„გასული წლების განმავლობაში რუსეთს არავინ უსმენდა, მასთან არსებითი საუბარი არავის სურდა და ახლა მოუწევთ მისი მოსმენა“, -მსოფლიოს ძლიერმა სახელმწიფოებმა ვლადიმერ პუტინისგან ასეთი მკაცრი გზავნილი მიიღეს. რუსეთის პარლამენტის ორივე პალატის წევრთა წინაშე სიტყვით გამოსვლისას რუსეთის ლიდერმა იარაღის რამდენიმე ახალ სახეობაზე ისაუბრა და რუსეთის მთავარი მტერიც დაასახელა.
„საქმე ის კი არ არის, რომ ვიღაც მოვა, ჩვენს მიწებს მიიტაცებს და ააოხრებს. ჩვენი მთავარი მტერი და საფრთხე ჩამორჩენაა. თუ ამ სიტუაციას ვერ გავუმკლავდებით, ის უფრო გამძაფრდება. ამ პრობლემის გადაჭრის გარეშე რუსეთს არ ექნება მომავალი“,-აღნიშნა ვლადიმერ პუტინმა და, როგორც მისი გამოსვლის კულმინაციიდან ჩანდა, პუტინმა განსაზღვრა, რომ რუსეთს ნამდვილად ექნება მომავალი. ეს მომავალი კი ახალი თაობის სარაკეტო სისტემაზე -„სარმატზე“ გადის.
თავის მხრივ, „სარმატის“ შემადგენლობაში ორი ატომური ახალი რაკეტა შედის, ერთი -წყალქვეშა, მეორე-საჰაერო. ამ უკანასკნელს საშუალება აქვს, იერიში მიიტანოს როგორც ჩრდილო, ისე სამხრეთ პოლუსთა გავლით.
„სარმატის“ შემხედვარე პუტინი კმაყოფილებას ვერ ფარავს და საკუთარ მოსახლეობას ანუგეშებს, რომ მსგავსი რამ არც ერთ ქვეყანას არ აქვს. ოდესმე შეიძლება ჰქონდეთ კიდეც, მაგრამ იმ დროისთვის რუსები კიდევ რაიმე ახალს მოფიქრებენ.
პუტინის დამაინტრიგებელი გამოსვლის შემდეგ ამერიკელებმაც გაუმაგრეს გული თავის ხალხს და მათზე მინდობილ პარტნიორ ქვეყნებს. თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა სარა სანდერსმა აღნიშნა, რომ ამერიკის თავდაცვისუნარიანობა ყოველთვის საუკეთესო იყო და ასე იქნება მომავალშიც. უფრო მეტიც, ამერიკა საკუთარი ბირთვული არსენალის მოდერნიზებისკენ მიდის, პრეზიდენტმა პუტინმა კი ის დაადასტურა, რასაც რუსეთი ყოველთვის უარყოფდა, რომ რუსეთი ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში შეიარაღებას ავითარებდა.
სარა სანდერსის მსგავსად, პენტაგონის ოფიციალურმა წარმომადგენელმა დანა უაითმა დასძინა, რომ პუტინის განცხადებამ ისინი სულაც არ გააკვირვა, რადგან პენტაგონი დიდი ხანია, აკვირდება რუსეთის ნაბიჯებს ამ მიმართულებით. ამდენად, აშშ ნებისმიერი საფრთხის მოსაგერიებლად მზად არის.
საქართველოს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი For.ge-სთან საუბარში აღნიშნავს, რომ პუტინმა თავის ცნობილ მიმართვაში სრულიად უცნაურად ისაუბრა, ზოგიერთ შემთხვევაში, მითიურ, ზოგ შემთხვევაში კი, რეალურ სამხედრო ტექნიკურ წარმატებებზე. ეს გახლდათ იარაღის ჟღარუნი და მუქარა მსოფლიოსადმი, თუ თქვენ რუსეთს არ მოუსმენთ (და მოსმენაში იგულისხმება რუსეთის მიდგომების გათვალისწინება, მათ შორის, დესტრუქციული მიდგომებისაც) მსოფლიოს კრიზისულ რეგიონებსა და კრიზისულ საკითხებთან დაკავშირებით, ჩვენ გაგვაჩნია საშუალება, ძალით ვიმოქმედოთ. ფაქტობრივად, პუტინის ეს გამოსვლა ძალის გამოყენების მუქარად, საერთაშორისო ნორმების უხეშ დარღვევად შეიძლება ჩაითვალოს, რაც ბატონ პუტინს არაფერში ადარდებს. მისთვის მთავარი იყო შიდა ეფექტი, რაც საკუთარ მოსახლეობაზე უნდა მოეხდინა, ვინაიდან იგი ვერ ახერხებს რუსეთის მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და ეკონომიკის წინსვლას.
„პუტინის მონათხრობი დემოგრაფიული პოლიტიკის წარმატების შესახებ თავიდან ბოლომდე ბლეფია. რუსებმა კიდევ ერთხელ მოძებნეს გამოსავალი სამხედრო ძალმომრეობის სტრატეგიაში. თუკი ადრე საუბარი იყო კონკრეტულ ქვეყნებზე (საქართველოზე, უკრაინაზე, სირიაზე), ახლა მათი იდეოლოგიური და პროპაგანდისტული ინსტრუმენტი არის იმ შეიარაღებაში, რომლითაც, პუტინს თუ დავუჯერებთ, რუსეთის არმია იქნება აღჭურვილი. თუმცა რა დაუჯდება ეს ყველაფერი რუსეთის მოსახლეობას და რამდენად „გააუმჯობესებს“ მათ საყოფაცხოვრებო პირობებს, ამგვარი განცხადებების ავტორს აბსოლუტურად არ ადარდებს“, - აცხადებს ირაკლი მენაღარიშვილი და განმარტავს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო და ფსიქოლოგიური უპირატესობა ეჭვს არ იწვევს.
