებივით, ან ოსებივით. მით უმეტეს ახალგაზრდა ქართველის სადისტური მკვლელობის ფონზე ასეთი განცხადება არის მოღალატეობრივი. ემოციურადაც ძალიან მძიმე მოსასმენია ეს განცხადება. ვითომ ხელს აწერენ, თან იმალებიან, პასუხისმგებლობა არ უნდათ, ეს კიდევ მეორე უბედურებაა.

საქართველოს შინაგანი მიზანია, რომ სიკეთით იცხოვროს, ეს არის ჩვენი თავისუფლების არსი. სიკეთისთვის გვინდა ეს თავისუფლება, რუსეთში სიკეთე არ არის, რას ლაპარაკობენ ეგენი საერთოდ. აღარ გვახსოვს რაც რუსეთმა დამართა საქართველოს, რა ცოდვები აქვს საქართველოში ჩადენილი?! როგორ შეიძლება ამისთვის ხაზის გადასმა და ისევ რუსეთზე ლაპარაკი?! მოდით, რუსეთს მოვეფეროთ, არ გავაბრაზოთ, თავზე ხელი გადავუსვათ - მაგას ამბობდნენ 90-იანი წლების დასაწყისში და მანამდეც, რატომ? იმიტომ, რომ თავიანთ კარგ ცხოვრებას უფრთხილდებოდნენ და ასეა დღესაც. რომ გადავრჩეთ, ამიტომ ისევ რუსეთს უნდა მივემხოთ, ეს არის მოღალატეობა, მონის ფსიქოლოგია - იმისათვის, რომ გადარჩეს, თავისუფლებაზე უარს ამბობს და სხვის იმედზეა. ყველა ქართველი უნდა გაემიჯნოს ასეთ მოღალატეობრივ პოზიციას. აქ კომპრომისი არ შეიძლება“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას დავით ზარდიაშვილმა.

პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძეს განცხადებით, ლაპარაკი იმაზე, რომ რამე რეალური ფუნქცია ჰქონდა ღია წერილს, ზედმეტია. რადგან მისი თქმით, გაუგებარია რატომ გამოიდეს თავი, რასაც ქართულად მატრაკვეცობა ჰქვია. საყვარელიძე ფიქრობს, რომ წერილის ავტორებმა სავარაუდოდ ჩათვალეს, რომ პროქტზე - რასაც ჰქვია მე-5 მუხლის გარეშე ნატოში გაწვერიანება მათთვის მომგებიანი იქნებოდა.

„მაგრამ მაშინ დავა უნდა იცოდე, ან პოლიტიკური სიტუაცია უნდა გესმოდეს. სრული პოლიტიკური გაუთვითცნობიერება დგას მაგ წერილის უკან. რაც შეეხება რეალობას, ვინც წაიკითხა ეს წერილი, რეპლიკებში წერენ, რომ ვემხრობიო. ამ მომხრეების საყურადღებოდ ვამბობ - თავი, რომ დავანებოთ იმას, რუსეთი აგრესორია და ტანკი უდგას შენს ტერიტორაზე, დავუშვათ გადავედით იმ პროცესზე, რომ მოდით დავუჩოქოთ აგრესორს და აღარ იქნება აგრესორი,

ამ პოზიციის ილუსტრაცია არის სომხეთი, რომელიც ყველაზე კარგად და ყველაზე უფრო დაჩოქილია, რომელსაც რუსეთმა ამ მეგობრობის პირობებში წაართვა ქონება, ამავე პერიოდში წაართვა სუვერენეტეტი, ჯარის დამოუკიდებლად მართვის საშუალება და პრაქტიკულად არაფერი არ მისცა. მტერი იქნება თუ მეგობარი, რუსეთი ერთნაირად სახიფათოა“, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.

როგორც პოლიტოლოგი აცხადებს, ერთადერთი მხარე, რომლის ინტერესები საქართველოს ინტერესებს ემთხვევა, არის დასავლეთი, მათ შორის რუსეთთან მიმართებაში და ყველა იმ დიდი საფრთხეების მიმართ, რომელთა ჩამონათვალი აშშ-მა გააკეთა.

