რაც არ უნდა პარადოქსული იყოს, ხელისუფლებამ ოპოზიციას მიტინგი მოუწყო - ბორჯომის საკრებულოში დაპირისპირება მეორე დღეს უკვე ქუჩის აქციაში გადაიზარდა. ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრები და მათი მხარდამჭერები ითხოვენ, ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარე ზაზა ჩაჩანიძემ ხელი მოაწეროს საკრებულოს დადგენილებას, რომელიც მერიის თანამშრომლების სახელფასო ფონდის მატებას შეეხება, აქციის მონაწილეები ასევე მოითხოვენ, საკრებულოს თავმჯდომარე, ზაზა ჩაჩანიძემ დატოვოს დაკავებული თანამდებობა.
„ზაზა ჩაჩანიძის და „ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე ბორჯომს გაუმარჯოს. ჩვენ აქ მხოლოდ ხელფასების მატების გამო არ შევიკრიბეთ. ჩვენ ვითხოვთ, რომ ჩვენი შრომის ანაზღაურება ავიღოთ იმიტომ, რომ ბორჯომი უფრო გალამაზდეს. არ შეიძლება ერთი ღვარძლიანი ადამიანის ინტერესებს შეეწიროს ბორჯომის მოსახლეობა“, - განაცხადა საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კვირკველიამ.
„ქართული ოცნების“ წევრების თქმით, საპროტესტო აქციები გაგრძელდება იქამდე, სანამ ზაზა ჩაჩანიძე დაკავებულ თანამდებობას არ დატოვებს.
„მე დაველოდები აქციას, გავიგებ კონკრეტულად თუ რას ითხოვენ. მათ უნდა დაასაბუთონ, რატომ მოითხოვენ ჩემს გადგომას. მე ბორჯომის მოსახლეობის მიერ ვარ არჩეული. მე ვიმოქმედებ ისე, როგორც დასჭირდება ბორჯომს და არა ისე, როგორც უნდა ირაკლი კვირკველიას“, - განაცხადა ზაზა ჩაჩანიძემ.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ბოლო ორი დღეა, სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა. საკრებულოში ბორჯომის მერიის თანამშრომლების ხელფასების მატების საკითხის განხილვა იყო დაგეგმილი. ხელფასების საკითხი თავდაპირველად ჩავარდა, რასაც ბორჯომის მერიის თანამშრომლების პროტესტი მოჰყვა.
სავარაუდოდ, საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, ბორჯომში სამართალდამცველების დიდი რაოდენობაა მობილიზებული, თუმცა მათ საკრებულოს თავმჯდომარეც არ შეუშვეს შენობაში(?!).
თემას გაგრძელება საქართველოს პარლამენტშიც მოჰყვა - პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ნიკა მელიასა და კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნიას შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ნიკა მელიამ კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნიას უნამუსო უწოდა - გაბუნიამ აღნიშნა, რომ მოვლენების ესკალაცია ბორჯომში ნიკა მელიასა და სერგო რატიანის ჩასვლას მოჰყვა.
ექსპერტი, სოსო ცისკარიშვილი თვლის, რომ ჩვენს ქვეყანაში დაიბუდა მუდმივმა შფოთმა რომელიც სერიოზული ზიანის მომტანია ქართული სახელმწიფოთვის.
„ის რეალობა, რომელშიც აღმოვჩნდით, გვიჩვენებს, რომ დღევანდელი საქართველოს ფასეულობათა ჩამონათვალში არ შედის ადამიანი. წარსულში დარჩა სიტყვები პატრიოტიზმი, პროფესიონალიზმი და ა.შ. ფასეულობათა სათავეში კი მოექცა ფული“,- აცხადებს ცისკარიშვილი.
როგორც სისო ცისკარიშვილი მიიჩნევს, ნაციონალები მიჩვეულები არიან პროვოკაციების მოწყობას, მაგრამ ისიც ცხადია, რომ ხელისუფლებამ ბორჯომში „წამოჰკრა ფეხი“ თავის ასპროცენტიან ოცნებას, ამას კი ხელისუფლებისთვის უნდა გაეჩინა მოტივაცია, გაეანალიზებინა, თუ რატომ განიცადეს ამ რეგიონში მარცხი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე.
