„სანამ ქვებს მოაყრიდნენ საქართველოს, შედეგებზე უნდა იფიქრონ, რადგან შედეგები მხოლოდ საქართველოსთვის არ იქნება ტრაგიკული“

„სანამ ქვებს მოაყრიდნენ საქართველოს, შედეგებზე უნდა იფიქრონ, რადგან შედეგები მხოლოდ საქართველოსთვის არ იქნება ტრაგიკული“

შეჩერების მექანიზმის ამოქმედების საკითხი არ დგას, მაგრამ გარკვეული კითხვები უკვე წამოიშვა. გერმანიის ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის ლტოლვილთა მინისტრი აცხადებს, რომ რეგიონში დანაშაულის ზრდაში დიდი წვლილი სწორედ თავშესაფრის ქართველ მაძიებლებს მიუძღვით, რომელთა დახმარებითაც თავშესაფრები ორგანიზებული ქურდობისა და ძარცვის ბაზებად გადაიქცა.

როგორც იოაჰიმ შტამპისი აცხადებს, ის პირები ვინც თავშესფრის მოთხოვნის შემდეგ არაკანონიერ საქმიანობას ეწევიან, დიდ ზიანს აყენებს იმ ქართველების რეპუტაციას, ვინც გერმანიაში კეთილსინდისიერად ცხოვრობს. გარდა ამისა, ლტოლვილთა მინისტრმა, გერმანიის შს მინისტრს საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის სასწრაფოდ გადახედვისა და ქართველების შემოწმების გამკაცრების მოთხოვნით უკვე მიმართა. მინისტრი სტატისტიკასაც იშველიებს და ამბობს, რომ გერმანიის მხოლოდ ერთ რეგიონში, ქართველ თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი უვიზო რეჟიმის ამოქმედების შემდეგ 400%-ით გაიზარდა.

იმ შემთხვევაში თუ თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი გაიზრდება, შესაძლოა, საქართველოსთან მიმართებაში შეჩერების მექანიზმის ამოქმედება დაიწყოს. გერმანიის შს მინისტრმა ამ საკითხზე ღიად ისაუბრა მიუნხენის უსაფრთხოების სამდღიანი კონფერენციის ფარგლებში, სადაც ვიზალიბერალიზაცია იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი. გერმანიის პირველი პოლიციელი, ტომას დე მეზიერმი აცხადებს, რომ ქართულმა მხარემ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმის არ იყოს გამოყენებული.

„საქართველომ იცის, რომ თუ თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი მკვეთრად გაიზრდება, ჩვენ შესაძლოა შეჩერების მექანიზმის ამოქმედება დავიწყოთ. ასე რომ, საქართველოზეა დამოკიდებული ვიზალიბერალიზაციის მომავალი. რა თქმა უნდა, ჩვენ შეგვიძლია დავიცადოთ, მაგრამ რაოდენობის ზრდა შეშფოთების საგანია. კიდევ ერთი საკითხი, რაც გვაწუხებს არის ის, რომ თავშესაფრის მთხოვნელთა შორის კრიმინალის დონე უფრო მაღალია ვიდრე სხვა ქვეყნებიდან. ასე რომ, საქართველომ ბევრი რამ უნდა გააკეთოს“, – აცხადებს გერმანიის შს მინისტრი ტომას დე მეზიერმი.

გერმანია არ არის გამონაკლისი, რომელიც შეჩერების მექანიზმის ამოქმედებაზე ალაპარაკდა. საქართველოსთან ე.წ. შეჩერების მექანიზმის ამოქმედება მოითხოვა რამდენიმე სახელმწიფომ.

ქართული მხარე იზიარებს ევროკავშირის ქვეყნების ლიდერების წუხილს და გეგმავს კონკრეტული ნაბიჯების გადადგას.

საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, პარტნიორობით, თანამშრომლობით და იმ ნაბიჯებით, რომელსაც საქართველო ორმხრივი თანამშრომლობის კონტექსტში დგამს, დარწმუნებულია, რომ შეჩერების მექანიზმის ამოქმედების საჭიროება არ დადგება. ჯანელიძის განცხადებით, ესაუბრა როგორც გერმანიის შს მინისტრს, ასევე ბუნდესტაგის წევრებს და მათთან თანამშრომლობის გაგრძელების გზებზე შეთანხმდნენ. ამბობს, რომ საქართველო  ფარგლებს გარეთ კრიმინალთან ბრძოლას არ შეწყვეტს.

„დღეს არ დგას საკითხი შეჩერების მექანიზმის ამოქმედების, მაგრამ გარკვეული კითხვები წარმოიშვა. აუცილებლად, ჩვენ ერთად შევებრძოლებით კრიმინალს, არა მარტო საქართველოში, არამედ, ასევე, პარტნიორ ქვეყნებში, სადაც ჩვენი ინფორმაციის გაცვლით და თანმშრომლობით შეგვიძლია ამ წუხილებს ვუპასუხოთ, რომელიც ჩვენს პარტნიორებს გააჩნიათ. ჩვენ ნამდვილად არ უნდა მივცეთ საშუალება კრიმინალებს, ხელი შეუშალონ იმ დიდ სიკეთეს, რომელიც ვიზალიბერალიზაციით მიიღო თითოეულმა ჩვენმა მოქალაქემ“, – აცხადებს მიხეილ ჯანელიძე.

