რუსეთმა კუნთების თამაში ისევ წამოიწყო, ოღონდ ამჯერად ამერიკის მიმართულებით. ვლადიმერ პუტინმა ახალი ტიპის ბირთვული იარაღის წარდგენისას ანიმაცია გამოიყენა და, „ბი-ბი-სი“-ს ინფორმაციით, ანიმაციის დროს ნაჩვენები ტერიტორია ძალზე წააგავდა აშშ-ის ერთ-ერთ შტატს - ფლორიდას. სწორედ ფლორიდასმიმსგავსებულ ტერიტორიაზე მიჰქონდა ვირტუალური იერიში პუტინის მიერ გაპიარებულ რუსულ სარაკეტო სისტემას.
რისთვის ემზადება პუტინი და რას ნიშნავს მისი მხრიდან „გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა“ ამერიკის მიმართ? ამის შესახებ For.ge-ს ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია ესაუბრა.
პუტინი ახალი თაობის სარაკეტო სისტემაზე - „სარმატზე“ საუბრობს, რომელიც საბჭოურ „ვოევოდას“ ბევრად აღემატება. რუსეთის შესაძლებლობა მოდერნიზებული შეიარაღების თვალსაზრისით რამდენად შორსაა წასული და რას აპირებს რუსეთი სამომავლოდ -კუნთების თამაშს, თუ რეალურ დაპირისპირებას მეორე ზესახელმწიფოსთან?
- ჩვენდა სამწუხაროდ, სამხედრო სფეროს კონტექსტში რუსები არასდროს ბლეფობენ ხოლმე და რეალობას ამბობენ. ეს გასაგებიცაა, რადგან, როდესაც მათ კოსმოსში პირველად გაუშვეს ადამიანი და პირველი ხომალდი წარმოაჩინეს, მაშინაც არ ბლეფობდნენ. შემდგომში, როდესაც მათ გამოიყენეს წყაბადის ბომბი, ესეც რეალობა იყო. დღესაც რუსეთმა ჩუმად დაიწყო შეიარაღებაზე თანხების დახარჯვა. შემთხვევითი არ არის, რომ ეროვნული სარეზერვო ფონდი, რომელიც თავის დროზე რამდენიმე მილიარდ დოლარს აღწევდა და აქ საუბარია საკმაოდ სერიოზულ შენატანზე, ფაქტობრივად, დღეს ცარიელია. პუტინმა ოფიციალურად გააუქმა აღნიშნული სარეზერვო ფონდი და თქვა, რომ ამ ფონდში არანაირი თანხა არ არის. თუმცა ჯერ კიდევ 2004-06 წლებიდან მოყოლებული, როდესაც ნავთობის ფასი მაღალი იყო და ამით რუსებმა საკმაოდ დიდი თანხა დააგროვეს, მათ შეძლეს თანხების გადასროლა სამხედრო სფეროში და მოახდინეს სამხედრო ტექნოლოგიურ სფეროში ინვესტიციების ჩადება. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის თავდაცვის ბიუჯეტი დაახლოებით 70 მილიარდი დოლარია, ეს სიმწირე არაფერს ნიშნავს, რადგან ამერიკისა და რუსეთის თავდაცვის ბიუჯეტების დაგეგმარება განსხვავებული წესით ხდება, დაგეგმარება აბსოლუტურად სულ სხვა პირობებიდან გამომდინარეობს. ეს ცოტა უცნაური მომენტია და არ შეიძლება ერთ დონეზე დავაყენოთ. ამერიკისა და რუსეთის სამხედრო დაგეგმარების გეოსტრატერგიული კომპონენტებიც აბსოლუტურად განსხვავებული, ასიმეტრიულია. ის, რომ ამერიკას ამ სფეროსთვის გააჩნია 800 მილიარდამდე დოლარი, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ამერიკა უფრო ეფექტურად მართავს ამ სფეროს, ვიდრე რუსეთი ან, დავუშვათ, ჩინეთი.
ეს ამერიკისთვის დამახასიათებელი ბიუროკრატიული გაფლანგვების ბრალია?
