„ვიდრე ცხედარს არ გადმოგვცემენ, არც ერთი რუსული მანქანა არ გაივლის ავტობანზე“

„ვიდრე ცხედარს არ გადმოგვცემენ, არც ერთი რუსული მანქანა არ გაივლის ავტობანზე“

„რუსეთო, შეწყვიტე უკანონო ოკუპაცია“, - ასე გამოეხმაურა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე ევროპარლამენტის წევრი ანა გომეში ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში საქართველოს მოქალაქის არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეს. ევროპარლამენტარი შეშფოთებას გამოხატავს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტზე.

„მწუხარებას გამოვხატავთ და ვიზიარებთ შეშფოთებას სამხრეთ ოსეთში რუსი ოკუპანტების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით. საქართველოს კიდევ ორი მოქალაქე დაკავებულია. რუსეთო, შეწყვიტე უკანონო ოკუპაცია“, - წერს ანა გომეში.

22 თებერვალს, საოკუპაციო რეჟიმის მიერ მოკლული არჩილ ტატუნაშვილის საქმეს გამოეხმაურა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

„ჩვენ ვიზიარებთ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის სპიკერის შეშფოთებას სამხრეთ ოსეთში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან და საქართველოს მოქალაქის ტრაგიკულ დაღუპვასთან დაკავშირებით და ვუერთდებით მის მოწოდებას გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად დამატებითი ღონისძიებების გატარების შესახებ“, - ნათქვამია ანდრეას პეშკეს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ცხინვალშია. სუს-ი არ ადასტურებს დე ფაქტო ხელისუფლების ე.წ. საინფორმაციო საშუალებების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ტატუნაშვილის ცხედარი რუსეთშია გადასვენებული. არსებული ინფორმაციით, რუსეთის ფედერაციაში მხოლოდ საექსპერტო მასალებია გადაგზავნილი. სეპარატისტები ამ დრომდე ირწმუნებიან, რომ ქართველი მეომრის სიკვდილი გულის უკმარისობამ გამოიწვია, ეს დაადასტურა ოსურმა წინასწარმა ექსპერტიზამ.

სეპარატისტების მიერ წამებით მოკლული ქართველი მეომრის ცხედარი ქართულ მხარეს დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ გადაეცემა. სუს-ის ანალიტიკური სამსახურის უფროსის მოადგილე, კახაბერ ქემოკლიძე აცხადებს, რომ სუს-ი და ხელისუფლება მუშაობს, რომ ცხედარი რაც შეიძლება მალე დაუბრუნდეს ოჯახს, ახალგორში უკანონოდ მყოფი ორი პირი კი ცენტრალური მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოვიდნენ.

დე ფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენელის მურატ ჯიოევის განცხადებით, გარდაცვლილის სხეული ექსპერტიზის შედეგების ასლებთან ერთად, რომლებსაც მიიღებენ უახლოეს პერიოდში, საქართველოს გადაეცემა. მისი თქმით, ყველა მხარემ დღეისთვის უნდა იზრუნოს იმაზე, რომ ტატუნაშვილის გარდაცვალებამ არ შეიძინოს პოლიტიკური ფონი და კიდევ უფრო არ გაართულოს ცხინვალსა და საქართველოს შორის ურთიერთობა.

„ტატუნაშვილთან ერთად დაკავებულია საქართველოს კიდევ ორი მოქალაქე. ისინი გათავისუფლდნენ და ამ დროისთვის საკუთარ სახლებში იმყოფებიან ლენინგორში, მაგრამ ვინაიდან საგამოძიებო ორგანოებს მათთან კითხვები აქვთ, ისინი დროებით რესპუბლიკის ტერიტორიაზე იმყოფებიან, რის შემდეგაც, მათ ქართულ მხარეს გადავცემთ“, - აცხადებს მურატ ჯიოევი.

სეპარატისტების ვერსიას, რომ ცხედრის გადმოცემა ექსპერტიზის დასრულების შემდეგ მოხდება, სარწმუნოდ არ მიიჩნევს საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია.

„ალბათ, გარკვეულწილად მოსალოდნელიც იყო, რომ ცხინვალის მხარე და ოკუპანტი სახელმწიფო აგვიანებს ცხედრის გადმოცემას. ასეთ ფაქტს ჰქონდა ადგილი 2014 წელსაც, როცა საქართველოს მოქალაქის ცხედარის გადმოცემა იმდენად დაგვიანებით მოხდა, რომ ექსპერტიზის შედეგად ვერ დადგინდა მისი გარდაცვალების მიზეზი.

ჩემი აზრით, ცხედრის გადმოცემის გაჭიანურება იმ მიზანს ემსახურება, რომ ექსპერტიზამ გარდაცვალების გამომწვევი მიზეზები ვერ დაადგინოს. ცდილობენ ცხედრის მაქსიმალურად დამალვას. ალბათ, საერთაშორისო მექანიზმების გზით უნდა მოვახდინოთ ზეწოლა რუსეთის ხელისუფლებაზე, რომ ცხედარი დროულად იქნას გადმოცემული“, - აღნიშნა ნინო ლომჯარიამ.

