ტენდერების არაგამჭვირვალობა ყოველთვის ფულის კეთების საუკეთესო საშუალება იყო. „ნაციონალების“ დროს ყველამ იცოდა, რომ ტენდერებში სწორედ მმართველ გუნდთან დაახლოებული კომპანიები იმარჯვებდნენ. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ხელისუფლების შეცვლის შემდეგაც ტენდერებში ისევ „ნაციონალებთან“ დაახლოებული კომპანიები იმარჯვებენ. მიზეზი მარტივია და ამის საიდუმლო თავად ტენდერის გამოცხადების პირობებში იმალება.
როგორც წესი, ტენდერებში გამარჯვებულად ის კომპანია ითვლება, რომელიც ყველაზე უკეთ იტყუება, ანუ ყველაზე დაბალ ფასად სთავაზობს მომსახურებას სახელმწიფოს და არავის ადარდებს, რომ ხშირად დაბალ ფასად შესრულებული ხარვეზიანი სამუშაოს დასრულება ისევ სახელმწიფო ბიუჯეტს აწვება ტვირთად.
გარდა ამისა, ტენდერებში გამარჯვების დროს უპირატესობა ენიჭება იმ კომპანიას, რომელსაც უფრო ადრე სხვა პროექტებიც განუხორციელებია. შესაბამისად, თუ გავითვალისწინებთ, რომ „ნაციონალები“ ყველა არანაციონალს ბლოკავდნენ, გასაგები გახდება, რომ სააკაშვილის დროს უამრავ პროექტში გამარჯვებული, „ნაციონალებთან“ დაახლოებული კომპანიები დღესაც ტენდერების გამარჯვებულად გვევლინებიან.
სატენდერო ნაკლოვანებების შესახებ For.ge ქართველ ექსპერტებს ესაუბრა.
ექსპერტი გია ხუხაშვილი For.ge-სთან საუბარში ადასტურებს, რომ ტენდერების თემა პრობლემატურია და დღესაც იგივე ხალხი ითბობს ხელს, ვინც „ნაცმოძრაობის“ დროს ითბობდა. ეს ხდება არა მხოლოდ ტენდერებში, არამედ ხელისუფლებაშიც, რადგან დიდი ხანია, ძირითადად „ნაციონალების“ მიმდევრები მართავენ ქვეყანას და კვირიკაშვილი უბრალოდ აფარებული ჰყავთ.
„ტენდერებსაც ისინი იგებენ, ფულსაც ისინი შოულობენ და უკეთესადაც გრძნობენ დღეს თავს, ვიდრე სააკაშვილის დროს. თუ სააკაშვილი მათ ამუშავებდა პოლიტიკაზე, ახლა ეს ადამიანები კვირიკაშვილს ამუშავებენ თავის თავზე. ანუ, თუ მაშინ მსახურები იყვნენ, ახლა ბატონები გახდნენ“, - აცხადებს გია ხუხაშვილი და შეკითხვის საპასუხოდ, რაში აწყობს ახლანდელ ხელისუფლებას, „ნაციონალებმა“ მოიგონ ტენდერები, განმარტავს, „უბრალოდ, ეს ხალხი არაფერს ეკითხება ხელისუფლებას, ისინი თავად კარნახობენ თამაშის წესებს. „ნაცმოძრაობიდან“ დატოვებული ადამიანები თვითონვე სხედან სატენდერო კომისიებში, ტენდერსაც ისინი იგებენ და მართავენ ქვეყანასაც, ეკონომიკასაც და პოლიტიკასაც“.
ამასთან, გია ხუხაშვილი იზიარებს მოსაზრებას, რომ არ შეიძლება ფასი ერთადერთი განმსაზღვრელი კრიტერიუმი იყოს და სიიაფის მიხედვით ხდებოდეს ტენდერების მოგება. ეს ხარვეზი არაერთხელ გამოჩნდა. თუნდაც ვარკეთილის მეტროში მომხდარი ფაქტი პირდაპირი ილუსტრაციაა, რომ ტენდერებში დაბალი ფასით გამარჯვება არ შეიძლება. საბოლოო ჯამში, ეს მთავრდება ათჯერ მეტი ხარჯით და აქ მარტო ხარისხში არ არის საქმე, არამედ უსაფრთხოების თემაც შემოდის. გარდა ამისა, პრობლემურია ისიც, რომ სწორედ იაფი განაცხადებით ხდება ტენდერების ჩაშლა, ფასებიდან გამომდინარე სხვადასხვა მანიპულაციებით მოქმედება. ამიტომ სატენდერო პირობები მრავალწახნაგოვანი უნდა იყოს, ძალიანაც არ უნდა გართულდეს, მაგრამ რამდენიმე ძირითადი პარამეტრის მიხედვით უნდა ხდებოდეს შერჩევა. რა თქმა უნდა, ფასი მნიშვნელოვანია, მაგრამ არა ხარისხისა და გარანტიების ხარჯზე.
ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ემზარ ჯგერენაია For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ იაფი მომსახურების მიხედვით სატენდერო პროექტების ამორჩევა დამღუპველია. ამით პირდაპირ კრიმინალს ვუწყობთ ხელს. ამიტომ ტენდერებში გამარჯვება უნდა ხდებოდეს სტანდარტებისა და ტექნიკური პირობების მიხედვით. ადამიანი რომ ამბობს, 10-მილიონიან პროექტს 8 მილიონად შევასრულებო, მან უნდა დადოს ტექნიკური პირობა, რამდენად შეესაბამება მის მიერვე წარდგენილი ტექნიკური პირობა დასახელებულ თანხას. ამით გაუგებრობებსაც ავიცილებთ და აღარ მოხდება ჭერის ჩამოვარდნა თუ სხვა უბედურებები.
„აუცილებელია სატენდერო თანხის შედარება ტექნიკურ პირობებთან, რაც უპირველესად გულისხმობს ხარისხს. არასწორია იმის თქმა, რომ, ვინც ნაკლებ ფასს აჩვენებს, ის კონკურენტუნარიანია და ამით სახელმწიფოს თანხებს ზოგავს. რეალურად, სახელმწიფო ზოგავს თანხებს ხარისხის ხარჯზე. მეორე თემაა ისიც, რომ ისევ „ნაციონალები“ ან მათთან დაახლოებული პირები იმარჯვებენ ამ ტენდერებში. ამისგან დაცვა ძალიან მარტივია. თუკი ტექნიკური პირობებით მოხდება პროექტების შეფასება, ისინი ამას ვერ გადაურჩებიან. ის, რომ თურმე თქვენ გააკეთეთ 10 ობიექტი, სულაც არ ნიშნავს, რომ მე-11-საც გააკეთებთ, რადგან ჯერ უნდა შემოწმდეს თქვენს მიერ შესრულებული ობიექტების ხარისხი. ამიტომ სატენდერო პირობების თავი სწორედ ტექნიკურ პირობებშია“-აღნიშნა ემზარ ჯგერენაიამ.
ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში მიხეილ ჯიბუტი ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ, როდესაც ეკონომიკურ ანალიზს ვაკეთებთ, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, ტენდერში გამარჯვებული კომპანია რომელ პარტიასთანაა დაახლოებული -ნაცებთან, ქოცებთან, თუ კომუნისტებთან. მთავარია, საქართველოში გამოცხადებული ტენდერები სწორად ჩატარდეს და ტენდერების გამოცხადების დროს საკვალიფიკაციო მონაცემები ვინმეზე არ იყოს მორგებული, რისი ეჭვებიც ნამდვილად ჩნდება.
რაც შეეხება ტენდერებში სიიაფეზე აქცენტის გადატანას, მიხეილ ჯიბუტი ამას დაუშვებლად მიიჩნევს, თუკი ეს მიბმული არ იქნება ხარისხთან.
„კაცი რომ გეუბნება 5-ლარიან საქმეს 2 ლარად გაგიკეთებთო, ეს იგივეა, გულის ოპერაციას აკეთებდეს ვინმე მჭედელი. ცხადია, ასეთ ოპერაციას არ უნდა დავთანხმდეთ. ხოლო, თუ მსოფლიო ქირურგი გვეუბნება, რომ ოპერაციას იაფად გააკეთებს, მაშინ უნდა დავუსვათ მეორე პირობა, რომ ეს ოპერაცია ხარისხიანი იყოს. თორემ კი გააკეთებს გულის ოპერაციას, მაგრამ მის მიერ გაკეთებული ოპერაციიდან ცოცხალი რამდენი პაციენტი გადარჩება? ასე რომ, სიიაფე ხშირად არ უდრის შედეგის მიღწევას. კიდევ სხვა მომენტიცაა, როდესაც შემმოწმებელს შეიძლება სულაც არ აინტერესებს შენი შეფასება, შენი ფული და მხოლოდ იმისთვის მოვიდეს, რომ ინსაიდერული ინფორმაცია გაიგოს და ეს ინფორმაცია სხვაგან გამოიყენოს, როგორც მყიდველმა, შენი აქტივები დაათვალიეროს და მერე დაგხვდეს მყიდველის ამპლუაში. ამიტომ ტენდერებს უნდა ჰქონდეს რამდენიმე პარამეტრი. მარტო ელექტრონული სახით გამოცხადება არასაკმარისია ღიაობისა და საჯაროობისთვის. საჭიროა სიმეტრიული ინფორმაცია, ანუ ტენდერში მონაწილეებს თანაბარზომადი ინფორმაცია უნდა ჰქონდეთ. კვალიფიკაციის მოთხოვნა აქ უპირველესი უნდა იყოს და ეს ფულთან არ არის დაკავშირებული“, - აცხადებს მიხეილ ჯიბუტი.
მისი აზრით, ფასი უნდა იყოს სატენდერო პირობების ერთ-ერთი კომპონენტი, მაგრამ არა ერთადერთი. ფასი უნდა იყოს გათვალისწინებული შედეგთან და ხარისხთან ერთად. ამიტომ კარგია ტენდერების გამოცხადება, მაგრამ ეს ტენდერები შორსაა სრულყოფილებისგან და ეჭვს ბადებს, რომ ტენდერებს მხოლოდ დაინტერესებული მხარეები იგებენ.
სატენდერო ნაკლოვანებებთან დაკავშირებით ჩვენ დავუკავშირდით ბიზნესომბუდსმენს ირაკლი ლექვინაძეს, მაგრამ მას არ ეცალა.