„საქართველოსთვის კატასტროფული იქნება შეჩერების მექანიზმის ამოქმედება“

„საქართველოსთვის კატასტროფული იქნება შეჩერების მექანიზმის ამოქმედება“

„თავშესაფრის მაძიებელთა ზრდა, რომელთა დახმარებითაც თავშესაფრები ორგანიზებული ქურდობისა და ძარცვის ბაზებად გადაიქცა“ - ეს არის მიზეზი რატომაც გერმანია საქართველოსთან მიმართებაში შეჩერების მექანიზმის ამოქმედებას ითხოვს. პარალელურად, გერმანიის შსს-მ საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა სტატისტიკა გაასაჯაროვა.

აღნიშნული ინფორმაციის თანახმად, 2017 წლის სექტემბერში გერმანიაში თავშესაფარი საქართველოს 238-მა მოქალაქემ მოითხოვა, შემდეგ თვეებში აღნიშნული რიცხვი იზრდებოდა. კერძოდ, ოქტომბერში თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვმა 355, ნოემბერში - 444, დეკემბერში - 522, იანვარში კი - 745 შეადგინა. გერმანიის პარლამენტმა საკითხის დროული მოგვარება მოითხოვა. თუ სიტუაცია დროულად არ გამოსწორდა, გერმანელი პარლამენტარები აცხადებენ, რომ ევროკავშირმა უნდა იმოქმედოს და შემოიღოს სავიზო რეჟიმი.

საქართველოს ხელისუფლება პირობას დებს, რომ პრობლემის მოგვარებისთვის სპეციალურ მექანიზმებს აამოქმედებს. სანამ ხელისუფლება გამოსავალის ძიებაშია, ექსპერტები აცხადებენ, რომ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერება ევროპის პოლიტიკური შეცდომა იქნება.

for.ge-სთან საუბრისას ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში შორენა ლორთქიფანიძე თვლის, რომ საკითხის განხილვა პოლიტიკურ ჭრილში უნდა მოხდეს, მაგრამ მხოლოდ მოსახლეობის მხრებზე არ უნდა გადაიაროს შეჩერების მექანიზმის ამოქმედებამ.

თუ საქართველომ არ შეაჩერა თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი, ასეთ შემთხვევაში გერმანია შეჩერების მექანიზმს აამოქმედებს. როგორ ფიქრობთ, რამდენადთულად აისახება საქართველოს შემთხვევაში უვიზო მიმოსვლის შეჩერება და საერთოდ, დადგება ეს საკითხი დღის წესრიგში?

შორენა ლორთქიფანიძე: არა მგონია ევროკავშირმა შეაჩეროს ვიზალიბერალიზაცია, თუმცა გარკვეული ზომები არის მისაღები, ისეთი ზომები, როდესაც ადამიანების მხრებზე არ გადავა შეჩერების მექანიზმის ამოქმედების საფასური. ლაპარაკია იმაზე, რომ დეპორტაციის ხარჯები მოქალაქემ უნდა გადაიხადოს. ბევრი მიმართულებით არის საუბარი. ასე რომ, რაციონალურად არის მოსაფიქრებელი.

ლაპარაკი იყო შრომითი დასაქმების კუთხით ორმხრივი ხელშეკრულებებზე. კერძოდ, საქართველო მოლაპარაკებას დაიწყებდა განსაკუთრებით იმ ქვეყნებთან, სადაც ძირითადად მიემგზავრებიან ქართველები, რაც ასევე ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი იქნება. მთავარია, მიმოსვლა ლეგალურ, სამართლებრივ და ტრანსფარანტულ ჩარჩოებში აღმოჩნდეს, რომელიც ერთი მხრივ დაეხმარება საქართველოს მოქალსაქეებს, რომ ამ პროცესის მთელი სიმწვავე და სიმძიმე მათ მხრებზე არ გადავიდეს, მეორე მხრივ უნდა გაჩნდეს პერსპექტივა იმისა, რომ სამართლებრივი რეფორმირების კუთხით სახელმწიფო უფრო მეტად მოაქცევს მოქალაქეს სამართლებრივ ჩარჩოში. იმედი მაქვს, რომ რაღაცა გამოსავალი აქიდან იქნება.

რაც შეეხება თავშესაფარის მაძიებელთა რიცხვს, საქართველო არ არის გამონაკლისი, შემთხვევები ყველა ქვეყანას აქვს. ასევე, საქართველო არ არის ერთადერთი ქვეყანა, ვთქვათ რომ აი, ქართველი კრიმინალების აქტიუროებები იგრძნობა ევროკავშირში.

სტატისტიკა აჩვენებს, რომ თავშესაფარის მაძიებელთა რაოდენობა არის მზარდი. როდესაც ადამიანები გადიან ქვეყნიდან, აქვთ კი მათ გარანტია, რომ მიიღებენ თავშესაფარს?

