„თურქეთი ამერიკას ისე არ დაუახლოვდება, რომ პუტინი გაანაწყენოს, პუტინს კი ისე არ დაუახლოვდება, ნატოსთან კავშირები გაწყვიტოს“

„თურქეთი ამერიკას ისე არ დაუახლოვდება, რომ პუტინი გაანაწყენოს, პუტინს კი ისე არ დაუახლოვდება, ნატოსთან კავშირები გაწყვიტოს“

პირველი შემთხვევა არ არის, როცა თურქეთი თავისი საქციელით მსოფლიოს აოცებს. ამ რამდენიმე თვის წინ თურქეთს რუსეთთან საკმაოდ დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა, მაგრამ მოახერხეს თვითმფრინავის ჩამოგდების გამო პატიების თხოვნა პუტინისგან და ისტორიულ მტერთან შერიგება. ამჯერად კი თურქებმა მტრად გადაკიდებულ ამერიკასთან დაზავება შეძლეს ისე, რომ აღარც ახსოვთ, ფეთჰულა გიულენის გადაცემას ამერიკისგან დაჟინებით რომ ითხოვდნენ.

როგორც ცნობილია, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის მორიგი დაძაბვა შეერთებული შტატების მხრიდან სირიის ჩრდილოეთში ქურთული დაჯგუფებების მხარდაჭერამ გამოიწვია.

ამჯერად კი თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუდ ჩავუშოღლუ აცხადებს, რომ დაძაბული პერიოდის შემდეგ ანკარამ და ვაშინგტონმა ურთიერთობის ნორმალიზებასთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს. თურქეთში ვიზიტად მყოფმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა კი აღნიშნა, რომ ამერიკა თურქეთის მხარდამხარ დგას ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში და შტატები იმუშავებს თურქეთისთვის მემბიჯთან დაკავშირებით მიცემული პირობის შესრულებაზე. საუბარია იმაზე, რომ სირიის ტერიტორიაზე მემბიჯის რეგიონში თურქეთი სამხედრო ოპერაცია „ზეთისხილის ტოტის“ გაგრძელებას გეგმავს. სამხედრო ოპერაცია „ზეთისხილის ტოტი“ თურქებმა 20 იანვარს დაიწყეს, ოპერაციის დაწყებიდან დღემდე აფრინის რეგიონში ქურთული დაჯგუფებისა და ისლამური სახელმწიფოს 1551 წევრია ლიკვიდირებული.

მოქნილი თურქული პოლიტიკის შესახებ For.ge პოლიტოლოგ სოსო ცინცაძეს ესაუბრა.

ფაქტია, რომ რექს ტილერსონი თურქეთში ჩადის და მხარეები ერთობლივ პრესკონფერენციას მართავენ. რა თამაშს თამაშობს თურქეთი, როცა აცხადებს, რომ თურქებმა შეძლეს ამერიკასთან ურთიერთობის ნორმალიზება?

- რასაკვირველია, თურქეთმა მოახერხა ამერიკასთან ურთიერთობის აღდგენა, მაგრამ კომპრომისების საშუალებით. რა კომპრომისები იქნა მიღწეული, ამას ჩვენ ვერასდროს გავიგებთ. ეს ყავის ნალექზე მკითხაობაა, ვინაიდან როდესაც ჩავუშოღლუ ასეთ განცხადებებს აკეთებს, მას ნიადაგი უკვე მოსინჯული აქვს როგორც ამერიკელ დიპლომატებთან, ისე ამერიკის საშუალო ფენასთან, თავის კოლეგებთან. თუნდაც იმავე ამერიკის ელჩთან გაუმართავს საუბარი და შეთანხმებისთვისაც მიუღწევია. თუმცა ამერიკა-თურქეთის ურთიერთობის დათბობა სრულ ფორმატში გამორიცხულია. ვინაიდან თვითონ ერდოღანს მოუწევს მაშინ ორმაგი სტანდარტით თამაში. ე.ი. მაშინ ერდოღანი ამერიკას უნდა შეეშვას და მის მიერ ტერორისტებად შერაცხილი ადამიანების ამერიკისგან გადაცემის მოთხოვნას თავი დაანებოს. სამაგიეროდ, ჩვენნაირ ქვეყნებს სული ამოხადოს, ვიღაც მასწავლებელი (ფეთჰულა გიულენის მომხრეები) გადმომიგზავნე, უნდა გავასამართლოო. გარდა ამისა, ძალზე რთული პრობლემაა ამერიკა-თურქეთს შორის ქურთების საკითხი. ამერიკის მხრიდან ეს იქნება უდიდესი ისტორიული უსინდისობა, შავი ლაქა ამერიკის უახლეს ისტორიაში, რომ ამერიკამ, უხეშად რომ ვთქვათ, გადააგდოს ქურთები, რომლებმაც ლომის წილი შეასრულეს და თურქებზე უფრო მაგრადაც იბრძოლეს „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ. ქურთებმა დაამტკიცეს, რომ ისინი პატიოსანი, ერთგული მოკავშირეები არიან და ორმაგ თამაშს არასდროს თამაშობენ. მაშინ ამერიკამ თვალი უნდა დახუჭოს ქურთების სიკეთეზე, რაც ერდოღანისა და თურქეთის ინტერესშია. ეს ამერიკისთვისაც რთული იქნება. ტრამპიც არ არის ნიქსონივით ან კლინტონივით ელასტიური პოლიტიკოსი, რომ ისე ელეგანტურად გაძვრეს სცილასა და ქარიბდას შორის, რომ ტანსაცმელი არ შემოეხას.

