ილჰამ ალიევის სიტყვებს აზერბაიჯანული მხარე არც უარყოფს, არც ადასტურებს, საერთაშორისო საზოგადოება კი გაოგნებულია. საუბარია იმაზე, რომ 8 თებერვალს აზერბაიჯანის მმართველი პარტიის სხდომაზე ილჰამ ალიევმა სკანდალური განცხადება გააკეთა და ერევნის მიწების „დაბრუნება“ მოიწადინა. ამ განცხადებით აზერბაიჯანის პრეზიდენტმა რაღაცით თურქეთის პრეზიდენტს მიბაძა, რომელმაც ლამის მთელი ოსმალეთის იმპერიის აღდგენის სურვილი გამოხატა.
ილჰამ ალიევის თქმით, ერევანი (და არა მხოლოდ ერევანი) ისტორიულად აზერბაიჯანის ტერიტორიაა და ისტორიული მიწების დაბრუნება აზერბაიჯანის სტრატეგიული მიზანია. ალიევის სიტყვით, ამ მიზნით აზერბაიჯანში სოლიდური სამეცნიერო ნაშრომები იქმნება, იღებენ ფილმებს, ეწყობა გამოფენები, რომელიც აზერბაიჯანის ამ ისტორიულ მიწასთან კავშირს ეხება და ადასტურებს.
ალიევის ამ განცხადებას უმალვე გამოხმაურება მოჰყვა მოსკოვში. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ აღნიშნა, რომ მოსკოვში ყველამ ნახა აზერბაჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის გამოსვლა მმართველი პარტიის ყრილობაზე. ზახაროვას თქმით, ყველამ მშვენივრად იცის, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობები უკიდურესად დაძაბულია, აღნიშნული გამონათქვამები კი ამ დაძაბულობის შემცირებას ხელს არ შეუწყობს.
ალიევის ნათქვამს, ცხადია, მისი მთავარი ადრესატი-სომხეთის პრეზიდენტიც არ დაუტოვებია გულგრილი. სერჟ სარგსიანმა აღნიშნა, რომ „სომხური მხარე ვერ დაამყარებს იმედს იმაზე, რომ მთიანი ყარაბაღის პრობლემა შეიძლება გადაიჭრას მანამ, სანამ აზერბაიჯანი საკუთარ მაქსიმალისტურ და არარეალისტურ მოლოდინებზე უარს არ იტყვის და ერევნის დაპყრობაზე ოცნებობს“.
აზერბაიჯანში სერჟ სარგსიანის განცხადება არავის გაკვირვებია, თუმცა აზერბაიჯანელები განაწყენდნენ რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენლის მარია ზახაროვას ნათქვამით. როგორც აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, მარია ზახაროვას ნათქვამმა აზერბაიჯანელების გაოცება გამოიწვია აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის სტრატეგიული და პარტნიორული კავშირების, ასევე, მაღალ დონეზე არსებული დიალოგის გათვალისწინებით. აზერბაიჯანის საგარეო უწყებაში მიიჩნევენ, რომ მსგავსი დამოკიდებულება სახელმწიფოს ხელმძღვანელის (ანუ ილჰამ ალიევის მიმართ) არასწორია.
ქართველი ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ, როგორც ჩანს, ილჰამ ალიევი რევიზიონისტულ პოლიტიკას დაადგა, რაც ადრე აღიარებული შეხედულებების წინააღმდეგ არის მიმართული.
ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი კახა გოგოლაშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ პირადად მას არ სჯერა, ილჰამ ალიევს ასეთი განცხადება გაეკეთებინოს, თუმცა აფიქრებს ისიც, რომ ამ დრომდე აზერბაიჯანს საკუთარი პრეზიდენტის ნათქვამზე უარი არ უთქვამს.