მინისტრის თქმით, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეების მიერ თავშესაფრის მოთხოვნა არარეალურია და ისინი, ხშირ შემთხვევაში ამ მოთხოვნასთან ერთად დანაშაულსაც სჩადიან.

„გარკვეულწილად ხდება თავშესაფრის მოთხოვნა და დანაშაულის ჩადენა ევროკავშირის წევრ ქვეყნებში. ამ მიმართულებით, ჩვენი მიზანია კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი თანამშრომლობა შესაბამის ევროპულ სტრუქტურებთან და ასევე წევრი ქვეყნების სტრუქტურებთან. ძალიან წარმატებით მიმდინარეობს უკვე თანამშრომლობა და ის მოქალაქეები, რომლებიც კანონის დასარღვევად ჩადიან რომელიმე ქვეყანაში, აქაც აუცილებლად დაისჯებიან.

ძალიან წარმატებული მაგალითებიც არის ჩვენი თანამშრომლობის პარტნიორ ქვეყნებთან, მათ შორის გერმანიასთან, სადაც წარმოიშვა ეს კითხვები. ჩვენ ცენტრალურ ხელისუფლებასთანაც გვაქვს გასული წლის შემდეგ გაფორმებული შეთანხმება ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის წინააღმდეგ, ასევე, ცალკეულ მიწებთანაც. გაფორმებულია 6 მიწასთან და მოლაპარაკებები მიმდინარეობს ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის მიწასთან შეთანხმების გაფორმებაზე“, – აღნიშნა მიხეილ ჯანელიძემ.

ე.წ. შეჩერების მექანიზმის ამოქმედებაზე განცხადებას აკეთებს პარლამენტის თავმჯდომარე. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ხელისუფლების მთავარი ამოცანაა, რომ ის მიღწევა, რომელიც გვაქვს ევროკავშირთან ურთიერთობაში, შევინარჩუნოთ და ამისთვის ყველაფერი გაკეთდება.

„თავის დროზე, როცა მოგვენიჭა ვიზალიბერალიზაცია, ჩვენ განვაცხადეთ, რომ ეს იყო არა მხოლოდ ვიზალიბერალიზაცია, არამედ პირველ რიგში პასუხისმგებლობა და ეს პასუხისმგებლობა უნდა გავაცნობიეროთ თითოეულმა ჩვენგანმა როგორც ხელისუფლებიდან, ასევე თითოეულმა მოქალაქემ, რომელიც წარმოადგენს ჩვენს ქვეყანას. ჩვენ, ხელისუფლებას ეს პასუხისმგებლობა გაცნობიერებული გვაქვს, მთავარია, რომ პრევენციული ზომები მივიღოთ იქამდე, ვიდრე პრობლემა გაჩნდება. ჩვენ შესაბამისად ვმოქმედებთ. მთავრობამ მოიწვია შეხვედრა იმისთვის, რომ პრევენციული ზომები გატარდეს და დაისახოს გეგმები. ეს არის ერთ-ერთი ინსტრუმენტი, თუმცა მუშაობა უნდა გაგრძელდეს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

როგორც კობახიძე აცხადებს, არ არის გამორიცხული, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებებზე იყოს საუბარი.

თავის მხრივ ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ შეჩერების მექანიზმის ამოქმედება გარდაუვალია და შექმნილ ვითარებას ხელისუფლების კრიმინალებთან ურთიერთობაში არსებულ რბილ პოზიციას უკავშირებს. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ სწორედ ამ მოტივით ვკარგავთ ევროპასთან მიღწეულ მონაპოვარს.

„ეს პრობლემა შეიქმნა იმის გამო, რომ დღევანდელი ხელისუფლების პირობებში ამ ქვეყანაში გაიფურჩქნა კრიმინალური სამყარო. რა თქმა უნდა, ძალიან მწვავე შეკითხვებს დავუსვამთ საგარეო საქმეთა მინისტრს იმიტომ, რომ რეალურად ჩვენ ვკარგავთ დღეს იმ მონაპოვარსაც კი რაც გვაქვს ევროპასთან მიღწეული“, – ამბობს სალომე სამადაშვილი.

გაზრდილ კრიმინალთან ერთად, ე.წ. შეჩერების მექანიზმის ამოქმედების ერთ–ერთ პრობლემად ქვეყანაში არსებულ მძიმე სოციალურ მდგომარეობას ასახელებს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე, რომლის შეფასებით სწორედ ამ მოტივით გაიზარდა თავშესაფართა მაძიებელთა რიცხვი. შესაბამისად, როგორც პოლიტოლოგი ფიქრობს, ხელისუფლებამ ამ მიმართულებით უნდა იფიქროს.