- რაოდენობა ნამდვილად დიდია, მაგრამ არ ხდება მათი მიღება. საქართველოს მოქალაქეებს უკან უხდებათ დაბრუნება. ზოგადად, მიმაჩნია, რომ კატასტროფული იქნება საქართველოსთვის შეჩერების მექანიზმის ამოქმედება. საქართველოს მთავრობამ ეს არ უნდა დაუშვას ბევრი თვალსაზრისით. ერთი - ზოგადად საზოგადოების განწყობა ევროკავშირთან და ინტეგრაციის კუთხით; მეორე - საქართველო-ევროკავშირს შორის ურთიერთობების და მხარდაჭერის თვალსაზრისით.

ასევე, უპირველეს ყოვლისა ეს არის ჩვენი ფანჯარა ევროპაში და ჩვენი დასავლური ინტეგრაციისათვის უმთავრესი თავისუფალი მიმოსვლა, რომელიც ძალიან დიდი მონაპოვარია საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული ურთიერთობების, რეგულირების და განვითარების პროცესში. ეს უნდა შევინარჩუნოთ და ამ პროცესში მთელი პასუხისმგებლობა მოქალაქეებზე არ უნდა გადავიდეს. ხელისუფლებამ აქტიურ ზომებს უნდა მიმართოს, მაგრამ არ უნდა დაზარალდნენ მოქალაქეები.

ხელისუფლების პასიურობის ბრალეულობა რამდენად არის და ამ პასიურობის ფონზე რატომ გამოვრიცხავთ რუსულ ინტერესებს?

- არა, რასაკვირველია არაფერს არ მოვრიცხავ, მაგრამ ჯერჯერობით ასეთი სურათი არ ჩანს. ამ მომენტში პირდაპირ ვერ ვისაუბრებთ რუსეთის ჩართულობაზე, იმიტომ, რომ არ ჩანს ასეთი ინტერესი. ყოველ შემთხვევაში ზედაპირზე არ არის. რა თქმა უნდა, ანალიზის და ვარაუდის დონეზე შეიძლება ვიფიქროთ ამაზეც, მაგრამ მეორე საკითხია ისიც, რომ რუსეთის ეს მიმართულება გაშიფრულია. აქ მთავარი საკითხია როგორ ვჩანვართ ჩვენ დასავლეთში, როგორია რეალური სტატისტიკა, როგორია მონაცემები თუ როგორ იქცევიან საქართველოს მოქალაქეები, რას აკეთებენ, რა რეგულაციები არსებობს და ა.შ. აი, ამ ანალიზსს ვეყრდნობით. დანარჩენი ყველაფერი არის ქვეტექსტი, რომელიც ვიზალიბერალიზაციის პროცესს ახლავს და მათ შორის ეს რუსული ინტერესები. ბუნებრივია, ეს გასათვალისწინებელია, მაგრამ შესაბამისმა უწყებებმა არგუმენტირებულად და რაციონალურად უნდა მიიღონ შესაბამისი გადაწყვეტილებები.

ჩვენ ვიცით, რომ საქართველოს შსს-ს სპეციალური წარმომადგენელი ჰყავს გერმანიის საელჩოში, რომელიც ძალიან აქტიურად მუშაობს გერმანელ კოლეგებთან ერთად. მსგავსი ნაბიჯები იდგმევა სხვა ქვეყნებშიც. მაქსიმალურად ხდება ინფორმაციის გაცვლა და ყველა შემთხვევაზე საქართველოს მთავრობა რეაგირებს. ესეც გასათვალისწიენებლია, მაგრამ დაახლოებით ხომ ვიცოდით რა პრობლემებიც იქნებოდა. რაღა ყოველ სამ თვეში ველოდებოდით შეფასებას, რა ხდება და როგორ ხდება.

ეს არის გამაფრთხილებელი სიგნალი. უვიზო მიმოსვლა მარტო საჩუქარი არ არის, არამედ თავისუფალ მიმოსვლას უნდა შენარჩუნება. შესაბამისი პოლიტიკა არის შესამუშავებელი, რაც საშუალებას მისცემს ქვეყანას, რომ კეთილსინდისიერების ფარგლებში იმოქმედონ საქართველოს მოქალქეებმა.

რაც შეეხება ნატოს გაფართოებას, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ ნატო- გაფართოება შეცდომაა და დიდ ზიანს აყენებს ევროპაში სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფას. როგორ ფიქრობთ, რატომ უჭირს რუსეთს იმის აღიარება, რომ ალიანსი საფრთხეს არ წარმოადგენს რუსეთისთვის?

