ბოლო დროს მსოფლიოში მიმდინარე პროცესებმა, გააქტიურებულმა საგარეო რისკებმა, ბევრად თვალსაჩინო გახადა ის პრობლემები, რომელიც მჭიდრო კავშირშია ქვეყნის საშინაო გამოწვევებთან - მიმდინარე პროცესებზე ექსპერტი, ვახტანგ ძაბირაძე გვესაუბრება.
ბოლო პერიოდის აქტუალური თემაა ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერება, რომლის მიზეზი არის ქვეყნის გარეთ გააქტიურებული „ქართული კრიმინალი“ - რა არის მაპროვოცირებელი იმისა, რომ ეს საკმაოდ მტკივნეული და სერიოზული თემა წამოიჭრა სწორედ ახლა და არა, დავუშვათ, გასულ წლებში?
- ვიზალიბერალიზაციამ გახსნა გზა და თავისუფლად გადაადგილების საშუალება მისცა ხალხს. საუბარია კრიმინალური ადამიანების იმ კატეგორიაზე, რომლებსაც დიდ მასშტაბებზე არ აქვთ პრეტენზია, ჩათვალეს, რომ იქ უფრო ადვილია სხვისი ქონების ხელყოფა, რადგან ასეთი ინფორმაცია ჰქონდათ უფრო ადრე უცხოეთში წასული თანამემამულეებისგან. ანუ უცხოეთში წავიდა ის, ვისაც ადრე ამისი ფინანსური საშუალება არ ჰქონდა და წავიდა არა ქვეყნების დასათვალიერებლად, არამედ ფულის იოლად საშოვნელად - ასეთი რამ მოსალოდნელიც იყო.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმაც აღნიშნა, რომ ეს მომენტი გათვალისწინებული არის შესაბამის დოკუმენტში. თუმცა, როდესაც გერმანიის შს სამინისტრო დანაშაულის სტატისტიკას აქვეყნებს ქართველების მიზეზით გაზრდილი კრიმინალის ხაზგასასმელად, ეს რამდენად შეიძლება ჩავთვალოთ ევროპის დამოკიდებულებად საქართველოს მიმართ?
- არ მგონია, ეს დამოკიდებულებას უკავშირდებოდეს. გერმანია ის ქვეყანაა, რომელსაც ყველაზე მეტად დაატყდა თავს ადამიანების ასეთი კატეგორია. ეს გამოწვეულია იმით, რომ ქართველების ცნობიერებაში ბერლინი ითვლებოდა ისეთ ქალაქად, სადაც არავინ არაფერს არ აკონტროლებს. როდესაც ასეთი „რეკლამა“ არსებობდა, წვრილმანი ქურდებისთვის, ბუნებრივია, მიმზიდველად ითვლებოდა და ამიტომაც მოხდა ასეთი რამ.
თუმცა, ამისი ახსნა გერმანელებისთვის საკმაოდ რთულია - სხვანაირად აზროვნებენ და ფიქრობენ. მაგრამ ჩვენთვის ეს ლოგიკურად მოსალოდნელი იყო, ისე, როგორც თაშესაფრის მოთხოვნა - აქაც იგივე ფაქტორი მუშაობს. ძალიან დიდი რაოდენობა ადამიანებისა წავიდა იმიტომ, რომ იქ დარჩენილიყო ისე, რომ ის 3 თუ 5 ათასი ევრო, რომელიც არალეგალურად დარჩენისთვის იყო ადრე საჭირო, არ გადაეხადა.
ჩვენი ხელისუფლება ამისთვის მზად უნდა ყოფილიყო, მარტო დოკუმენტში ჩაწერა საქმეს არ შველის. როგორც ჩანს, ჩვენმა ხელისუფლებამ ვერ მოახერხა ამისი დარეგულირება და მივიღეთ გერმანელების სრულიად სამართლიანი აღშფოთება.
თუმცა ეს არ არის ორგანიზებულ დანაშაულსა და მაფიოზურ სინდიკატებში ჩართული კატეგორია, წვრილმან დამნაშავეებზეა საუბარი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მათ გამო დანაშაულის სტატისტიკა არ გაუარესდებოდა.
საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის ინფორმაციით, ვიზალიბერალიზაციის ფარგლებში მისი უწყება აქტიურად თანამშრომლობს უცხოეთის ქვეყნებთან. საგარეო საქმეთა მინისტრმაც აღნიშნა, რომ პრევენციული ღონისძიებები ტარდება, თუმცა ოპოზიცია აპელირებს იმაზე, რომ ის, რაც ხდება, არის ხელისუფლების დამსახურება და თუ დაიწყება ვიზალიბერალიზაციის შეჩერებზე საუბარი, პასუხისმგებლობა სწორედ მას დაეკისრება. შეგვიძლია, ვთქვათ, რა შეეძლო გაეკეთებინა ხელისუფლებას და რა არ გააკეთა?
- ძალიან გამიჭირდება რეცეპტის გამოწერა, მაგრამ წინასწარ ცნობილი იყო, რომ ამ მიმართულებით სიტუაციის გაუარესება მოსალოდნელი იქნებოდა.
თქვენ ახსენით, რატომაც გამწვავდა ეს პრობლემა, გამოდის, რომ მენტალურ შეუთავსებლობასთან გვაქვს საქმე?
- მენტლური შეუთავსებლობა არაფერ შუაშია - შეიძლება ისეთმაც კი დაიწყოს ქურდობა, ვისაც საქართველოში ასეთი რამ არ ჩაუდენია, რადგან საქართველოში დამკვიდრებულია აზრი, რომ გერმანიაში შეგიძლია, ისე აიღო ყველაფერი, რომ არავინ არაფერს გეტყვის - ეს აზრი უფრო ადრე წასულმა ჩვენმა თანამემამულეებმა დაამკვიდრეს, რომლებსაც ქურდბაცაცობა სირცხვილად არ მიაჩნიათ...
ჩვენს ხელისუფლებას ეს უნდა გაეთვალისწინებინა და შესაბამისი ბერკეტები შეემუშავებინა. კერძოდ, რა - ამას სჭირდება ანალიზი, გააზრება და ა.შ. როდესაც მიდიოდა ხალხი, უნდა ამოქმედებულიყო შეკავების გარკვეული მექანიზმი. როგორ - ვერ გეტყვით, მაგრამ გარკვეული ღონისძიებები უნდა გატარებულიყო.
რაც შეეხება ოპოზიციის პრეტენზიებს, - ვინც არ უნდა ყოფილიყო ხელისუფლებაში, ეს პროცესი მაინც ასე წავიდოდა, თუკი წინასწარ არ შეიქმნებოდა პრევენციის მექანიზმი.
საკმაოდ სერიოზული პრობლემა შეიქმნა და ვფიქრობ, უფრო აქტიური უნდა იყოს ხელისუფლება ამ მიმართულებით - უნდა აკონტროლოს, იმდენად, რამდენადაც ამის საშუალებას იძლევა ვიზალიბერალიზაცია. უნდა შეძლოს კონტროლი, სად მიდის ქვეყნიდან გასული ადამიანების ძირითადი მასა.
პრინციპში, ახლა უფრო ცხადად გამოჩნდა, რატომ არის აუცილებელი ქართული კანონმდებლობის დაახლოება დასავლურ კანონმდებლობასთან - ეს ინტეგრაციის პროცესს გააადვილებს - ჩვენი ხელისუფლება ახლა მაინც თუ არის მონდომებული, რომ რეალურად დაინერგოს დასავლური სტანდარტები? - შევარდნაძის პერიოდიდან მოყოლებული ევროპისგან ამგვარი რეკომენდაციები მოდიოდა, მაგრამ ყოველთვის ვახერხებდით იგნორირებას და ყველა ხელისუფლება საბოლოოდ, საკუთარ სტანდარტს გვახვევდა თავს...
- ერთი შეხედვით, ჩანს, რომ ხელისუფლებას ასეთი განწყობა აქვს - შს მინისტრის მოადგილე ახლა გერმანიაშია და იქ აწარმოებს შესაბამის სამსახურებთან მოლაპარაკებებს. იყო საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებაც - ეს ყველაფერი ნიშნავს, რომ ხელისუფლება ამ მიმართულებით აქტიურია, მაგრამ რამდერნად პროდუქტიული იქნება, ვერ გეტყვით. იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ეს მართლაც ასე იქნება და შეძლებს ამ პროცესის დარეგულირებას.
