მშენებლობაზე უსაფრთხოების წესების დამრღვევი პირდაპირ დაჯარიმდება და თანაც ძალიან დიდი თანხის გადახდა მოუწევს. ბოლო დროს გახშირებულმა უბედურმა შემთხვევებმა მთავრობა იძულებული გახადა უკიდურესი ზომებისთვის მიემართა.
შრომის უსაფრთხოებასთან და დედაქალაქში მშენებლობებთან დაკავშირებით ცვლილებები „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის შესახებ კოდექსში“ შედის. ახალი ცვლილებით, უსაფრთხოების წესების დარღვევაზე საჯარიმო თანხა 3000 ლარიდან 30 000 ლარამდე იზრდება.
მკაცრდება სანქციები ზოგადად უნებართვო მშენებლობაზე. კერძოდ, პროექტით, სახელმწიფო და თვითმმართველი ერთეულების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საჯარიმო სანქცია - 10 000 ლარიდან 25 000 ლარამდე გაიზრდება.
ასევე საკუთრებაში ახალი სანებართვო მშენებლობა ან რეკონსტრუქცია, რომელიც პარამეტრებით მესამე და მეოთხე კლასს მიეკუთვნება, 20 000 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს.
მატულობს საჯარიმო სანქციები პროექტის დარღვევით მშენებლობის განხორციელებაზე. მესამე და მეოთხე კლასის ობიექტებზე ჯარიმა 10 000 და 15 000 ლარით განისაზღვრება.
დედაქალაქის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ თბილისში ძალიან ბევრი მშენებლობა მიმდინარეობს და იქ მომუშავე ადამიანების უსაფრთხოება არის ძალიან მნიშვნელოვანი.
„აქამდე, როცა რამე დარღვევები იკვეთებოდა, პირველ შემთხვევაში მათ ეძლეოდათ მხოლოდ და მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილება, შემდეგ იყო 3000-ლარიანი ჯარიმა და ეს ჯარიმა ყოველ დარღვევაზე იზრდებოდა.
ახალი ცვლილებებით პირველივე შემთხვევაზე ჯარიმა იქნება 30000 ლარი. თუკი სადმე მშენებლობა დარღვევების გამო ჰქონდათ შეჩერებული და მიუხედავად შეჩერებისა, კონკრეტული ინვესტორი კომპანია მაინც აგრძლებს მუშაობას, ის დაჯარიმდება 50 000 ლარით. ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ თუ მიწა სახელმწიფოს, მუნიციპალიტეტის საკუთრებაა და უკანონო მშენებლობა მიმდინარეობს, ჯარიმა 25 000 ლარი იქნება, კერძო საკუთრებაზე -20 000 ლარი.
ეს, ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს იმ პრობლემის მოგვარებას, რაც ჩვენ გვაქვს მშენებლობებზე, მაგალითად, ის რომ ჩაფხუტების გარეშე მუშაობენ. მაგალითად, ფასადის მოპირკეთების დროს, ყოველგვარი დამცავების გარეშე მუშაობენ. თვითონ მშენებლის ინტერესებში უნდა იყოს ის, რომ მის დაქვემდებარებაში მყოფი ადამიანები უსაფრთხოდ მუშაობდნენ. ეს ჯარიმები მგონია, რომ მოგვცემს შესაძლებლობა, რათა მოვაგვაროთ არსებული პრობლემები“,- განაცხადა კალაძემ.
ქალაქის მერის ინიციატივას მხარს უჭერს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე. მისი თქმით, ცვლილებები პროდუქტის უსაფრთხოების კოდექსში აისახება, რომელიც თავის მხრივ, „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ ინიცირებულ საკანონმდებლო პაკეტს დაემატება.
„თბილისის მერის ინიციატივის საფუძველზე დაჩქარდება საქართველოს პარლამენტში იმ კანონპროექტის განხილვა, რომელიც სწორედ ამ საკითხს ეხება. ეს ჩვენთვის ძალიან მტკივნეული საკითხია. სამშენებლო სამუშაოებზე ძალიან ხშირად არის მსხვერპლი. პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტის მიზანია, რომ სწორად დავარეგულიროთ საკითხი.
