არსებული და მოსალოდნელი საფრთხეები

არსებული და მოსალოდნელი საფრთხეები

ქვეყნის წინაშე არსებულ საფრთხეებზე და გამოწვევებზე ისაუბრა საქართველოს სახელმწიფო დაზვერვის სამსახურის უფროსმა. დავით სუჯაშვილმა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის დახურულ სხდომაზე საინფორმაციო ბრიფინგი გამართა და 3 კომიტეტის წევრების შეკითხვებს უასუხა.

სხდომაზე, რომელიც მედიისთვის დახურული იყო, დეპუტატები დაინტერესდნენ თუ როგორ მუშაობს საგარეო დაზვერვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე და როგორ მიმდინარეობს საფრთხეების დადგენა. შეხვედრის დასრულების შემდეგ დავით სუჯაშვილმა ჟურნალისტებთან რამდენიმე საკითხზე ისაუბრა:

„ტერორიზმის საფრთხე არა მარტო საქართველოსთვის, მსოფლიოსთვისაა რეალური და ჩვენ უნდა ვიყოთ მზად. ამიტომაც ვმუშაობთ ისეთ სამსახურებში, როგორსაც მე წარმოვადგენ. ძალიან ბევრ ქვეყანასთან გვაქვს მჭიდრო ურთიერთობა, გამოვყოფდი ამერიკის შეერთებულ შტატებს“, - განაცხადა დავით სუჯაშვილმა.

კიდევ ერთი საკითხი, რაზეც სახელმწიფო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელმა ისაუბრა, ეს არის ოკუპირებული ტერიტორები და რუსეთი, როგორც საფრთხე. ჟურნალისტები დაინტერესდნენ თუ დაასახელა ქვეყანა, საიდანაც ეს საფრთხე მოდის, რაზეც სუჯაშვილმა განაცხადა, რომ საუბარი ზოგადად შეეხო ბევრ ქვეყანას და იმ ქვეყნებს, საიდანაც მოდის საფრთხე.

„დაზვერვის სამსახურმა წარმოადგინა საინფორმაციო ბრიფინგი, რომელიც მოიცავდა დაზვერვის სამსახურის ხედვას საერთაშორისო სივრცეში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. თუ შეიძლება მე დაგისვმათ კითხვას - საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია, როგორ ფიქრობთ, საიდან მოდის მთავარი საფრთხე?“, - ამ კითხვით მიმართა სუჯაშვილმა მედიის წარმომადგენლებს.

რაც შეეხება იმას, არის თუ არა რუსეთი მთავარი საფრთხე, დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელმა განაცხადა: „რუსეთს აქვს ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებული. რა თქმა უნდა, რუსეთი წარმოადგენს საფრთხეს“.

რაც შეეხება კითხვას, ეთანხმება თუ არა განცხადებას, რომ მთავარი საფრთხე არის თურქეთი, დავით სუჯაშვილის განცხადებით, თურქეთი არის საქართველოს პარტნიორი ქვეყანა.

აღსანიშნავია, რომ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის დახურულ სხდომაზე სუჯაშვილის მოსმენის შემდეგ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარლამენტში შს მინისტრის დაბარება მოითხოვა. თავად დაზვერვის სამსახურის უფროსი დარწმუნებული არ არის, რომ შს მინისტრის პარლამენტში დაბარება მის ანგარიშს უკავშირდება.

„არა მგონია, შინაგან საქმეთა მინისტრის დაბარება უკავშირდებოდეს ჩემს ანგარიშს. მე როგორც ვიცი, დაგეგმილი იყო ეს შეხვედრა. რაც შეეხება საფრთხეებს, იმიტომ ჩატარდა შეხვედრა დახურულ კარს მიღმა, რომ გვესაუბრა ამ საფრთხეებზე. ვფიქრობ, ძალიან კარგად, გამართულად მუშაობენ უწყებები. ჩვენ არა მარტო უსაფრთხოების სამსახურთან და შსს-თან, სხვა სამინისტროებთანაც გვაქვს ძალიან მჭიდრო ურთიერთობა და ხდება ინფორმაციის ინტენსიური გაცვლა“, - განაცხადა დავით სუჯაშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი სალომე სამადაშვილის განცხადებით, ქვეყნის წინაშე მდგარ საფრთხეებზე სასაუბროდ პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრი უნდა მოვიდეს. როგორც დეპუტატი ამბობს, დღევანდელ ხელისუფლებას არ აქვს შესაძლებლობა ან სურვილი, ქვეყნის წინაშე მდგარი საფრთხეები გაანეიტრალოს, რადგან შეხვედრაზე ვერ მოისმინა მთავარი რამ, რამდენად უმკლავდება საქართველოს სახელმწიფო იმ გამოწვევებს, რომელიც დღეს არსებობს.

