„მე არ ვიცი ქვეყანა, სადაც 5-6 წელი მიდიოდეს გამოძიება ხანძრის გამომწვევ მიზეზებზე“

„მე არ ვიცი ქვეყანა, სადაც 5-6 წელი მიდიოდეს გამოძიება ხანძრის გამომწვევ მიზეზებზე“

სავაჭრო ცენტრ „თერგში“, რომელიც ხანძარის შედეგად მთლიანად განადგურდა, დაზარალებული მოვაჭრეები შეუშვეს. შენობაში მხოლოდ ის მოვაჭრეები შევიდნენ, რომლებიც მალფუჭებადი პროდუქციით ვაჭრობდნენ. პროდუქტი ალტერნატიულ სამაცივრე საწყობებში გადააქვთ. რაც შეეხება ხანძრის გამომწვევ მიზეზებს, ამ შემთხვევაშიც უცნობია როგორ გაჩნდა ხანძარი.

აღსანიშნავია, რომ 2012 წლიდან დღემდე საქართველოს მასშტაბით 13 ბაზრობა დაიწვა, ყველა ამ ფაქტზე გამოძიება დაიწყო, მაგრამ გამოძიებამ ხანძრის გამომწვევი მიზეზები ვერ დაადგინა. საქართველოს სინამდვილეში ბაზრობის დაწვა იმდენად ხშირია, რომ სპეციალისტების შეფასებით, შემთხვევითობაზე საუბარი არ შეიძლება იყოს.

თუმცა, რიგ შემთხვევებში უსაფრთხოების ზომები არ არის დაცული, აქიდან გამომდინარე სპეციალისტების შეფასებით, ათი შემთხვევიდან 7 შეიძლება შემთხვევითობა იყოს, 3 დივერსია. გახშირებული ხანძრების ისტორიაში საინტერესო დეტალია ისიც, რომ ხანძარი ღამის საათებში ხდება და როგორც წესი, სახანძრო ბრიგადებზე ადრე შემთხვევის ადგილზე ოპერატიულად ჩნდება „ნაცინალური მოძრაობა“ „რუსთავი 2“-ის გადამღებ ჯგუფთან ერთად.

საქართველოში უკვე ტრადიციად ქცეული ბაზრობების დაწვის ოთხ ვერსიაზე საუბრობს „სპეცსამსახურების საქმიანობაზე საზოგადოებრი კონტროლის, საქართველოს ცენტრის“ თავმჯდომარე, ბესიკ ალადაშვილი, რომლის შეფასებით, 5 წელი არ უნდა სჭირდებოდს იმის დადგენას, რატომ გაჩნდა ხანძარი.

for.ge ბესიკ ალადაშვილს ესაუბრა.

ტრადიციად, ბაზრობებზე ხანძარი ღამის საათებში ჩნდება. ხშირ შემთხვევაში ხდება ისე, რომ მოდის ინვესტორი, ითხოვს ტერიტორიას, მოვაჭრეები არ თანხმდებიან ინვესტორის წინადადებას, გადის დრო და ვიგებთ, რომ დაიწვა ბაზრის ტერიტორია. იკვეთება ხელოვნური მოტივი, მით უმეტეს, რომ არც შემთხვევაზე არ გვაქვს გამოძიების პასუხი?

ბესიკ ალადაშვილი: სტატისტიკას თუ ავიღებთ, ვნახავთ, რომ ამ საქმეების გამოძიება არ მომხდარა. მხედველობაში მაქვს ის გახმაურებული ფაქტები, რომელიც 2012 წლიდან მოყოლებული დაფიქსირდა. ჩემი ინფორმაციით ეს საქმეები ისევ ძიებაშია, ექსპერტიზა ჩაატარებულია, მაგრამ ჩვენ არ ვიცით შედეგები.

საქმე ძიებაშია - ეს ნიშნავს, რომ გადაწყვეტილება არ არის გამოტანილი...

- რა თქმა უნდა. არ არის დადგენილი რა მიზეზით და ვისი მიზეზით მოხდა ხანძარი ან ობიექტურად, რომ ვთქვათ, ეს მოხდა შემთხვევითობით, თუ შეგნებულად გაჩნდა ხანძარი. შესაბამისად, საქმე სასამართლოს არ აქვს გადაცემული. რა თქმა აუნდა, საეჭვო და დამაფიქრებელია ისიც, რომ ხანძარი ყოველთვის ისეთ ადგილებში ჩნდება, როგორიც არის სავაჭრო და სტრატეგიული ადგილები, სადაც დიდია კომერციული ინტერესი, დიდია ამ ობიექტების მნიშვნელობა როგორც საზოგადოების, ასევე კომერციული მნიშვნელობითაც. თან, ამას თუ დავუმატებთ, რომ ხანძარი ყოველთვის არის რეზონანსული, საზოგადოებისთვის და ქვეყნის რეალობისთვის საკმაოდ არასტაბილიურობის შემომტანი ფაქტორი.

