სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტება და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ნიშნები – ეს არის ბრალდების მცირე ჩამონათვალი, რომელშიც ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, ირაკლი შავაძე ამავე სასამართლოს თავმჯდომარეს დავით მამისეიშვილს ადანაშაულებს და აცხადებს, რომ თავმჯდომარე მასზე ზეწოლას ახდენდა იმისათვის, რომ კონკრეტულ საქმეზე მისთვის სასურველი გადაწყვეტილება გამოეტანა.
for.ge ირაკლი შავაძეს ესაუბრა.
ბატონო ირაკლი, ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეს, დავით მამისეიშვილს ზეწოლაში ადანაშაულებთ, კონკრეტულად, რა სახის ზეწოლაზე საუბრობთ?
ირაკლი შავაძე: ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე ცდილობდა გავლენა მოეხდინა ჩემზე, რომელიც ჩემს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს უკავშირდებოდა.
რა გადაწყვეტილებები იყო?
– საქმე რამდენიმე აღკვეთის ღონისძიებას ეხება. უკმაყოფილება გამოთქვა ჩემს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე. არის კონკრეტული საქმე, რაზეც გამიბრაზდა. სწორედ ამის შემდეგ არ მელაპარაკება.
სასამართლოს თავმჯდომარე არ გელაპარაკებათ?
– დიახ, დავით მამისეიშვილი არ მელაპარაკება, რაც თავადაც დაადასტურა. როგორც თავად ამბობს, არ მეპალარაკება იმიტომ, რომ ორი წლის წინ იწინასწარმეტყველა, რომ მის წინააღმდეგ გავაკეთებდი განცხადებებს და როგორც თავად განაცხადა, ჩემში დაინახა საფრთხე. მაგრამ რეალური მიზეზი, რატომაც გამიბრაზდა და არ მელაპარაკება, ეს არის აწგადაცვლილი ზაზა ართმელაძეს სისხლის სამართლის საქმე.
სასამართლოს თავმჯდომარეს სურდა გადაწყვეტილება მასთან შემეთანხმებინა. როდესაც ზაზა ართმელიძეს საქმე დამეწერა, დირექტივაც მოაყოლა. კერძოდ, ამ ოჯახზე ნაწყენი იყო და სწორედ ამ მიზეზით არ შეცვალა პატიმრობა. მე შევცვალე პატიმრობა. არ გავიზიარე მისი დირექტივა. ამის შედეგ გამიბრაზადა და დაიწყო ჩემი გარიყვის პროცესი.
რეალურად სად იყო სამართალი, ეს ადამიანი პატიმრობაში უნდა დარჩენილიყო, თუ არა?
– ამ საქმეში იცით მთავარი რა არის? სასამართლოს თავმჯდომარემ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ეს საქმე მე დამწეროდა. შეგნებულად დამაწერა ეს საქმე და ასეთი რამე მითხრა – „ვაპირებდი წინასასამართლო სხდომაზე ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის შეცვლას, მაგრამ იმიტომ არ შევცვალე აღკვეთის ღონისძიება, რომ ბრალდებულის დამ და მისმა ადვოკატმა გამაბრაზეს. თბილისში მიმდინარე კონფერნეციაზე ჩემს საწინააღმდეგო პლაკატები გაშალეს“-ო და წარმოიდგინეთ, რომ რადგან თავად იყო გაბრაზებული, მეც არ უნდა შემეცვალა პარტიმრობა. მისი პირადი ინტერესი იყო, რომ ეს ადამიანი პატიმრობაში დამეტოვებინა.
საინტერესოა, მოსამართლემ გადაწყვეტილება საქმის მასალებიდან გამომდინარე უნდა მიიღოს, თუ იმის მიხედვით ვისზეა გაბრაზებული...
– ასე რომ არ მივიღე გადაწყვეტილება, ამიტომ დაიწყო ჩემი დევნა. ამ გადაწყვეტილების შემდეგ მძიმე მდგომარეობაში მიწევდა მუშაობა.
რა მდგომარეობაში გიწევდათ მუშაობა?
– ყველანაირად ცდილობდა, რომ ხელი შეეშალა ჩემთვის. დაიწყო მიზანმიმართული შეტევა, საჩივრები და ა.შ. ზაზა ართმელიძეს საქმეზე იუსტიციის უმაღლეს საბჭოში აჩივლებინეს პროკურორს. წარმოიდგინეთ, რომ პროკურორს აჩივლებინეს იმ სამქეზე, რომელიც წესით, ჩემთან არ უნდა მოხვედრილიყო, მაგრამ სპეციალუარდ მოახვედრა და როგორც ჩანს, ეს ყველაფერი წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი. მიუხედავად საჩივრებისა, აბსოლუტურად მართალი ვარ და ამ სიმართლეს დავანახებ საზოგადოებას. ამიტომ ვისაუბრე ღიად და ამიტომ ჩავრთე საქმეში არასამთავრობოები. ისეთ რამეზე მედავებიან, რაც წარმოუდგენელი და შეუძლებელია.