„საქმე ის არის, რომ არც ყოფილ და არც დღევანდელ პოლიტიკურ ძალას არც კი უცდია, თვითკრიტიკით მისდგომოდა საკუთარ ქმედებებს და ამიტომაც ვხედავთ, როგორ ემსგავსება ეს ორი პოლიტიკური ძალა ერთმანეთს და სამწუხაროდ, ფაქტები მეტყველებს ამაზე. სწორედ ამის გამოძახილია, რასაც ბორჯომში ვადევნებთ თვალს. თუ რეალურად გვინდა ევროპულ სივრცეში ინტეგრაცია, არა მხოლოდ ხელისუფლება, არამედ საზოგადოებაც უნდა გამოფხიზლდეს“,- თვლის ცისკარიშვილი.
სოსო ცისკარიშვილი მიიჩნევს, რომ ის, რაც ხდება ბორჯომში ერთ რამეზე მეტყველებს, არც ბორჯომში დასამარცხებლად იყო მზად დღევანდელი ხელისუფლება და არც ბორჯომის თემის პარლამენტში განსახილველად, რაც მის სისუსტეზე მეტყველებს.
„ძალიან მწირი რეპერტუარი აქვთ ამ დიდ პარტიებს იმ როლის შესასრულებლად, რასაც ჰქვია ქვეყნის მართვა. სამწუხარო ის არის, რომ ისეთი ოპოზიციური პარტიები როგორიც დღეს გვყავს, ლაპარაკობენ ხელისუფლების ღორმუცელობაზე. ხელისუფლებას კი იმის ნაცვლად, რომ სპეცრაზმები შეეყვანა ბორჯომში, უკეთესი იქნებოდა ძალაუფლება უფრო სასარგებლო საქმეებისთვის მოეხმარებინა - არ სჭირდებოდა ამას ასეთი დავიდარაბა და ყველაფერი თავის ადგილზე დადგებოდა - დასავლეთის თვალშიც პლუსებს ჩავიწერდით, რომ ნახეთ, რა ხდება ბორჯომში და ეს არის ხელისუფლების დემოკრატიულობის მაგალითი“,- აცხადებს ცისკარიშვილი.
ექსპერტი, რამაზ საყვარელიძე თვლის, რომ ის რაც ბორჯომში ხდება, საკმაოდ ბანალურია, სამწუხარო ფაქტია, მაგრამ ამას დიდი პოლიტიკური პროცესები არ მოჰყვება.
„ლაპარაკობენ, რომ ვიღაცეები ჩავიდნენ და გააღიზიანეს ის ხალხი, მაგრამ მეორე მხრივ, ეს პოლიტიკაა და ერთი მხარის შეცდომას მეორე მხარე ყოველთვის გამოიყენებს. ასე რომ, ამ მხრივ არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა - ოპოზიციამ შეცდომა დააშვებინა „ქართულ ოცნებას“ და შემდეგ ეს გამოიყენა. მთავარია, რომ შეცდომა არ იყოს დაშვებული“,- მიიჩნევს რამაზ საყვარელიძე.
ხომ არ გახდება ეს ყველაფერი მოტივაცია ხელისუფლებისათვის, რომ შემდეგ არჩევნებში არც ერთი საპასუხისმგებლო კვოტა არ დაუთმოს ოპოზიციას, რამაზ საყვარელიძე თვლის, რომ ნაკლებად სავარაუდოა ეს იყოს წამყვანი თემა, რადგან ასეთი გეგმა რომ ყოფილიყო, ჯერ კიდევ არჩევნების დროს იზრუნებდა ხელისუფლება, მსგავსი პრეცენდენტი არ დაეშვა.
„ხალხი შელაპარაკებისას ხოცავს ერთმანეთს, ისეთი იმპულსურები ვართ და პოლიტიკური პროცესის დროს შელაპარაკება რატომ გაგვიკვირდა? - არ მგონია, ამ ყველაფერში დიდი სტრატეგიული ჩანაფიქრი ყოფილიყო“,- მიიჩნევს საყვარელიძე.
