პარლამენტმა პრეზიდენტის მორიგი ვეტო დაძლია, ამჯერად - „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ დაკავშირებით. არსებობდა მოლოდინი, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით უმრავლესობაშიც არსებობდა აზრთა სხვადასხვაობა, თუმცა კენჭისყრამ ისეთივე სურათი გვიჩვენა, როგორიც სხვა ვეტოების დაძლევის დროს.
თავდაპირველად კენჭი პრეზიდენტის მიერ შეთავაზებულ პროექტს ეყარა, რომელსაც 13-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ხოლო წინააღმდეგ ხმა პარლამენტის 75-მა წევრმა მისცა. ამის შემდეგ კენჭისყრაზე პარლამენტის მიერ მიღებული და ვეტოდადებული კანონპროექტი დადგა - ვეტო 83 ხმით, (13 წინააღმდეგი) დაძლიეს.
საბოლოოდ, „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ უფლებამოსილება უფართოვდება და შეეძლება კანონმდებლობით განსაზღვრული შემოსავლები, მათ შორის სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული ასიგნებები დამწყები საწარმოების (სტარტაპები) წახალისების, (ტელე, რადიო და ონლაინ პროდუქციის) ინოვაციური განვითარების, მაუწყებლობის სფეროში გარემოს განვითარების ხელშეწყობაზე მიმართოს.
გარდა ამისა, კანონში განხორციელებული ცვლილებებით, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში დასაშვები ხდება კომერციული რეკლამის განთავსება სამუშაო დღეებში, გარდა საუკეთესო დროსი (19:00 – 24:00). რეკლამის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს ყოველ საათში 3-წუთს. გარდა ამისა, იზრდება სპორტული რეპორტაჟის, საერთაშორისო ფესტივალისა და სხვა პროგრამების დროს კომერციული რეკლამის ხანგრძლივობა - ნაცვლად 30 წუთისა, იგი არ უნდა აღემატებოდეს 60 წუთს, ხოლო ყოველ საათში ნაცვლად 6 წუთისა, 12 წუთს.
„საზოგადოებრივი მაუწყებლის“, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს არხებზე დასაშვები ხდება სპონსორობა მხოლოდ სპორტული რეპორტაჟის, საერთაშორისო ფესტივალის/კონკურსის და გასართობი გადაცემის, სერიალების დროს.
საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო ვალდებული ხდებიან, ეთერში განთავსების მიზნით წარმოდგენილ სოციალურ რეკლამას უსასყიდლოდ და არადისკრიმინაციულად დაუთმონ 3 საათში ჯამში არანაკლებ 90 წამისა (ნაცვლად 1 საათში არანაკლებ 60 წამისა).
ასევე, იმიჯნება უფლებამოსილებები საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტსა და სამეურვე საბჭოს შორის.
დღეს არსებული კანონით, საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტს სამეურვეო საბჭო ამტკიცებს და ასევე მას შეაქვს ბიუჯეტში ცვლილებები. კანონში შესატანი ცვლილებებით, საბჭო უფლებამოსილი იქნება მხოლოდ გენერალური დირექტორის წარდგინებით შეიტანოს ბიუჯეტში ცვლილებები. გარდა ამისა, საზოგადოებრივი მაუწყებლის დებულებაში ცვლილების შეტანაც მხოლოდ დირექტორის წარდგინებით იქნება შესაძლებელი.
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონი არ გავრცელდება დამოუკიდებელი კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ მომზადებულ პროგრამაზე, რომლებსაც საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერის არანაკლებ 25% დაეთმობა.
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონით დადგენილი შეზღუდვები ასევე არ გავრცელდება საზოგადოებრივ მაუწყებლის ეთერით გადასაცემი გადაცემების, ფილმების, სერიალების დამზადების მომსახურების შესყიდვაზე.
პრეზიდენტი აღნიშნული კანონროექტის იმ ნაწილს არ დაეთანხმა, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში კომერციული რეკლამის განთავსებას და სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ საკითხს ეხება. თუმცა, პარლამენტის თავმჯდომარის ცნობით არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად მომდევნო ერთი წლის განმავლობაში დააკვირდებიან ბაზრის განვითარებას და ამ ცვლილებებმა თუ რაიმე უარყოფითი შედეგი გამოიწვია, მიღებულ კანონს გადახედავენ.
