„ევროპის დედაქალაქებშია სამუშაო, რომელსაც გაცილებით უკეთ და ხარისხიანად შეასრულებს აშშ“

„ევროპის დედაქალაქებშია სამუშაო, რომელსაც გაცილებით უკეთ და ხარისხიანად შეასრულებს აშშ“

ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ხათუნა ლაგაზიძის განცხადებით, საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერება ნიშნავს ევროპული პოლიტიკის 25-წლიანი კურსის მარცხს საქართველოში. ექსპერტი მიიჩნევს, რომ საკითხი განსახილველია მხოლოდ პოლიტიკურ ჭრილში, რადგან პოლიტიკური ჭრილი ცალსახად გვეუბნება ერთს - აშშ-ისთვის, ნატოსთვის და ევროკავშირის ქვეყნებისთვის საქართველო დიდ რეგიონში, რომელსაც დიდი ახლო აღმოსავლეთი ჰქვია, არის ბოლო პარტნიორი, განსაკუთრებით თურქეთში მიმდინარე პროცესების ფონზე.

for.ge ხათუნა ლაგაზიძეს ესაუბრა.

თავშესაფრის მაძიებელთა ზრდა, რომელთა დახმარებითაც თავშესაფრები ორგანიზებული ქურდობისა და ძარცვის ბაზებად გადაიქცა, გერმანიის და საფრანგეთის მთავრობა ქვეყნის საიმიგრაციო კანონმდებლობას და თავშესაფრის მინიჭების წესებს ამკაცრებს. იმ შემთხვევაში თუ საქართველომ არ შეაჩერა თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი, გერმანია შეჩერების მექანიზმის ამოქმედებით იმუქრება. როგორ ფიქრობთ, საქართველოს შემთხვევაში დადგება დღის წესრიგში შეჩერების მექანიზმის ამოქმედება?

ხათუნა ლაგაზიძე: ამ ეტაპზე გამოვრციხავ შეჩერების მექანიზმის ამოქმედებას. ეს რაღაცა საინფორმაციო ისტერიას და რუსეთის მხრიდან დაფინანსებულ საინფორმაციო კამპანიას ჰგაქვს. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლებას მშვიდად უნდა ეძინოს, რამდენიმე მიმართულებით უნდა გაააქტიუროს მუშაობა.

რა მიმართულებით და რა სახის სამუშაოები უნდა ჩატარდეს იმისათვის, რომ საქართველო არ აღმოჩდნეს მძიმე რეალობის წინაშე?

- პირველი, ევროპელი ახლომხედველ პოლიტიკოსებზე ზემოქმედებისთვის აუცილებელია აშშ-ის ფაქტორის და მხარდაჭერის აქტიური გამოყენება, რისი მაგალითი ჩვენ უკვე გვქონდა, როდესაც ამერიკელი კონგრესმენების სასამართლო პროცესზე დასწრების შედეგად, საპატიმრო დატოვა მუსტაფა ემრე ჩაბუქმა. ამით აშშ-მა თურქეთს დაანახა, რომ აშშ-ის ინტერესი საქართველოს მიმართ არ შენელებულა. ამიტომ, ამერიკა ჩვენზე არანაკლებ კარგად ხედავს, რომ ევროკავშირის მხრიდან დღეს ვიზალიბერალიზაციის შეჩერება, ეს იქნება ზურგში მახვილის ჩარტყმა საქართველოსთვის.

ეს საკითხი განსახილველი არის, უპირატესად, პოლიტიკურ ჭრილში და ეს პოლიტიკური ჭრილი ცალსახად გვეუბნება ერთს - აშშ-ისთვის, ნატოსთვის და ევროკავშირის ქვეყნებისთვის საქართველო დიდ რეგიონში, რომელსაც დიდი ახლო აღმოსავლეთი ჰქვია, არის ბოლო სტაბილური და დემოკრატიული პარტნიორი, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ხდება თურქეთში.

