„ხელისუფლება აღმოჩნდა კრიმინალი მოსამართლეების შანტაჟის მსხვერპლი“

„ხელისუფლება აღმოჩნდა კრიმინალი მოსამართლეების შანტაჟის მსხვერპლი“

44 მოსამართლის უვადოდ გამწესებას, რასაც კითხვები მოჰყვა, მათ შორის, ქვეყნის პირველი პირის მხრიდან, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ახალი გადაწყვეტილება მოაყოლა, რომელმაც, ასევე ახალი კითხვები გააჩინა - სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის თავმჯდომარედ ლევან თევზაძე დაინიშნა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძისთვის გაუგებარია, რატომ გაკეთდა ეს არჩევანი.

„იუსტიციის უმაღლესი საბჭო, რომელიც არის კონსტიტუციური ორგანო და ის არეგულირებს სასამართლოსა და მოსამართლეთა საქმიანობას, არ შეიძლება, თავის საქმეს წარმართავდეს, როგორც „ნუცას სკოლა“. თავმჯდომარეების არჩევას არავითარი პროცედურა და კრიტერიუმები არ აქვს. დღეს ჩვენ არ ვიცით, რატომ აირჩიეს ლევან თევზაძე. ასეთ უმაღლესი ლეგიტიმაციის ორგანოს ცოტა მეტი ყურადღება, ცოტა მეტი მოწესრიგება სჭირდება იმისთვის, რომ გადაწყვეტილებები რასაც ის მიიღებს ლეგიტიმური, კანონიერი და პატივცემული იყოს საზოგადოებისა და სასამართლოს მიერ“, - განაცხადა ანა დოლიძემ.

კიდევ ერთი ხმაურიანი ინციდენტი მოხდა ბათუმში, რამაც საზოგადოების ყურადღება მიიპყრო - მოსამართლე ირაკლი შავაძემ ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე, დავით მამისეიშვილი მასზე ზეწოლაში დაადანაშაულა.

რამდენიმე დღის წინ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ირაკლი შავაძემ მესამე სექტორს დახმარება სთხოვა - როგორც მან განაცხადა, ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე დავით მამისეიშვილი მასზე ზეწოლას ახორციელებს და მოსამართლის საქმიანობაში ჩარევას ცდილობს. ირაკლი შავაძის თქმით, დავით მამისეიშვილმა პროკურატურასთან შეთანხმებით, მის წინააღმდეგ მიზანმიმართული დისციპლინური დევნა დაიწყო. ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ირაკლი შავაძე ეჭვობს, რომ იუსტიციის საბჭომ უვადო მოსამართლედ გამწესებაზე უარი დავით მამისეიშვილთან დაპირისპირების გამო უთხრა.

იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ნაზი ჯანეზაშვილმა აღნიშნულ ფაქტს შემაშფოთებელი უწოდა. მისივე შეფასებით, დღითიდღე ვრწმუნდებით, რომ სასამართლო იმართება კონკრეტული ჯგუფის მიერ და ეს უფრო საშიშ ფორმებს იღებს.

„სასამართლო რომ იმართება კლანისგან, ამას მოწმობს თუნდაც დღეს წარმოდგენილი კანდიდატები, რომლებიც დასახელებულნი არიან იუსტიციის უმაღლეს საბჭოში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის თავმჯდომარის თანამდებობაზე... დღითიდღე უფრო ვრწმუნდებით არა მხოლოდ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები, არამედ საზოგადოებაც, რომ სასამართლო იმართება კონკრეტული ჯგუფის მიერ და ეს უფრო საშიშ ფორმებს იღებს“, - განაცხადა ჯანეზაშვილმა.

ერთადერთი რეაქცია, რაც პრემიერის შენიშვნას მოჰყვა, მხოლოდ ის გახლავთ, რომ რამდენიმე დღის წინ უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ნინო გვენეტაძემ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად, სამუშაო ჯგუფი უახლოეს პერიოდში წარმოადგენს მოსამართლეთა უვადოდ გამწესების ობიექტურ კრიტერიუმებზე დაფუძნებულ საკანონმდებლო წინადადებას.

