საქართველოს არავინ უკრძალავს, ევროპასთან მუშაობის უფლებაზე ილაპარაკოს

საქართველოს არავინ უკრძალავს, ევროპასთან მუშაობის უფლებაზე ილაპარაკოს

შეეძლო თუ არა ქართულ მხარეს თავის დროზე მოეთხოვა ევროკავშირისთვის სამუშაო ვიზების ნებართვა და ამით თავიდან აეცილებინა ის უსიამოვნებები, რაც ხდება უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერებასთან დაკავშირებით - ეს თემა ხელისუფლების მხრიდან ჯერჯერობით უპასუხოდ არის დარჩენილი. საგარეო საქმეთა სამინისტროს ვთხოვეთ განმარტება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, თუმცა პასუხი ვერ მივიღეთ.

ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ თეორიულად შესაძლებელი იყო მსგავსი მოლაპარაკებები, თუმცა, შედეგს ვერ მივიღებდით, რადგან ევროპა ძალიან ფრთხილია საწყის ეტაპზე.

ექსპერტი, სოსო ცინცაძე აცხადებს, რომ მუშაობის უფლება ევროკავშირის წევრი ქვეყნების პრეროგატივაა, მაგალითად, ინგლისი წალეკეს პოლონელმა სანტექნიკოსებმა და მუშებმა, მაგრამ საქართველოს მხრიდან მსგავსი მოთხოვნა არარეალური იყო, რადგან უვიზო რეჟიმიც დიდი გაჭირვებით მოგვცეს.

„მაინც და მაინც დიდი ავტორიტეტით არ ვსარგებლობთ ევროპაში, არაწევრი ქვეყნებისთვის სამუშაო ნებართვის მიცემას კი ისედაც ერიდებიან. ძირითადად, არალეგალურად გადიოდნენ. იშვიათად, რომ ლტოლვილის სტატუსით წასულიყო ვინმე საქართველოდან, თუმცა ლტოლვილს აქვს ის უპირატესობა, რომ ცხოვრების ნებართვა მიიღოს, ეს კი თავისთავში მუშაობის ნებართვასაც გულისხმობს.

უვიზო მიმოსვლაც სამადლოდ მოგვცეს და ლამისაა, უკან წაგვართვან, ასე რომ, მუშაობის ნებართვაზე საუბარი ზედმეტი იქნება“, - მიიჩნევს სოსო ცინცაძე.

სოსო ცინცაძის შეფასებით, თვალი უნდა გავუსწოროთ იმ რეალობას, რომ ევროპაში სამუშაოდ წასული არალეგალების მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდება და ხელისუფლებამ რაღაც გზა უნდა გამონახოს სიტუაციის შესამსუბუქებლად. როგორც ცინცაძე აცხადებს, ქართველ არალეგალებს კონკურენციას გაუწევენ ის ლტოლვილებიც, რომელთაც მერკელის ინიციატივით, თავის დროზე, გერმანიამ გაუღო კარი.

„საუკეთესო საშუალება სიტუაციის მოგვარების იმის პროპაგანდა კი არ არის, რომ თუ უცხოეთში წახვალ, გამოგაგდებენ, ისეთი პირობები უნდა შეუქმნა მოსახლეობას, რომ აზრად არავის მოუვიდეს ქვეყნიდან გაქცევა“,- აცხადებს სოსო ცინცაძე.

სტრატეგიული ანალიზის ცენტრის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ზურაბ აგლაძე განმარტავს, რომ ვიზალიბერალიზაციის ფარგლებში არა, მაგრამ დამოუკიდებლად შესაძლებელი იყო ამ თემაზე საუბარი.

„ეს არის ცალკე მოლაპარაკებების თემა, მაგრამ ნაკლებად მგონია, რომ ამ საკითხში წარმატებისთვის მიგვეღწია. საქართველოს ხელისუფლებას, რა თქმა უნდა, შეუძლია, ამ თემაზე საუბარი წამოიწყოს, მაგრამ ნაკლებად მგონია, რომ ასეთი დაშვება გააკეთოს ევროკავშირმა“, - მიიჩნევს ზურაბ აგლაძე.

როგორც აგლაძე განმარტავს, ბალტიისპირეთის ქვეყნებს, გამომდინარე იქიდან, რომ ევროკავშირის წევრები არიან, აქვთ ის უპირატესობა, რომ ევროკავშირში მუშაობის ნებართვა გააჩნიათ, მაგრამ აქვს ამას თავისი მინუსებიც, როგორც თავად ბალტიის ქვეყნები აცხადებენ, ეს ხელს უწყობს პროფესიონალი კადრების ქვეყნიდან გადინებას - ექიმები, ინჟინრები და ა.შ. დიდი რაოდენობით გადიან ქვეყნიდან.

