საქართველოში აშშ-ის ელჩმა იან კელიმ, რომელიც ჩვენს ქვეყანაში დიპლომატიურ მოღვაწეობას მიმდინარე წლის მარტში დაასრულებს, საქართველოში მისი სამწლიანი საქმიანობა შეაჯამა და აღნიშნა, რომ მისი მოადგილე, ელიზაბეთ რუდი და მომდევნო ელჩი გააგრძელებენ საქართველოს ძალისხმევის მხარდაჭერას.
„აგრძელებს რა საქართველო ამ კურსით სვლას, ამერიკის შეერთებული შტატების მომავალ ელჩებს ექნებათ შესაძლებლობა საქართველოს უწოდონ არა მხოლოდ პარტნიორი, არამედ მოკავშირეც“, - განაცხადა იან კელიმ. ჯერ კიდევ მოქმედ ელჩს სჯერა საქართველოს და ქართველების და იმის, რომ ქვეყნის მისწრაფებები წარმატებით დაგვირგვინდება.
როგორც ელჩი აცხადებს, ყველა გრანდიოზული გეგმა ფუჭად ჩაივლის, თუ საქართველო ერთ რამეს ვერ გაითავისებს - მან უნდა გაამყაროს დემოკრატიული გარდაქმნა.
მისი თქმით, საქართველომ დასავლეთთან ინტეგრაციის ბევრ მნიშვნელოვან ორიენტირს მიაღწია, მათ შორის, ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა ევროკავშირთან, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ინიცირება, ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრის შექმნა, შენგენის ზონაში უვიზო რეჟიმის შემოღება და სხვა.
იან კელიმ ასევე ხაზი გაუსვა შეერთებული შტატების წვლილს საქართველოს მიღწევებში და ამ კონტექსტში აღნიშნა ამერიკული ინვესტიციები ქართულ ეკონომიკაში, განათლების სისტემაში, ჯანდაცვაში, სასამართლო სისტემაში, USAID-ის 148 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია, რომელიც განხორციელდა განათლების, მართლმსაჯულების რეფორმის, არჩევნებისა და პოლიტიკური პროცესების, კარგი მმართველობის განვითარების მხარდაჭერის და სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებით.
თუმცა, როგორც კელი აცხადებს, ელჩობის დასასრულს, ნაკლებს ფიქრობს იმაზე, რასაც მივაღწიეთ და უფრო მეტს იმაზე, რაც ვერ დავასრულეთ და რაც უნდა განხორციელდეს მომავალში.
„მიუხედავად იმისა, რომ ჩემი აქ ყოფნის პერიოდში საქართველოს დასავლეთისკენ მიმავალი გზა გაფართოვდა, აუცილებელია საქართველომ მტკიცედ დაიმკვიდროს ადგილი დასავლეთში და მისი ტრაექტორია გახდეს ჭეშმარიტად შეუცვლელი. ჩვენ მრავალი ძალისხმევა გავწიეთ ამ მიზნის მისაღწევად. ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს მისწრაფებებისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მტკიცეა. მათ შორისაა ჩვენი მონაწილეობა ჟენევის მოლაპარაკებებში. ვახორციელებთ უწყვეტი დახმარების პროგრამებს და ვცდილობთ მოვიზიდოთ ამერიკული ინვესტიციები საქართველოს ეკონომიკის გასავითარებლად.
გვაქვს გაცვლითი პროგრამები, საქართველოს 5000-ზე მეტმა მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა სხვადასხვა გაცვლით პროგრამაში, განსხვავებული თემატიკით - იქნებოდა ეს მეწარმეობა, გარემოს დაცვა, თუ პოლიტიკური ჩართულობა. ბევრ თქვენგანს, ვინც ახლა ამ დარბაზში იმყოფებით, გქონიათ ეს შესაძლებლობა. საქართველოს სხვა პარტნიორები, როგორებიცაა ევროპის კავშირი და მისი წევრი ქვეყნები, იზიარებენ ამავე მიზნებსა და ამოცანებს საქართველოსთან მიმართებაში“,- აღნიშნა აშშ-ს ელჩმა.
