სახალხო დამცველი რეკომენდაციების შესრულების ხარისხსაც გააკონტროლებს

სახალხო დამცველი რეკომენდაციების შესრულების ხარისხსაც გააკონტროლებს

სახალხო დამცველის 2016 წლის ანგარიშის განხილვა, რომელიც გაცემული რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობას შეისწავლის, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში გუშინ დაიწყო და დღესაც გაგრძელდება. როგორც ომბუდსმენის აპარატში განმარტავენ, დადგენილება საქართველოს პარლამენტმა 2017 წლის 14 ივლისს მიიღო და მასში სახალხო დამცველის 240-მდე რეკომენდაციაა შესული, რომელთა შესრულებაც საქართველოს მთავრობას, სამინისტროებსა და სხვადასხვა უწყებებს დაევალა.

რეკომენდაციების შესრულების ანგარიში უკვე წარადგინეს საერთო სასამართლოებმა, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, იუსტიციის სამინისტრომ, მთავარმა პროკურატურამ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა, რომ მათ მიერ სახალხო დამცველის რეკომენდაციების მნიშვნელოვანი ნაწილი შესრულებულია, გარკვეული რეკომენდაციების შესრულების პროცესში კი ამჯერად იმყოფებიან.

ანგარიშების შემდგომ სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, ბუნებრივია, ოპოზიციის მწვავე რეპლიკების ფონზე და მცირე შელაპარაკებაც მოხდა.

„ევროპული საქართველოს“ წევრმა, ოთარ კახიძემ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ნინო გვენეტაძესა და ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებს რამდენიმე შეკითხვა დაუსვა, კერძოდ, მოსამართლეთა დაწინაურების წესზე, დაუსრულებელ გამოძიებებებზე, პირადი ცხოვრების ამსახველ მასალებსა და ასევე ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას და ნინო შუბლაძის კაბინეტებში აღმოჩენილი კამერების შესახებ, გარდა ამისა, ნიკა გვარამიას განცხადებაზე, რომ მის მიმართ მუქარა ხორცელდება, ასევე, მოსმენების კანონსა და ა.შ.

აღნიშნულის გამო, კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძემ ოთარ კახიძეს მიმართა, გარკვეულ რეგლამენტში ჩატეულიყო, რასაც დეპუტატებს შორის შელაპარაკება მოჰყვა, თუმცა საბოლოოდ, სიტუაცია განიმუხტა.

„თქვენ ხართ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე, თქვენ არ ხართ აქ სუს-ის წარმომადგენელი“, - მიმართა ოთარ კახიძემ სოფო კილაძეს, რაზეც კილაძემ აღნიშნა, რომ კახიძე ყოველგვარ ზღვარს გადადის. კახიძეს თანაგუნდელებიც დაეხმარნენ, თუმცა ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა.

უმრავლესობა ოპოზიციის შენიშვნებს არ იზიარებს - როგორც სოფო კილაძემ აღნიშნა, ოპოზიცია შეეცადა კომიტეტზე სიტუაცია აერია. მთლიანობაში კი კიდევ ერთხელ გამოიკვეთა, რა ხელსაყრელია უმრავლესობისათვის დისკრედიტირებული ოპოზიცია.

„უმრავლესობა და სახალხო დამცველი კონცენტრირებულები ვიყავით იმ საკითხზე, რაც იყო დღის წესრიგში. ოპოზიცია როგორც ყოველთვის, შეეცადა, რომ სიტუაცია აერია, სხვა ჭრილში გადაეყვანა. ჩემი აზრით, იმიტომ, რომ გადაეფარათ ის პროგრესი, რაც ნამდვილად არის სახალხო დამცველის რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით“, - განაცხადა სოფო კილაძემ.

როგორც კილაძე აღნიშნავს, პარლამენტს აქვს უფლებამოსილება და პოლიტიკური პასუხისმგებლობა, რომ თვითონ შეფასოს, რა არის გასაზიარებელი და რა - არა, კილაძის შეფასებით, ბევრი რეკომენდაცია გაჭრილი ვაშლივით ჰგავდა ერთმანეთს.