თავის მხრივ, თურქეთშიც რთული ვითარებაა. ანტიამერიკული განწყობა, რომელმაც კარგა ხანია აიღო სტარტი, ასე იოლად ვერ განელდება. ამითაც აიხსნება თურქეთში აშშ-ის სახელმწიფო მდივან რექს ტილერსონის ჩასვლის შემდეგ ანტიამერიკული აქციის მონაწილეების შეძახილები: „მკვლელო, ტილერსონო, დატოვე თურქეთი“, „ამერიკა ჩვენი ჯარისკაცების მკვლელია“...

- ვითარება ამ მხრივაც რთულია, რადგან თავის დროზე ერდოღანმა ხელი შეუწყო ასეთ ფანატიზმს. აჯანყების მცდელობის შემდეგ ერდოღანი ვინ გადაარჩინა? გადაარჩინეს ისევ მისმა მომხრეებმა, რომლებიც შიშველი ხელებით გამოვიდნენ და ტანკებს დაუდგნენ წინ.

ცხადია, ამერიკა-თურქეთის დაახლოება რუსეთისთვის კარგი სიურპრიზი არ იქნება.

- რუსეთისთვის ეს არანაირი სიურპრიზი არ იქნება. ერდოღანი ჭკვიანი პოლიტიკოსია, მას თავისი ინტერესები აქვს, ერდოღანი ქართველ დიპლომატთა მსგავსად არასდროს მოიქცევა და ყველა კვერცხს ერთ კალათაში არ ჩადებს. ის ამერიკას ისე არ დაუახლოვდება, რომ პუტინი გაანაწყენოს, პუტინს კი ისე არ უახლოვდება, რომ ნატოსთან კავშირები გაწყვიტოს. ერდოღანს მშვენივრად ესმის, რომ რაც არ უნდა განაწყენდეს ამერიკაზე, მთელი მისი სამხედრო ინფრასტრუქტურა, შეიარაღება, ყველაფერი ნატოზეა მიბმული. ის ნატოდან ვერსად წავა, თვითონ ხომ არ დაიწყებს პისტოლეტებისა და ტანკების გამოშვებას? ამხელა მრეწველობის განვითარებას? თურქეთს სტანდარტები ნატოსი აქვს, თურქეთის არმია უკვე ნახევარ საუკუნეზე მეტია, ნატოს სტანდარტზეა აწყობილი. ნატოში კი ვინ არის მთავარი ივანიშვილი, ანუ დამფინანსებელი? - ეს არის ამერიკა. ამიტომ ძალზე ელასტიური დიპლომატია ესაჭიროება თურქეთს. საერთოდ, ისტორიულად თურქეთს ყოველთვის მოქნილი დიპლომატია ჰქონდა, ეს იყო დაპირისპირებების კლასიკა. მთელი ასი წელი თურქეთმა გაძლო იმით, რომ რუსეთს უპირისპირებდა ინგლისს, საფრანგეთს, ევროპას. ვნახოთ ახლა ძველი სკოლის ნაშთი შემორჩა თუ არა ამ ქვეყანას. რაც არ უნდა იყოს, გენეტიკა მაინც გენეტიკაა. თუმცა კიდევ ერთხელ ვიტყვი, ამერიკა და თურქეთი რაში შეთანხმდებიან, რა კომპრომისებზე წავლენ, ჩვენ ამას ვერასდროს გავიგებთ. ეს არასდროს გასაჯაროვდება.

