„როცა გამოძიებას ადრინდელი ხანძრების მიზეზები არ დაუდგენია, ბუნებრივია, კითხვა - ეს ხომ არ ხდება განზრახ“?

„როცა გამოძიებას ადრინდელი ხანძრების მიზეზები არ დაუდგენია, ბუნებრივია, კითხვა - ეს ხომ არ ხდება განზრახ“?

კიდევ ერთი ხანძარი და კითხვა, რომელიც ყოველი ხანძრის შემდეგ უპასუხოდ რჩება, ხომ არ იგეგმება ამ ტერიტორიის გასხვისება და სკანდალის ასაცილებლად, მიზანმიმართულად ხომ არ წვავენ ბაზრობებსა თუ სხვა შენობებს? არსებობს სხვა კითხვებიც - კონკურენტები ხომ არ ცდილობენ ერთმათეთის ჩაძირვას სასტიკი მეთოდებით? ან თუნდაც ვიღაცას ხომ არ სურს, წვრილი და საშუალო ბიზნესი კიდევ ერთხელ დარწმუნდეს, რომ ბიზნესის დაზღვევა ისეთივე აუცილებელია, როგორც თუნდაც გადასახადების გადახდა...

ამჯერად, როგორც ჩანს, ამ ეჭვების ნაწილს მაინც, გაგრძელება არ მოჰყვება, რადგან დიდუბის რაიონის გამეგებელი, ირმა ზავრადაშვილი ირწმუნება, რომ როგორც კი შესაძლებელი იქნება, თევდორე მღვდლის ქუჩაზე დამწვარ სავაჭრო ობიექტში იგივე სპეციფიკის ბაზრობა მოეწყობა და იგივე ადამიანები დასაქმდებიან.

დიდუბის გამგებლის ინფორმაციით, ადმინისტრაცია მზად არის ითანამშრომლოს ობიექტზე დასაქმებულ პირებთან და შესაბამისად, ზარალის ანაზღაურებაზე საკითხის გადაწყვეტა ინდივიდუალურად მოხდება.

მოიჯარეებიც აცხადებენ, რომ მათ ბაზრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლების მხრიდან მიიღეს პირობა, რომ მაქსიმალურად მოხდება შეღავათების დაწესება და შუამავლობის გაწევა საგადასახადო სამსახურებთან.

კონკრეტულად რა შეღავათები დაწესდება, მას შემდეგ გახდება ცნობილი, როცა დამწვარი ბაზრობის ტერიტორიაზე მოხდება ზარალის ოდენობის დათვლა და დაზიანებული ინვენტარის დეტალური აღწერა.

რაც შეეხება ხანძრის გამომწვევ მიზეზს, აქ ყველაფერი უფრო ბუნდოვანია და როგორც გამოცდილება გვკარნახობს, ასეც დარჩება. ამ თემით დაინტერესებულია დედაქალაქის მერიც, კახა კალაძის განმარტებით, როგორც ადმინისტრაცია საუბრობს, ობიექტზე ელექტროგაყვანილობა რამდენიმე თვის წინ შეიცვალა, ასევე სახანძრო უსაფრთხოების თვალსაზრისით აღნიშნული სავაჭრო ცენტრი ერთ-ერთი ყველაზე გამართული იყო.

„საექსპერტო კრიმინალისტიკური სამსახური მუშაობს, რათა ხანძრის გამომწვევი მიზეზები დაადგინოს. როგორც კი დასრულდება მუშაობა, დაიწყება დამწვარი ფართების აღდგენითი სამუშაოები. მანამდე ადამიანებს, ვისი საქონელიც გადარჩა, მიეცემათ შესაძლებობა გვერდით ფართებში გადანაწილდნენ, რათა გააგრძელონ საქმიანობა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ჟურნალისტები დაინტერესდნენ ინფორმაციით, რომლის თანახმად, სავაჭრო ცენტრ „თერგის“ ერთ-ერთი მეწილე თბილისის მერიის ერთ-ერთი სამსახურის უფროსის, გიორგი ბაგრატიონის მამა - მუხრან ბაგრატიონია. კალაძის თქმით, მუხრან ბაგრატიონს აღნიშნულ სავაჭრო ცენტრში წილები აქვს, თუმცა დეტალების შესახებ მას ინფორმაცია არ გააჩნია.

საქართველოს პარლამენტიც აქტიურად ინტერესდება მომხდარით, თუმცა უმრავლესობას მაინც და მაინც კრიტიკული დამოკიდებულება არ გააჩნია იმ ფაქტზე, რომ წარსულში მომხდარი ხანძრების გამოძიება ჯერაც არ დასრულებულა და დამნაშავე არც ერთ შემთხვევაში არ დაუდგენიათ.

როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, მისი გუნდი თვალს მიადევნებს, რომ ამ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დროულად ჩატარდეს.

„მინდა, სოლიდარობა გამოვუცხადო მოვაჭრეებს, რომლებისთვისაც, შესაძლოა, ხანძრის შედეგად განადგურებული სავაჭრო ფართები არის შემოსავლის ერთადერთი წყარო. ჩვენ თვალს მივადევნებთ, რომ ამ ფაქტთან დაკავშირებით ექსპერტული შეფასებები და გამოძიება ჩატარდეს დროულად, რათა საზოგადოების კითხვებს პასუხი გაეცეს. რაც წინა ხანძრების ანალიზით იკვეთება, ეს არის რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რასაც მოკლე დროში უნდა მიექცეს ყურადღება. პირველი ეს არის ასეთი სავაჭრო ობიექტების დაზღვევის საკითხი. მეორე - ანტისახანძრო უსაფრთხოების სისტემები, რომელიც აუცილებელია, რომ სავაჭრო სივრცეებში გახდეს სავალდებულო. რამდენადაც ცნობილია, მთავრობა მუშაობს ამ საკითხებთან დაკავშირებით და მას აქვს პარლამენტის სრული მხარდაჭერა, რომ ეს ორი საკითხი, რაც მომავალში დააზღვევს ბევრ მსგავს ობიექტს, იქნება დროულად გადაჭრილი“, - განაცხადა თალაკვაძემ.

რაც შეეხება ხანძრებზე გამოძიების გაჭიანურებას, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ის, რომ რომელიმე ხანძრის დროს კონკრეტული ბრალეული პირი არ გამოიკვეთა, ეს არ ნიშნავს, რომ გამოძიება არ ჩატარებულა.

„გამოძიების საგანი არ არის მხოლოდ და მხოლოდ ბრალეული პირის გამოკვეთა, არამედ მიზეზების დადგენაც, თუ რატომ მოხდა და გაჩნდა ხანძარი. შესაბამისად, წინა გამოძიებების ფარგლებში რამდენიმე შემთხვევაში ეს მიზეზები დადგენილია. ჩემთვის ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია იმ შეკითხვებს, რომლებიც მოვაჭრეებს აქვს, გაეცეს დროული და ობიექტური პასუხები გამოძიების მიერ“, - განაცხადა თალაკვაძემ.

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, სოფო კილაძეც აღნიშნავს, რომ პასუხი გამოძიებამ უნდა დადოს.

მისივე შეფასებით, არ გამორიცხავენ, რომ ხანძარი თავისით გაჩნდა, მაგრამ იმასაც ვერ გამოვრიცხავენ, რომ ვიღაცამ ხელოვნურად გააჩინა - ამას გამოძიებამ უნდა გასცეს პასუხი.

„სამწუხაროდ, ამ საქმეს დეტალურად არ ვიცნობ, მაგრამ თუ არის კითხვის ნიშნები, ბუნებრივია, ყველაფერი უნდა გააკეთოს სამართალდამცველმა ორგანოებმა იმისთვის, რომ ნათელი მოეფინოს ამ კონკრეტულ საქმეს. სიმართლე გითხრათ, მართლაც ცოტა ძალიან უცნაური არის დაწყებული ზაფხულიდან ამდენი ხანძარი ქვეყანაში“, - განაცხადა კილაძემ.

რაც შეეხება, ხანძრების გამომწვევ მიზეზებზე გამოძიების გაჭიანურებას, სოფო კილაძის განცხადებით, ხანძარი არის ერთ-ერთი თემა, სადაც ნამდვილად ძალიან უჭირს ხოლმე გამოძიებას და არა მხოლოდ საქართველოში.

სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, როცა გასულ პერიოდებში მომხდარ ხანძრებზე გამოძიებას მიზეზები არ დაუდგენია, ბუნებრივია, კითხვები ჩნდება, ხომ არ არის ეს განზრახ მიმართული ქმედება.

„ვფიქრობ, მხოლოდ გამოძიებას შეუძლია გააქარწყლოს კითხვები მომხდართან დაკავშირებით“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

სავაჭრო ცენტრ „ქალაქის გულში“ და „თერგში“ მომუშავე პირებს უჭირთ საუბარი, რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი. ისინი აღნიშნავენ, რომ ტერიტორიით დაინტერესება კონკრეტულმა პირებმა არაერთხელ გამოთქვეს, თუმცა ტერიტორია არ გასხვისდა.