„სპუტნიკ ოსეტია“ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო უშიშროების პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ ცხინვალის საავადმყოფოში საქართველოს მოქალაქე, არჩილ ტატუნაშვილი გარდაიცვალა. სააგენტოს ცნობით, ტატუნაშვილი „ოსების მიმართ ჩადენილი გენოციდის ბრალდებით“ ახალგორში დააკავეს და დაკითხვაზე ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში გადაიყვანეს.
„საკუთარ ბრალეულობაში დარწმუნების შემდეგ, ეჭვმიტანილმა უარი თქვა კითხვებზე გაეცა პასუხები ადვოკატისა და თარჯიმნის გარეშე, თუმცა არც მათი თანდასწრებით უთანამშრომლია გამოძიებასთან. ამის შემდეგ გადაწყდა მისი მოთავსება დროებითი დაკავების იზოლატორში, თუმცა გადაყვანისას მან ერთ-ერთი გამცილებლის იარაღის დაუფლება სცადა. აღნიშნული მცდელობა გამცილებლებმა ფიზიკური ძალისა და სპეციალური საშუალებების გამოყენებით აღკვეთეს. ტატუნაშვილმა წონასწორობა დაკარგა და კიბის საფეხურებზე დაეცა, რის შედეგადაც მიიღო ტრავმები და გადაიყვანეს საავადმყოფოში“, - განაცხადეს დეფაქტო უშიშროების სამსახურში.
მათივე ინფორმაციით, საავადმყოფოში ეჭვმიტანილს აღმოუჩინეს აუცილებელი სამედიცინო დახმარება, თუმცა გარკვეული დროის შემდეგ ის გარდაიცვალა.
„სიკვდილის მიზეზს ექიმები გარდაცვლილის გაკვეთის შემდეგ დაადგენენ“, - იუწყება „სპუტნიკ ოსეტია“.
ქართულმა მხარემ საკუთარი აღშფოთება ოფიციალურ დონეზე უკვე გამოხატა და მხარდაჭერას საერთაშორისო საზოგადოებისგან ელოდება.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს სამძიმარს უცხადებს და მომხდართან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ სუს-ი ცხელი ხაზის მეშვეობით, დე-ფაქტო ხელისუფლების და რუსეთის საოკუპაციო ძალების მხრიდან კატეგორიულად მოითხოვს არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების და მასთან ერთად დაკავებულების შესახებ ზუსტი და ამომწურავი ინფორმაციის მიღებას.
ამასთან, როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნულზე აუცილებელია საერთაშორისო ორგანიზაციების და ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეების მყისიერი და პრინციპული რეაგირება.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შეფასებით, ასევე პრინციპულად მნიშვნელოვანია, სამხარაულის ექსპერტების ადგილზე შესვლა, რათა მოხდეს ცხედრის პირველადი დათვალიერება.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო სპეციალურ განცხადებაში გმობს საოკუპაციო რეჟიმის დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებას.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს, მოხდეს შესაბამისი დროული რეაგირება, რათა დაუყოვნებლივ დადგინდეს არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების გარემოებები, დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ დაკავებული პირები და შესაბამისი რეაგირება მიეცეს ამ უმძიმეს ფაქტს, რაზეც პირდაპირ პასუხისმგებელია რუსეთის ფედერაცია, როგორც ადგილზე კონტროლის განმახორციელებელი ძალა.
ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, საქართველოს კიდევ ორი მოქალაქეა დაკავებული - ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი.
როგორც საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, მსგავსი დანაშაულებრივი ქმედებები საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან, რომელთაც მსხვერპლად ეწირებიან საქართველოს მოქალაქეები, ცხადყოფს ადგილზე ადამიანის უფლებათა და უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნის სასწრაფო აუცილებლობას.
„რუსეთის მხრიდან გააქტიურებული უკანონო პროვოკაციული ნაბიჯები, მათ შორის მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების აგება საოკუპაციო ხაზზე, თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვა და დაკავებები, ადამიანის უფლებების დარღვევები და ეთნიკური დისკრიმინაცია კიდევ უფრო ართულებს ადგილზე არსებულ მძიმე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარულ მდგომარეობას, მიზანმიმართულად უშლის ხელს კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესს და წარმოადგენს დესტაბილიზაციის წყაროს და საფრთხეს უქმნის როგორც საქართველოს, ისე მთლიანად რეგიონს“,- ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე აცხადებს, ამოქმედებულია ყველა ბერკეტი იმისათვის, რომ ფაქტს მოჰყვეს შესაბამისი რეაგირება. ასევე, გრძელდება მუშაობა რომ შეიქმნას საერთაშორისო, ჰუმანიტარული, ადამიანების უფლებებისა და უსაფრთხოების მექანიზმები.
საქართველოს პრეზიდენტმა დანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ანდერს სამუელსენთან შეხვედრაც ამ თემაზე საუბრით დაიწყო, როგორც გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, ქართველი სამხედრო არჩილ ტატუნაშვილი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოკლეს.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების ფაქტზე პასუხისმგებლობა პირდაპირ რუსეთის ფედერაციას და საოკუპაციო რეჟიმს დააკისრა.
მომხდარ ფაქტს დასავლეთის მხრიდან მყისიერი განცხადებები არ მოჰყოლია. სავარაუდოდ, დიპლომატებისგან მორიგ შეშფოთებას მოგვიანებით უნდა ველოდეთ, თუმცა, ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისების საკითხებში ტოივო კლაარი საკუთარ შეშფოთებას სოციალურ ქსელებში გამოხატავს.
„ძალიან შეშფოთებული ვარ ცხინვალში, ციხეში საქართველოს მოქალაქის არჩილ ტატუნაშვილის დაღუპვით. საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ ცხელი ხაზი აამოქმედა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაფირების ფორმატის ფარგლებში ფაქტები დადგინდება“, - დაწერა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე ტოივო კლაარმა.