ამ მხრივ საქართველო ამერიკის პრიზმიდან პატარა წერტილად მოჩანს, მაგრამ ჩვენთვის მაინც მთავარია, რომ ჩვენს უშუალო სამხრეთელ მეზობელსა და ოკეანისგაღმელ არამეზობელს შორის ჩვენი ტერიტორიის შესახებ არ შედგეს შეთანხმება.

- საქართველოზე შეთანხმება არ შედგება, რადგან საქართველოს შესახებ თურქეთი და ამერიკა რომც შეთანხმდნენ, რუსეთი მაინც არ შეთანხმდება. არავითარ შემთხვევაში რუსეთი არ დაუშვებს შავ ზღვაში ნატოს ისეთ ძლიერ წევრს, როგორიცაა თურქეთი. რაც არ უნდა გულთბილ სიტყვებსა და შაქარყინულოვან ურთიერთობებს ქადაგებდეს ერდოღანი რუსეთთან, რუსეთს მაინც ისტორიული გამოცდილება აქვს და, თანაც, რუსეთს შავ ზღვაში სევასტოპოლის საზღვაო ფლოტის ბაზა გააჩნია. როგორ ფიქრობთ, შავ ზღვას, ბათუმსა და სხვა ტერიტორიებს რუსეთი დაუთმობს ნატოს წევრ თურქეთს? ანუ ამით ნატოს დაუთმობს? ეს ჩვენი უბედურებაა, მაგრამ, როგორც იტყვიან, შარი ხეირად გვექცა. სანამ რუსეთი დაინტერესებულია შავი ზღვით, თურქეთის შანსები ნაკლებია. რუსეთი თავად არასოდეს დააპირებს ბათუმის დაპყრობას, მაგრამ არც სხვას შეუშვებს ამ ტერიტორიაზე. მით უმეტეს, ნატოს წევრს აქ არ შემოუშვებს.

ალბათ, ეს ნაწილობრივ იმითაც აიხსნება, რომ რუსეთი თავად თვლის თავს თურქეთის კლანჭებიდან აჭარის განმათავისუფლებელად.

- რასაკვირველია, ასე რომ არ ყოფილიყო, როგორ ფიქობთ, 2008 წლის ომით ერდოღანი არ ისარგებლებდა? რატომ მოხდა, ომი რომ დაიწყო, მეორე დღესვე ერდოღანი მოსკოვში ჩავიდა და დღესაც არ ვიცით, რაზე შედგა მოსკოვში საუბარი. ყოველ შემთხვევაში, საქართველოს ინტერესებზე ნამდვილად არ ისაუბრებდნენ.

ხომ არ ფიქრობთ, რომ ნელ-ნელა თურქეთი რუსეთს დასცილდება, რადგან ჩვენმა ჩრდილოელმა მეზობელმა თურქეთსაც არ გაუმართლა მოლოდინი?

- რუსეთს თურქეთი არასოდეს დასცილდება, ვინაიდან მას სჭირდება რუსეთი. აქ პრაგმატიზმია. ეს არის ყოველგვარი მორალის, ზნეობის, ფასეულობებისა და ღირებულებების გარეშე ჯანსაღი სახელმწიფო ეგოიზმი, რაც საქართველოს აკლია. აქ არ არის არავითარი მორალი, ადამიანის უფლებები, არამედ, რასაც რიშელიე ქადაგებდა, მთავარია სახელმწიფოს ინტერესები.

როგორც ჩანს, ერდოღანის თვალში ამიერიდან აღარც გიულენი იქნება დამნაშავედ შერაცხილი და ამერიკის მიმართ მისი თხოვნა გიულენის გადაცემასთან დაკავშირებით ისტორიულ აღუსრულებელ თხოვნათა რიგს მიემატება.

- ოფიციალურად თურქეთი ამ მოთხოვნას წამოაყენებს ისე, როგორც ქართველები სააკაშვილის გადმოცემის მოთხოვნაზე უარს ოფიციალურად არასოდეს იტყვიან. ერდოღანიც არ იტყვის გიულენის გადაცემაზე უარს, თუმცა, როგორც კვირიკაშვილმა იცის, რომ სააკაშვილს არავინ გადმოსცემს საქართველოს, ისე ერდოღანმა იცის, რომ ფეთჰულა გიულენს ამერიკელები არასოდეს გადასცემენ თურქეთს.