ოთარ დანელია პარლამენტს მოსალოდნელ პოლიტიკურ კრიზისზე აფრთხილებს. მარტვილის მაჟორიტარი დეპუტატი რეგიონში კრიზისის შექმნაში თანაგუნდელებს ადანაშაულებს. დეპუტატმა საპარლამენტო ტრიბუნიდან მოუწოდა პარლამენტის თავმჯდომარეს, რომ გაეცნოს შექმნილ ვითარებას და მოხდინოს დროული რეაგირება.
„მარტვილში არსებული მდგომარეობაზე არაერთხელ გვქონდა საუბარი. პირდაპირ შემიძლია ვთქვა, მწიფდება პოლიტიკური კრიზისი. ბატონო ირაკლი, თქვენ მოგმართოთ თხოვნით, როგორც „ქართული ოცნების“ აღმასრულებელ მდივანს, რომ ჩაერიოთ ამ სიტუაციის გარკვევაში, ვინაიდან ფაქტია, რომ არაჯანსაღი სიტუაციაა. მაქვს ინფორმაცია, რომ ჩვენი რამდენიმე თანაპარტიელი ერთგვარად ხელს უწყობს ამ პრობლების კიდევ უფრო ესკალაციას“, - განაცხადა ოთარ დანელიამ.
არსებული ინფორმაციით, მაჟორიტარ დეპუტატ ოთარ დანელიასა და მარტვილის მერის, ასევე მარტვილის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის დაპირისპირება რამდენიმე თვეა გრძელდება. მიზეზი კი, საკადრო ცვლილება გახდა. კერძოდ, ფრაქციის თავმჯდომარის და მოადგილეების დანიშვნა, როდესაც ადგილობრივმა ხელისუფლებამ დანელიას კანდიდატების დაწინაურებას მხარი არ დაუჭირა.
for.ge ოთარ დანელიასთან ცდილობდა დამატებითი ინფორმაციის მიღებას, თუმცა, დანელიამ მისი კოლეგების მსგავსად სატელეფონო ზარს არ უპასუხა.
ოთარ დანელიას განცხადების შინაარსი არ ესმის მარტვილის მერს ალექსანდრე გრიგალავას, რომლის განცხადებით, მარტვილში არანაირი პოლიტიკური კრიზისი არ მწიფდება.
„გაოგნებული ვარ ოთარ დანელიას განცხადებით. დღის განმავლობაში ბევრი დამიკავშირდა ამ საკითხთან დაკავშირებით. ნამდვილად ვერ გეტყვით, რის საფუძველზე გააკეთა მან ეს განცხადება. ვერაფერს ვიტყვი, უმჯობესია მას ჰკითხოთ“, - აღნიშნა ალექსანდრე გრიგალავამ.
კიდევ ერთი თემა, რაზეც დანელიამ ისაუბრა, ფაროსანაა. პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს ლევან დავითაშვილს უწყებათაშორის კომისიაში გაწეული სამუშაოსთვის და კარგად მომზადებული გეგმისთვის. მაგრამ საკმაოდ მწვავედ გააკრიტიკა ინფრასტრუქტურის მინისტრი და ამჯერად უკვე პრემიერ-მინისტრს მიმართა თავად უხელმძღვანელოს უწყებათაშორის კომისიას.
„განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რომ ინფრასტრუქტურის მინისტრი არც კი ესწრება ბოლომდე სხდომას და ტოვებს მას დაწყებიდან რამდენიმე წუთში, ის ერთხელაც არ მინახავს რეგიონში ჩასული. მოვუწოდებ პრემიერ-მინისტრს, ჩემი აზრით, გაცილებით უფრო ეფექტური იქნება, თუ თავად უხელმძღვანელებს ამ კომისიას, ვინაიდან ამაზე დიდი საფრთხე ჩვენი ქვეყნის წინაშეა დღეს არ არსებობს. ის არაფრით არ ჩამოუვარდება იმ პრობლემას, რომელიც ხანძრის დროს იყო ბორჯომში. ვფიქრობ, იგივე დოზითა და ფორმით კონსოლიდაცია მთავრობისა არის ძალიან მნიშვნელოვანი და ამ ღონისძიებების ეფექტურად გატარებას სჭირდება მართვის უმაღლესი სტატუსი“, - განაცხადა ოთარ დანელიამ.