ნაზი ჯანეზაშვილის განცხადებით, იმ პირობებში, როდესაც სასამართლო სისტემაში არის ის ჯგუფი, რომელიც მართავს სისტემას, იმედი არ აქვს, რომ სასამართლო სისტემაში ადამიანების დანიშვნა თუ არდანიშვნასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილება კეთილსინდისიერად იქნება მიღებული.

ანა დოლიძის შეფასებით, სასამართლო ხელისუფლება მძიმე ვითარებაშია და იუსტიციის საბჭოს შემადგენლობის ნაწილი ამ მძიმე ვითარების უარყოფას აგრძელებს.

ანა დოლიძის განმარტებით, ამ პრობლემების გამოსასწორებლად საბჭო მყისიერად არ მუშაობს.

„სამწუხაროდ, იუსტიციის საბჭოს შემადგენლობის ნაწილი აგრძელებს უარყოს ის საკმაოდ მძიმე ვითარება, რა ვითარებაშიც არის მოხვედრილი სასამართლო ხელისუფლება - ხალხის უნდობლობა, კითხვის ნიშნები, რომელიც მოდის საზოგადოებიდან, ისე პოლიტიკური ხელისუფლებიდან. იუსტიციის საბჭოს ეს დამოკიდებულება, იმის ნაცვლად, რომ თვალი გაუსწოროს პრობლემებს და ამის გამოსწორებისთვის მყისიერად იმუშაოს, დაემალოს მას და ამ პრობლემების ასახსნელად ათასი საფუძველი მოძებნოს, კარგ შედეგამდე არ მიგვიყვანს“, - განაცხადა ანა დოლიძემ.

რაც შეეხება პრემიერის განცხადებას, მოსამართლეების უვადოდ გამწესების შესახებ, იუსტიციის საბჭოსთვის ეს მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკოსის პოზიციაა - როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა, დიმიტრი გვრიტიშვილმა განუცხადა ჟურნალისტებს, საქართველოს პრემიერი ბრძანდება სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირი, ანუ პოლიტიკოსია. მოსამართლეებისგან განსხვავებით, მას უფრო მეტი ბერკეტი და არეალი აქვს იმისთვის, რომ საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინებით, შესაბამისი შეფასებები გააკეთოს, მათ შორის პოლიტიკურიც.

პრემიერის ამ განცხადებაზე საკუთარი აზრი საბჭოს მდივანმა გიორგი მიქაუტაძემაც გამოთქვა.

„საბჭოს მდივანმა ამაზე კომენტარი გააკეთა. მე მას ვეთანხმები, რომ შესაძლებელია ეს იყოს არასრული ინფორმაციის მიწოდების შედეგი, რადგან იმ საქმესთან დაკავშირებით, რაზეც ხდება შეკითხვების დასმა, ასეთი ტენდენცია არსებობს, რომ ორი საქმეა წამების ფაქტთან დაკავშირებით გამოკვეთილი, რაზეც ორი მოსამართლის მიმართ ისმის შეკითხვები. ამ ორივე საქმეს აერთიანებს ის, რომ სულ სხვა საქმეები იხილებოდა. ერთ შემთხვევაში იყო ჯაშუშობის ბრალდება წამებული პირის მიმართ და მეორე შემთხვევაში იყო სამოხელეო დანაშაულში ბრალდება, წამება ორივე შემთხვევაში განხორციელდა სასამართლოს კონტროლს მიღმა არსებულ დაწესებულებაში. კერძოდ, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ამავე დაწესებულების მოხელეების მიერ. ანუ ესენი სასამართლოს მოხელეები არ იყვნენ და სასამართლოს კონტროლქვეშ არ შემოდიოდნენ.