გუშინ, სახელმწიფო დაზვერვის სამსახურის უფროსმა დეპუტატებს გააცნო შექმნილი სიტუაცია, საგარეო გამოწვევები და როგორც თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ხელმძღვანელმა აღნიშნა, დავით სუჯაშვილისგან ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს იმ საფრთხეებსა რისკებზე, რომელიც რეგიონში არსებობს. როგორც ირაკლი სესიაშვილმა აღნიშნა, ეს გახლდათ ამ ტიპის პირველი შეხვედრა და საკმაოდ მნიშვნელოვანი, რადგან მართალია, საჯაროდ ვერ ისაუბრებენ რისკებზე, მაგრამ გაითვალისწინებენ საკანონმდებლო ბაზაზე მუშაობისას - ეს ყველაფერი მართლაც ძალზე სერიოზულია, მაგრამ ჩნდება კითხვა, - აქამდე არ იყო მნიშვნელოვანი? რის გათვალისწინებით გახდა პირველი რიგის ამოცანა?
- სამწუხაროდ, აქამდე ითვლებოდა, რომ ჩვენ ასეთი ფაქტორებისგან ვიყავით დაზღვეული იმიტომ, რომ არ წარმოვადგენდით საერთაშორისო არენაზე იმ რანგის მოთამაშეს, რომ ჩვენდამი ინტერესი მასშტაბური ყოფილიყო.
ვითარება ნამდვილად შეიცვალა და არა მხოლოდ რეგიონში. მაგალითად, ერთი წლის წინ ვერავინ იწინასწარმეტყველებდა, რომ შესაძლებელი იყო, რუსეთის, თურქეთის და ირანის ერთად დაჯდომა და საუბარი სირიის კონფლიქტთან დაკავშირებით. ეს სრულიად მოულოდნელი ფაქტორია. მათ შორის, სირიაში მიმდინარე პროცესები - ის, რომ ხალიფატმა დაკარგა საყრდენი და მებრძოლები უკვე თავშესაფარს ეძებენ და ა.შ.
მოკლედ, პროცესები წარიმართა ისე, რომ ვითარება ჩვენს ირგვლივ საკმაოდ დამძიმდა და დაიძაბა. არა მარტო ჩვენს ირგვლივ, ზოგადად საერთაშორისო არენაზე საკმაოდ რთული ვითარებაა შექმნილი.
რა თქმა უნდა, ადრეც იყო საფრთხეები და ამ მიმართულებით უნდა გვემუშავა, მაგრამ ახლა უკვე სერიოზული რისკების წინაშე ვდგავართ და ალბათ, ამიტომაც მოხდა პარლამენტის საქმის კურსში ჩაყენება - სწორი გადაწყვეტილებაა, რომ ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით უნდა შეიმუშავოს პოლიტიკა პარლამენტმა.
ითქვა, რომ პირველი საფრთხე არის ოკუპირებული ტერიტორიები, გარდა ამისა, საქართველოში ხდება სხვა დიდი სახელმწიფოების ინტერესთა კვეთა - პოლიტიკოსები ამაზე ღიად საუბარს არ აპირებენ, მაგრამ დაახლოებით მაინც თუ არის შესაძლებელი განსაზღვრა, რა ტიპის საფრთხეებზე შეიძლება იყოს საუბარი?
- ინტერესთა კვეთა რომ არის, ეს ისედაც აშკარაა - რუკას თუ დახედავთ, მოსკოვს, თეირანსა და ანკარას შორის გეოგრაფიული ცენტრი (და არა მხოლოდ გეოგრაფიული), სწორედ საქართველოა. შეიძლება საუბარი დიდ სახელმწიფოებს შორის ინტერესთა კონფლიქტზეც - ერთი მხრივ, ამერიკა და ევროკავშირი, მეორე მხრივ - რუსეთი, თურქერთი და ირანი. ასე რომ, ვითარება საკმაოდ რთულია და რაც მთავარია, საკმაოდ არაპროგნოზირებადი.
საფრთხები შესაძლოა იყოს სავსებით რეალური - სხვადასხვა ხასიათის და დონის. საჭიროა მათი რანგირება და ისეთი პოლიტიკის ჩამოყალიბება, რომ ეს საფრთხეები იყოს განეიტრალებული - ეს არის დღევანდელი ხელისუფლების პრობლემა.