- ამერიკაში სხვანაირი სისტემაა, ამ თანხებში შედის ვეტერანთა დანახარჯები, სოციალური ხარჯები, საპენსიო დანახარჯები. ამერიკელები ერთ კომპლექსში მოიაზრებენ სამხედრო-სამრეწველო დანახარჯებს. მათ აქვთ ერთიანი კონსოლიდირებული ბიუჯეტი. რუსეთს კი ასეთი არ გააჩნია. მათი თავდაცვის ბიუჯეტი ხუთი ძირითადი პუნქტისგან შედგება: ეს არის ხარჯები სამხედრო წვრთვნებსა და სამხედრო მზაობებზე, ასევე, თანხები სამხედრო ინფრასტრუტურის მშენებლობისთვის, სოციალური ხარჯები-პენსიები და ხელფასები, სამეცნიერო კვლევითი ხარჯები, შეიარაღების შესასყიდად გაღებული ხარჯები. რუსებს ეს 70 მილიარდი გაწერილი აქვთ ძირითადად სამხედრო წვრთვნების ჩატარებასა და ხელფასებსა თუ სოციალურ სფეროზე, ხოლო დანარჩენი კომპონენტები ცოტა სხვა კუთხით აქვთ დარეგულირებული. ასე იყო საბჭოთა კავშირის დროსაც. ასე რომ, გასაკვირი არაა, რომ რუსეთმა თავის დროზე გამოყო 400-500 მილიარდი დოლარი სწორედ სამხედრო-სამრეწველო კომპლესის განვითარებისა და შეიარაღების მოდერნიზაციისთვის. თუმცა რეალურად რამდენი თანხა გამოყო, არავინ იცის.
ამერიკის წლიური თანხის ფონზე რუსული 400 მილიარდი დოლარი შეიძლება სულაც არ იყოს მცირე თანხა. გარდა ამისა, ამერიკისა და რუსეთის მოქალაქეების დამოკიდებულება განსხვავებულია. ის, რაც ამერიკელებისთვის არასაკმარისია, რუსებისთვის სავსებით საკმარისია. რუსს რომ მისცე 1000 და 2000 დოლარი, ის არათუ რაკეტას შექმნის, არამედ შეიძლება კიდევ უფრო საშიში რამ შექმნას. ამერიკელი კი 1000 და 2000 დოლარად ერთ ნაბიჯსაც ვერ გადადგამს. ამდენად, აქ მთავარია ხარჯვის ეფექტურობა. ეს ნიუანსები ყველას ავიწყდება, არადა, უმთავრესია.
სიმბოლურად რომ ვთქვათ, რუსებმა თავიანთ სამხედრო კონსტრუქტორებსა და ინსტრუქტორებს შეიძლება დასახარჯად მისცენ თანხის 20%, ამერიკელებს კი ეს დაუჯდებათ 60%. ამიტომ ვამბობ, რომ 400 მილიარდი დოლარი, რომელიც ფედერალური პროგრამების სახით რუსეთის დღევანდელმა ავტორიტარულმა რეჟიმმა გამოყო სამხედრო შეიარაღებისთვის, არ არის მცირე თანხა. თანაც, ეს ოფიციალური მონაცემებია, თორემ არაოფიციალურად რამდენ თანხას ხარჯავს რუსეთი შეიარაღებაზე, არავინ იცის. ეს თანხა სავსებით საკმარისი იყო, რათა რუსებს შეექმნათ ახალი ტიპის შეიარაღება და ისინი კონცენტრირებულად მომზადებულიყვნენ სწორედ ამერიკასთან დაპირისპირებისთვის.
ამიტომაც შემთხვევითი არ არის პუტინის მხრიდან ფლორიდის შტატს მიმსგავსებული ტერიტორიის ამოღება მიზანში?
- ბუნებრივია, პუტინმა პირდაპირ თქვა, ჩვენ ამისთვის ვემზადებოდით, ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ჩვენს მტერს არ შეენიშნა ჩვენი ასეთი მზაობაო.
როგორც ჩანს, რუსეთი ცდილობს იმ მითის დანგრევას, რომლის თანახმადაც, რუსეთი ყოველთვის ასოცირდებოდა დაჟანგულ ტანკებთან...
- ზუსტად ეს არის, პუტინის მესიჯი იყო, რომ ჩვენი მტერი არის ჩამორჩენა. თუმცა ჩანს, რომ რუსებმა საკმაოდ ოპტიმალურად მოახდინეს ამ ბარიერის გადალახვა. ეს სამწუხარო რეალობაა.
დასავლეთს რუსების მზაობის ეს მომენტი გამორჩა?
- დასავლეთმა გამოტოვა ეს მომენტი. ეს დასავლეთის დაზვერვის სამსახურის ხარვეზია. ეს მომენტი ჩვენც გამოგვეპარა. ამასობაში რუსეთმა შექმნა ბალისტიკური საჰაერო კომპლექსი - „სარმატი“, რომელსაც შეუძლია მაღალი მანევრირება, შეუძლია მაქსიმალურად მისწვდეს ამერიკის ტერიტორიას, ანუ მისი დაფარვის ზონა 16 ათასი კილომეტრია. ასეთი მაღალი დონის დაფარვის ზონა არც ერთ დასავლურ ქვეყანას არ გააჩნია. თუ არ ვცდები, ამავე „სარმატს“ შეუძლია, ასევე, 16 ბირთვული ქობინის ტარება ერთდროულად და შეუძლია მენევრირება ნებისმიერი რელიეფის მიხედვით. ეს ახალი ტიპის ტექნოლოგიაა. ამიტომ არა მგონია, ამაში რუსები ბლეფობდნენ, საერთოდ ბლეფობის ელემენტი უფრო ამერიკელებს აქვთ ხოლმე.