ამიტომ ამერიკას არავითარი საფუძველი არ აქვს, აჰყვეს რუსულ შანტაჟს. თუკი აშშ ირწმუნება, რომ მოახერხებს როგორც საკუთარი ტერიტორიის, ისე მოკავშირეების დაცვას რუსეთის აგრესიული გამოხტომებისგან, ამაში ეჭვის შეტანა არ შეიძლება.
პოლიტოლოგი თამარ კიკნაძე For.ge-სთან საუბარში იხსენებს პუტინის ადრინდელ ნათქვამს, ჩვენ ისეთი გეგმა გვაქვს, რომ არ გვჭირდება ისეთი გაფართოება, როგორც ნატო ფართოვდება და თავის ბაზებს განალაგებს ჩვენს გარშემოო. ჩვენ ისეთი იარაღი და ისეთი მეთოდები გვაქვს, რომ არ გვიღირს ამდენი ფულის ხარჯვა და ბაზების განლაგებაო. მართლაც, სულ ახლახანს ამ სიტყვების დემონსტრირება პუტინმა ძალიან შთამბეჭდავად მოახდინა. თამარ კიკნაძის აზრით, ასეთი სახის დემონსტრირებაში, რასაკვირველია, არის გამუქებული ფაქტებიც, მაგრამ რუსები ბირთვული ახალი იარაღის შექმნაზე ნამდვილად მუშაობენ. ეს არის მათი თავდაცვის საშუალება, რადგან, როგორც რუსეთის იმპერატორი ალექსანდრე მესამე ამბობდა, ყველაზე კარგი მეგობარი რუსეთისთვის არის არმია და ფლოტი.
„რუსეთში ახლა გადაიარაღება მიმდინარეობს. იქ ბევრი თვლის, რომ მათ დრო გააცდინეს, როდესაც საბჭოთა კავშირი დაინგრა და მეგობრული ურთიერთობა ჰქონდათ დასავლეთთან ელცინის პერიოდში. ბევრი თვლის, რომ ეს იყო იმედგაცრუება, რადგან მაშინ რუსეთმა თავის ეროვნულ ინტერესებზე თქვა უარი. რა თქმა უნდა, დაზვერვის სამსახური მუშაობს და ამერიკელებს გარკვეული ინფორმაცია ჰქონდათ რუსეთის ქმედების შესახებ, მაგრამ რუსებს გარკვეული საიდუმლოება მაინც ექნებოდათ შენარჩუნებული, რათა ისეთი ეფექტი მოეხდინათ, როგორც პუტინმა მოახდინა, როცა ახალი ბირთვული იარაღი უცებ წარმოაჩინა. ზოგადად, თუ ვიტყვით, ბალანსი ყოველთვის კარგია. დამალული ფაქტი არ არის, რომ ხელოვნურად მოხდა ატომური იარაღის საიდუმლოების გაცემა აშშ-ის მხრიდან, როდესაც მათ ჰქონდათ ეს იარაღი და შემდეგ ამის მსგავსი საბჭოთა კავშირმაც გააკეთა. ატომური იარაღი გარკვეული ბალანსის შემანარჩუნებელია და საერთაშორისო ურთიერთობების თეორიაშიც ცნობილი ფაქტია, რომ იარაღი, შეიარაღება ომებს აჩერებს. ცხადია, რუსები ამბობენ, რომ მათ ომი არ უნდათ და ეს ყველაფერი თავდასაცავად სჭირდებათ“,-აღნიშნა თამარ კიკნაძემ.
მისივე განმარტებით, ობიექტურად თუ შევაფასებთ, ნატო ნამდვილად ფართოვდებოდა და სარტყელს არტყამდა რუსეთს. საქართველოც ცდილობდა ამ სარტყელში შესულიყო. ამიტომ საპასუხო ქმედება რუსეთის მხრიდან სწორედ ახალი ტიპის იარაღის შექმნაშია. ასეთი რიტორიკის მიუხედავად, თამარ კიკნაძე საომარ მზადებას არ ელის პუტინის მხრიდან. თუმცა, ამავდროულად, არ მალავს, რომ საკუთარი შეხედულება აქვს საქართველოს პოლიტიკის მიმართაც.
„ჩვენთან ასეთი რიტორიკაა გამეფებული, რომ რუსეთი აგრესორია. კი ბატონო, აგრესორია, ოკუპანტია, მაგრამ რის გამოა ოკუპანტი? არ შეიძლება, საქართველო ისე მოიქცეს, რომ მსხვერპლის როლში ჩაიყენოს თავი. პოლიტიკა ჭადრაკია და შენ უნდა იცოდე, შენი უახლოესი დაპირისპირებული სახელმწიფოები თუ პარტნიორები რა საპასუხო ქმედებას მოიფიქრებენ. საქართველოში კი რატომღაც ფიქრობენ, მე ასე მინდა და მორჩა. სინამდვილეში, საერთაშორისო ურთიერთობები ძალიან რთული, მრავალწახნაგოვანია და დღეს რომ მეგობრები არიან ქვეყნები, ხვალ შეიძლება მტრები გახდნენ. ამიტომ ჩვენ უნდა გვქონდეს გააზრებული პოლიტიკა სავარაუდო სცენარების განვითარების შემთხვევაში, რაც ჩვენს პოლიტიკას ნამდვილად არ ახასიათებს“.