გასაგებია, მაგრამ თქვენ ამ პრობლემებზე ღიად მას შემდეგ ისაუბრეთ, რაც უარი გეთქვათ უვადო მოსამართლეობაზე. რატომ მანამდე არ საუბრობდით ამ პრობლემების შესახებ, რომელზეც ახლა საუბრობთ?
– მე ვიცოდი, რომ არ დამნიშნავდნენ უვადოდ, იმიტომ, რომ დავით მამისეიშვილს დიდი გავლენები აქვს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებთან, ამას თვითონ არ მალავდა ჩემთან საუბრისას და მეუბნებოდა, რომ თუ მასთან დაპირისპირებას შევეცდებოდი, პრობლემები შემექმნებოდა. იუსტიციის საბჭოს მდივანი, საბჭოს მოქმედი წევრები მისი შვილის ნათლიები არიან, საბჭოს მოსამართლე წევრები კი, მისი მეგობრები.
ამის გარდა იყო სხვა ფაქტობრივი გარემოებები, რატომაც მე ვიცოდი, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრები მხარს არ დაუჭერდნენ ჩემს უვადოდ დანიშვნას. ამიტომ, შევხვდი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, ავუხსენი რატომ იყო ჩემთან დაპირისპირებული და რატომ მქონდა მოლოდი, რომ ჩემს კანდიდატურას მხარს არ დაუჭერდნენ.
რა გითხრათ ნინო გვენეტაძემ, როდესაც აუხსენით სასამართლოში არსებული პრობლემების შესახებ?
– თქვენ როგორ ფიქრობთ, ისეთი რამე ვუთხარი, რაც თავად არ იცოდა?
ანუ, ნინო გვენეტაძემ დაგიდასტურათ, რომ იცის სასამართლოში არსებული მდგომარეობის შესახებ?
– კორექტულად არ მიმაჩნია იმაზე ვისაუბრო, რა მითხრა თავად ნინო გვენეტაძემ.
თქვენს განცხადებაში და გულწრფელობაში ეჭვი ეპარებათ თქვენს კოლეგებს. ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეები ამბობენ, რომ დავით მამისეიშვილი არის პრინციპული ადამიანი და თქვენ მანამ უნდა გეთქვათ ამის შესახებ, სანამ უარს გეტყოდნენ უვადოდ დანიშვნაზე. როგორ ფიქრობთ, ამ განცხადებასთან კავშირი აქვს სასამართლოს თავმჯდომარეს, თუ მისგან დამოუკიდებლად გაავრცელეს აღნიშნული განცხადება?
– განცხადება, რომელიც საქალაქო სასამართლოს ვებ-გვერდზე აიტვირთა, ხელს აწერს სულ რამდენიმე დღის წინ დანიშნული მოსამართლე და ამბობს, რომ თურმე რა კარგი თავმჯდომარეა დავით მამისეიშვილი. ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმას, რომ თავმჯდომარე ბოროტად იყენებს სამსახურეობრივ უფლებამოსილებას. საიდან შეიძლება რამდენიმე დღის წინ დანიშნულმა მოსამართლემ იცოდეს რა დამოკიდებულება ჰქონდა თავმჯდომარეს ჩემთან?!
თქვენ ფიქრობთ, რომ ზეწოლის შედეგად გაკეთდა ეს განცხადება?
– უფრო მნიშვნელოვანს გეტყვით, როგორც უკვე გითხარით, ბატონმა დავით მამისეიშვილმა დაადასტურა, რომ საკუთარი ინიციატივით 2 წლის წინ გაწყვიტა ჩემთან ყოველგვარი კომუნიკაცია და აღარ მელაპარაკებოდა. ამის მოტივად მის წინასწარმეტყველებას ასახელებს. მითხარით, როგორ შეიძლება ადამიანი ამბობდე, რომ კარგი თავმჯდომარეა, თუკი მისი წინასაწარმეტყეველების გამო არ მეპალარაკება. ვინმე დამაჯერებს, რომ ეს თავმჯდომარე კარგი მენეჯერია, ან მოსამართლეები დამოუკიდებლად იღებენ ასეთ განცხადებას? ამით ჩანს, რომ მათი სურვილის გარეშე გავრცელდა ეს განცხადება.
რაც შეეხება დავით მამისეიშვილს, როგორც თავმჯდომარეს რა გავლენა აქვს გადაწყვეტილებების მიღებაში და მისგან რამდენად დამოუკიდებლად ხდება გადაწყვეტილების მიღება?