ისე დაემთხვა, რომ ძირითადად ხანძრებიქართული ოცნებისმოსვლასთან ერთად დაიწყო...

- ესეც მნიშვნელოვანი ფაქტორია. მაგრამ ჩვენ რომ სუბიექტური დასკვნები არ გავაკეთოთ, ბუნებრივია, ჩვენ უნდა ვეყრდნობოდეთ გამოძიების შედეგებს. მე არ ვიცი ქვეყანა, სადაც 5-6 წელი მიდიოდეს გამოძიება ხანძრის გამომწვევ მიზეზებზე და გადაწყვეტილება არ იყოს მიღებული.

მათ შორის დღემდე უცნობია რა გახდა ბორჯომში ხანძრის მიზეზი. მაშინ ავტომატურ რეჟმში ჩნდებოდა ხანძრის ახალი კერები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში...

- რაც შეეხება ბორჯომის შემთხვევას, შესაძლოა ხელის შემშლელი მიზეზები არსებობდა, მაგრამ საინტერსოა ბოლო ფაქტი. კერძოდ, გავრცელებული ინფორმაციით ხანძრის გაჩენის კერები შეინიშნებოდა ნულ სართულზე და ასევე მეორე სართულზე. თუ ეს ინფორმაცია დადასტურებულია, კიდევ ერთხელ აჩენს ეჭვს, რომ არ შეიძლება ნული სართულიდან ხანძარი ავტომატურად მეორე სართულზე გადავიდეს ისე, რომ პირველ სართულს არ მოედოს. რეალურად ეს სერიოზული არასტაბილურობის განცდის მომტანია.

გარდა ამისა, ათასობით ადამიანი ზარალდება მატერიალურად, რომლებიც ბუნებრივია, რომ მათი მოქალაქეობრივი დაცვის უფლებების მოთხოვნით გამოდიან, ზარალის ანაზღაურება და ა.შ. ბუნებრივია, რომ საქმის გამოძიება ხელისუფლებისთვის ერთ-ერთი მთავარი საკითხი უნდა იყოს. თუ არ გვყავს შესაბამისი კვალიფიკაციის სპეციალისტები, თუ არ გვაქვს შესაბამისი ტექნიკა, ლაბორატორიული, თუ ექსპერტული კვლევის ჩასატარებლად, მაშინ რატომ არ შეიძლება მოვიწვით თუნდა ევროპელი, ან ამერიკელი სპეციალისტები, რომელთაც დიდი გამოცდილება აქვთ. ჩემი აზრით, ამ შემთხვევაში შედარებით მარტივია გადაწყვეტილების გამოტანა და გამოძიების დასრულება, ვიდრე ტყეში გაჩენილი ხანძრის დროს. იქ გაცილებით რთულია.

როგორც ირკვევა, სავაჭრო ცენტრთერგშიუსაფრთხოების ზომები მაღალ დონეზე იყო დაცული, ამის მიუხედავად ფაქტი მაინც დაფიქსირდა. 2012 წლიდან დღემე 13 ბაზრობა დაიწვა, არც ერთ შემთხვევაში ჩვენ არ ვიცით გამოძიების შედეგი, ეს იყო დივერსია, ანუ მიზანმიმართულად გაჩენილი ხანძარი, რაც საფუძვლიან ეჭვს უჩენს მოვაჭრეებს, რომ ეს იყო მიზანმიართულად ჩადენილი დანაშაული, დღემდე ითხოვენ რეაგირებას, რაზეც პასუხი არ აქვს გამოძიებას. რითი ხსნით გამოძიების სიჩუმეს?

- რაც შეეხება იგივე ბავშვთა სამყაროს, გამოძიებისთვის ერთი წელი საკმარისი უნდა ყოფილიყო, რომ ექსპერტიზის და გამოძიების შედეგები გამხდარიყო ცნობილი. თუ ეს არის შემთხვევითობა, სახანძრო პირობების უგულებელყოფა, ეს უნდა ითქვას. მაგრამ თუ მიზანმიმართულად გაკეთდა, ესეც უნდა ითქვას და თუ ექსპერტიზა და გამოძიება ვერ მივიდა შესაბამის დასკვნამდე, ესეც უნდა იყოს ცნობილი. ამიტომ ვამბობ, რომ აქ შესაძლებელია პროფესიონალიზმის

არარსებობაზე, ან შესაბამისი ტექნიკის უქონლობაზე ვისაუბროთ. აქ უნდა დაგვეხმარონ ჩვენი პარტნიორები და მეგობარი ქვეყნები.

მეორე საკითხიც არის, როდესაც ხანძარი ტყეში ხდება, ან ისეთ გაშლილ ტერიტორიაზე, როგორიც არის ბაზრობა, ძნელია ხანძრის პრევენცია და ხანძრის გაჩენის სასიგნალო მოწყობილობების დამონტაჟება. სულ სხვა არის შენობა, არსებობს შესაბამისი მოწყობილობები, შესაბამისი დეტექტორები, რომლის საშუალებითაც შეიძლება არა მარტო ხანძრის გამოვლენა, არამედ პირველადი ღონისძიებების გატარება, სანამ სახანძრო მივა. საინტერესო ფაქტორია ისიც, რომ ღამის საათებში ხდება ხანძრები, რაც ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს ხოლმე. ასე რომ, სანამ არ გვქნება გამოძიების შედეგები, ძნელია იმის თქმა, თუ რასთან გვაქვს საქმე.

