„პირველადი ჯანდაცვის რგოლი ე.წ. კარიბჭის ფუნქციას უნდა ასრულებდეს“

„პირველადი ჯანდაცვის რგოლი ე.წ. კარიბჭის ფუნქციას უნდა ასრულებდეს“

აკაკი ზოიძის ნათქვამს, რომ ჯანდაცვის სისტემაში ყველაზე დიდი ჩავარდნა არის პირველადი ჯანდაცვა, მინისტრი დავით სერგეენკო გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პირველადი ჯანდაცვამსოფლიოში არ არის განვითარებული ქვეყანა, სადაც პირველად ჯანდაცვაზე მხოლოდ ცენტრალური ხელისუფლება ზრუნავს. ადამიანებთან უფრო ახლოს არის მუნიციპალური ხელისუფლება, ვიდრე ცენტრალური ხელისუფლება. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია კარგი კოორდინაცია.

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს უნივერსიტეტის სრული პროფესორი ოთარ თოიძე მიიჩნევს, რომ პირველადი ჯანდაცვის რგოლი უკანასკნელი წლების განმავლობაში მნიშვნელოვნად განვითარდა და ეს სერგეენკოს უდავო დამსახურება, მაგრამ რამდენად ეფექტურად მუშაობს, ეს უკვე სხვა საქმეა. For.ge-სთან საუბარში ოთარ თოიძე აცხადებს, რომ კარგია, როცა ინტენსიური და ექსტენსიური განვითარების პროცესი მიმდინარეობს, ასევე, ოჯახის ექიმების ავტორიტეტი, პირველადი ჯანდაცვის რგოლის სპეციალისტების კვალიფიკაცია იმატებს. თუმცა იმ პროგრამებში, რისი მეშვეობითაც ეს სიკეთე ხორციელდება, ნამდვილად არის ჩავარდნები. თუნდაც პაციენტების აღრიცხვიანობის, მიმართვიანობის საკითხი, ასევე, განმეორებითი მიმართვების რეგულაცია და პროფილაქტიკური მუშაობა, რაც გაუმჯობესებას საჭიროებს.

„პირველადი ჯანდაცვა ყოველთვის მნიშვნელოვანია, რადგან იგი ქვეყნის უსაფრთხოების შემადგენელი ნაწილია და ადეკვატურ საბიუჯეტო დაფინანსებასაც მოითხოვს. იმის გამო, რომ პირველადი ჯანდაცვის რგოლი ჩვენს ქვეყანაში პრაქტიკულად უფასოა და, რიგ შემთხვევაში, ნაკლებად ფასიანია, დიდია მოთხოვნა ამ რგოლის პერსონალის მიმართ. ამ დიდი მოთხოვნის დაკმაყოფილება კი ჯერჯერობით ვერ ხერხდება. პირველადი ჯანდაცვის რგოლის უმნიშვნელოვანეს მიღწევად უნდა ჩავთვალოთ ვაქცინაციის პროგრამა, „ცე“ ჰეპატიტისა და ელიმინაციის პროგრამები. ეს უნიკალურია, მარტო ეს რომ ყოფილიყო, შეიძლება გვეთქვა, რომ პირველადი ჯანდაცვის რგოლი ქვეყანაში მუშაობს. თუმცა პრობლემად რჩება პროგრამების არასრულყოფილება, ზოგიერთ შემთხვევაში, ამ პროგრამებს არაპროფესიონალიზმი ემჩნევათ, ვის მიერ არის შედგენილი, როგორ შედგა, რა რეალურ და თანამედროვე გათვლებს ემყარება, ჩემთვის უცნობია და ხელმისაწვდომიც არ არის. უკეთესი იქნებოდა, ჩვენს ქვეყანას, სულ ცოტა, ინტენსიურად მიემართა პირველადი ჯანდაცვის რგოლის კვალიფიკაციის ამაღლებისკენ. ხშირად ჩაეტარებინა ტრენინგები და ექიმთა კვალიფიკაცია-დახელოვნების ხარისხი აემაღლებინა. ასევე, მნიშვნელოვან ნაკლად მიმაჩნია, თუ რამდენად არის მედიკამენტები მისადაგებული იმ საჭიროებებს, რაც ქვეყანაშია“,-აცხდებს ოთარ თოიძე და ჯანდაცვის პირველადი რგოლის ორგანიზების საქმეში ადგილობრივი ხელისუფლების როლსაც დიდ მნიშვნელობას ანიჭებს.