რა თქმა უნდა, უსაფრთხოების სამსახურს ბევრად მეტი ინფორმაცია უნდა ჰქონდეს, ვიდრე პოლიტიკოსებს, მაგრამ ზოგადი ფონიდან გამომდინარე, საჭიროა გარკვეული ინფორმაციის მიწოდება. ვგულისხმობ იმ მომენტს, რომ არსებული ფონის გათვალისწინებით შესაძლებელია ე.წ. მეხუთე კოლონების გააქტიურება სხვადასხვა მიმართულებით. თუმცა ეს ყველაფერი უნდა გაითვალისწინონ ისე, რომ დაცული იყოს ადამიანთა უფლებები და თავისუფლება.
საქართველოს წინაშე საკმაოდ რთული ამოცანაა, რადგან ჩვენი სახელმწიფო ჯერ ისევ ჰიბრიდულია და ვერ ჩამოყალიბებულა, საით წავიდეს - დემოკრატია გვინდა თუ ისევ ტოტალიტარიზმისკენ მივდივართ.
საუბარი დავიწყეთ ვიზალიბერტალიზაციის შესაძლო შეჩერებით - გასაგებია, რომ ევროპულ ოჯახში საქართველომ გარკვეული, საკმაოდ არასასიამოვნო სირთულე შეიტანა, მაგრამ როდესაც ფაქტობრივად, ახალი მსოფლიო მოწყობის პროცესი მიმდინარეობს, საქართველოსთვის იკვეთება ნიშა დასავლეთში? ჩვენთვის, მნიშვნელოვანია, მაგრამ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველო დასავლეთისთვის - ეს კონტურები მკაფიოდ იკვეთება?
- საქართველოში დაინტერესებულია დასავლეთი - აშშ და ევროკავშირი, ასევე - თურქეთი, რუსეთი და ა.შ. გეოგრაფიული მდებარეობა გვაქვს ისეთი, რომ მთლიანად ვკეტავთ ევროპა-აზიის მიჯნას და როგორც გეოგრაფიულად, ისე პოლიტიკურადაც, მთლიანად კონტროლდება მთელი აღმოსავლეთი და ის რეგიონები, სადაც ახლა კონფლიქტები მიმდინარეობს. გეოპოლიტიკური მდებარეობა იწვევს საქართველოასადმი ინტერესს, მაგრამ როდესაც ვლაპარაკობთ ინტერესზე, მაშინვე მოსდევს კითხვა, თუ დაინტერესებული არიან, რას გააკეთებენ? - ეს არის ჩამოსაყალიბებელი და გასააზრებელი.
უნდა ვიცოდეთ, რომ ევროპა არ არის ერთიანი არც საქართველოსთან მიმართებაში და ზოგჯერ, არც სხვა საკითხებში, როდესაც აშშ მომხრე იყო, საფრანგეთი და გერმანია იყვნენ საქართველოს წინააღმდეგი ბუქრესტის სამიტზე... ახლა ვითარება შეიძლება შეიცვალა, მაგრამ არც იმდენად, რომ საქართველოსთვის მესამე მსოფლიო ომი დაიწყოს. ამიტომ მუდმივად უნდა ვეცადოთ, რომ დასავლეთს ჩვენდამი ინტერესი არ გაუნელდეს.
ანუ ბევრი რამ უკვე ჩვენი დიპლომატიის სიძლიერეზე იქნება დამოკიდებული?
- ჩვენზედაც - ჩვენი ხელისუფლების ქმედებებზეც იქნება მნიშვნელოვნად დამოკიდებული, როგორ წარიმართება პროცესები. დასავლეთი დარწმუნებული უნდა იყოს საქართველოს სტაბილურობაში, საქართველო უნდა იყოს პროგნოზირებადი ქვეყანა. თუ გაჩნდა განცდა, რომ ამ ქვეყანამ შეიძლება, ხვალ და ზეგ ისევ რაღაც ავანტურა წამოიწყოს, ჩვენდამი დამოკიდებულება იქნება, რა თქმა უნდა, ისევ დისტანციური. პირველ რიგში საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ლავირებაა საჭირო.