„რატომაა, რომ მსოფლიოში რუსეთს არ ჰყავს მეგობარი, იმიტომ, რომ არ იცის მეგობრობა. თუ კი შეუძლია წაგართვას, წაგართმევს. არ აქვს მნიშვნელობა მის მხარეს იქნები თუ არა, ცდილობს დაგაჩოქოს. ხომ უნდა დაინახო რა ტიპის ქვეყანა არის რუსეთი. ერთადერთი მხარე, რომლის ინტერესები ჩვენს ინტერესებს ემთხვევა, ეს არის დასავლეთი.

თუკი რამე გაუჭირდა საქართველოს, დასავლეთი მის გვერდით იდგება, არა რაიმე მორალური და დანამუსების გამო, რომლის პათოსი იყო ამ წერილში, არამედ იმიტომ, რომ დღევანდელ პოლიტიკურ სივრცეში საქართველო და დასავლეთი ბუნებრივი პარტნიორები არიან. რუსეთი რასაც აკეთბს, აკეთებს განზრახულად, მიზანმიმართულად დგამს მტრულ ნაბიჯებს.

რა უკეთესია, იყო იმასთან ვინც გამიზნულად განადგურებს, თუ იმასთან, რომელმაც შეიძლება შეცდომით ვერ მოზომოს შენ რა გაწყობს და რა არა? - ეს გაუაზრებულობა ჩანს იმ წერილშიც და იმ ადამიანთა პოზიციაში, რომლებიც დღეს იძახიან, მოდით, რუსეთს დავუთმოთ და უკეთესად ვიქნებით“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.

ანალიტიკოსი, „სტრატეგიული ანალიზის ცენტრის“ დამფუძნებელი, ზურაბ აგლაძე ამბობს, რომ ნატომ არის გადარჩენის ერთადერთი გზა და ძალიან მარტივად შეგვიძლია ამის ფორმულირება. მისი თქმით, ჩვენ გვყავს დიდი მეზობელი, სახელად რუსეთი, რომელიც ცდილობს ჩვენი ქვეყნის ანექსიას და ეს არაერთხელ გაუკეთებია.

„ჩვენთვის ერთადერთი გადარჩენა არის, როგორმე შევიდეთ უსაფრთხოების ქოლგაში. ჩვენ ნატო გვინდა იმიტომ, რომ თავი დავიცვათ რუსეთისგან. ისინი ამბობენ, რომ ნატოში სწრაფვამ ჩვენი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და უსაფრთხოება გააუარესაო. მოდით მივყვეთ ქრონოლოგიურად, 90-იან წლებში, როდესაც საერთოდ არ იყო საუბარი ნატოზე და ევროკავშირზე, გვახსოვს რუსეთმა რაც დაატრიალა სამხრეთ ოსეთში და შემდეგ აფხაზეთში.

ამიტომ ძალიან მარტივია ყველა ქართველისთვის გადაწყვეტილების მიღება. დიახ, ამიტომ ირჩევს ქართველების უმრავლესობა ევროკავშირს და ნატოს. რუსეთს ჩვენთვის კარგი არაფერი მოუტანია და არც მომავალში არ მოგვიტანს. ასევე, წერილის შინაარსია, რომ თავზე გვახვევენ დასავლურ ორიენტაციას. არავინ არაფერს არ გვახვეს თავს, ქართველი ხალხის არჩევანია გახდეს დასავლური სამყაროს ნაწილი, ქართველი ხალხის არჩევანია იცხოვროს ისეთ სახელმწიფოში სადაც არის კანონის უზენაესობა, სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება, სადაც დაცულია კერძო საკუთრება. ეს ჩვენი არჩევანია და ეს უნდა გააცნობიეროს ყველა იმ ადამიანმა, რომელიც რაღაცას ხელს აწერს. სასურველია რუსეთშიც გააცნობიერონ ეს ყველაფერი“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ზურაბ აგლაძე.