ერგნეთში, ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის არაგეგმური შეხვედრა ისე დასრულდა, დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლებმა ქართულ მედიასთან კომენტარზე უარი განაცხადეს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა კახა ქემოკლიძემ კი აღნიშნა, რომ დე-ფაქტო ცხინვალის წარმომადგენლებმა გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემაზე ამ ეტაპზე უარი განაცხადეს.
საგანგებო შეხვედრა სუს-ის მოთხოვნით დაინიშნა. შეხვედრას ქართული მხარის გარდა, მურად ჯიოევის ხელმძღვანელობით დე-ფაქტო ცხინვალის ე.წ. ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრაში მონაწილეობდნენ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებიც. ინცინდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის გეგმიური შეხვედრა პირველ მარტს იყო ჩანიშნული.
რაც შეეხება ტატუნაშვილთან ერთად დაკავებულ საქართველოს ორ მოქალაქეს, ლევან ქუტაშვილს და იოსებ პავლიაშვილს, რომლებიც ოკუპირებული ახალგორის ტერიტორიიდან გადმოსვლას ვერ ახერხებენ, ქართულმა მხარემ კონკრეტული პასუხი ვერც მათ გათავისუფლებაზე მიიღო.
თუმცა, სუს-ის წარმომადგენლის, კახა ქემოკლიძის თქმით, ქართულ მხარეს იმედი აქვს, რომ უფრო კონკრეტულ პასუხებს მიიღებენ.
შეხვედრის შემდეგ ოსურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ქართულ მხარეს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ გადაეცემა.
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დეფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენელმა პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში მურატ ჯიოევმა ოსურ მედიას განუცხადა, რომ ტატუნასვილის სიკვდილი გამოიწვია გულის უკმარისობამ, ეს დაადასტურა მათმა წინასწარმა ექსპერტიზამ.
„იმისთის, რომ ჩვენი დასკვნა დადასტურდეს დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ, მასალები გადავუგზავნეთ დამოუკიდებელ ექსპერტს“, - განაცხადა ჯიოევმა.
ჯიოევის განცხადებით, ყველა მხარემ დღეისთვის უნდა იზრუნოს იმაზე, რომ ტატუნაშვილის გარდაცვალებამ არ შეიძინოს პოლიტიკური ფონი და კიდევ უფრო არ გაართულოს ცხინვალსა და საქართველოს შორის ურთიერთობა.
რაც შეეხება ტატუნაშვილთან ერთად დაკავებულ საქართველოს კიდევ ორ მოქალაქეს, როგორც ჯიოევი აცხადებს, შაბათს ისინი გათავისუფლდნენ და ამ დროისთვის საკუთარ სახლებში იმყოფებიან ლენინგორში, მაგრამ ვინაიდან საგამოძიებო ორგანოებს მათთან კითხვები აქვთ, ისინი დროებით რესპუბლიკის ტერიტორიაზე იმყოფებიან, რის შემდეგაც, მათ ქართულ მხარეს გადასცემენ.
რაც შეეხება საქართველოში ამჟამად მიმდინარე პროცესს - არჩილ ტატუნაშვილის ოჯახი და ახლობლები აქციას მართავენდა კვლავინდებურად რჩებიან თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ცენტრალურ მაგისტრალზე. მათი განცხადებით, სანამ კონკრეტული გეგმა არ გახდება ცნობილი, თუ როგორ იმოქმედებს საქართველოს ხელისუფლება გარდაცვლილის ცხედრის გადმოსაცემად, ისინი გზის სავალ ნაწილს არ გაათავისუფლებენ და პერმანენტულ აქციებს გამართავენ, მათ შორის დედაქალაქში.
როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა, ხელისუფლება აბსოლუტურად ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ დროულად მოხდეს არჩილ ტატუნაშვილის გადმოსვენება საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე.
„მიმდინარეობს თანამშრომლობა ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან, აშშ-სთან, რომ მათი დახმარებით და ზეწოლით უფრო მეტს მივაღწიოთ. მოგეხსენებათ, საკმაოდ რთულია ოკუპაციის პირობებში რუსეთის მხარესთან ნებისმიერ საკითხზე საუბარი, მაგრამ საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ მოხდეს გარდაცვლილის გადმოსვენება“, - განაცხადა მათიკაშვილმა.
საპარლამენტო უმრავლესობამ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ცხინვალში არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებულ საკითხზე რეზოლუციის მიღების ინიციატივა დააყენა, რომელშიც მრავალ ასპექტზე გამახვილდება ყურადღება, მათ შორის იმაზე, რომ მოხდეს საერთაშორისო საგამოძიებო მოქმედების ჩატარება.