„ერთი მხრივ, კარგია ლეგალური სტატუსი, მაგრამ მეორე მხრივ უარყოფითი ეფექტია, როდესაც კადრების გადინება ხდება ქვეყნიდან“,- აცხადებს ზურაბ აგლაძე.

GSAC -დამფუძნებელი, ევროპული კვლევების დირექტორი, გიორგი რუხაძე განმარტავს, რომ ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში სამუშაო ნებართვებთან დაკავშირებით უკვე არსებობს გარკვეული შეთანხმება - საუბარია გარკვეულ კვოტებზე ინდივიადუალურად, ცაკლეულ ქვეყნებთან.

რუხაძის განმარტებით, მაგალითად, საფრანგეთში, გერმანიაში და ა.შ. შესაძლებელია, დასაქმდეს ადამიანების გარკვეული რაოდენობა, მას შემდეგ, რაც ისინი სამუშაო კონტრაქტს მიიღებენ.

„ასოცირების ხელსეკრულებაზე მოლაპარაკების დროს შესაძლებელი იყო ამ საკითხის უფრო აქატიურად დაყენება, რამდენად დააკმაყოფილებდნენ, ან რა ფორმით აისახებოდა ეს ყველაფერი, სხვა საკითხია. როდესაც უვიზო მიმოსვლაზე მიმდინარეობდა მოლაპარაკებები, ეს თავის თავში არ მოიცავდა მუშაობის უფლებას და ამ ფარგლებში სამუშაო ვიზებსა თუ ნებართვებზე საუბარი არ მგონია, პროდუქტიული ყოფილიყო.

გარდა ამისა, დღესაც, საქართველოს არავინ უკრძალავს, რომ გამართოს ევროკავშირის ცალკეულ ქვეყნებთან მოლაპარაკებები აღნიშნულ თემაზე და სამუშაო ძალების მობილობაზე ერთგვარ შეთანხმებებსაც მიაღწიოს.

ეს შესაძლებელია, მაგრამ რთული საკითხია, იმ კონტექსტში, როდესაც ევროპაში არალეგალური მიგრაცია აქტუალურ საკითხთა სამეულში შედის. საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ნებართვის მინიჭება რთული საკითხია, თუმცა შესაძლებელია კონკრეტულ ქვეყნებთან შეთანხმების მიღწევა კონკრეტულ სფეროებში.

სხვადასხვა ქვეყნები სხვადასხვა სპეციალისტების ნაკლებობას განიცდის, კვალიფიციური კადრი იქნება ეს, თუ ნაკლებად კვალიფიციური“,- აცხადებს გიორგი რუხაძე.

მისივე შეფასებით, როდესაც საქართველო უკვე გააკეთებს განაცხადს ევროკავშირის წევრობაზე, ეს თემა თავისთავად დადგება დღის წესრიგში, რადგან ევროკავშირის წევრობა თავისთავში გულისხმობს სამუშაო ძალის შეუზღუდავად გადაადგილებას.

„თუმცა ამის მისაღწევად აუცილებელი არ არის მაინც და მაინც წევრი გახდე. ასეთი უფლებით სარგებლობს არაერთი არაწევრი ქვეყანაც, როგორიცაა - შვეიცარია, ნორვეგია, ლიხტენშტეინი და ა.შ. წევრობაზე განაცხადის გაკეთების შემდეგ ალბათ, უფრო ინტენსიურად წავა ამაზე საუბარი, თუმცა ვიცით საქართველოს ხელისუფლების პოზიცია, რომ განაცხადის გაკეთებას ევროკავშირიოს წევრობაზე ჯერ არ აპირებს. ამის გარეშეც შეიძლება მოლაპარაკებების დაწყება და საშუალოვადიან პერსპექტივაში შედეგის მიღწევაც შესაძლებელია“, - მიიჩნევს გიორგი რუხაძე.

მართალია, ხელისუფლების პოიზიცია უცნობია და მხოლოდ ვარაუდია შესაძლებელი, რას გეგმავს აღნიშნულთან დაკავშირებით, მაგრამ ის ფაქტი, რომ უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერებასთან დაკავშირებით თავისმართლების რეჟიმში აღმოჩნდა და გამოსავალსაც ვერ გვთავაზობს, ესეც აშკარაა.

როგორც გიორგი რუხაძე განმარტავს, უვიზო რეჟიმის შეჩერებაზე სერიოზულად ლაპარაკი ევროპაში არ დაწყებულა და გერმანიის მინისტრის მხრიდან გაკეთებული განცხადებები მხოლოდ გაფრთხილების დონეზე შეიძლება განვიხილოთ, მაგრამ უყურადღებოდაც არ უნდა დავტოვოთ.