აქედან გამომდინარე, დღეს, საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერება ნიშნავს ევროპული პოლიტიკის 25-წლიანი კურსის მარცხს საქართველოში. არაფერს ვამბობ იმაზე, რომ ვერ მოვახერხეთ ევროკავშირში და ნატოში გაწევრიანება. მინდა გითხრათ, ამაში საქართველოს წვლილი არც თუ ისე დიდია. მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ პოლიტიკაში თბილი გრძნობები არსებობს  და ამ ფონზე ვიზალიბერალიზაცია შეუჩერო საქართველოს, ეს იქნება არა მარტო საქართველოს ღალატი, არამედ ეს იქნება ევროპის ინტერესების ღალატი.

უბრალოდ, ჩვენ ვცხოვრობთ იმ ეპოქაში, როცა ევროპა საქართველოს მსგავსად დაცლილია სტრატეგიულად მოაზროვნე პოლიტიკოსებისგან. უფრო ახლომხედველური პოლიტიკის წარმოებას ვხედავთ ევროპელებისგან, ვიდრე შორსმჭვრეტელურ და სტრატეგიულად გააზრებულ პოლიტიკას. ამიტომაც დგას ეს საკითხი ასე ხმაურიანად დღის წესრიგში. საქართველოს ხელისუფლებამ აშშ-სთან ერთად ნებისმიერი მექანიზმით (ეს მექანიზმი ამერიკელებს არ ეშლებათ), კარგად უნდა გააგებინოს ევროპელ მედროვე პოლიტკოსებს, რომ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საკითხი არც კი უნდა განიხილებოდეს.

ანალიზის და ვარაუდის დონეზე შეიძლება ვისაუბროთ რუსულ კვალზე. ჯერჯერობით ასეთი სურათი არ ჩანს, მაგრამ რატომ გამოვრიცხავთ რუსულ ინტერესებს?

- ეს არის რუსული ჰიბრიდული ომის პირდაპირი გამოხატულება. ზოგადად, ჰიბრიდული ომი არ არის მხოლოდ საინფორმაციო პოლიტიკა - ეს ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი შემადგენელი ელემენტია. როგორც ვხედავთ საქმე გვაქვს პოლიტიკურ, ეკონომიკურ, ბიზნეს და მედიაელიტების მოსყიდვასთან. ანუ, რუსეთს არ უჭირს გერმანიაში, საფრანგეთში და გინდათ ნებისმიერ ევროპულ ქვეყანაში საჭირო რაოდენობით პოლიტიკოსების, თუ მედიის წარმომადგენლების მოქრთამვა.

ეს ყველაფერი ცალსახად ატარებს მართული საინფორმაციო კამპანიის ხასიათს. მე ვფიქრობ, რომ სწორედ აქ უნდა ვეძიოთ რუსული კვალი. თუნდაც ამითი უნდა ხვდებოდნენ ევროპელები რამდენად საშიშია ამ საკითხის დაძვრა და რას გამოიწვევს ეს საქართველოს მოსახლეობაში, სადაც იმედგაცრუება და ნიჰილიზმი ევროპული პოლიტიკის მიმართ ისედაც იზრდება.

რაც შეეხება უშალოდ საქართველოს ხელისუფლების ნაბიჯებს და ბრალეულობას - მიზეზი რატომაც გადიან საქართველოდან, ეს არის ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალური ფონი. ამდენად, სამართლიანად მიგაჩნიათ მხოლოდ ხელისუფლების ამ პროცესებში დადანაშაულება?

- ის ფაქტი, რომ საქართველოს მოქალაქეები მასობრივად ტოვებენ საქართველოს, ეს არის საქართველოს დღევანედლი ხელისუფლებიდან დაწყებული, ვინც კი გვყოლია ბოლო 28 წლის მანძიზლე, ყველა ხელისუფლების წვლილი და დანაშაული, იმიტომ, რომ მათ ვერ მოახერხეს ელემენტარული სოციალური უსაფრთხოების ნორმების უზრუნველყოფა. ელემენტალური სოციალური დაცულობის განცდა არ არის საზოგადოებაში. აქედან გამომდინარე გასაგებია რატომ გარბის ეს ხალხი. გასაგებია ისიც, რომ ერთი ხელის დაქნევით ეს პრობლემა ვერ გადაიჭრება, მაგრამ მთავარია ხელისუფლებამ გამოაჩინოს სტრატეგიული ხედვა, როგორ და რა პერიოდში შეიძლება სოციალური მდგომარეობის გამოსწორებისკენ სვლა. რეალისტური გეგმა, რომელსაც საზოგადოება ენდობა, ეს არის ერთი მიმართულება.

მეორე, მოკლევადიან პერიოდში აუცილებელია სანქციების რეჟიმი ჩართოს ხელისუფლებამ. გაამკაცროს საზღვარზე გასვლა, იმიტომ, რომ ევროკავშირის ქვეყნებში კრიმინალის მომძლავრება საქართველოს ხელისუფლების თავის ტკივილია. რამდენადაც ვიცი საქართველოს შსს-ს კრიმინალური პოლიციის ქვედანაყოფები, ლამის, სრული შემადგენლობით გადასული არიან ევროკავშირის ქვეყნებში ქართული კრიმინალური დაჯგუფების გასანეიტრალებლად, მაგრამ ამ მხრივაც კომპლექსური მექანიზმები და სანქციები არის შესამუშავებელი.

თუმცა, სანქციები არასდროს არ არის ხოლმე პრობლემის გადაჭრის მექანიზმი ბოლომდე...

- რასაკვირველია, უბრალოდ, მოკლევადიან პერსპექტივაში სანქციებიც უნდა გამოვიყენოთ. კიდევ ერთი საკითხი, რაც უნდა გაეკეთებინა საქართველოს ხელისუფლებას და, რაც არ გააკეთა - ეს არის სამუშაო ვიზების საკითხი. ძალიან მაინტერესებს პასუხი, რატომ არ გააკეთა? ევროკავშირს აქვს სპეციალური კვოტები ქვეყნებისთვის, რითაც ის მზად არის სამუშაო ვიზები მისცეს ამ ქვეყნებიდან ჩასულ მოქალაქეებს, ბუნებრივია - გარკვეული სპეციალობის და გარკვეული კვალიფიკაციის მქონე ადამიანებს. საქართველოს დღემდე არ გამოუყენებია ეს მექანიზმი.

სამუშაო ვიზები დიდწილად შეამცირებდა უცხოეთის ქვეყნებში უკანონო მიგრანტების როლს?

- რა თქმა უნდა, იმიტომ, რომ ევროპაში არის არა მარტო კრიმინალური ელემენტები და არაკვალიფიციური ხალხი, არამედ ძალიან ბევრი სპეციალობის და ძალიან კვალიფიციური მოქალქეებიც. აი, ამ ადამიანებისთვის ძალიან მარტივად შეიძლებოდა სამუშაო ვიზებზე კვოტები. თუკი იქნებოდა მათზე მოკლევადიანი სამუშაო ვიზების გაცემის შესაძლებლობა, ამ ხალხს აღარ ექნებოდა არც საზღვრის დარღვევის აუცილებლობა, ნებისმიერ დროს დაბრუნდებოდნენ საკუთარ ქვეყანაში და შემდეგ ისევ ექნებოდათ ევროკავშირში მუშაობის გაგრძელების უფლება. ასეთ მძიმე ვითარებაში ეს რატომ არ გააკეთა ხელისუფლებამ, ამაზე პასუხი არ მაქვს. ეს არ არის ერთი და ორი წლის ნოვაცია, ეს მექანიზმი ევროკავშირს ძალიან დიდი ხანია უდევს თავის შეიარაღებაში.

რუსეთის ინტერესები და ჰიბრიდული ომი ახსენეთ. როგორ ფიქრობთ, რამდენად შეძლებს რუსეთი იგივე რბილი ძალის ჩართულობით შეჩერების მექანიზმის ამოქმედებას? რუსეთზე, როგორც მთავარ საფრთხზე და არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა გიორგი კვირიკაშვილმა და აღნიშნა, რომ როდესაც რუსეთი აქტიურად იყენებს ჰიბრიდული ომის სხვადასხვა საშუალებას, ძალიან მნიშვნელოვანია აშშ-სთან თანამშრომლობა...

- საქართველოს ძალიან სერიოზული ბერკეტი აქვს აშშ-ის სახით, რომელმაც იცის როგორ გახადოს ლაბილური, ასე ვთქვათ, რუსული ჰიბრიდული ომის ნადავლად ქცეული თუ ახლომხედველი ევროპელი პოლიტიკოსების ნაწილი. ამერიკელები ამ მიმართულებით უნდა გააქტიურდნენ და უნდა დაანახონ ევროპას, რომ ეს საფრთხეა და რეალური საფრთხე. გასათვალისწინებელია ისიც, რომ მარტში რუსეთის პრეზიდენტის არჩევნებია და რუსეთი, რა თქმა უნდა, არ იტყვის უარს პატარა, მაგრამ ძლევამოსილ გამარჯვებაზე. ეს მოკლევადიანი დისტანცია ძალიან ფრხილად გვაქვს მარტამდე გასავლელი ყველა მიმართულებით, რომ საქართველო არ აღმოჩნდეს კვლავ საკბილო და დამერწმუნეთ, რომ ვიზალიბერალიზაციის, ასე ვთქვათ, შეჩერება არანაკლებად მტკივნეული მარცხი შეიძლება აღმოჩნდეს საქართველოსთვის, ვიდრე ვთქვათ, რუსეთის მხრიდან ოკუპირებული ტერიტორების აღიარება.

იმიტომ, რომ ეს იქნება საქართველოს ევროპული კურის და ზოგადად საქართველოს ევროპული პოლიტიკის მარცხი ამ რეგიონში. რუსეთი კი, რა თქმა უნდა, ყველაფერს გააკეთებს, რომ ამას მიაღწიოს. ამიტომ, განსაკუთრებული სიფრთხილე გვმართებს ამ მოკლევადიან დისტანციაში, თუმცა, მე ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზე საშიშროება არ გვემუქრება. როგორც საუბრის დასაწყისში აღვნიშნე, ეს უფრო საინფორმაციო ისტერიას გავს, მაგრამ სიფრთხილეს თავი არ სტკივა.

საქართველოს ხელისუფლება ამერიკელებთან ერთად ყოველდღიურ რეჟიმში ახსნა-განმარტებით და არა მხოლოდ ამ მიმართულებით უნდა ეწეოდეს სამუშაოს ევროპის დედაქალაქებში. ევროპის დედაქალაქებშია სამუშაო, რომელსაც გაცილებით უკეთ და ხარისხიანად შეასრულებს აშშ. სადაც ვერ გავუმკლავდით ერდოღანს, ჩამოვიდნენ ამერიკელი კონგრესმენები და თავისი პირდაპირი ჩარევით უთხრეს სათქმელი, რაც გამოიხატა მუსტაფა ემრე ჩაბუქის განთავისუფლებით. ასევე, ამერიკის პირდაპირი ჩარევით შეიძლება ამ პრობლემის შეჩერება.

რა თქმა უნდა, ეს არის ჩვენგან მომავალი პრობლემა, მიგრანტების დიდი ნაკადები, მათ შორის კრიმინალის დონის გააქტიურება, ეს არის ჩვენს მიერ ევროპისთვის თავსმოხვეული პრობლემა, მაგრამ სრულიად შეგნებულად და მიზანმიმართულად ხდება ამ პრობლემის ჰიპერბოლიზაცია. ჩვენ ვსაუბრობთ ქვეყნებზე, რომლებმაც ყოველგვარი უსაფრთხოების უგულებელყოფით, მილიონებით დევნილთა ნაკადი შეუშვეს ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან, ყოველგვარი შემოწმების გარეშე - იმყოფებოდნენ ისინი რაიმე კავშირში ტერორიზმთან თუ არა. ძნელად წარმოსადგენია, რომ საქართველომ და ევროკავშირმა ერთობლივი ძალისხმევით ქართულ ემიგრაციასთან დაკავშირებული პრობლემების გამკლავება ვერ შეძლონ სათანადო ნების და სწორი პოლიტიკის შემთხვევაში.