„შეხვედრა იყო სასარგებლო, იმის მოსასმენად, თუ როგორ აფასებს დაზვერვის სამსახური საფრთხის წინაშე მდგარ ამოცანებს. აუცილებელია, რომ უახლოეს დღეებში საქართველოს პარლამენტში მოვიდნენ ის პირები, რომლებიც პასუხისმგებლები არიან ამ საფრთხეების განეიტრალებაზე.

თუ ჩვენ ვაპირებთ, რომ რეალურად ვიმსჯელოთ ქვეყნის წინაშე მდგარ საფრთხეებზე, გამოწვევების შესახებ, პარლამენტში უნდა მობრძანდეს შს მინისტრი ბატონი გახარია ამომწურავი ანგარიშის ჩასაბარებლად, რას აკეთებს მისი უწყება, რომ დაუპირისპირდეს უმძიმეს გამოწვევებს, რომელიც დღეს ამ ქვეყნის წინაშე დგას“, - აღნიშნა სალომე სამადაშვილმა.

„ევროპული საქართველოს“ წევრი ირაკლი აბესაძე დაინტერესდა რამდენად სწორად იხარჯება ის მატერიალური რესურსები, რომელიც მიმართულია დაზვერვისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

„ყველას კარგად გვახსოვს „ქართული ოცნების“ დამოკიდებულება, როდესაც ისინი სადაზვერვო სამსახურის შეერთებას აპირებდნენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან. შესაბამისად, დაზვერვის შესაძლებლობების გამოყენებას, როგორც ჩანს, აპირებდნენ შიდა პოლიტიკური ბრძოლის მიზნებისთვის“, - აცხადებს ირაკლი აბესაძე.

ოპონენტების საპასუხოდ კი პარლამენტის თავდაცვისა და უშიშორების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი აცხადებს, რომ ნომერ პირველი საფრთხე ოკუპირებული ტერიტორიებია. გარდა ამისა, დეპუტატის განცხადებით, რეგიონში დიდი სახელმწიფოების ინტერესთა კვეთაა, ამიტომ მისთვის მნიშვნელოვანია ინფორმაცია საფრთხეების შესახებ.

„ცხადია, გვჭირდება ამომწურავი ინფორმაცია საგარეო საფრთხეებზე, რისკებზე, იმ პროცესებზე, რომლებიც განსაკუთრებით ჩვენს რეგიონში მიმდინარეობს. ჩვენ შეიძლება საფრთხეებზე ღიად ვერ ვისაუბროთ, მაგრამ ეს აუცილებლად აისახება იმ პოლიტიკაზე, რასაც ქვეყანა საერთო ჯამში გაატარებს.

რაც შეეხება საფრთხეებს, ყველას მოგვეხსენება, რომ ნომერ პირველი საფრთხე ოკუპირებული ტერიტორიებია. გარდა ამისა, რეგიონში დიდი სახელმწიფოების ინტერესთა კვეთაა, ამიტომ ამ პროცესში ჩვენ უნდა ვიპოვოთ ის სწორი პოლიტიკა, რომლითაც დავიცავთ ჩვენს ქვეყენას. თემების დაკონკრეტებისგან თავს შევიკავებ“, - აღნიშნა ირაკლი სესიაშვილმა.

პარლამენტის პარალელურად, რუსეთზე, როგორც მთავარ საფრთხზე და არსებულ გამოწვევებზე, სტრატეგიული კომუნიკაციის საკითხებზე ტრენინგების პროგრამის დაწყებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ისაუბრა პრემიერ-მინისტრმა. როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, როდესაც რუსეთი აქტიურად იყენებს ჰიბრიდული ომის სხვადასხვა საშუალებას, ძალიან მნიშვნელოვანია აშშ-სთან თანამშრომლობა.

„დღეს, როდესაც არაერთი სახელმწიფო და განსაკუთრებით რუსეთი, ძალიან აქტიურად იყენებს ჰიბრიდული ომის წარმოების სხვადასხვა საშუალებას და სტრატეგიული კომუნიკაცია არა მხოლოდ საზოგადოებრივი აზრის ფორმირების, არამედ პირდაპირ პოლიტიკის წარმოების უმძლავრესი იარაღი გახდა, ვფიქრობ, ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით აშშ-თან თანამშრომლობა. მაქსიმალურად უნდა იქნას მიტანილი მოსახლეობამდე ის სიკეთე, რომელსაც ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია ქმნის საქართველოს პერსპექტივისთვის და დღევანდელობისთვის“, - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.