მას შემდეგ, რაც ბრალდებულები სასამართლოს იურისდიქციიდან გავიდნენ, კანონგათვალისწინებული პროცედურების შემდეგ, ერთ შემთხვევაში აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შემდგომ, ხოლო მეორე შემთხვევაში კანონიერ ძალაში შესული განაჩენით, მოთავსდნენ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, მერე ხდება უკვე წამების განხორციელება. ვაღიარებ, ეს არის ადამიანური ტრაგედია, თუმცა სასამართლოს ამ ტრაგედიაში რაიმე სახის პასუხისმგებლობა ჩვენი აზრით, არ უნდა დაეკისროს“, - განაცხადა გვრიტიშვილმა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი, ირაკლი შენგელიაც აცხადებს, რომ პრემიერის განცხადებასთან დაკავშირებით აქვს შთაბეჭდილება, რომ ეს არის საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინებით გაკეთებული განცხადება.

შენგელიას ჟურნალისტებთან არ დაუკონკრეტებია იზიარებს თუ არა კვირიკაშვილის მოსაზრებას, თუმცა განმარტა, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს შესწავლილი აქვს ყველა იმ მოსამართლის საქმიანობა, რომლებმაც უვადოდ გამწესებაზე განაცხადები შეიტანეს საბჭოში.

შენგელიამ სულხან მოლაშვილთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზეც ისაუბრა.

„მოლაშვილის საქმესთან დაკავშირებით სტრასბურგმა დაადგინა დარღვევა. კანონმდებლობიდან გამომდინარე, ამ დარღვევების შემდეგ ერთი წლის განმავლობაში უნდა მოემართა სასამართლოსთვის დაზარალებულ მხარეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა შესახებ, რაც არ განხორციელებულა“, - განაცხადა შენგელიამ.

რითი დასრულდება იუსტიციის სამინისტროს მიერ აგორებული სასამართლო რეფორმის ტალღები, ჯერჯერობით ბუნდოვანია, თუმცა ექსპერტებს იმედი აქვთ, გამოიძებნება ბერკეტები, რომ ამ ყველაფერმა უმართავი ფორმა არ მიიღოს.

უფლებადამცველი, ლია მუხაშავრიას შეფასებით, უვადოდ ისეთი მოსამართლეების განმწესება, რომლებთანაც საზოგადოებას ბევრი კითხვა აქვს, ხელისუფლების შეცდომების შედეგი და თეა წულუკიანის რეფორმების დამსახურებაა. მუხაშავრიას აზრით, „ქართულმა ოცნებამ“ დიდი შეცდომა დაუშვა, როდესაც 2012 წელს უმძიმეს დანაშაულში მონაწილე მოსამართლეებს პასუხი არ მოსთხოვა ადამიანების გაუბედურებასა და მკვლელობაში უშუალო მონაწილეობისთვის.

„სწორედ ეს ადამიანები არ ახდენდნენ პროკურატურის, სასამართლოსა და პოლიციელების დანაშაულის ლეგალიზებას? ეს ადამიანები არ „აპრავებდნენ“ რეჟიმს?! ახლა რას ვაკეთებთ, იმავე მოსამართლეებთან მივიდეთ სიმართლის დასადგენად? ხელისუფლება აღმოჩნდა კრიმინალი მოსამართლეების შანტაჟის მსხვერპლი. რაც შეეხება პასუხისმგებლობას, ის ეკისრება როგორც თეა წულუკიანს, ისე საკანონმდებლო გუნდს, რომლებმაც დროულად არ მიიღეს ზომები ამ მარაზმის დასასრულებლად. რომელ სამართალზე უნდა გვესაუბრონ ან იუსტიციის მინისტრი, ან პარლამენტის წევრები, თუ მთლიანად მთავრობა, როდესაც მიუკერძოებელ და კვალიფიციურ მოსამართლეებს კონკურსში ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე იწუნებენ და პრივილეგირებული ჰყავთ სულხან მოლაშვილის, ან სერგო თეთრაძის საქმეების მოსამართლეები?! კონკრეტული მოხელეების უპასუხისმგებლობის გამო სასამართლო სისტემაში მიღებული შედეგი წინ აუცილებლად მძიმედ დახვდება ხელისუფლებას“, - აცხადებს მუხაშავრია.