საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებზე უმრავლესობა პრეზიდენტის ვეტოს დაძლევს, რაც იმას ნიშნავს, რომ მხარს არ დაუჭერენ გიორგი მარგველაშვილის მიერ შეთავაზებულ ვერსიას და კენჭისყრისას ხელახლა მიიღებენ კანონპროექტს, რომელსაც პრეზიდენტმა ხელი არ მოაწერა და პარლამენტს მოტივირებული შენიშვნებით უკან დაუბრუნა.
როგორც ცნობილია, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ შესახებ კანონს მხარი მხოლოდ 63-მა დეპუტატმა დაუჭირა, პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად კი 76 ხმა არის საჭირო. პარლამენტში 115 დეპუტატით წარმოდგენილი უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევს. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, კანონი, რომელსაც „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ დაკავშირებით პარლამენტი კიდევ ერთხელ მიიღებს, კერძო მაუწყებლების ინტერესებს არავითარი ფორმით არ დააზიანებს.
„გვქონდა სიღრმისეული მსჯელობა ვეტოსთან დაკავშირებით და ამის საფუძველზე მივიღეთ გადაწყვეტილება. ეს საკითხი არ დადგება თავისუფალ კენჭისყრაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა დეპუტატი მხარს დაუჭერს ვეტოს დაძლევას. გამონაკლისი იქნება რამდენიმე დეპუტატი და ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ამ თვეების განმავლობაში საკუთარი არგუმენტებით გამოდიოდნენ კანონის წინააღმდეგ. დეპუტატებს ექნებათ საშუალება, რომ საკუთარი გადაწყვეტილების შესაბამისად გამოხატონ პოზიცია. რაც შეეხება ზოგადად თავისუფალ კენჭისყრას, თავისუფალ კენჭისყრაზეს ეს საკითხი არ დადგება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საკითხი ეხება ორ თემას, შესყიდვებს და რეკლამას. კობახიძის თქმით, შესყიდვებთან დაკავშირებით პოზიციები დიდი ხნის წინ შეჯერდა.
„ვეტო დადებული აქვს ორ საკითხს და პირველი არის შესყიდვები. ამაზე ჩვენ შევაჯარეთ პოზიციები ჯერ კიდევ უმრავლესობის შიგნით, როდესაც მიიღებოდა ეს კანონი. ამის შემდეგ უკვე მედიაორგანიზაციებთან ბოლო შეხვედრაზე შეჯერდა პოზიციები, რომ ახალი სახით უნდა შეიცვალოს შესყიდვების პროცედურა, როგორც არის წარმოდგენილი კანონპროექტში.
რაც შეეხება რეკლამას, ჩვენ ვთქვით, რომ ეს ცვლილება იწვევს დაახლოებით მილიონიდან ორ მილიონამდე ბიუჯეტის გაზრდას მაუწყებლისთვის, რაც არის მთლიანი ბაზრის 1-დან 2%-მდე. ბუნებრივია, ეს რყევებს ვერ გამოიწვევს ბაზარზე. სტიმულირებისთვის ესაჭიროება ეს „საზოგადოებრივ მაუწყებელს“, რათა გააუმჯობესოს საკუთარი პროდუქციის ხარისხი. ეს არის მეორე არგუმენტი“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერი მამუკა მდინარაძე განმარტავს, რომ ზოგადი არგუმენტები, რომ უმრავლესობამ პრეზიდენტის ვეტო გაიზიაროს, არის შედარებით სუსტი. დეტუტატი განმარტავს, რომ თუ „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ დაკავშირებულ ცვლილებებზე გამოთქმული შიშები გამართლდება, ასეთ შემთხვევაში უმრავლესობას შეუძლია საკუთარ გადაწყვეტილებას გადახედოს.
„ვეტო დაიძლევა, ასეთი გადაწყვეტილება მიიღო გუნდმა, ხოლო ის დეპუტატები, რომლებიც მთელი ამ ხნის განმავლობაში აფიქსირებდნენ განსხვავებულ პოზიციას, ბუნებრივია, ახლაც თავისუფლები იქნებიან თავიანთ გადაწყვეტილებაში. ვგულისხმობ იმას, რომ ჩვენ ვუფრთხილდებით მათ რეპუტაციას, მათ პრინციპს და მათ არ შეუძლიათ, ბუნებრივია, რომ გადავიდნენ საპირისპირო პოზიციაზე მხოლოდ იმის გამო, რომ გუნდმა ასეთი გადაწყვეტილება მიიღო. ჩვენ მათ მივეცით საშუალება, რომ თავიანთი არგუმენტების შესახებ გააგრძელონ მსჯელობა. გუნდში იყო საპირისპირო აზრი და ეს აზრი დაფიქსირდა დღესაც“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე კვირას პარლამენტი „მაუწყებელობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს უყრის კენჭს. უმრავლესობამ ვეტოს დაძლევის გადაწყვეტილება მიიღო. თუმცა, უმრავლესობის შიგნით არსებული აზრთა სხვადასხვაობა ძალაშია. ვეტოს დაძლევასთან დაკავშირებულ კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია და ფიქრობს, რომ საკმარისი ხალხია, ვინც დაძლევს ვეტოს.