მისი თქმით, მუნიციპალიტეტების ჩართვა არანაკლები მნიშვნელობისაა, ვიდრე გზების კეთილმოწყობა, გამრიცხველიანება, სოფლის მეურნეობა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მუნიციპალური ხელისუფლებები გეოგრაფიული მდებარეობის გამო ბევრად უფრო ახლოს არიან მოსახლეობასთან, ვიდრე ეს ქალაქებსა და მეგაპოლისებშია. რაიონებში ინფორმაცია უფრო შემჭიდროებულია და ადგილობრივ ხელისუფლებებს საშუალება აქვთ, ბევრად უფრო ადეკვატური პროგრამები შეიმუშავონ.

ოთარ თოიძის მოსაზრებით, ჯანდაცვის სისტემის მნიშვნელოვანი ბურჯი, ანუ სადაზღვევო სისტემა მოშლილია, ამ სისტემაზე ჩვენ უარი ვთქვით, რაც ძალიან ცუდია. ამიტომ პირველადი ჯანდაცვის მთელი სიმძიმე გადადის სახელმწიფო ბიუჯეტზე. სახელმწიფო ბიუჯეტისთვის კი არ არის საკმარისი თანხა გამოყოფილი და ესეც პრობლემაა.

„მუნიციპალიტეტებსა და რაიონებში არ არის ექიმთა ის კვალიფიკაციური რაოდენობა, რაც საკმარისია პროგრამის იმპლემენტაციისთვის. ამიტომ ზოგჯერ საჭიროა მაღალმთიანი, ზღვისპირა და ტურისტული რეგიონის სპეციფიკის გათვალისწინებაც. ამ თვალსაზისით, აუცილებელია პროგრამების სრულყოფა, რაშიც მათ უნდა დაეხმარონ როგორც პროფესიული სამედიცინო ცენტრები, ასევე, ჯანდაცვის სამინისტროს პროფესიული გუნდი“.

„ევროპული საქართველოს“ წევრი გიგი წერეთელი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ წარმოუდგენელია, პირველადი ჯანდაცვის რგოლი არ იყოს აქტიური, არ ასრულებდეს თავის ძირითად ე.წ. კარიბჭის ფუნქციას, რადგან სწორედ აქ უნდა ხდებოდეს სელექცია, სწორად გადამისამართება იმისთვის, რომ დაავადებები ადრეულ სტადიაშივე იყოს დიაგნოსტირებული და არ გამოიწვიოს დიდძალი ხარჯები. თუ ჩვენ ვნახავთ სახელმწიფო თუ კერძო ჯიბიდან გადახდილ დანახარჯებს, მათი დიდი ნაწილი სწორედ ძვირადღირებულ ოპერაციებზე მოდის.

„გარკვეულ პერიოდში სერიოზული ინვესტიცია ჩაიდო ამ სისტემაში, მოხდა ოჯახის ექიმების სერიოზული გადამზადება, მათ შორის, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობით. ცხადია, პირველადი ჯანდაცვა უნდა განვითარდეს, მაგრამ რეალურად ამას მეტი ყურადღება სჭირდება. პირდაპირ ვიტყვი, პირველადი ჯანდაცვისთვის აუცილებელია ნორმალური ხელფასები. თუ ჩვენ კარგად დავაკვირდებით ჩვენს უფასო პოლიტიკას, დარწმუნებული ვარ, ძალიან დაბალ ხელფასებს აღმოვაჩენთ. შესაბამისად, ამ სფეროდანაც კადრების დენადობა იქნება. განსაკუთრებით, ეს ეხებათ ექიმებს და სხვა სამედიცინო პერსონალს. ამიტომ ვეთანხმები მოსაზრებას, რომ ხელისუფლებამ კარგად უნდა გაიაზროს, რა როლს შეასრულებენ მუნიციპალური სამსახურები და რა კომპეტენცია ექნებათ მათ ამ სფეროში. ჯანდაცვის დანახარჯი არ არის ის, რომ მხოლოდ დახმარება გამოუწერო ადამიანს. მით უმეტეს, საკმაოდ რთულია ამ დახმარების მოპოვება ადგილებზე, რაიონების გამგეობებში ზოგჯერ ოპერაციისთვის, ზოგჯერ მედიკამენტებისთვის. მთავარია, კონცეფტუალურად სწორად იყოს აწყობილი ეს სისტემა. ამ შემთხვევაში, პირველადი ჯანდაცვა ნამდვილად ფეხზე დასაყენებელია. ძველად ინფრასტრუქტურის პრობლემები არსებობდა, ახლა ეს პრობლემები აღარ არის, მაგრამ მნიშვნელოვანია ამ სისტემის სწორად დატვირთვა და სამედიცინო პერსონალის კარგად მომზადება, განათლება იმისთვის, რომ პირველადმა ჯანდაცვამ შეასრულოს მნიშვნელოვანი ფუნქცია, რაც მას აკისრია ჯანდაცვის სისტემაში“, - აღნიშნა გიგი წერეთელმა.