შიდა საკადრო ცვლილებები პროკურატურის მუშაობის ეფექტურობის გასაუმჯობლად - ასე ხსნის საქართველოს მთავარი პროკურატურა იმ 6 საკადრო გადაადგილებას, რომელიც უწყებაში მოხდა. გადაადგილებები შეეხო თბილისის, აჭარის, სამცხე-ჯავახეთის, შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის პროკურორებს.
საქართველოს მთავარი პროკურორის მიერ მოწყობილი საკადრო ცვლილებები სავარაუდოდ რეაგირებაა მზარდ კრიმინალზე, რაც ბოლო დროს შეინიშნება ქვეყანაში და რაც არა მხოლოდ ოპოზიციის სალაპარაკო თემა გახდა.
ირაკლი შოთაძემ შიდა საკადრო ცვლილებების ფარგლებში თბილისის პროკურორად მალხაზ კაპანაძე დანიშნა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში - კაპანაძემ მიხეილ შაყულაშვილი შეცვალა; თანამდებობა დატოვა შაყულაშვილის მოადგილემ, გიორგი გაბოძემაც, ხოლო თბილისის პროკურორის მოადგილე კონსტანტინე სირაძე გახდა.
ასევე ცნობილი ხდება, რომ შაყულაშვილი და გაბოძე საქმიანობას საქართველოს მთავარ პროკურატურაში გააგრძელებენ.
თბილისის პროკურორად დანიშვნამდე, კაპანაძე სამცხე-ჯავახეთის რეგიონის პროკურორი იყო, რომელიც აღნიშნულ თანამდებობაზე შოთა რიჟამაძემ შეცვალა.
აჭარის პროკურორი გახდა ნათია სონღულაშვილი, რომელმაც ლევან პაქსაშვილი ჩაანაცვლა, პაქსაშვილი კი კახეთის რეგიონის პროკურორი გახდა.
შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის პროკურორად ავთანდილ კოჭლამაზაშვილი დაინიშნა, შოთა ტყეშელაშვილი კი, რომელსაც აღნიშნული თანამდებობა ეკავა, დასავლეთ საქართველოს პროკურორი გახდა.
რამდენად ეფექტურს გახდის პროკურატურას ამგვარი საკადრო კარუსელი, მოგვიანებით გამოჩნდება, თუმცა ექსპერტულ წრეებში ყოველთვის ხაზს უსვამენ, რომ ამ უწყებაში პროფესიონალიზმის თვალსაზრისით გარკვეული პრობლემები ნამდვილად არსებობს.