თუ გახსოვთ, რეიგანმა რომ შეუგდო საბჭოთა კავშირს, რომ სოლიდურ თანხას ხარჯავდა შეიარაღებაზე, ეს იყო ბლეფური პროექტი. ამის შემდეგ საბჭოთა კავშირი სტრატეგიული შეიარაღების რბოლაში ჩაერთო და საბჭოთა კავშირმა უფრო ეფექტური იარაღი დადო მაშინ, კერძოდ, 1985 წელს, სახელწოდებით, „შჩიტ ი მეჩ“ (ფარი და მახვილი), რომელსაც სწორედ ლაზერული კომპონენტების გამოყენება შეეძლო. სხვათა შორის, რუსებმა ლაზერული ქვემეხიც გვაჩვენეს და არა მგონია, ამ შემთხვევაშიც იტყუებოდნენ, რადგან პუტინის ბოლოდროინდელი გამოსვლის შემდეგ დასავლეთის რეაქცია იყო შოკი.
ზოგიერთი ამბობს, ამერიკელები რუსებს დასცინიან პუტინის ამ გამოსვლის შემდეგო. სინამდვილეში, არავინ დასცინის, ყველა შოკირებულია და დასავლეთის სახელმწიფოების ლიდერები ვერ აკეთებენ კომენტარს. ეს ფაქტია და ეს არ არის ე.წ. რუსული ნარატივი. ვინც ასე ფიქრობდა, მან ასეთი ნარატივის საფუძველზე სამწუხარო რეალობა მიიღო. სხვათა შორის, რუსებმა „კინჯალის“ ტიპის ზებგერითი რეაქტიული სამხედრო თვითმფრინავი განალაგეს სწორედ ჩვენს სამეზობლოში, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც ავიასაბრძოლო ტიპის მრავალფუნქციურ თვითმფრინავად, ასევე, ბალისტიკური რაკეტის ეკიპაჟის ფორმატში. ეს განალაგეს ჩვენს სიახლოვეს, ჩრდილო კავკასიაში. თანაც, ეს არის ექსპერიმენტული ვარიანტი.
ბირთვული იარაღის მიმართ ლტოლვა რუსეთს ყოველთვის ჰქონდა, თუნდაც ბერიას დროს, როცა მოიტაცეს დასავლელი მეცნიერები და საბჭოეთში გადმოიყვანეს. თუმცა ახლა კიდევ ორ რაკეტაზეა საუბარი, რომელსაც პუტინი არ ასახელებს და, მიუხედავად იმისა, რომ რაკეტა ქვემოთ იფრენს, მისი შემჩნევა რთული იქნება. ეს ფანტასტიკის სფეროდანაა?
- ეს ფანტასტიკა არ არის, რეალობაა. ამერიკელებიც ავითარებენ ასეთ ტექნიკას, ამერიკელები ახლა უშვებენ ჰიპერზებგერითი ტიპის თვითმფრინავს. ფაქტობრივად, ამ საქმეში ამერიკელები და რუსები ერთ დონეზე არიან. თუმცა ამერიკელებმა მიანებეს თავი სტრატეგიული შეიარაღების მოდერნიზაციას, ისინი თანხებს ისროდნენ ერაყსა და ავღანეთში. ავღანეთის კამპანია დაახლოებით 5 მილიარდი დოლარი მაინც ჯდებოდა, ხოლო ერაყის კამპანია ამერიკას თავისი თავდაცვის ბიუჯეტის 10% დაუჯდა. ამერიკელები უფრო შეიარაღებული ძალების სოციალურ პროექტებს ავითარებდნენ და შეიარაღების მოდერნიზებაზე ნაკლებად ფიქრობდნენ, რადგან თვლიდნენ, რომ ამერიკაში არსებული იარაღი საკმარისი იყო რუსული ჩამორჩენილი ჟანგიანი ტანკებისა და შეიარაღების შესაკავებლად.
პუტინს რომ დავესესხოთ, რუსეთს აქამდე არავინ უსმენდა, მაგრამ ახლა მოუწევთ მისი მოსმენა. აწყობს კი რუსეთს ამერიკასთან მორიგი დაპირისპირება?
- პუტინი წავიდა ვა-ბანკზე. როგორც ჩანს, ის ხვდება, რომ ამერიკასთან აგრესიის გარეშე ვერ შეინარჩუნებს მაღალ რეიტინგს და ხელისუფლებას. პუტინმა პირდაპირ დაამესიჯა, რომ უკვე ჩაერთო ბირთვული სტრატეგიული შეიარაღების რბოლაში და ეს გამოწვევა მიიღო.