გასაგებია, რომ რთულია წინასწარ დასკვნების გაკეთება, მაგრამ გამოძიება ვერ დებს დასკვნებს, რაც აჩენს ლეგიტიმურ კითხვებს ხელისუფლებასთან მიმართებაში და ესეც ცხადია. ყოფილი შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი არაერთხელ ახსენებდა სიტყვა დივერსიას და ეს ვერსია აქტიურად განიხილებოდა ბორჯომის შემთხვევაში. შეიძლება ეს იყოს დივერსია, რომელიც ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი გამოვლინება არის?

- რა თქმა უნდა. შეიძლება ვისაუბროთ ოთხ ვერსიაზე. ერთი ვერსია მართლა ეს არის შემთხვევითობა და ხანძარი ჩნდება დაუდევრობის მიზეზით. მეორე ვერსია - ბიზნესგარიგება და ბიზნესთან დაკავშირებული ვითარება; მესამე ვერსია - პოლიტიკური ოპოზიციის მიერ დაგეგმილი დივერსია, ქვეყანაში პოლიტიკური დაძაბულობის და უარყოფითი მუხტის შესაქმნელად, რადგან, ასეთ შემთხვევაში, ბუნებრივია, დაზარალებული მოსახლეობა მიდის ხელისუფლებასთან და მეოთხე ვერსია - ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედება, რომლის მიზანია დესტაბილიზაცია და საბოტაჟი ქვეყანაში.

გვინდა თუ არა, ჩვენ უნდა მივიდეთ ხელისუფლებასთან, მაგრამ ხელისუფლებასთან უნდა მივიდეთ არა თხოვნით, არამედ მოთხოვნით - რამდენად არის გამოძიებული ასეთი ფაქტები. იმიტომ, რომ ეს შემთხვევითობები მერე უკვე კანონზომიერებაში გადადის, მით უმეტეს როცა მეორდება შემთხვევითობა. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, არის თუ არა სათანადოდ ჩატარებული ექსპერტიზა, რა საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა, გარკვეულია თუ არა წინა შემთხვევებში ხანძრის გამომწვევი მიზეზები.

5 წელი არ უნდა სჭირდებოდს იმის დადგენას, რატომ გაჩნდა ხანძარი. ხელისუფლებას ევალება შეისწავლოს, ჩაატაროს გამოძიება და დაადგინოს რა მიზეზით მოხდა ესა თუ ის შემთხვევა. ნიშანდობლივია ისიც, რომ ხანძარი ღამის საათებში ჩნდება და თუ დავუშვებთ დივერსიის ვერსიას, აშკარაა, რომ ხანძარი მსხვერპლზე არ არის გათვლილი.

ეს უკვე ქვეყნის პრესტიჟისთვის სერიოზული საქმეა, შეიძლება არ სჭირდება რეკლამირება და აღიარება იმისა, რომ ჩვენ სუსტები ვართ, მაგრამ შეიძლება ისე გაკეთდეს, რომ შევიძინოთ შესაბამისი მოწყობილობები. უნდა ვთხოვოთ ჩვენს ევროპელ და ამერიკელ კოლეგებს, რომ დაგვეხმარონ ექსპერტიზის ჩატარების ნაწილში, აქ სამარცხვინო არაფერია, ამ გზით უნდა წავიდეთ, ეს არის რეალური გზა, გავიგოთ რა მოხდა და რასთან გვაქვს საქმე.

რაც შეეხება ოპონენტების ბრალდებებს, ამბობენ, რომ ხელისუფლება დგას ყოველი კონკრეტული ხანძირის უკან, და, რომ ხელისუფლება არის დაინტერესებული ამ ტერიტორიებით. როდესაც გამოძიება არ დებს შედეგებს, რამდენად სარწმუნოდ უნდა მივიღოთ ოპონენტების ვერსია?

- შეიძლება ვთქვათ, რომ არაარგუმენტირებული ვერსია არის. ვერ ვხედავ რა დადებითი შედეგი უნდა მოიტანოს, რადგან საბოლოო ჯამში საზოგადოებისთვის ძნელი არ იქნება იმის დადგენა, ვინ იდგა კონკრეტული ხანძრის უკან, რომელი ბიზნეს ჯგუფი დაეპატრონა აღნიშნულ ტერიტორიას. ასეთ შემთხვევაში სააშკაროზე გამოვა ხელისუფლების ინტერესები. ამიტომ, სიმართლე გითხრათ ოპონენტების ეს ვერსია საკმაოდ არადამაჯერებლად მეჩვენება.