„ჩვენ ვართ საპარლამენტო კონტროლის რესპუბლიკა, სადაც პარლამენტმა კონტროლი უნდა განახორციელოს იმაზე, რასაც შემოიტანს სახალხო დამცველი. ასე წერია რეგლამენტში, ასეა კანონმდებლობით“, - განაცხადა სოფო კილაძემ.

„ევროპული საქართველო“ ირწმუნება, რომ დადგენილებაში გაიფილტრა რეკომენდაციების გარკვეული ნაწილი, რომელიც იყო ანგარიშში და როდესაც ამაზე აქცენტი გააკეთეს სახალხო დამცველის მოადგილეებმა, თავად სახალხო დამცველმა და „ევროპულმა საქართველომ“, ამან უმრავლესობის გაღიზიანება გამოიწვია.

„მათ სურთ, რომ გარკვეული პრობლემები, მაგალითად, გამოუძიებელი საქმეები, უმცირესობათა უფლებების დარღვევა, უკანონო მოსმენა, თვალთვალი და მიყურადება, ძალადობა პოლიტიკურ ოპონენტებზე, საყდრისის გამოძიება და ა.შ. არ მოხვდეს დადგენილებაში. ამაზე არ სურთ, რომ პასუხი მოსთხოვონ მთავრობას, ვინაიდან ცდილობენ, მიჩქმალონ ადამიანის უფლებათა დარღვევის ეს კონკრეტული ფაქტები. როდესაც ვსაუბრობ 2016 წელს ადამიანის უფლებათა მდგომარეობაზე, ვადარებთ 2015 წელს და ეს არის ამ ანგარიშის არსი, „ქართული ოცნების“ დეპუტატები საუბრობენ კიდევ 9 წელზე, აი, 2012 წელს ასე იყო. ჩვენ ასე წინ ვერ წავალთ“, - განაცხადა კახიძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ვანო ზარდიაშვილმა საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებს შეახსენა, როგორ ირჩევდნენ სახალხო დამცველს, რა გარიგებების საფუძველზე და რას ელოდნენ მისგან.

„ჩვენ ავირჩიეთ ხელისუფლებასთან ყველაზე კრიტიკული არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი, ქალბატონი ნინო ლომჯარია. ჩვენ ამის არ გვეშინია. ჩვენთვის ეს მისაღებია და ეს ჩვენი არჩევანია. თქვენ ზუსტად იმ განსახვავების დანახვა არ გინდათ, თუ რა განსხვავებაა ხელისუფლებებს შორის რომელიც ადამიანის უფლებთან და კერძო საკუთრებასთან მიმართებაში. თქვენ აწყობთ მასკარადს იმისთვის, რომ რამენაირად გადაფაროთ ეს წინსვლა და წარმატება. როგორც ჩემმა მეგობრმა დათომ იხუმრა, ალიოშა დევდარიანის არქივებში იქექებით, იქნებ რაიმე ხელისუფლებასთან მიმართებაში „შავი ლაქა“ ნახოთ. მაგრამ კარგია, იმუშავეთ, თქვენ ეს კარგად გამოგდით, ჩვენ ამასაც გამოვიყენებთ იმისთვის, რომ ჩვენი ხალხისა და ქვეყნის მდგომარეობა კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ“, - მიმართა ზარდიაშვილმა საპარლამენტო უმცირესობას.

ვანო ზარდიაშვილის განცხადებით, თავის დროზე კრიტიკის საგანი გახდა მისი განცხადება, როდესაც მან წინა სახალხო დამცველს მიუთითა მის არასწორ საქციელსა თუ ნაბიჯებზე, რომელიც სასამართლოს, მის მოადგილეებსა და ძვირად ღირებული მანქანების შეძენას ეხებოდა.

სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ კი იმედი გამოთქვა, რომ სამომავლოდ სახალხო დამცველი და საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტი თანამშრომლობის ფორმატში, ერთობლივად შეჯერდებიან პარლამენტის დადგენილებაში შესატან რეკომენდაციებზე და დადგენილებაში სახალხო დამცველის წლიური ანგარიშიდან წინა წლებთან შედარებით უფრო მეტი რეკომენდაცია აისახება.

ნინო ლომჯარია ასევე აპირებს, შეიმუშავოს მექანიზმი, რომელიც აპარატს რეკომენდაციათა შესრულების ხარისხის დადგენის საშუალებას მისცემს.