„საფიქრელი და საზრუნავი ბვერი რამ იყო. მით უმეტეს, რომ დიდი ხანია არსებობს მიგრანტების პრობლემა. დაწყებული უცხოეთში დასაქმებით, ლტოლვილად ჩაბარება დ ამ გზით შემწეობის მიღებით. ეს ყველაფერი ანალიზის საგანი უნდა ყოფილიყო. ასეთი ანალიზი არ მინახია.

ის, რომ ქართველებისთვის ხელსაყრელი შეიძლება ყოფილიყო როგორც სოციალურად, ასევე ეკონომიურად ლტოლვილად ჩაბარება და ამ გზით თავის რჩენა, ეს ბუნებრივია და დიდად გასაკვირი არ არის. ბევრი ქვეყანა ცდილობს ამ გზით თავის რჩენას, ჩვენ არ ვართ გამონაკლისი. მაგრამ რადგან ვიზალიბერალიზაციას დავთანხმდით, ერთ–ერთი პირობა იყო ამ მიმართულებით ყურადღების გაძლიერება. როგორც ჩანს, ყურადღება დიდად არ გაძლიერდა. რაც ხელისუფლების ბრალია“, – აცხადებს რამაზ საყვარელიძე.

პოლიტოლოგი ეჭვობს, რომ თავშესაფარის მაძიებელთა ნაკადის შეჩერება, რთული პროცესია, ისევე, როგორც ძალიან რთულია სოციალური პრობლემების გადაწყვეტა.

„მოდი ახლა შევქმნათ ისეთი სოციალური გარემო, რომ ადამიანებმა მიგრაცია აღარ მოისურვონო, ძნელი წარმოსადგენია საკითხის ასე დაყენება. არ გამოვრიცხავ, რომ ევროპასაც მოუწევს თავისი პოზიციების გადახედვა. ეს არ იქნება მარტო ქართული პროცესი“, – აღნიშნა რამაზ საყვარელიძემ.

ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, ირაკლი მენაღარიშვილი უფრო სერიოზულ პრობლემად მიიჩნევს, რომ კრიმინალიზაციის ხარისხი მაღალია.

„არა მგონია, რომ მნიშვნელოვან ცვლილებასთან გვქონდეს საქმე. საუბარია გერმანიის ერთ–ერთი მიწის სამიგრაციო სამსახურის განცხადებაზე იმის შესახებ, რომ იქ სერიოზულად მოიმატა თავშესაფრის მსურველთა რიცხვმა და ამასთან ერთად ნახსენები იყო ქართველი კრიმინალების აქტიურობაც. ასეთი განცხადება ყურადღებას იმსახურებს, მაგრამ არც პანიკის საფუძველი არსებობს. რატომ – პირველი, უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შეჩერების შესახებ მექანიზმზე ევროკავშირის წევრი ქვეყნები სულ ცოტა ხნის წინ შეთანხმდნენ.

როგორც ჩემთვის ცნობილია საქართველოს მოქალაქეები სულაც არ წარმოადგენენ ყველაზე შემაწუხებელ ვიზიტორთა ნაწილს. აქიდან გამომდინარე საფრთხე სულაც არ არის მაღალი. მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ხელები ჩამოვუშვათ, არაფერი არ გავაკეთოთ. ის, რომ ასეთი განცხადება გაკეთდა, ამას რეაგირება სჭირდება.

უპირველეს ყოვლისა,საჭიროა სიტუაციაში გარკვევა და სათანადო ნაბიჯების გადადგმა, როგორც ჩვენი სამართალდამცავი, ასევე საემიგრაციო სამსახურების და საჭიროების შემთხვევაში დიპლომატების მხრიდან, რომ ევროპასთან ურთიერთობაში მიღწეული სერიოზული პროგრესი პრობლემა არ გაგვიხდეს“, – აღნიშნა ირაკლი მენაღარიშვილმა.

ექსპერტ, ხათუნა ლაგაზიძის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლების აქტიურობაზეა დამოკიდებული, თუ რა შედეგით დასრულდება ვიზალიბერალიზაციის შეჩერების პროცესი.

„საქართველოს ხელისუფლებამ ნათლად უნდა აუხსნას ევროპელ კოლეგებს, რომ ეს საიკთხი განსახილველია პოლიტიკურ სიბრტყეში და ევროპამ კარგად უნდა დაინახოს, რომ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერება იქნება ევროპის ტრაგიკული პოლიტიკური შეცდომა, რადგან საქართველო დღეს რეალურად ერთადერთი სტაბილური და ჯერ კიდევ დემოკრატიული პარტნიორია ევროკავშირისა და ნატოსი, ამ ურთულეს რეგიონში. სანამ ქვებს მოაყრიდნენ საქართველოს, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ დიდწილად ამას შეიძლება ვიმსახურებდეთ, შედეგებზე უნდა იფიქრონ, რადგან ეს შედეგები მხოლოდ საქართველოსთვის არ იქნება ტრაგიკული. ევროპელმა პოლიტიკოსებმა კარგად უნდა გამოიხედონ და წარმოიდგინონ როგორი იქნება რუსეთის რეაქცია, თუ ჩვენ ვიზალიბერალიზაცია შეგვიჩერდა“, - განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ.