22 თებერვალს, საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს 3 მოქალაქე - არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი ახალგორში დააკავა. იმავე საღამოს ტატუნაშვილი ცხინვალის მიმართულებით წაიყვანეს. 23 თებერვალს კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ არჩილ ტატუნაშვილი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. სეპარატისტული რეჟიმი ამტკიცებს, რომ ტატუნაშვილი სიკვდილი გულის უკმარისობამ გამოიწვია, რაც ე.წ. ოსურმა წინასწარმა ექსპერტიზამ დაადასტურა. ქართველი მეომრის გარდაცვალების ეს ვერსია სარწმუნო არ არის ოფიციალური თბილისისთვის, რომელიც ცხედრის დაუყოვნებლივ გადმოცემას ითხოვს.
არსებული ინფორმაციით, ტატუნაშვილის წამებაში დაახლოებით 15 პოლიციელი მონაწილეობდა, მათ ნაწილი არაფხიზელ მდგომარეობაში იყო, რომლებიც ფიზიკურად გაუსწორდნენ ბორკილებდადებულ ქართველ მეომარს, რაც მისი სიკვდილის მიზეზი გახდა. ამ ინფორმაციას for.ge-სთან საუბრისას ადასტურებს სტრატეგიული კვლევების კავკასიური ცენტრის ხელმძღვანელი, მამუკა არეშეიძე.
რუსული და ოსური მედია არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების ერთადერთ მიზეზად გულის უკმარისობას ასახელებს. თქვენ თუ გაქვთ ინფორმაცია რა მოხდა 23 თებერვალს და რატომ ჭიანურდება ცხედრის გადმოსვენება?
მამუკა არეშიძე: ცხედარი ძალიან დაზიანებულია. არ უნდათ, არ აწყობთ საერთაშორისო სკანდალი. ვერ უარყოფენ იმას, რომ საქართველოს მოქალაქეები ნამდვილად მათმა სამართალდამცავებმა დააკავეს, მათი სამართალდამაცვების ასეთი საქციელი კი პირდაპირ ურტყამს რუსეთის პრესტიჟს, რომელიც პასუხისმგებელია ოკუპირებულ ტერიტორაზე. რასაკვირველია, ამ საერთაშორისო ზეწოლის პირობებში არ უნდათ ცხედრის გადმოცემა და ფაქტის გასაჯაროვება.
თუმცა, არ გამოვრიცხავ კიდევ ერთ მიზეზს, კერძოდ - ქართული მხარის განსაკუთრებული გაღიზიანება და პროვოკაციაზე წამოგების მიზანს. საქმე ისაა, რომ თვითონ ტატუნაშვილის ამბავია უცნაური იმ თვალსაზრისით, რომ საქართველო პატარა ქვეყანაა, მით უმეტეს უფრო პატარა არის ცხინვალის რეგიონი, ამიტომ, პირველი - ყველამ ძალიან კარგად იცოდა, რომ ტატუნაშვილი არ მონაწილეობა 2008 წლის აგვისტომში ომში. როდესაც ეს ჯგუფი ერაყიდან დაბრუნდა, საომარი მოქმედება უკვე დამთავრებული იყო. მეორე - ყველამ იცოდა, რომ ტატუნაშვილი წარსულში იყო თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი და ისიც ძალიან კარგად იცოდნენ, რა ტიპის ჯარში მსახურობდა.
ასე დეტალურად თუ ფლობდნენ ტატუნაშვილის შესახებ ინფორმაციას, მაშინ რატომ დააკავეს ახლა და რა მოტივით გაუსწორდნენ ასე სასტიკად?
- მე ვფიქრობ, რომ მისი ახლა დაკავება და ასე სასტიკად გასწორება მიუთითებს ერთი მხრივ მოსკოვის წინაშე თავის გამოჩენის მოტივზე, ხოლო მეორე მხრივ ეს იყო საქართველოს მხარის პროვოკაციაზე წამოგების სურვილი. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, რომელზეც არ არის ლაპარაკი და ვფქრობ, რომ ამ მიმართულებით აუცილებლად უნდა გამახვილდეს ყურადღება.
როდესაც საუბარია შესაძლო პროვოკაციაზე და მით უფრო წინასწარ არსებულ სცენარზე, რამდენად მნიშვნელოვანია ახლა ქართული მხარის სიდინჯე, რომ კიდევ ერთხელ არ გავხდეთ პროვოკაციის მსხვერპლი? მით უმეტეს, რომ საოკუპაციო რეჟიმი მთელი ძალით აკვირდება ახლა მიმდინარე პროცესებს...
- მესმის ოჯახის მდგომარეობა, მაგრამ ოჯახს კარგად უნდა აეხსნას რა ხდება და, რომ ოკუპანტები სწორედ ჩვენგან დაშვებულ პროვოკაციას დარაჯობენ, ამისთვის ემზადებიან. რამდენაც მაქვს ინფორმაცია, მესაზღვრეებს უკვე მისცეს შესაბამისი ბრძანება, რომ ქართული მხრიდან აღკვეთონ სავარაუდო პროვოკაცია. ამიტომ ახლა საჭიროა პაუზა. თუ იქნება პოლიტიკური ნება, მერწმუნეთ, რომ ტატუნაშვილის მკვლელები ვერსად ვერ დაიმალებიან. ცხელ გულზე გადაწყვეტილების მიღება და რაღაცა ნაბიჯების გადადგმა არ იქნება სწორი.
მურატ ჯიოევი საუბრობს იმაზე, რომ ტატუნაშვილის გარდაცვალებამ არ უნდა შეიძინოს პოლიტიკური ელფერი და კიდევ უფრო არ გაართულოს ცხინვალსა და საქართველოს შორის ურთიერთობა...
- აფხაზებისგან განსხვავებით, ცხივნალის პოლიტიკური ისტებლიშმენტის დონე უკედურესად დაბალია, თანაც იმდენად დაბალი, რომ უხერხული მდგომარეობაც კი იქმნება ხოლმე. მათ შორის ერთ-ერთი არის ჯიოევი. აბსოლუტურად არავითარი მნიშვნელობა არ აქვს რა განცხადება გააკეთა ჯიოევმა. მაგრამ ის, რომ ზედმეტი მოუვიდათ, ამას კარგად აცნობიერებენ და ახლა არ იციან როგორ გამოვიდნენ მდგომარეობიდან.
ზედმეტში ვგულისხმობ არა მკვლელობას, არამედ მკვლელობის დრამატურგიას, ანუ როგორ მოხდა ეს მკვლელობა. არ მინდა დეტალებზე საუბარი, მაგრამ ჩემთვის ცნობილია როგორ მოიქცნენ და რა მდგომარეობაში ჩააგდეს ტატუნაშვილი. საშინლად მოექცნენ ამ ახალგაზრდას, რომელიც მართლაც უაღრესად ვაჟკაცურად იქცეოდა.
თავიდან მოულოდნელობის ფაქტორი იყო, მაგრამ როგორც ჩანს, მერე მიხვდა რაშიც იყო საქმე. დაახლოებით 15 პოლიციელი მონაწილეობდა ამ მკვლელობაში, აქედან 5-6 კაცი არაფხიზელ მდგომარეობაში იყო, მათ შორის ერთ-ერთი ხელმძღვანელი მუშაკიც იყო. ეს ყველაფერი გადმოცემით ვიცი და კიდევ ერთხელ ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ ტატუნაშვილი ვაჟკაცი კაცი ყოფილა.
თუ გამოვალთ იქიდან, რომ ეს იყო მოსკოვის წინაშე თავის გამოჩენის მოტივი, ან იგივე საქართველოს მხარის პროვოკაციაზე წამოგების სურვილი, საპრეზიდენტო არჩევნების წინ რატომ უნდა აწყობდეს რუსეთს კონფლიქტი იმ რეგიონში, რომელზეც პასუხისმგებელია?