როგორც რუხაძე განმარტავს, უვიზო მიმოსვლის შეჩერება არც ისე მარტივია და ამაზე სერიოზულად არც არავის დაუწყია საუბარი. მისთვის გაუგებარია, რატომ ატყდა ისტერია ქართულ მედიაში ან რატომ იმართლებს თავს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

როგორც რუხაძე განმარტავს, შეჩერებაზე საუბარი შესაძლებელია მხოლოდ უვიზო რეჟიმის ამოქმედების დაწყებიდან გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ, როდესაც შესაძლებელი იქნება სტატისტიკების შედარება. ეს საკითხი კი დღის წესრიგში ორ შემთხვევაში დგება, როდესაც მასობრივად ხდება მიგრაცია თავშესაფრის მოთხოვნით, ან საქართველოს მოსახლეობას მასობრივად არ შეუშვებენ წევრ ქვეყნებში.

რუხაძის განმარტებით, ეს თუ სტატისტიკამ არ აჩვენა, არც ერთ ქვეყანას არ ექნება უფლება, შეჩერების მექანიზმის ამოქმედება მოსთხოვოს ევროპის საბჭოს. თავის მხრივ, ევროპის საბჭოშიც რთულია თანხმობის მიღების მექანიზმი.

რუხაძის განმარტებით, არავის სიამოვნებს, როდესაც თავშესაფრის მოთხოვნით მიმართავენ რადგან ეს ბიუჯეტს აწვება ტვირთად, ამიტომ გამოსავლის მოძიებით ევროპის ქვეყნებიც უნდა იყვნენ დაინტერესებული.

„ამასთან, ეს აუარესებს არალეგალური მიგრაციის მაჩვენებელს. ლეგალური მუშაობის უფლება იმითაც იქნება უპირატესი, რომ ეს ადამიანები მიიღებენ სამუშაოს და შესაბამისად, თავშესაფარსაც აღარ მოითხოვენ - აღარც სახელმწიფოს ექნება ვალდებულება, უპატრონოს მათ, ვიდრე საქმეები თავშესაფრის მიღების თაობაზე განხილვის სტადიაშია. ასე რომ, საქართველოს ხელისუფლებამ სწორედ ამ კონტექსტში უნდა დაიწყოს საუბარი სამუშაო ძალის თავისუფლად გადაადგილების შესახებ. ეს წაადგება თავშესაფრის მოთხოვნის სტატისტიკასაც“, - მიიჩნევს გიორგი რუხაძე.

მისივე შეფასებით, სავარაუდოდ, პოლიტიკური ლიდერშიტის ნაკლებობაა, იმისი მიზეზი, რომ ეს საკითხი დღეს გადაუჭრელ პრობლემათა რიცხვშია.

„ვფიქრობ, საგარეო უწყებაში არ მოიძებნება ისეთი ლიდერი, რომელიც ამ საკითხის დაყენებას, მის ლობირებას და დადებითად გადაჭრას შეძლებდა. ეს მარტივი საკითხი არ არის და ქვეყნის პირველი პირების დონეზე უნდა იმართებოდეს მოლაპარაკებები. ამას გამბედაობა და კვალიფიკაციაც სჭირდება.

შესაძლოა, კადრების გადინება მოხდეს, მაგრამ მაღალკვალიფიციური კადრები ისედაც გადიან. რაც შეეხება დანარჩენებს, ისინი არალეგალურად მაინც გადიან, სტატისტიკასაც აუარესებენ და კრიმინოგენულ ვითარებასაც.

მუშაობის ნებართვის შემთხვევაში უფრო მეტი შემოსავლის მიღების, კვალიფიკაციის გაზრდის საშუალება ექნებათ. უფრო ნაკლები ხალხიც გავა, კრიმინალის მაჩვენებელიც შემცირდება და ამაში ცუდი არაფერია. საბოლოო ჯამში ხომ იმისკენ მივისწრაფით, რომ საქართველოს სრული ინტეგრაცია მოხდეს ევროკავშირში? - იმიტომ მივდივართ აქეთ, რომ საქართველოს მოსახლეობასაც ჰქონდეს თავისუფლად გადაადგილების უფლება, როგორც სამუშაო ძალას. ლოგიკა, რომ ამან შეიძლება კადრების გადინება გამოიწვიოს, ძალიან სუსტია, იმიტომ, რომ მაინც აქეთკენ მივდივართ“, - აცხადებს გიორგი რუხაძე.

ასე რომ, როგორც ექსპერტები თვლიან, თუ საქართველოს ხელისუფლების სურვილები და შესაძლებლობები ამის საშუალებას მოგვცემს, ევროკავშირთან უფრო კიდევ კონსტრუქციული ურთიერთობაც არის შესაძლებელი, სადაც ქართველი მოქალაქეების უფლებები სადღაც, უკანა პლანზე არ იქნება გადატანილი.