თუმცა, ოპოზიცია მიიჩნევს, რომ რეზოლუციის მოთხოვნა დაგვიანებულია და „ქართულმა ოცნებამ“ მრავალი წელი უმოქმედობით დაკარგა. ნაციონალების აზრით, წლების წინ უნდა დაწყებულიყო ზეწოლის გაძლიერება საერთაშორისო თანამეგობრობაზე, რომ ტერიტორიებზე მისიის დაშვება მომხდარიყო.
ნაციონალების აზრით, ხელისუფლების უმოქმედობის შედეგად ჩვენი ოკუპაციის თემატიკა ფაქტობრივად, გაქრა საერთაშორისო დღის წესრიგიდან.
თუმცა, ამის მიუხედავად, „ნაციონალური მოძრაობა“ აცხადებს, რომ მხარს დაუჭერს ყველა ნაბიჯს, რომელიც გადადგმული იქნება ოკუპირებულ რეგიონებში საქართველოს მოქალაქეების დასაცავად.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძე საპარლამენტო უმცირესობას არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებული ტრაგედიის საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოყენებაში სდებს ბრალს.
„მაკვირვებს საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლების პათოსი, რომ ასეთი დიდი ტრაგედია შეუძლიათ საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოიყენონ... სულ ცოტა ხნის წინ ვიყავი გერმანიასა და ავსტრიაში. ორივე ქვეყანაში, რომლებიც ევროკავშირში წამყვან ქვეყნებად ითვლებიან, დღესაც ძალიან აქტუალურია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი. ეს არის სწორედ იმ მუშაობის დამსახურება, რომელსაც ეწევა ჩვენი ხელისუფლება და ეს თემა ერთი წუთითაც არ არის თავისი აქტუალურობიდან გასული. შემიძლია დაგამშვიდოთ და გითხრათ, რომ როგორც გერმანია და ავსტრია, ისევე როგორც სხვა ქვეყნები, აქტიურად გვიჭერენ ჩვენ მხარს ტერიტორიული მთლიანობის საკითხში“, - განაცხადა კილაძემ.
მომხდართან დაკავშირებით საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან პირველი განცხადებები უკვე გაკეთდა, მათ შორის, საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩო იმედოვნებს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლება უზრუნველყოფს სრულ, ღია და გამჭვირვალე გამოძიებას არჩილ ტატუნაშვილის სიკვდილის მიზეზის დასადგენად.
„ეს ტრაგიკული შემთხვევა, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმ საფრთხეებს და ადამიანურ ტკივილს, რომელიც გამოწვეულია საქართველოში არსებული კონფლიქტებით და კიდევ ერთხელ ცხადყოფს საერთაშორისო ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარული ორგანიზაციების სრული და შეუფერხებელი დაშვების აუცილებლობას სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო კონტროლირებად ტერიტორიაზე. ეს უკანასკნელი შემთხვევა ხაზს უსვამს დამატებითი ზომების აუცილებლობას, რომლებიც მიმართული იქნება მეტი გამჭვირვალობისა და ნდობის აღდგენისკენ. დიდი ბრიტანეთი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, - ნათქვამია საელჩოს სპეციალურ განცხადებაში.
რაც შეეხება საქართველოს ხელისუფლებას, ის ცდილობს კიდევ უფრო მეტი მხარდაჭერა მოიპოვოს საერთაშორისო დონეზე - ვიცე-პრემიერმა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართა, რადგან მხოლოდ მათი ზეწოლით არის შესაძლებელი, დასრულდეს რუსეთის ოკუპაცია და მისგან გამომდინარე მძიმე ჰუმანიტარული შედეგები.
საგარეო საქმეთა მინისტრმა გაერო-ს გენერალურ მდივანთან ანტონიო გუტიერეშთან შეხვედრაზე საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება განიხილა, ჯანელიძემ გაერო-ს გენერალურ მდივანს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა მომხდარზე და აღნიშნა, რომ გიგა ოთხოზორიას მკვლელობის შემდეგ ეს მორიგი ფაქტია, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების და უსაფრთხოების მხრივ არსებულ მძიმე ვითარებას და იქ საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების არსებობის აუცილებლობას.
თავის მხრივ, გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტიერეშმა აღნიშნა, იგი კარგად იცნობს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ პრობლემატიკას და დაადასტურა, რომ გაერო მომავალშიც გააგრძელებს კონფლიქტის მოგვარების პროცესში აქტიურ ჩართულობას სპეციალური წარმომადგენლის მეშვეობით.
საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, ქართული მხარე მოითხოვს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებებისა და უსაფრთხოების მხრივ არსებული ვითარებასა და ძალადობის კონკრეტულ ფაქტებზე საერთაშორისო თანამეგობრობის აქტიურ ჩართულობას და რეაგირებას და ადგილზე ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის დაშვებას.