საქართველოს ისტორიაში პირველად, საქართველოს პრეზიდენტი შესაძლოა ქალი გახდეს. მმართველმა გუნდმა საპრეზიდენტო კანდიდატზე შიდა კონსულტაციები დაიწყო. გავრცელებული ინფორმაციით „ქართული ოცნება“ პრეზიდენტის პოსტზე თეა წულუკიანის და სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურას განიხილავს. უმრავლესობაში აცხადებენ, რომ ქალი პოლიტიკოსის დასახელება მომგებიან პოლიტიკური ნაბიჯი იქნება.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, განხილვა საბოლოოდ პოლიტსაბჭოს ფორმატში გადაინაცვლებს და უკვე პრემიერ-მინისტრი მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას. რაც შეეხება კანდიდატებს, უმრავლესობის ლიდერი კომენტარისგან თავს იკავებს და აცხადებს, რომ ყველა შესაძლო კანდიდატთან მიმართებაში მიმდინარეობს განხილვა.
„დაველოდოთ სანამ ეს კონსულტაციები გადაინაცვლებს პოლიტსაბჭოს ფორმატში. პოლიტსაბჭოს ფორმატში იქნება უკვე ჩვენი პარტიის საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული. ქალ კანდიდატებს აქვთ თანაბარი შანსები საპრეზიდენტო კანდიდატად წარდგენის“, - აცხადებს არჩილ თალაკვაძე.
ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ პრეზიდენტობის სავარაუდო კანდიდატები სალომე ზურაბიშვილი და თეა წულუკიანი. პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, სოფო კილაძე ფიქრობს, რომ ორივე მათგანი წარმატებული პოლიტიკოსია.
„ქალბატონი თეა წულუკიანი ნამდვილად ღირსეული პოლიტიკოსია და ჩვენი გუნდის ღირსეული წევრია. ქალბატონი სალომე ზურაბიშვილიც არის ქალბატონი, რომელსაც ძალიან დიდი ხნის დიპლომატიური გამოცდილება აქვს და ასევე არის ღირსეული ქალბატონი“, - ამბობს სოფო კილაძე.
მმართველი გუნდის სავარაუდო კანდიდატის შეფასებისგან თავს იკავებს ოპოზიცია. საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების საკუთარი რეცეპტი შესთავაზა ოპოზიციას ყოფილმა პრეზიდენტმა. მიხეილ სააკაშვილმა მოუწოდა „ნაციონალურ მოძრაობას“, რომ პრაიმერის გზით სხვა ოპოზიციურ ძალებთან ერთად საერთო კანდიდატზე შეჯერდნენ და ამ გზით მოახდინონ ხელისუფლების შეცვლა. სააკაშვილი აცხადებს, რომ მისი ამოცანა არის საქართველოს ხელისუფლებაში დაბრუნება, რომ უკვე მეორედ შეასრულოს ქართველი ხალხის გადამრჩენის ფუნქცია.
„ნაციონალურ მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე თვლის, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ოპოზიცია მხოლოდ ერთიანი კანდიდატის შემთხვევაში შეძლებს. გოცირიძეს განმარტებით, აუცილებელი არ არის კანდიდატი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი იყოს, თუმცა მას უნდა ჰქონდეს საზოგადოების დიდი ნდობა.
„ნებისმიერი კანდიდატს რომელსაც ექნება იმ პერიოდში ყველაზე დიდი ნდობა საზოგადოების მხრიდან, ჩვენ დავუჭერთ მხარს. პირველი დიდი გაერთიანება შეიძლება მოხდეს სწორედ ერთიანი საპრეზიდენტო კანდიდატის ირგვლივ. ჩვენ გვგონია, რომ ეს არის მისაღწევი. ყველაზე ობიექტური, ყველაზე სამართლიანი შერჩევის პრინციპით ჩვენ შეგვიძლია დავასახელოთ ერთიანი ოპოზიციური კანდიდატი“, - აცხადებს რომან გოცირიძემ.
„საერთო კანდიდატის დასახელების შემთხვევაში ოპოზიციას შანსები საკამოდ დაბალია“, - ფიქრობს ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი, რომლის შეფასებით, ახალი კონსტიტუციით ქვეყნის პერეზიდენტი პირდაპირ არ ფლობს მმართველობით ბერკეტებს, ის მოიაზრება როგორც ზეპარტიული პოლიტიკური ფიგურა, არბიტრი სახელისუფლებო შტოებს შორის, რომლის ფუქნცია არის სისტემის გამართულად მუშაობა. ანალიტიკოს თვლის, რომ კარგი იქნება ამ ფუნქციის შესრულება საკუთარ თავზე აიღოს ქალბატონმა.