- რუსეთს აქვს თავისი წარმოადგენა ამ საკითხზე, მაგრამ ამის საპირისპიროდ ნატო ამბობს, რომ გაფართოება არ არის საფრთხე რუსეთისთვის. აქ მთავარი არის, როგორ იყენებს რუსეთი თავის აღქმას საერთაშორისო კონტექსტში და ურთიერთობებში. რასაკვირველია, ნატო არ წარმოადგენს საფრთხეს რუსეთისთვის, ეს ჩვენ ვიცით, მაგრამ გაფართოება არის რუსეთის წინააღმდეგ მიმართული იმ კონტექსტში, რომ ნატო ამ ქვეყნებს სთავაზობს მეტ დემოკრატიას, თავისუფლებას, უკეთეს თავდაცვისუნარიანობას, ღია და ტრასფარანტულ დემოკრატიულ პროცესს. ეს არის ის, რასაც უპირისპირდება რუსეთი.

აქ მთავარი პრობლემა არის მის აღქმებში და მის დამოკიდებულებაში და არა იმაში, რომ ნატო რეალურად რამე საფრთხეს წარმოადგნეს რუსეთისთვის.  კონცეპტუალური დაპირისპირება არის წარმოსახული რუსეთის მიერ და ამაში არის პრობლემა. ეს ახალი არ არის. 90-იანი წლებიდან ლამის ძირითადი პრობლემა რაც დასავლეთთთან ჰქონდა რუსეთს, ეს არის ნატოს გაფართოების საკითხი, რასაც ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი შეეწირა. ამის მაგალითი არის ბუქარესტის სამიტის ჩანაწერი, რაც 2008 წელს რუსული ინტერვენციის საფუძველი გახდა. ჩვენ, ჩვენი ამოცანები გვიდგას, ეს არის ჩვენი დემოკრატია, თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება, ეს არის ის ამოცანები რაც დღეს ჩვენს წინაშე დგას. როგორც ჩანს, რუსეთის დამოკიდებულება დიდი ხანი არ შეიცვლება და ეს აშკარაა.

Heritage Foundation-ის საგარეო პოლიტიკის ცენტრის დირექტორი ლუკ კოფი წერს, საქართველოს ოფიციალური პირები პირად საუბრებში აცხადებენ, რომ მზად არიან კომპრომისისთვის, თუ ამ გზით საქართველო ალიანსის წევრი გახდება. რა ალტერნატიულ სცენარებზე შეიძლება იყოს საუბარი. გაწევრიანება მე-5 მუხლის ამოქმედების გარეშე შესაძლებელია?

- ბოლო მე-5 მუხლის ამოქმედება ეს არ არის ახალი იდეა, მე-5 მუხლის და მაპის გარეშე როგორ შეიძლება ნატოში გაწევრიანება; ოკუპირებული რეგინოების გარეშე როგორ შეიძლება საქართველო გახდეს ატლანტიკური საბჭოს ოჯახის წევრი - ეს არის ერთ-ერთი გადაწყვეტის გზა, რომელიც დიდი ხანია არსებობს. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის, ასევე მე-5 მუხლის ამოქმედების გარეშე წევრობა, ერთი-ერთი ზემდგომია, რომელსაც აქვს არსებობის უფლება, უბრალოდ რუსული აგრესიის შემთხვევაში შეიძლება კვლავ მარტო აღმოჩნდეს საქართველო. არ ვიცი, ამ შემთხვევაში რა ტიპის შეკავება იქნება ნატოს წევრობა, ეს დისკუსიის საგანია. შეიძლება რაღაცა პერიოდის შემდეგ საქართველოს შემდეგი ნაბიჯები იყოს მე-5 მუხლის გააქტიურება და ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი მოგვარებისკენ კიდევ უფრო ფართოდ გაშლა.

ვფიქრობ, რომ ეს არის რაღაცა პირობითი ზომა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება და განაცხადი იმ თვალსაზრისით, რომ საქართველო ნამდვილად არის დასავლური სტრუქტურების სივრცის, ნატოს ნაწილია. ჩემი აზრით შემდგომი ნაბიჯები იქნება პლიტიკური კონტექსტიდან გამომდინარე, რაც საქართველოს გახდის ნატოს წევრს. საინტერესო იდეა და მოსაზრებაა, რომელიც ვფიქრობ, გააძლიერებს საქართველოს და თავის ადგილს მიუჩენს საერთაშორისო ურთიერთობებში უფრო მეტად, ვიდრე დღეს აქვს. როგორც ჩანს, მეტი დისკუსია არის საჭირო როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო მასშტაბით.

ნატოში გაწევრიანების ხარჯზე უარს ვამბობთ ტერიტორების დაბრუნებაზე?

- არავითარ შემთხვევაში არ ვამბობთ უარს. არაღიარების პოლიტიკას ალტერნატივა არა აქვს, რაც მუდმივად ფიქსირდება ყველა მნიშვნელოვან ფორუმებზე, შეხვედრებზე, საერთაშორისო დოკუმენტებში, რეზოლუციებში. ასე რომ, ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით გადაწყვეტა და ჩვენი ტერიტორების დაბრუნება კვლავ არის აქტუალური. არაღიარების პოლიტიკა არის მთავარი დღის წესრიგი და მნიშვნელოვანი პრიორიტი საერთაშორისო მიმართულებით.