– არანაირი სურვილი არ მაქვს ვისაუბრო სხვაზე, ვისთან რა ურთიერთობა აქვს და როგორ ღებულობენ გადაწყვეტილებას. მე ერთი რამე ვიცი – არავისთვის არ მიმიცია შესაძლებლობა ჩემს მიერ მისაღები გადაწყვეტილებებზე გავლენა მოეხდინა. ამის გამო მომიწია ასეთ სიტუაციაში ყოფნა. რაც შეეხება თავმჯდომარის კომპეტენციას, ამბობს, რომ უფლება მქონდა ადმინისტრაციული კოლეგიაში დანიშნული მოსამართლისთვის შემეცვალა კოლეგიაო.
ამიტომ ვამბობ და ვედავები, რომ მის ქმედებაში არის სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების ნიშნები. ამბობს, რომ ჰქონდა, მე ვამბობ, რომ არ ჰქონდა. დანარჩენი არიან იურისტები და ჰკითხეთ, რამდენად ჰქონდა უფლება, ჩემთვის, რომელიც ადმინისტრაციულ კოლეგიაში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ ვიყავი დანიშნული, ერთპიროვნულად შეეცვალა ჩემთვის კოლეგია. ჯერ ერთი, ამის საჭიროება არ არსებობდა და მეორეც, საჭიროება რომც ყოფილიყო, უფლება არ ჰქონდა.
რამდენად რთული ვითარება არის ბათუმის საქალაქო სასამართლოში?
– თქვენ წარმოიდგინეთ, როდესაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები მეუბნებიან - „კი ბატონო, კვალიფიციური და კეთილსინდისიერი ხარ“, - მაგრამ ხმას არ უჭერენ ჩემს უვადოდ დანიშვნას, კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს ყველაფერი დავით მამისეიშვილისგან მომდინარებს. მას მართლაც აქვს გავლენა მოსამართლე წევრებზე და ამიტომ არ მოხდა ჩემი დანიშვნა. თუ ვინმეს გონია, რომ მარტო ნინო გვენეტაძესთან მისაუბრია ამ საკითხებზე, ცდება. ძალიან ბევრ ადამიანთან მაქვს ნასაუბრები ამ საკითხზე. მე ვამბობ, რომ მის ქმედებაში არის დანაშაულის ნიშნები.
რა დანაშაულის ნიშნები იკვეთება სასამართლოს თავმჯდომარის ქმედებაში?
– მე ვფიქრობ, რომ მის ქმედებაში არის სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების და სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ნიშნები.
ითხოვთ თავმჯდომარის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას?
– მე გავაკეთე საჯარო განცხადება, რაც საკმარისი იყო გამოძიების დაწყებისთვის. თუ გამოძიებას დაიწყებენ, მე მზად ვარ მივაწოდო შესაბამისი ინფორმაციები და მათ შორის წერილობითი მტკიცებულებები, რითაც დასტურდება სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების ნიშნები. თუ თავმჯდომარე ფიქრობს, რომ ასე არ არის, მაშინ გადადგეს დაკავებული თანამდებობიდან და მოითხოვოს გამოძიების დაწყება. დავით მამისეიშვილს ბრძანებები აქვს დაწერილი, ყველა შენახული მაქვს.
რა არის თქვენი შემდეგი ნაბიჯი?
– ჩვენ ვამზადებთ სარჩელს. საერთო სასამართლოებში გავასაჩივრებთ ჩემს უვადოდ დანიშვნაზე უარის თქმას. ასევე, ვფიქრობთ და ვამზადებთ სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოშიც. ვფიქრობ, რომ ეს ადამიანი არ შეიძლება არა თუ სასმართლოს თავმჯდომარე, არამედ მოსამართლე იყოს. რაც შემეძლება ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ასე იყოს.
როგორც მოქმედი მოსამართლე, შეიგიძლიათ თქვათ, რომ სასამართლო რეფორმა ჩავარდა?
- სასამართლო სისტემა რომ ცვილელებს საჭიროებს, ამაზე არაერთხელ მისაუბრია. ის, რომ პრობლემაა და არსებობს კითხვის ნიშნები, ეს ფაქტია. იმისათვის, რომ ეს კითხვის ნიშნები არ იყოს, აუცილებელია ქმედითი, ეფექტური და სწრაფი ნაბიჯების გადადგმა.
სასამართლო რეფორმის ერთი ტალღა, ორი ტალღა, შვიდი ტალღა – ეს არ იქნება რეალური, თუ რეალურად არ შეიცვალა სასამართლო სისტემა, რაც ცუდი იქნება ქვეყნის განვითარებისათვის. მე თუ მკითხავთ საბჭოს შემადგენლობაც უნდა შეიცვალოს. საბჭო დაკომპლექტებული უნდა იყოს მაღალკვალიფიცური და კეთილსინდისიერი ადამიანებით, რომლებიც გადაწყვეტილებას ისე კი არ მიიღებენ, ვინ ვისზეა გაბრაზებული, არამედ საქმიდან გამომდინარე.