მოკლული არჩილ ტატუნაშვილის მამა, გიორგი ტატუნაშვილი რომელიც შს მინისტრს გიორგი გახარიას შეხვდა, ხელისუფლებას ორდღიან ვადას აძლევს, რათა გარდაცვლილის საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსასვენებლად კონკრეტული გეგმა შემუშავდეს. იმ შემთხვევაში, თუკი აღნიშნული მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება და ეფექტური რეაგირება არ იქნება, როგორც გიორგი ტატუნაშვილი აცხადებს, ავტობანზე არც ერთ რუსული სანომრე ნიშნიანი ავტომანქანას არ გაატარებენ.

„ჩემი ერთადერთი ნატვრაა, რომ დედას შვილის ცხედარი დავუბრუნო და დაიტიროს როგორც წესია. მათთან მოლაპარაკებები ძალიან რთულია, მაგრამ ჩართულია ყველა უწყება, რომ როგორმე მოხდეს დროულად გადმოსვენება. იმიტომ აჭიანურებენ გადმოსვენებას, რომ ჩემი შვილი ნაწამებია. რომ არ გახმაურდეს, არ გაიგოს ყველამ, რომ ჩემი შვილი ტანჯვა-წამებით მოკლეს, ამიტომაც ჭიანურდება.

ჩემი შვილი ბორკილებდადებული წიყვანეს. ფიზიკურად ძლიერი იყო, ალბათ, არ ემორჩილებოდა, წინააღმდეგობას უწევდა და ამიტომაც მოკლეს. მე კიდევ ველოდები ცხედრის გადმოცემას, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვიდრე ცხედარს არ გადმოგვცემენ, არც ერთი რუსული მანქანა არ გაივლის ავტობანზე“, - განაცხადა გიორგი ტატუნაშვილმა.

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის გიგი წერეთელის განცხადებით, არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეზე სათანადო რეაგირება ექნება ეუთო-ს. მისივე განცხადებით, მნიშვნელოვანია საერთაშორისო საზოგადოების მეტი აქტიურობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე მდგომარეობასთან დაკავშირებით.

„არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებას, გააქტიურების და მოქმედებების ახალი იმპულსი და ტალღა უნდა მოყვეს. არსებულ ინსტრუმენტებთან ერთად, მნიშვნელოვანია სხვა მექანიზმების ჩართულობაც, როგორიცაა ეუთო, ევროკავშირი თუ აშშ. მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს სწრაფი გამოძიება, დამნაშავეების გამოვლენა და მათთვის ე.წ. „მაგნიტსკის სიის“ მსგავსად მკაცრი სანქციების დაწესება. ვესაუბრე ეუთოში კოლეგებს და შევთანხმდით, რომ ეუთო-ს მხრიდან შესაბამისი რეაგირება და განცხადება გაკეთდება“, - განაცხადა გიგი წერეთელმა.

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს, სოფო კილაძეს არ აქვს განცდა იმისა, რომ თუნდაც რუსეთში სამართლებრივად და სწორად ჩატარდება ექსპერტიზა. როგორც დეპუტატი აცხადებს, ეს არის ფანდი, რომ რაღაც გაწელონ და გააჭიანურონ პროცესი, რომ სიმართლის დადგენა გაჭირდეს.

„რა ბერკეტები გვაქვს ხელში ამ წუთში იმისთვის, რომ ამ რეჟიმს გავუმკლავდეთ - პირველ რიგში, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა, რადგან ეს საკითხი რომ არ იყოს აქტუალური ყოველთვის საერთაშორისო დონეზე, ფორუმებსა და ა.შ. ბუნებრივია, ჩვენ კიდევ უფრო რთულ სიტუაციაში ვიქნებოდით. ამიტომ მაქსიმალურად დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერას ამ საკითხში, მაგრამ ბუნებრივია, იმავდროულად ჩვენ, როგორც სახელმწიფოს, რა ნაბიჯებიც შეგვიძლია, აუცილებლად უნდა გადავდგათ“, - აღნიშნა სოფო კილაძემ.

ოპოზიცია თვლის, რომ ტატუნაშვილის მკვლელობიდან მაგალითი უნდა მივიღოთ, რომ რუსეთთან ე.წ. ურთიერთობის დათბობა, ე.წ. პრაგმატული პოლიტიკა და მათთვის დითირამბების მიძღვნა არის არაგონივრული ნაბიჯი. „ევროპული საქართველოს“ წევრის, ოთარ კახიძის განცხადებით, საქართველო ამის შემდეგ უნდა იყოს იმაზე ხმამაღალი, მკვეთრი, პრინციპული და მომთხოვნი, ვიდრე აქამდე იყო.

„რუსეთთან საჭიროა პრინციპული პოზიციის დაჭერა, აუცილებელია, რომ საქართველოს საკითხი იყოს რუსეთსა და დასავლეთს შორის დაპირისპირების საგანი, ჩვენ იმაზე მეტად ხმამაღალი, მკვეთრი და მომთხოვნი უნდა ვიყოთ, ვიდრე აქამდე. ტატუნაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის საოკუპაციო რეჟიმს.

ხელისუფლებამ უნდა გადადგას დაუყოვნებლივი ნაბიჯები, რათა მაქსიმალური მობილიზება მოხდეს საერთაშორისო საზოგადოების, რომ დროულად იქნას უზრუნველყოფილი ჩვენი მოქალაქის ცხედრის გადმოცემა. ოჯახს დროულად უნდა მიეცეს საშუალება, რომ ჩატარდეს შესაბამისი სამხედრო წესით ჩვენი ჯარისკაცის დაკრძალვა“, - განაცხადა ოთარ კახიძემ.