- თუ ვიღაცის ავადმყოფ თავში მოვიდა ასეთი იდეა, რომ მოსკოვის წინაშე გამოეჩინათ თავი, ამბავი ისე დამთავრდა, რომ უკუეფექტი მიიღეს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ და არ გამოვრიცხავ იმას, რომ მათ მიიღეს ბრძანება პროვოკაციაზე წამოეგოთ ქართული მხარე. მაგრამ ისე გააკეთეს, რომ ქართული სამსახური გაუწიეს რუსულ მხარეს. ახლა ძალიან რთულია რუსებისთვის რომ სხვადასხვა საერთაშორისო ფორმატებში თავი იმართლონ. ვიცით, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი აპირებს გაეროს შესაბმის კომიტეტზე ამ ფაქტის აღწერას. რა უნდა უპასუხოს რუსულმა მხარემ? ტერორისტი იყო და ყველა ჯიბეში ჩალაგებული ჰქონდა კომპრომატები?
ასეთია ოფიციალური ვერსია, რომ ის გეგმავდა ტერორისტულ აქტს...
- რა ინფორმციაც მათ თავიანთ მოსახლეობას მიაწოდეს, თუ როგორ მოხდა ტატუნაშვილის დაკავება, ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ რუსული „მართლმსაჯულება“ მე-20 საუკუნის 20-იან წლებში დარჩა. 30-იანშიც ვერ გადადიან, იმდენად ტრაგიკომიკურია ინფორმაცია, რომელიც მათ გაავრცელეს. ე.ი. ტატუნაშვილს ჯიბეებში ჩალაგებული ჰქონდა კომპრომატები, ჰქონდა სიები თავისი თანამშრომლებით და ხელმძღვანელებით, ფოტოები, მონახაზები და ა.შ. ისეთი კოშმარია, რომ ამასთან დაკავშირებით რამდენიმე რუს ბლოგერთან მქონდა მიმოწერა. მიუხედავად იმისა, რომ ყველას „დერჟავიკული“ განწყობა აქვს, უკიდურესად აღშფოთებული არიან ამით და არავინ არ დაიჯერა. თუ ძალით დააჯერებ საკუთარ თავს, თორემ არის ხალხი, რომელთაც უბრალოდ გაატარეს ეს ამბავი, თითქოს არაფერი მომხდარა. თვითონაც ხვდებიან, რომ სირცხვილია ამ ინფორმაციის მოსმენაც და დაჯერება.
რა ბერკეტები აქვს ახლა ქართულ მხარეს, რომ დროულად მოხდეს ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვნება და ასევე, არ დაუშვან პროვოკაციაზე წამოგება?
- საერთაშორისო ზეწოლის გარდა არავითარი ოფიციალური ბერკეტი ქართულ მხარეს არ გააჩნია. როგორც ჩანს, პირდაპირი მოპალარაკება შედეგს არ გამოიღებს, ამიტომ დარჩა ერთადერთი გზა - საერთაშორისო ზეწოლა. ეს არის ოფიციალური ნაწილი. რაც შეეხება არაოფიციალურ ნაბიჯებს, გარკვეული დროის შემდეგ ამის უამრავი ბერკეტი არსებობს. რაც შეეხება ცხედრის გადმოცემას, მხოლოდ საერთაშორისო აქტიურობით შეიძლება შედეგის მიღწევა. მაგრამ იმისათვის, რომ დაისაჯონ დამნაშავეები, არსებობს არაოფიციალური ხერხი, რომლის გამოყენება არ არის საჩქარო. ახლა არაფრით არ შეიძლება ასეთი ისტერიის დაშვება. მესმის, ოჯახის მდგომარეობა, მაგრამ ოჯახს უნდა ეთქვას, რომ მკვლელებს აუცილებლად მიეზღვებათ თავისი, ოღონდ ამისთვის დრო არის საჭირო.