კიდევ ერთი თემა, რაც ნამდვილად არის ემოციის გამომწვევი საზოგადოებაში, ეს არის ჩინოვნიკების ხელფასები. როგორც რამაზ საყვარელიძე აცხადებს, ამ მიმართულებით პრობლემა არსებობს, რომელიც ქვეყნის მიერ არის გადასაწყვეტი.
„უკვე დიდი ხანია, ანუ მას შემდეგ, რაც კორუფციასთან ბრძოლა გახდა აქტუალური თემა, დასავლელი პარტნიორების რჩევაც იყო, რომ უმჯობესია, იყოს მაღალი ხელფასები სახელისუფლებო სტრუქტურებში. ეს საკითხი ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოგვარდეს. ოპოზიციური პარტიები მარტო იმას ამბობენ, რომ ხელფასები აქვთ ჩინოვნიკებს მაღალი, და ამას ის პარტიები ამბობენ, რომლებმაც თვითონვე ასწიეს ხელფასები. მათთან დისკუსიაში არაერთხელ იყო ნათქვამი, რომ ხელფასები კორუფციის პრევენციის მიზნით არის მაღალი, თუმცა მეორე მხრივ, ეს არ გამორიცხავს კურუფციას და სხვა ქვეყნებშიც ხდება მაღალი თანამდებობის პირების გასამართლება კორუფციის ბრალდებით, რომლებსაც ასევე, მაღალი ხელფასები აქვთ“, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.
მისივე შეფასებით, ისეთ ღარიბ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, მაღალი ხელფასები სოციალური აფეთქების საფრთხესაც აჩენს. დასავლეთი ხშირად საკუთარი გამოცდილების გათვალისწინებით იძლევა რეკომენდაციებს და ავიწყდება, რომ სოციალური ფონი მათთან და ჩვენთან განსხვავებულია.
„ასეთი ტიპის ნაბიჯებმა შეიძლება სოციალური აფეთქება გამოიწვიოს - ეს არ უნდა გამოვრიცხოთ. არის სხვა საფრთხეც, გარანტირებულმა მაღალმა ხელფასმა შეიძლება, ისე გააზარმაცოს ჩინოვნიკი, რომ დაკისრებული მოვალეობა სათანადაოდ აღარ შეასრულოს. გარდა იმისა, რომ მოსახლეობას ვუშლით ნერვებს, ჩინოვნიკებსაც ვაფუჭებთ, ამიტომ ბევრი ხარვეზის შემცველია კორუფციასთან ასეთი მეთოდით ბრძოლა“, - თვლის რამაზ საყვარელიძე.
ერთი რამ ცხადია, სოციალური სამართლიანობისკენ რომ მიდიოდეს ქვეყანა, ბორჯომშიც არ შეიქმნებოდა ჩინოვნიკების ხელფასების გამო საგანგებო მდგონმარეობა, მაგრამ როგორც რამაზ საყვარელიძე აღნიშნავს, ასეთ შემთხვევაში დაპირისპირების თემა შეიძლებოდა ყოფილიყო სხვა რამ და არა ჩინოვნიკების ხელფასები.
რაც შეეხება ხელფასების თემის მოგვარებას, ექსპერტი თვლის, რომ მესამე სექტორიც უნდა გააქტიურდეს ამ მიმართულებით და ოპოზიციამ პრობლემის მოგვარება კი არ უნდა მოითხოვოს, არამედ თავად უნდა შესთავაზოს ხელისუფლებას ისეთი საკანონმდებლო ინიციატივები, რაც კორუფციასთან ბრძოლასაც გაააქტიურებს და სოციალური სამართლიანობისკენაც დაძრავს ქვეყანას.
ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარე სავარაუდოდ, ხელს მოაწერს მერიის სახელფასო ფონდის ზრდას, მან განაცადა კიდეც, რომ თუ დაუსაბუთებენ, რომ საკრებულოს სხდომა ლეგიტიმურად ჩატარდა, დოკუმენტს ხელს მოაწერს. თუმცა თავად ფაქტი, რამაც ასეთი აურზაური გამოიწვია, ნაკლებად სავარაუდოა, ხაზს უსვამდეს ხელისუფლების პოლიტიკურ მოწიფულობას.