„მოსამართლეები უვადოდ, არ უნდა ინიშნებოდნენ“, -

„მოსამართლეები უვადოდ, არ უნდა ინიშნებოდნენ“, -

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლედ უვადოდ განმწესების მსურველი 50 კანდიდატიდან 44 მოსამართლე დაამტკიცა, 6 კანდიდატს კი უარი უთხრა. უვადოდ განმწესების მსურველ მოსამართლეთა სიაში მოხვდა ასევე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი წევრი, რევაზ ნადარაია და ირაკლი ბონდარენკო, რომლებიც უვადო მოსამართლეები გახდნენ.

საბჭოზე კენჭისყრა ფარულად მიმდინარეობდა. მასში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 15 წევრი მონაწილეობდა. უვადოდ განმწესების მსურველი მოსამართლე დამტკიცებულად ითვლება იმ შემთხვევაში, თუ საბჭოს არანაკლებ 10 წევრი უჭერს მხარს მის კანდიდატურას. კენჭისყრამდე მოსამართლეებმა გასაუბრების ეტაპი გაიარეს. უვადოდ განმწესებული მოსამართლეები საქართველოს მთელი მასშტაბით განაწილდებიან.

არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი იუსტიციის საბჭოს მიერ მოსამართლეთა უვადოდ განმწესების პროცესს დახურულს და გაუმჭვირვალეს უწოდებს, რადგან იქიდან გამომდინარე, რომ იუსტიციის საბჭოს აქვს სრული თავისუფლება საკუთარ გადაწყვეტილებაში, წევრები იღებენ სუბიექტურ გადაწყვეტილებას.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისთვის“ გაუგებარია, რატომ დაინიშნენ ან რის გამო ეთქვათ მოსამართლეებს უარი უვადოდ განმწესებაზე.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოც“ მიიჩნევს, რომ საზოგადოება ვერასდროს გაიგებს, თუ რა მოტივაცია დაედო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებას.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში პრეზიდენტის კვოტით წარდგენილმა საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ კი კენჭისყრის დასრულების შემდეგ აღნიშნა, რომ აუცილებელია მოსამართლეთა დანიშვნის სისტემა შეიცვალოს, რადგან კენჭისყრის პროცესმა კიდევ ერთხელ გამოავლინა ძალიან ბევრი ხარვეზი.

„რჩება ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი. თუმცა, მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ გვყავს 6 მოსამართლე, რომელთაც საბჭოს 15-ვე წევრმა ერთხმად დაუჭირა მხარი. მე მინდა ამ 6 მოსამართლეს მივულოცო დანიშვნა. მათი გამოცდილების და კომპეტენციის მიმართ საბჭოში არავის აქვს შეკითხვა. ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს ამ ადამიანების კეთილსინდისიერების“, - აღნიშნა ანა დოლიძემ.

თუმცა, მისივე განმარტებით, სერიოზული ხარვეზებია უვადოდ დანიშვნის პროცესში - ქულებით შეფასება ხდება, თუმცა, საბოლოო ჯამში ნორმალური ქულების მქონე მოსამართლეები მაინც არ ინიშნებიან უვადოდ.

„თუ ჩვენ არ გვინდა, რომ ასე ერთხმად, დასაბუთების გარეშე, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე იყოს მოსამართლეთა დანიშვნა გადაწყვეტილი, მნიშვნელოვანია დანიშვნის სისტემა შეიცვალოს“, - განაცხადა ანა დოლძემ.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილიც მიიჩნევს, რომ დღევანდელი სისტემა იძლევა შესაძლებლობას, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მიიღოს არაობიექტური გადაწყვეტილება. ჯანეზაშვილი მიიჩნევს, რომ ზოგიერთი უვადოდ განმწესებული მოსამართლე ვერ აკმაყოფილებს კეთილსინდისიერებისა და პროფესიულობის კრიტერიუმებს.

„საბჭოს არ აქვს ვალდებულება, განმარტოს, რატომ დაუჭირა ან არ დაუჭირა მხარი კანდიდატებს. ამიტომ საზოგადოებას შესაძლოა დარჩეს კითხვები პროცესთან მიმართებაში. ასევე მიმაჩნია, რომ პროცესს უფრო მაღალი ლეგიტიმაცია უნდა ჰქონდეს და მოსამართლეები უვადოდ, არ უნდა ინიშნებოდნენ“, - განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.