თუმცა, მისივე განცხადებით, ყველა ეს გრანდიოზული გეგმა ფუჭად ჩაივლის, თუ საქართველო ერთ რამეს ვერ გაითავისებს. მან უნდა გაამყაროს დემოკრატიული გარდაქმნა. უზრუნველყოს, რომ არჩევნები გამოხატავდეს ამომრჩევლის ნებას, წაახალისოს ინვესტიციები და ეკონომკური ზრდა დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებით, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებათა დაცვით.
„საქართველო სწორ გზაზე რჩება, თუმცა არის გარკვეული საკითხები, რაც გვაფიქრებს“,- განაცხადა იან კელიმ.
მოკლედ, ჯერ კიდევ მოქმედმა დიპლომატმა საქმიანობის შეჯამებისას ქართველი პოლიტიკოსებისთის სასარგებლო რამდენიმე გზავნილი დატოვა - მათ შორის, განსაკუთრებით გაუსვა ხაზი საპარლამენტო ზედამხედველობის აუცილებლობას უსაფრთხოების სამსახურებზე.
იან კელის თქმით, კიდევ ერთი საკითხი, რომელიც აფიქრებს, არის ძლიერი ინსტიტუტების არსებობის აუცილებლობა და ხელისუფლების შტოებს შორის დემოკრატიული კონტროლისა და ურთიერთგაწონასწორების მექანიზმი.
როგორც აშშ-ს ელჩმა განმარტა, საქართველოს პარლამენტი არის ხალხის პირდაპირი წარმომადგენლობა და მაინც ხშირად არ აქვს სათანადო რესურსები და ძალაუფლება, გააკონტროლოს უფრო ძლიერი სამთავრობო ბიუროკრატია.
„ხელისუფლების შტოებს შორის კონტროლისა და ურთიერთგაწონასწორების სისტემა გაამართლებს მხოლოდ მაშინ, როდესაც საკანონმდებლო ორგანო გახდება ძალაუფლებით სრულად აღჭურვილი ინსტიტუტი, შეიძენს ზედამხედველობის ფუნქციებს აღმასრულებელ შტოზე, განსაკუთრებით უსაფრთხოების სამსახურებზე. იმისათვის, რომ საქართველოს დამკვიდრება დასავლეთში შეუქცევადი გახდეს, უნდა გავაგრძელოთ პარტნიორობა პლურალისტური დემოკრატიული სისტემის განმტკიცებისათვის. მე შევხვედრილვარ ძალიან ბევრ ქართველს, სამოქალაქო საზოგადოების, პოლიტიკური პარტიების, თუ სამინისტროების წარმომადგენლებს, რომლებიც განუხრელად ემსახურებიან ამ მიზნების განხორციელებას“,- განაცხადა იან კელიმ.
როგორც კელი აცხადებს, მმართველი პარტიის დომინანტური პოზიცია მთავრობის ყველა დონეზე ქმნის არათანაბარ დემოკრატიულ სამოქმედო არეალს.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის დამკვირვებლების /OSCE/ODIHR/ შეფასებით, 2017 წლის ადგილობრივი არჩევნების დროს დაცული იყო ფუნდამენტური თავისუფლებები და კანდიდატებს თავისუფლად შეეძლოთ კამპანიის განხორციელება, შეფასებაში ასევე აღინიშნა, რომ ზოგადი საარჩევნო გარემო ხასიათდებოდა მმართველი პარტიის დომინანტური მდგომარეობით, მათ შორის შეინიშნებოდა კანდიდატთა და ამომრჩევლთა დაშინების შემთხვევების ზრდა.
„2018 და 2020 წლის არჩევნები იქნება პოლიტიკური პლურალიზმის შემდგომი ტესტი. მნიშვნელოვანი ნაბიჯები უნდა გადაიდგას იმისათვის, რომ პროცესმა სრულად დააკმაყოფილოს უმაღლესი სტანდარტები და უზრუნველყოს თანაბარი გარემო. პირველ რიგში, ჩვენი სურვილია ვიხილოთ, საარჩევნო კანონმდებლობის საერთაშორისო სტანდარტებთან ჰარმონიზაცია და 2024 წელს პროპორციულ სისტემაზე სრულად გადასვლა, ეუთოსა და სხვა საერთაშორისო დამკვირვებლების რეკომენდაციების გათვალისწინებით“,- განაცხადა იან კელიმ.