„მე მგონი, ეს მოგონილი ამბავია, ე.წ. ფეიკია, რადგან ეს ეწინააღმდეგება საერთაშორისო ნორმებს. გამოდის, რომ აზერბაიჯანი სომხეთს ადანაშაულებს აგრესიაში აზერბაიჯანის მიმართ და ამ დროს თვითონვე გამოთქვამს რევიზიონისტულ აზრებს. მაშინ, როდესაც აქამდე აზერბაიჯანის პოლიტიკა იყო, რომ ჩვენ სხვისი არაფერი გვინდა, უბრალოდ, ჩვენი ტერიტორია დაგვიბრუნონო. არც იმას გამოვრიცხავ, მარია ზახაროვასა და, ზოგადად, რუსების განცხადებაც ამასთან დაკავშირებით პროპაგანდისტული ომის ნაწილი იყოს. თუ ეს მართლა თქვა ალიევმა, მაშინ ძალიან დიდი პოლიტიკური შეცდომა დაუშვია. სხვათა შორის, ეს ინფორმაცია „რადიო თავისუფლებამაც“ გაავრცელა. რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, მსგავსი საუბრები ადრეც იყო. თუ არ ვცდები, 2013 წელს ზუსტად ასეთივე ინფორმაცია გავრცელდა, თითქოს ალიევს ასეთი რამ ეთქვას. მე მგონი, ერთი და იგივე ზღაპარი მეორდება, მაგრამ დარწმუნებით ვერაფერს ვიტყვი“, - აღნიშნა კახა გოგოლაშვილმა.
მანვე განმარტა, რომ, ასეთ შემთხვევაში, აზერბაიჯანს გაუჭირდება სომხეთთან მორალისტური არგუმენტებით საუბარი, თუ რატომ წაიღო ყარაბაღი სომხეთმა და დაარღვია საერთაშორისო სამართალი. ცხადია, ყარაბაღთან მიმართებით სომხეთი და რუსეთი რეაგირებას არ ახდენს, არანაირი მორალის პრინციპი არ აინტერესებს არც ერთ ქვეყანას, არც მეორეს, მაგრამ საერთაშორისო საზოგადოება ხომ აკვირდება ამ ყველაფერს?!
ამდენად, კახა გოგოლაშვილის აზრით, ერევნის დაბრუნებასთან დაკავშირებით ალიევის განცხადება თავად არის მოწოდება საერთაშორისო სამართლის დარღვევისკენ. აქ მარტო მორალზე არაა საუბარი, არამედ საუბარია საერთაშორისო სამართლისა და ნორმების პატივისცემაზე. თუ შენ გინდა, საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერა მოიპოვო, მაშინ ამავე საერთაშორისო საზოგადოებაში უნდა გქონდეს ისეთი ქვეყნის იმიჯი, რომელიც თავად სცემს პატივს ამ საზოგადოებაში გამეფებულ კანონებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორღა გინდა, საერთაშორისო საზოგადოებამ მხარი დაგიჭიროს და შენთვის იბრძოლოს? ეს ხომ ამ საზოგადოებისგან იზოლირებაა?
„ამიტომ შეუძლებად ვთვლი ამ განცხადებას, მაგრამ მაფიქრებს ისიც, რომ აზერბაიჯანის მხრიდან ამის არანაირი უარყოფა არ ყოფილა. ასე რომ, არაფერია გამორიცხული“.
ექსპერტი გია ხუხაშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ილჰამ ალიევის განცხადება უფრო პოლიტიკური რიტორიკაა და საეჭვოა, ალიევი მართლაც დიდი ომის დაწყებას აპირებდეს.
„უბრალოდ, ეს პოლიტიკური რიტორიკაა თუნდაც იმიტომ, რომ არსებობს ყარაბაღის პრობლემა, რომელიც ვერაფრით გადაიჭრა. ბუნებრივია, ალიევი ამ თემას იყენებს, მით უმეტეს, საარჩევნო კამპანია მიმდინარეობს აზერბაიჯანში და ამ პერიოდში ალიევი საკუთარ განცხადებებში მაქსიმალურად მკვეთრი იქნება. ასე რომ, მე ამას წინასაომარ რიტორიკად მაინც არ განვიხილავ“, - აღნიშნა გია ხუხაშვილმა.