ბრალდებას არ აღიარებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, რომელიც ასევე არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ აზიური ფაროსანას წინააღმდეგ შექმნილი კომისიის სხდომა რამდენიმე წუთში დატოვა. ზურაბ ალავიძის თქმით, მისთვის გაუგებარია ოთარ დანელიას განცხადება.
„ჩემთვის გაუგებარია რატომ გააკეთა ასეთი განცხადება. სხდომაზე ვიჯექი ჩვეულებრივად, დაახლოებით ერთი საათი. ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლაში მობილიზებულები ვართ თავიდან ბოლომდე, მთელი ქვეყნის მასშტაბით. მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ ეს ჭირი დავამარცხოთ. ყოველ შემთხვევაში, წელს დიდი რაოდენობით შევამსუბუქოთ ის დაწოლა, რაც ფაროსანაზე გვაქვს. ერთ წელში ამის მთლიანად მოგვარება ძალიან რთული იქნება“, - ასეთია ზურაბ ალავიძეს პასუხი.
მინისტრის პასუხსს დღის ბოლოს კიდევ ერთი განცხადებით გამოეხმაურა ოთარ დანელია და განმარტა, რომ მას არ უთქვამს, თითქოს ბატონი ალავიძე აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლისთვის შექმნილი სამთავრობო კომისიის სხდომას არ ესწრებოდა და აზუსტებს: „მე ვთქვი, რომ რამდენიმე წუთში წავიდა და ბოლომდე არ დაესწრო. თუმცა ჩემთვის არ არის პრინციპული მნიშვნელობის, სხდომას ვინ და რამდენი ხნით დაესწრება, ჩემთვის მთავარია შედეგი რა იქნება და რამდენად პრიორიტეტულად უდგებიან საკითხს“, - აღნიშნა ოთარ დანელიამ.
მარტვილში არსებულ პოლიტიკური კრიზისის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ მმართველ გუნდში, თუმცა პირობას დებენ, რომ ვითარებას ადგილზე გაეცნობიან. საჭიროების მიხედვით ადგილზე გადაწყვეტილება იქნება მიღებული, მაგრამ გადაწყვეტილება როგორც დეპუტატი ზაზა გაბუნია აცხადებს, იმის მიხედვით იქნება მიღებული, რა საჭიროებაც იარსებებს.
მმართველი გუნდისგან განსხვავებით, პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ამბობს, რომ დანელია სკანდალისტი არ არის და მას რომ რეალური საფუძველი არ ჰქონდა, ასეთ განცხადებას არ გააკეთებდა.
„რა გითხრათ. არის ასეთი ქართული ანდაზა - „უპატრონო მონასტერს ეშმაკები დაეპატრონენო“. თუკი პროცესებს მოაკლდა ყურადღება, პატრონის ხელი, ანუ თუკი პროცესებს მოაკლდა მზრუნველობა, ასეთ შემთხვევაში ვინც არის აქტიური და დაინტერესებული დაპატრონებით, ბუნებრივია, ის დაეპატრონება პროცესებს, ეს ბუნებრივი მოვლენაა. სულ არ ჭირდება შეთქმულება ისე დაიშლება უპატრონოდ დატოვებული სახლი.
მრჩება შთაბეჭდილება, რომ აი, ეს უპტრონობა არის „ქართულ ოცნებაში“. არა იმ მხრივ, რომ თავისად არ მიაჩნიათ „ქართული ოცნება“ იმათ, ვისაც ეს პარტია აბარია, არამედ იმ მხრივ, რომ საჭიროდ არ მიაჩნიათ მოვლა. სახლის მაგალითი მოვიყვანე, თუ სახლში ვიჯდები და არაფერი გავაკეთე, თავზე დამენგრევა სახლი. ასეთი ვითარება არის ოცნებაშიც“, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.