„მაგრამ არის ხალხი, ვინც ალბათ, კენჭისყრაში არ მიიღებს მონაწილეობას, მათ შორის მეც. აქ არის რეკლამების, შესყიდვების საკითხი, ასევე სტარტაპების. მე ვფიქრობდი, რომ გარკვეული ხნით მიგვეცა „საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის“ შეღავათები. ვფიქრობდი, რომ ერთი წლით კანონში შეგვეტანა ცვლილება. არ გაითვალისწინეს და მეც ვრჩები ჩემს აზრზე“, – აცხადებს ნუკრი ქანთარია.
პოზიციას არ იცვლის საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რომან კაკულია და აცხადებს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტზე მისი პოზიცია არ შეიცვლება. მისი თქმით, ეს არ ნიშნავს დაპირისპირებას გუნდში, არამედ ეს არის განსხვავებული პოზიციები.
„ღმერთმა დამიფაროს ისეთ გუნდში ყოფნისგან, სადაც ყველა ერთ ხმაზე მღერის. კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ ეს არის განსხვავებული პოზიციები ერთი კონკრეტული საკითხის მიმართ. ჩემი პოზიცია უცვლელია. პრეზიდენტის ვეტოში რომ ყოფილიყო ის შენიშვნები ასახული, რაც მე მქონდა, ჩემთვის არავითარი პრობლემა არ იყო მისი მხარდაჭერა, მაგრამ მისი შენიშვნები არ იყო თანხვედრაში ჩემს პოზიციებთან, ამიტომ მე მას არ ვიზიარებ. ჩემი ხედვის ამოსავალი წერტილი არის რეკლამასთან დაკავშირებული. მე მესმის „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ არგუმენტები, მაგრამ ჩავთვალე, რომ მისი ავტორიტეტისთვის „ყველას მინუს ერთი“ ფორმულა წამგებიანია. კენჭისყრაზე მე ამ კანონპროექტს ხმას არ მივცემ. მე მისი მხარდამჭერი არ ვარ“, – აღნიშნა რომან კაკულიამ.
პოზიცია დააფიქსირა და მისი შეცვლის არანაირი მიზეზი არ აქვს საპარლამენტო უმრავლესობის წევრს ლევან კობერიძეს, რომელიც კოლეგებს ურჩევს, იფიქრონ იმაზეც, თუ რა მიზანს ემსახურება „საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის“ გამოყოფილი 53 მილიონი.
„ჩემი პოზიცია ეხება ორ თემას – ეს არის სტრატაპების საკითხი და „საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის“ დამატებითი რეკლამის მიცემის უფლება. ეს არის ის 2 საკითხი, რომელსაც არ ვეთახმებოდი და ახლაც არ ვეთანხმები. პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს რაც შეეხება, ერთ პუნქტში დაემთხვა მისი მოსაზრება, მეორე პუნქტში არის განსხვავებული. მე ჩემი პოზიცია მაქვს. ჩემს კოლეგებს ვურჩევდი, ვიფიქროთ არა მხოლოდ დამატებით რეკლამის და ბიუჯეტის გამოყოფაზე, არამედ იმ 53 მილიონზეც, თუ რა მიზანს ემახურება, რომელიც „საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის“ იქნება გამოყოფილი ამ კანონის მიხედვით“, – განაცხადა ლევან კობერიძემ.
საპარლამენტო უმცირესობის „ევროპული საქართველოს“ წევრის სერგო რატიანის განცხადებით, „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ საბოლოოდ არის ჩათრეული კორუფციაში და გარდა იმისა, რომ მას 50 მილიონზე მეტს აძლევენ იმაში, რომ ნდობა არა აქვს, ახლა სხვა საქმე უნდა გააკეთოს. როგორც რატიანმა აღნიშნა, მმართველ გუნდს მედიის ბედი საერთოდ არ აინტერესებს და პირიქით, თავისუფალი მედიის წინააღმდეგ მიზანმიმართულად იბრძვის.
„ხელისუფლება იბრძვის იმისთვის, რომ თავისუფალი მედიის სარეკლამო ბაზარი შემცირდეს. ამ წლების განმავლობაში ამ მიმართულებით არაერთი კანონი მიიღეს. უმრავლესობა ახლა „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ აძლევს უფლებას, რომ ეს საქმე მან გააკეთოს და სარეკლამო ბაზარი შეზღუდოს. გარდა ამისა, „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ ექნება პროტექციონიზმის და კორუფციის საშუალებები“, – აცხადებს სერგო რატიანი.