მისივე თქმით, მეორე, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება, მოითხოვს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ფუნქციონირებას, როგორც სრულად დამოუკიდებელი და სანდო ინსტიტუტისა, რომელიც პოლიტიკაზე მაღლა დგას და მისთვის აპრიორი კანონის სულისკვეთება და კანონის სიტყვაა.
როგორც ელჩი განმარტავს, ყველა პარტიას აქვს კონკურენციის გაწევის თანაბარი შესაძლებლობები. კვალიფიციური პარტიებისათვის აუცილებელია უკეთესი ხელმისაწვდომობა კამპანიისათვის საჭირო ფინანსებზე და გაზრდილი საეთერო დრო, განსაკუთრებით, დამოუკიდებელი კანდიდატებისათვის. სისტემა, სადაც ერთი პარტია იღებს 90 პროცენტზე მეტ შეწირულობას საარჩევნო კამპანიის წარმოებისათვის, დგას ერთპარტიული ძალაუფლების მონოპოლიის რისკის წინაშე.
„მოქალაქეები საკუთარ ნება-სურვილს თავისუფლად გამოხატავენ საარჩევნო ურნებთან მხოლოდ მაშინ, თუ ისინი თავისუფალნი არიან ყოველგვარი ზეწოლისა და დაშინებისაგან. პრინციპი ერთი ადამიანი/ერთი ხმა ფუნდამენტურია დემოკრატიის განვითარებისათვის“,- განაცხადა ელჩმა.
როგორც უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ვანო მაჭავარიანი აცხადებს, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აშშ-ის ელჩი არ ერიდება, ძალიან პირდაპირ ისაუბროს იმ რეგრესზე, რომელიც არსებობს საქართველოში, გარდა წარმატებებისა, რომელიც, რა თქმა უნდა, ყველას გვახარებს.
„რიგი თემები, რომლებიც ეხება სასამართლოს, ინსტიტუტებს, მრავალპარტიულობას, მედიას - არის ზუსტად ის, რაც ჩვენი საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია. ჩვენი მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტიორისთვის - ამერიკის შეერთებული შტატებისთვის არის ერთ-ერთი მთავარი, რომ შემდეგი წლები იყოს საქართველოსთვის წარმატების და არა რეგრესის წლები. ამაზე ელჩმა ძალიან ღიად ისაუბრა. მნიშვნელოვანია, რომ ეს თანამშრომლობა გაგრძელდეს არა მარტო მმართველ პარტიასთან, ასევე, ოპოზოციასთან და ყველა იმ სახელმწიფო ინსტიტუტთან, რომელთაც მნიშვნელოვანი როლი აქვთ ქვეყნის მშენებლობაში“,- განაცხადა ვანო მაჭავარიანმა.
„სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) აღმასრულებელი დირექტორის მიხეილ ბენიძის თქმით, აშშ-ის ელჩის განცხადებები არჩევნებთან დაკავშირებით ძალიან სერიოზული მესიჯია.
„აშშ-ის ელჩმა საკმაოდ დიდი დრო დაუთმო არჩევნებზე საუბარს. მან ისაუბრა სწორედ იმაზე, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით - მართალია, ზოგადად არის გაუმჯობესება არჩევნების კუთხით, მაგრამ ჩვენ ასევე ვხედავთ ზეწოლა-მუქარის შემთხვევებს კანდიდატებზე, ასევე, არათანაბარ საარჩევნო გარემოს პირველ რიგში ფინანსების კუთხით, მაგრამ არა მხოლოდ. ერთი პარტიის დომინანტობა არის ის, რაც პლურალიზმს უქმნის საფრთხეს და მან ხაზი გაუსვა, რომ 2018-2020 წლის არჩევნები იქნება ტესტი პოლიტიკური პლურალიზმის კუთხით. გარდა ამისა, ელჩი საუბრობდა იმაზე, რომ საჭიროა საარჩვენო რეფორმა. მან ხაზი გაუსვა პროპორციული საარჩევნო სისტემის ამოქმედებას და ასევე, ისაუბრა იმაზე, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია უნდა იყოს დამოუკდიებელი, ზეპარტიული უწყება“, - განაცხადა მიხეილ ბენიძემ.