მისი თქმით, მმართველი გუნდის გულშემატკივრები ბევრ პრობლემებზე მიუთითებენ ხელისუფლებას, როგორიც არის, მოსაგვარებელი საკითხების მოუგვარებლად დატოვება.
„აქ ლაპარაკი არ არის რთულ პრობლემებზე, არამედ საუბარია მის მოწესრიგებაზე და თავის მობმაზე. რამდენი ხანია ქართულ მედიაში ისმის, რომ პიარი არ უვარგა „ქართულ ოცნებას“, მხოლოდ ისმის, მაგრამ რაიმე ცვლილება მოხდა ამ თავლასაზრისით? - პრაქტიკულად არანაირი. აქ არ არის ლაპარაკი იმაზე, ეკონომიკა ფეხზე უნდა დადგეს თუ არა, გასაგებია, რომ ეკონომიკის ფეხზე დადგომას დიდი დრო უნდა, მაგრამ კომუნიკაციებს რა დრო უნდა?! რეგიონში მიმდინარე პროცესებს რომ მიხედვა უნდა, მაგასაც დრო უნდა?!
რასაც მაჟორიტარი დეპუტატი ჩივის, ეს ძალიან ბევრი დეპუტატის საჩივარია. გადაუწყვეტელი პრობლემების სიმწვავე არ არის პრობლემა, არამედ გადაწყვეტადი პრობლემების გადაუწყვეტლობა არის პრობლემა. როდესაც შედარებით მარტივი პრობლემები არ გვარდება, ეს ძალიან ბევრგან აჩენს პროტესტს, ნიჰილიზმს, გულგაცრუებას, მთავარია, რომ ეს აჩენს იმ ვაკუუმსაც, რომელშიც შემოვა მეტოქე და თვითონ გააკეთებს იმ საქმეს, რაც შენ არ გააკეთე. ოღონდ სათავისოდ, თვითონ მოახდენს ამ ადამიანების მობილიზაციას და მერე უკვე იმ ადამიანებით დაგიპირსპირდება, ეს არის საშიში და ამაზე უნდა იფიქროს ხელისუფლებამ“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.
ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი ამბობს, რომ დეპუტატის საჯარო განცხადება უკვე ნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ შიგნით არის დაპირისპირება. მისი თქმით, შესაძლოა, ასეთი ჯგუფი სულაც რომ არ იყოს პარტიის შიგნით და დეპუტატი ცდილობდეს, მოვლენები ამ კუთხით იქნას გააზრებული საზოგადოების მხრიდან, თითქოს „ქართულ ოცნებაში“ რაღაცა რიგზე არ არის, ცხადია, ორივე შემთხვევაში არასასიამოვნო ფაქტია მმართველი გუნდისთვის.
„არ ვიცი რითია გამოწვეული ასეთი ტიპის განცხადება. ეტყობა, რომ „ქართულ ოცნებაში“ შიდა პარტიული პროცესები გამწვავდა და ეს აშკარაა, იმიტომ, რომ ეს იყო საკმაოდ ხმამაღალი განცხადება, რომლის შინაარსი ასეთია - „მწიფდება პოლიტიკური კრიზისი“. თუმცა, მე ამის ნიშანწყალს ვერ ვხედავ. პოლიტიკური კრიზისი არის მაშინ, როდესაც მმართველ პარტიას ხელიდან გაურბის მართვის სადავეები, ასეთი რამე არ ხდება, არც სამთავრობო კრიზისის ნიშნებია ქვეყანაში.
არავითარი პრობლემა ამ თვალსაზრისით არ არის. მთავრობას აქვს უმრავლესობის ნდობა, თავის საქმეს ავად თუ კარგად უძღვება და აკეთებს. ამიტომ, რას ეძახის პოლიტიკურ კრიზს დანელია, ეს მას უნდა ვკითხო. პარტიის შიგნით არსებობს სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფები, ეს აშკარად ჩანს, მაგრამ არ ნიშნავს იმას, რომ პოლიტიკურ კრიზისს ამწიფებს“, - განაცხადა for.ge-სთან საუბრისას დავით ზარდიაშვილმა.