„ეს სამომავლოდ იქნება კარგი, ეს მართლაც სტიმული იქნება იმისა, რომ ქალები მეტად ჩაერთვნენ პოლიტიკაში და საერთოდ, ეს მთლიანად ქვეყნისთვის იქნებოდა კარგი მესიჯი“, - ამბობს დავით ზარდიაშვილი.
რაც შეეხება სავარაუდო კანდიდატებს, ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ უკეთესი იქნება სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურა, რომელიც შედარებით დისტანცირებული არის „ქართული ოცნების“ გუნდისგან. გარდა ამისა, მისი თქმით, ზეპარტიული პრეზიდენტობისთვის ზურაბიშვილი უფრო შესაფერისია, ვიდრე თეა წულუკიანი.
„თეა წულუკიანის კვალიფიკაციაში ეჭვი არ მეპარება, მაგრამ მას მაინც პოლიტიკური იმიჯი აქვს. დაკავშირებულია „ქართულ ოცნებასთან“ და თან მოქმედი მინისტრია, სამთავრობო გუნდში მოიაზრება. რა თქმა უნდა, გუნდის გადასაწყვეტია ვის დაასახელებენ, მაგრამ სალომე ზურაბიშვილი იმიტომ მომწონს, რომ მას პოლიტიკური ფიგურისთვის შესაფერისი უფრო მეტი მახასითებლები აქვს, ვიდრე თეა წულუკიანს“, - აღნიშნა დავით ზარდიაშვილმა.
პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ფიქრობს, რომ ქალი პრეზიდენტი ძალიან საინტერესო იქნება, რადგან პოლიტიკაში ქალს სხვანაირი სტილი აქვს. რაც არ უნდა მკვეთრი იყოს, მაინც ახლავს ის თვისება, რაც ქალისთვის არის დამახასიათებელი, მაგრამ ძალიან საინტერესო ფიგურა ხდება მოლაპარაკების დროს დიპლომატიურ არენაზე.
„ჩვენი კონსტიტუციით ფაქტიურად ერთადერთი ფუნქცია რითაც აღჭურვილია პრეზიდენტი, ეს არის საგარეო ურთიერთობების წარმოება. ამ თვალსაზრით, ალბათ, საიტერესო ვერსიებია. რაც მეტ კანდიდატზე იქნება მსჯელობა და გადაწყვეტილება ბევრი მსჯელობის შემდეგ მიიღება, შედეგის მხრივ უკეთესი იქნება. რაც შეეხება სავარაუდო კანდიდატებს, ორივეს ვიცნობ და ორივეს კარგი მხრიდან ვიცნობ. ორივეს აქვს ის პლუსი, რომ არიან დასავლურ წრეებში გათვიცნობიერებულები, ამდენად საერთაშორისო ურთიერთობები არ იქნება მიუღებელი და განსაკუთრებით სალომე ზურაბიშვილისთვის“, - თვლის რამაზ საყვარელიძე.
ერთადერთი პრობლემა, რომელზეც პოლიტოლოგი საუბრობს, გახლავთ არა კანდიდატები, არამედ საზოგადოებრივი აზრი აღმოჩნდება თუ არა ამ კანდიდატების მხარეზე.
„ამას იმიტომ მოგახსენებთ, რომ ვფიქრობ, ეს არჩევნები იგივე ტენდენციით წარიმართება, როგორც მერის არჩევნები. როცა ამომრჩეველმა დამოუკიდებელ კანდიდატზე აიღო ორიენტაცია. მაშინ ძლიერი პარტიული მანქანა იყო კალაძეს მხარეს და მეორეც, თვითონ კალაძე „ქართული ოცნების“ გარეშეც ძალიან რეიტინგული ფიგურა იყო. ამან განაპირობა ის შედეგი, რაც მივიღეთ. გამარჯვების თვალსაზრით არიან თუ არა ეს მშვენიერი ფიგურები ფალავნები, ამ სიტყვის სპორტული გაგებით, ეს არის საკითხავი, იმიტომ, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე იქნება ბრძოლა“, - აღნიშნა რამაზ საყვარელიძემ.