საქმე ეხება სანქციების გამკაცრებას, ადმინისტრირების გაუმჯობესებას. ასევე საუბარია უნებართვო მშენებლობებთან დაკავშირებულ სანქციებზე. ჩვენ, რა თქმა უნდა, მივესალმებით მშენებლობის მაღალ ტემპს, თუმცა დაუშვებელია და ეს არ უნდა ხდებოდეს ადამიანების მსხვერპლისა და ურბანული დამახინჯების ხარჯზე“, - განაცხადა კობახიძემ.
დეველოპერებს კი მიაჩნიათ, რომ უსაფრთოების წესების დარღვევაზე ჯარიმების გაზრდა საჭიროა, რადგან საქმე ადამიანების სიცოცხლეს ეხება. მათივე განმარტებით, ჯარიმის ოდენობა საკმაოდ დიდია, განსაკუთრებით მცირე ბიზნესისთვის, თუმცა ყველა მშენებელი ყურადღებით უნდა მოეკიდოს უსაფრთხოების წესების დაცვას.
სამშენებლო კომპანია „ივერონის“ დამფუძნებელი არჩილ ჯაყელი ამბობს, რომ ჯარიმის დაწესება სწორი გადაწყვეტილებაა, თუმცა ჯარიმამდე აუცილებლად უნდა იყოს სიტყვიერი გაფრთხილება.
„პირდაპირ ჯარიმა, გაფრთხილების გარეშე არ უნდა იყოს. ჩაფხუტის, ქამრის, სპეციალური აღჭურვილობის, დამცავი ბადის გარეშე მშენებლობაზე მუშა არ უნდა დაიშვას და ამაზე ჯარიმა აუცილებლად უნდა იყოს და თანაც, პირველივე შემთხვევაზე, მაგრამ არის ძალიან ბევრი ნიუანსი, რის გამოც ასეთი დიდი მოცულობის ჯარიმის დაწერა სწორად არ მიმაჩნია.
კანონში შეიძლება იყოს ისეთი სტანდარტების შესახებ საუბარი, რამაც გაუგებრობა გამოიწვიოს, მით უმეტეს პირველ ეტაპზე. ასეთი ნიუანსების დროს, უმჯობესი იქნება, თავდაპირველად გაფრთხილება დაიწეროს“, - განუცხადა „ბიპიენს“ ჯაყელმა.
მენაშენეთა ასოციაციას თავმჯდომარე ირაკლი როსტომაშვილიც ამბობს, რომ ჯარიმის ოდენობა საკმაოდ დიდია, თუმცა მათი ასოციაციის მოთხოვნა სწორედ ეს იყო, რომ უსაფრთხოების წესები მაქსიმალურად გამკაცრებულიყო.
„30 000 ლარი საქართველოს მასშტაბებისთვის დიდი თანხაა, მაგრამ როცა საქმე უსაფრთოებას ეხება, ჯარიმა უნდა იყოს მტკივნეული, რომ მშენებელი კარგად დაფიქრდეს, სანამ წესებს დაარღვევს და ამით ადამიანის სიცოცხლეს საფრთხეს შეუქმნის. ახლა ათჯერ უფრო მეტად მიაქცევენ უსაფრთხოების წესების დაცვას ყურადღებას, როცა ეცოდინებათ, რომ შესაძლოა, ამ მოცულობის თანხის გადახდა მოუწიოთ.
შესაძლოა, ეს პატარა ბიზნესისთვის დიდი ოდენობის ჯარიმაა, მაგრამ როცა მშენებლობას იწყებს, გამოცდილება უნდა ჰქონდეს. სამწუხაროდ, არიან პატარა კომპანიები, რომლებიც აშენებენ, არ ფიქრობენ უსაფრთხოების წესებზე და მთავარია ერთჯერადი მოგება მიიღონ“, - განაცხადა როსტომაშვილმა.