საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტს ახალი ინიციატივით მიმართავს. გიორგი მარგველაშვილი ე.წ. „გირგვლიანის შესწორებების“ მიღებისკენ, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს კი, მანამდე მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნაზე მორატორუმის გამოცხადებისკენ მოუწოდებს.
„საქართველოს პარლამენტს მინდა მოვუწოდო, არ უნდა დავივიწყოთ „გირგვლიანის შესწორებები“, რომელზეც სრული მხარდაჭერა გამოვხატე და რომლის თაობაზეც აქტიურ მსჯელობას ველი უკვე ბოლო ერთი თვეა და რომლის შემადგენელი ნაწილი აუცილებლად უნდა იყოს სისტემის გაჯანსაღება იმ ადამიანებისგან, რომლებიც ეჭვმიტანილნი არიან ბევრ სირთულესთან მიმართებაში. უახლოეს მომავალში უნდა ამოქმედდეს ის, რაც ვთქვით.
ასევე, მინდა მოვუწოდო იუსტიციის საბჭოს, მანამ, სანამ ეს შესწორებები არ იქნება პარლამენტის მიერ მიღებული კანონად, უვადო დანიშვნაზე მორატორიუმი გამოაცხადოს. არ ვამბობ, რომ ამ ორი მოწოდებით ჩვენ რეალურად გადავწყვეტთ პრობლემას, მაგრამ დრამატულ პროცესებს შევაჩერებთ“, - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 22 თებერვალს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 44 მოსამართლე უვადოდ გაამწესა, მათ შორის არის სულხან მოლაშვილის, სერგო თეთრაძის და სხვა გახმაურებული საქმის მოსამართლეები, რამაც საზოგადოების პროტესტი გამოიწვია და გაჩნდა კითხვები, რატომ და რისთვის მიიღეს ამ მოსამართლეებამ უვადო სტატუსი. ამ საკმაოდ სკანდალურ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით კითხვები აქვს საქართველოს პრემიერ-მინისტრს.
გიორგი კვირიკაშვილმა იუსტიციის საბჭოს გადაწყვეტილება გააკრიტიკა. მთავრობის მეთაური ყურადღებას ამახვილებს სულხან მოლაშვილის საქმის განმხილველ მოსამართლე - მანუჩარ კაპანაძეზე და განმარტავს, აუცილებელია ყველა კითხვას საჯარო პასუხი გაეცეს, თუმცა განცხადებაში პრემიერი არ აკონკრეტებს, ვინ უნდა გასცეს პასუხი ამ კითხვებს.
„რამდენიმე მოსამართლესთან დაკავშირებით მიღებულმა გადაწყვეტილებამ საზოგადობაში გააჩინა კითხვები და ეს კითხვები არის ჩვენს გუნდშიც. მათ შორის, მძიმეა რეაქცია სულხან მოლაშვილის საქმის განმხილველი მოსამართლის მანუჩარ კაპანაძის თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში უვადოდ გამწესებასთან დაკავშირებით. ვფიქრობ, აუცილებელია და ძალიან მნიშვნელოვანია, ამ კითხვებს გაეცეს დასაბუთებული, საჯარო პასუხი. სამართლიანობის განცდა არის საფუძველთა საფუძველი, რომელზეც შენდება დემოკრატიული და სამართლიანი სახელმწიფო“, - ნათქვამია გიორგი კვირიკაშვილის განცხადებაში.
ამასთან, როგორც გიორგი კვირიკაშვილი აცხადებს, რა თქმა უნდა, ყველა აცნობიერებს, რომ ინსტიტუციონალური გადაწყვეტილებები ყოველთვის თანხვედრაში ვერ იქნება საჯარო აღქმებთან, თუმცა არსებობს განსაკუთრებული შემთხვევები, რომლებიც ღირებულებებს ეხება და მთელ ერს აერთიანებს.
„სწორედ ღირებულებებისთვის ბრძოლამ გაართიანა ჩვენი ერი და ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით მოიპოვა გამარჯვება „ქართულმა ოცნებამ“. ჩვენ ვალდებულნი ვართ, ამ მიღწევას გავუფრთხილდეთ და არავითარ შემთხვევაში არ დავტოვოთ უპასუხოდ საზოგადოების კითხვები, რომლებიც აბსოლუტურად ლეგიტიმურია. იმედი მაქვს, რომ „ქართული ოცნება“ საკუთარ თავში იპოვის ძალას, რომელიც მისცემს საშუალებას ჩვენს ქვეყანას განუმტკიცოს ის მონაპოვარი, რომელიც მოგვიტანა რამდენიმე წლიანმა ბრძოლამ და 2012-მა წელმა“, - ნათქვამია პრემიერ-მინისტრის განცხადებაში.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ანა დოლიძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ პრემიერის განცხადებას პრაქტიკული შედეგი ამ ეტაპზე არა აქვს, ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ის აღნიშნავს „ქართული ოცნების“ მორალურ საფუძვლებს.
„ქართულ ოცნებას“, როგორც პოლიტიკურ ძალას, ჰქონდა მორალური საფუძველი და მთავარი მორალური საფუძველი იყო სამართალში. პრემიერის განცხადებაში აღნიშნულია, რომ „ქართული ოცნება“ დაშორდა ამ მორალურ საფუძველს და რეალურად არის მოწოდება, რომ დაბრუნდეს. ეს განცხადება არის მოწოდება, რომ ის სულისკვეთება, რომელიც „ოცნებას“ ჰქონდა, აქ იქნება სამართლიანობა და სამართლიანობის აღგენა, ამ მორალურ საფუძვლებთან დაბრუნდნენ და ეს უნდა მოხდეს რეფორმების გზით.
ვიცით, რომ სულხან მოლაშვილი დღეს დადგენილია, როგორც წინა ხელისუფლების პოლიტპატიმარი და მსხვერპლი, მისი განმხილველი საქმის მოსამართლის დატოვება უვადოდ, ასევე სერგო თეთრაძის საქმის მოსამართლის დატოვება უვადოდ, ეს არის პოლიტიკური პატიმრებისთვის სილის გაწნა, სამართლიანობისთვის მებრძოლი ადამიანებისთვის სილის გაწნა და კარგია, რომ „ქართული ოცნების“ ლიდერები ამ სავალალო შედეგს მიხვდნენ, ამას აჩვენებს პრემიერის განცხადება“, - აცხადებს ანა დოლიძე.
გიორგი კვირიკაშვილის განცხადების შემდეგ, იუსტიციის საბჭოს გადაწყვეტილებას აკრიტიკებენ მმართველ გუნდშიც. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია ამბობს, რომ იუსტიციის საბჭოს გადაწყვეტილებაზე კითხვები გუნდის შიგნითაც არსებობს. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, დღეს საუბრობს სასამართლო სისტემაში უფრო მაღალი სტანდარტების აუცილებლობაზე.
„ეს კითხვები გაჩნდა განსაკუთრებით ისეთ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით, რომელიც უკავშირდება კონკრეტულ საქმეებს, რომელზედაც მათ შორის პარლამენტმაც, თავის დროზე, მიიღო გადაწყვეტილება, რომ ეს საქმეები იყო პოლიტიკური ნიშნით გამოტანილი გადაწყვეტილებები. ასეთ დროს უფრო მაღალი სტანდარტი არსებობს და უფრო მაღალი ინტერესი არსებობს.
ჩვენ ვფიქრობთ, რომ იუსტიციის საბჭო თავისუფალია გადაწყვეტილებებში, რა თქმა უნდა, ის დამოუკიდებელი უნდა იყოს და ამაში არავინ და ვერავინ ვერ ჩაერევა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ თავად საბჭოს არ ჰქონდეს მაღალი ანგარიშვალდებულება საზოგადოების წინაშე“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ 44 მოსამართლის უვადოდ დანიშვნასთან დაკავშირებით, პრემიერის რეაქციას დაგვიანებულს უწოდებს ოპოზიცია. „ევროპული საქართველოს“ წევრი ოთარ კახიძე ხელისუფლებას ახსენებს განცხადებას, რომ იუსტიციის საბჭოს ამ შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადება არ შეიძლებოდა.
„მათთვის სიურპრიზია, რომ ეს შემადგენლობა ისეთ მოსამართლეებს გამოუცხადებს ნდობას და დანიშნავს უვადოდ, რომლის მიმართაც უამრავი კითხვა არსებობს? ამდენი ხნის განმავლობაში ხელისუფლებამ ის ვერ მოახერხა, რომ რეპუტაციაშელახული პირები უვადოდ არ განემწესებინა მოსამართლედ. ეს პროცესი მანამდე გაგრძელდება, სანამ რეალური რეფორმა არ განხორციელდება, რაც ხელისუფლებას არ უნდა, რადგან სასამართლო მისი მორჩილი და შეკვეთის შემსრულებელი უნდა იყოს.
ხელისუფლებას მათ მიერ გადადგმული ნაბიჯები ბუმერანგივით უბრუნდება. ყველაზე ცუდი ის კი არ არის, რომ დანიშვნა პრემიერ-მინისტრს არ მოსწონს, ყველაზე ცუდი ისაა, რომ სასამართლის მიმართ ნდობა დაბალია და საზოგადოებას სასამართლოს მიმართ რწმენა არ აქვს“, - აცხადებს ოთარ კახიძე.
პრემიერის განცხადებას საზოგადოებისთვის თვალში ნაცრის შეყრას უწოდებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი და აცხადებს, რომ სასამართლო სისტემაში რჩებიან ის მოსამართლეები, რომელთა დაკავშირებითაც საზოგადოებას აქვს ყველაზე მეტი შეკითხვა და რომელთა მიმართაც ნდობა საზოგადოებაში არ არსებობს.
„ესენი არიან მარტივად მართული მოსამართლეები. მათი დატოვება შესაბამის სისტემაში შედის ხელისუფლების ინტერესებში და პრემიერ-მინისტრი საკუთარი განცხადებებით უბრალოდ ცდილობს, რომ ჩვენ შეგვიქმნას განცდა თითქოს ქვეყანაში რეალურად არსებობს დამოუკიდებელი სასამართლო ხელისუფლება, რაც ყველა ჩვენთაგანმა იცის, რომ არის უბრალოდ სიცრუე“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.