როგორც პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა ნაცვლიშვილმა აღნიშნა, ფორმალურად ვეტო დაიძლია, მაგრამ დღესვე მოხდა იმ არგუმენტების სისწორის აღიარება, რომელიც დაფიქსირებული იყო ვეტოში - ითქვა, რომ არ შეიძლება რეგულაციების გარეშე შესყიდვის პროცედურის თავის ნებაზე მიშვება. მისი თქმით, არაერთხელ მომხდარა, რომ ჯერ დაძლევენ პრეზიდენტის ვეტოს და მერე აღიარებენ ამ შენიშვნების სისწორეს.
„მათ თქვეს, რომ შემუშავდება კანონი და თუ ეს პრობლემას გამოიწვევს, კანონი გადაიხედება... მათთვის რთულია იმის აღიარება, რომ პრეზიდენტის შენიშვნები სწორი იყო. ამიტომ, ასე არარაციონალურად იხარჯება სახელმწიფო რესურსი, დრო და ენერგია. ცოტა ხანში ვნახავთ, რომ ამან ცუდი შედეგი მოახდინა მედია გარემოზე. რატომ ვხარჯავთ ენერგიას ჯერ გაფუჭებაზე და შემდეგ ამის გაკეთებაში, ჩემთვის ამოუცნობია“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
ანა ნაცვლიშვილმა არ დააკონკრეტა, მოაწერს თუ არა პრეზიდენტი ხელს კანონპროექტს და განაცხადა, რომ ამაზე მნიშვნელოვანი ის პრობლემებია, რასაც ეს კანონპროექტი მოუტანს სხვა ტელევიზიებს.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსიც თვლის, რომ პარლამენტის მიერ ვეტოს დაძლევის პროცესი იყო არა შინაარსობრივი მსჯელობა, არამედ მარგველაშვილის ვეტოს დაძლევა.
„გამოჩნდა როგორ ხელოვნურად გაადაფიქრებინეს უმრავლესობის წევრებს განსხვავებული აზრი, მხოლოდ იმიტომ, რომ მარგველაშვილის მიერ წარმოდგენილი ვეტო დაძლეულიყო. გამოჩნდა ეს პიროვნული ფაქტორი, პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის გარკვეული ტრადიცია. იღებენ კანონს, თან ამბობენ, რომ ცუდი კანონია და ამბობენ, რომ ახლა მივიღებთ და მერე კიდევ შევცვლით“, - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.
საპარლამენტო უმცირესობის წევრი, რომან გოცირიძე თვლის, რომ მოხდა ცუდი ფაქტი, რადგან პარლამენტმა მოახდინა იგნორირება მთელი ქართული მედია სამყაროს პოზიციისა, ისევე, როგორც არასამთავრობო სექტორის, თუმცა მოსალოდენელი იყო.
„ორმა დეპუტატმა უმრავლესობიდან არ მისცა ხმა და ეს იყო მოჩვენებითი ილუზიის შექმნა, თითქოს უმრავლესობაში არიან განსხვავებული აზრის მქონე გმირები. პარლამენტს გარეთ ვიღაცამ ეს კანონი დაწერა, შეაჩეჩეს ხელში, მიაღებინეს და ფაქტობრივად, პარლამენტი გახდა სხვისი ნების აღმსრულებელი“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.
მისი თქმით, საპარლამენტო უმრავლესობამ ტრადიციად აქცია სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოშლის ხელშეწყობა - დაიწყო ეს საქართველოს ეროვნული ბანკიდან, გააგრძელა კონსტიტუციით, შემდეგ გააქრო უშიშროების საბჭო, განახორციელა სრული, არაპროპორციული შეტევა პრეზიდენტის ინსტიტუტზე, მოახდინა თვითმმართველობის გაუფასურება და ახლაც, უმნიშვნელოვანეს ინსტიტუტზე, მეოთხე ხელისუფლებაზე მიდის შეტევა.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ლევან გოგიჩაიშვილის განცხადებით, მხარდაჭერისას მთავარი არგუმენტი იყო გაძლიერებული „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ და ამ გადაწყვეტილებით სარეკლამო ბაზართან მიმართებაში გაუარესება არ მოხდება.